რას ულოცავს ქმარს და რატომ ჰქვიათ შვილებს ორ-ორი სახელი დღევანდელი დღე ქართველი სოპრანოსთვის, თამარ ივერისთვის სიმბოლური ყოფილა. 6 წლის წინ ზუსტად ამ დღეს გაუცნია მომავალი მეუღლე, რომელმაც თამარს მას შემდეგ უამრავი სასიამოვნო დღე აჩუქა. ამ თემაზე თამარი ორ ფოტოს ავრცელებს. ერთ-ერთ მათგანზე, სადაც მხოლოდ მისი მეუღლე რაულ ცხადაძეა გამოსახული, წერს:
„ეს იყო პეტერბურგში (არა ვერონაში). როდესაც იგი მე პირველად დავინახე.
როდესაც გავიცანი, ეს პირველი სურათი გადავუღე. მას მერე ურთიერთობის 6 ლამაზი წელი გავიდა..."
მეორე ფოტოს კი, რომელიც მეუღლესთან ხელჩაკიდებულს აქვს გადაღებული, ასეთ მინაწერს უკეთებს:
„6 წლის წინ, როდესაც ჩემი საყვარელი ადამიანი გავიცანი!!!
ვინ იფიქრებდა იმ დროს, რომ ეს სურათი ასეთი ძვირფასი გახდებოდა ჩემ ცხოვრებაში!
6 წელია ეს ლამაზი გრძნობა, უფრო და უფრო ფრთებს ისხამს და ძალა გვემატება უფლის შეწევნით...
მადლობა ყველას, ვინც ჩვენ სიყვარულს აფასებს!!!!“
წყვილს ორი შვილი ჰყავს, ტყუპი - გოგონა და ბიჭი, ნინა ლიზა და უგო ავთანდილი.
„ავთანდილი მამაჩემის სახელია და ამიტომ დავარქვით, სხვათა შორის, სახითაც ჰგავს, მამაჩემის ქერა ვარიანტია. გოგონასთვის გვინდოდა, ლიზა დაგვერქმია, მაგრამ ტყუპი დაიბადა ზუსტად ნინოობას, პირველ ივნისს. რომ მითხრეს, ნინოობაა და აუცილებლად ნინო უნდა დაარქვაო, დავფიქრდი, ლიზი მაქვს გადაწყვეტილი და რა ვქნა-თქო, ბოლოს გადავწყვიტეთ, ორივე სახელი დაგვერქმია, ნინოც და ლიზაც, ასე რომ, გვყავს ნინა-ლიზა. მერე, რადგან ლიზიკოს დავარქვით ორი სახელი, ბიჭსაც მეორე სახელი შევურჩიეთ. რაულმა თქვა, იტალიური სახელი მინდა ერქვას ჩვენს ბიჭსო და მისი მეგობრის პატივსაცემად უგო დაარქვა. ბავშვს იქ უგოს ეძახიან და სახელი – ავთანდილი ცოტა დაიჩაგრა, უცხოელებს მაინც უჭირთ ამის გამოთქმა, საქართველოში რომ ჩამოვალთ, ძირითადად ავთანდილს დავუძახებთ, რომ მეტად გაუჯდეს ყურში ორივე სახელი.“ - აღნიშნა თამარმა ჩვენი საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში. (იხილეთ ინტერვიუ)
თეკლა ჟვანია