"ჩემი ოჯახისთვის ყველაზე ამაღელვებელი ავარიის სცენა იყო, მთელი ოჯახი ტიროდა" დაახლოებით ორი თვეა, სერიალი "ხელოვნური სუნთქვა" ეკრანზე გამოჩნდა, მაგრამ უკვე მოახერხა მაყურებლის დატყვევება. შოთიკო, მელანო, ნუცა, ბექა – უკვე გახდნენ ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენ კი სულმოუთქმელად ველით, როდის გაიხსნება კვანძი, როგორ განვითარდება მოლენები და რა მოხდება შემდეგში. მკითხველი მსახიობების მხოლოდ ეკრანულ ცხოვრებას არ სჯერდება და სურს, უფრო მეტი გაიგოს მათ შესახებ. გადავწყვიტეთ, მელანოზე შეყვარებული ბექა, რეალურად კი სანდრო ხურცილავა თქვენთვის ახლოდან გაგვეცნო და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.
- 14 წლის ვარ, ნიუტონის თავისუფალ სკოლაში ვსწავლობ და იქვე დავიდვარ, წრეზე, რომელსაც "დრამის კლუბი" ჰქვია. ამ სკოლაში მეექვსე კლასიდან გადავედი. საერთოდ, არანაირი სურვილი არ მქონდა ამ წრეზე შესვლის, დამრიგებელმა, რასაც ჰქვია ძალით მიმიყვანა. თავიდან თითქოს არ მომწონდა ეს ყველაფერი, მაგრამ იმდენად შევყევი, ჩემი გახდა იქაურობა, რომ ნელ-ნელა მივხვდი, "დრამის კლუბიდან" გამოსვლ აღარც მინდოდა. ძალიან ჩავერთე, გავიცანი ჩვენი სკოლელი ბიჭები, რომელთაც მანამდე არ ვიცნობდი, დავმეგობრდით და მოკლედ, ეს წრე ჩემი საყვარელი ადგილი გახდა, მეტიც, ხანდახან ვაცდენდი რაღაცებს, რომ იქ ვყოფილიყავი.
წლევანდელი სეზონი სპექტაკლ "პატარა უფლისწულით" დავხურეთ. ერთ დღეს ქალბატონი ეკა მჟავანაძე რეპეტიციაზე გვესტუმრა, დაგვესწრო და რამდენიმე ბიჭს გვთხოვა კასტინგზე მისვლა, მივედით და... რომ გავიგე, ბექას როლზე დამამტკიცეს, როგორ გამიხარდა, ვერ აგიხსნით. ამ ყველაფერმა ჩემი ცხოვრება გარკვეულწილად შეცვალა, ადრე რაღაცებს სხვანაირად ვუყურებდი, ახლა სხვანაირად აღვიქვამ. გადაღებებზე ბევრ რამეს ვსწავლობ, ძალიან მომწონს თვითონ მუშაობის პროცესი. ჯერ 14 წლის ვარ და ვფიქრობ, სერიალი და იქ მიღებული გამოცდილება ძალიან დიდი წინ გადაგმული ნაბიჯია ჩემი შემდგომი ცხოვრებისთვის.
- ეს დიდი ტრამპლინია, მით უმეტეს, თუ აპირებ შემდეგ ამ სფეროში დარჩენას...
- ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მივიღებ, მსახიობობასთან ერთად რეჟისურაც მომწონს, ძალიან საინტერესო დარგია, ამიტომ ჯერჯერობით არ ვიცი, რომელზე შევაჩერებ არჩევანს. ზოგადად, ხელოვნებისკენ ვიხრები უფრო, ეს ის საქმეა, რომელიც გაძლევს საშუალებას, შენი ხედვა, შენი საქმით შენეულად გადმოსცე.
- სანდრო, რაც შეეხება ბექას, მოგწონს შენი გმირი? რით ჰგავხარ მას..
- ერთი შეხედვით შეიძლება ბექა ეგოისტი ბიჭი ჩანს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, იმას აკეთებს, რაც გასაკეთებელია. თუმცა, მგონია, რომ მელანოსთან ცოტა არასწორი დამოკიდებულება აქვს. რეალურად მართლა უყვარს მელანო და ეს დაამტკიცა, როცა გაეკიდა, მაგრამ ხალხში არ მოექცა კარგად, ამის დასტური თუნდაც ის მომენტი იყო, როცა სკოლაში უთხრა, დედაშენივით გიჟი ხარო. თითოქს "ეტიპა" ამით. რეალურად ვგავარ თუ არა ბექას, არ ვიცი, მაგრამ შესაძლოა, რაღაც საერთო მომენტები გვქონდეს.
- შეყვარებულის გამო შენ თუ გააკეთებდი იმავეს? ბექამ ფაქტობრივად უარი თქვა ბრიტანეთში გამგზავრებაზე და მელანოს მოსაძებნად გაიქცა, არადა სულ სხვა გეგმები ჰქონდა...
- როცა შეყვარებულს, შენთვის საყვარელ და ახლობელ ადამიანს ეხება საქმე, იქ ბრიტანეთი და სხვა ფაქტორები აზრს კარგავს.
- სანდრო, შეყვარებული ხარ?
- არა, არ მყავს შეყვარებული და მგონია, რომ ჯერ ბოლომდე არ ვიცი სიყვარული რა არის. შეიძლება, მეორე კლასში ვიღაც მიყვარდა, მაგრამ ეგ სხვა რაღაცაა.
- სერიალზე მუშაობის პროცესი რამდენად რთულია შენთვის, ხშირად აფუჭებ დუბლებს?? როგორ შეეგუე კამერებს?
- კამერებთან ურთიერთობა არ გამჭირვებია, მანამდეც მივიღე გამოცდილება სხვადასხვა პროექტის მეშვეობით - "ერთი წუთი მაესტროზე", "ტვ-პალიტრას" ვეხმარებოდი სხვადასხვა გადაღების დროს. რაც შეეხება დუბლებს, ერთხელ "გავიჭედე", ორი წინადადება უნდა მეთქვა და ვერა და ვერ ვამბობდი, მაგრად ვიწვალე, მერე დავისვენე და უმარტივესად ჩავწერეთ. გადაღებას ახლავს ასეთი მომენტები, ხან შენ გააფუჭებ, ხან სხვა და ასე.
- უკვე გრძნობ პოპულარობას? ქუჩაში თუ გცნობენ? ალბათ გმირის სახელსაც გეძახიან ხოლმე...
- მე როგორი სანდრო ხურცილავაც ვიყავი აქამდე, ისეთი ვარ ახლაც, რომ გითხრა, პოპულარული ვარ-მეთქი არ იქნება მართალი, მაგრამ ახლა უფრო მეტი ხალხი მცნობს, ვიდრე ადრე. უბრალოდ რა არ მომწონს, იცი? მსახიობს რომ პერსონაჟთან აიგივებემ. შესაძლოა ჩემი გმირი არასწორად იქცევა, მაგრამ მე ხომ არ ვარ ბექა? მე ვარ სანდრო და რეალურად იმ კონკრეტულ სიტუაციაში შესაძლოა, სულაც არ მოვიქცე ისე, როგორც ბექა.
- შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვინ არის? ვისგან იღებ პირველ კრიტიკას და შექებას?
- ჩემი უპირველესი გულშემატკივრები მშობლები და ოჯახის წევრები არიან, შემდეგ მეგობრები და სხვები. ისე ჯერ არავის გავუკრიტიკებივარ, რომ მწყენოდა, ზოგადად კრიტიკა ალბათ გარკვეულწილად კარგიცაა, რადგან ხვდები, რა უნდ გამოასწორო და რა უნდა გააკეთო სხვანაირად. ჩემი ოჯახისთვის ყველაზე ამაღელვებელი ავარიის სცენა იყო, მთელი ოჯახი ტიროდა ამ დროს, ბებომაც კი დამირეკა აღელვებულმა... როგორც ჩანს, მათთვის ემოციურად ძალიან რთული იყო.
- ზოგიერთი მსახიობი, იმ ფილმს თუ სერიალს არ/ვერ უყურებს, სადაც თავად თამაშობს, თავად თუ უყურებ სერიალს?
- კი, როგორ არა, მე მგონია, რომ პირიქით უნდა უყურო, თუნდაც იმიტომ, რომ დაინახო რა არის შესაცვლელი. შესაძლოა, შემდეგში რაღაც ისეთი გამოასწორო, რასაც მაყურებელი ვერ ამჩნევს, მაგრამ შენ იცი, რომ უკეთ გასაკეთებელია. თუ გამოსწორებადია და შესძლებელია უკეთესი შედეგის მიღება, რატომაც არ უნდ გავაკეთო ახლიდან?! იქვე, გადაღების შემდეგაც ვნახულობ ხოლმე ნამუშევარს და თუ ვხვდები, რომ რაღაცის უკეთ გაკეთება შემეძლო, ვთხოვ ხოლმე, რომ კიდევ ერთი დუბლი გადავიღოთ.
ციცი ომანიძე