რომელი ლოცვა უნდა წაიკითხოთ ამ დღეს და რა უნდა გახსოვდეთ აუცილებლად 28 აგვისტოს დიდებულ ქრისტიანულ დღესასწაულ - ღვთისმშობლის მიძინებას ვზეიმობთ. როგორ უნდა მოიქცეს ამ დღეს მორწმუნე, რას ნიშნავს მიძინების დღესასწაული და როგორ უნდა ვიზეიმოთ, ამის შესახებ გიამბობთ.
იხილეთ ღვთისმშობლის 3 ქართული ხატი, რომელიც სასწაულმოქმედია
პირველ რიგში, ტროპარ-კონდაკი, რომელიც ამ დღეს იკითხება:
ტროპარი:
შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, მიხუედ ცხორებად დედა ეგე ცხორებისაჲ, და აწ მეოხებითა შენითა იჴსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.
კონდაკი:
მეოხებათა შინა სამარადისოდ მვედრებელი, და შეწევნათა შინა უცვალებელი სასოებაჲ, ღმრთისმშობელო, სამარემან და სიკუდილმან ვერ დაგაბრკოლეს, არამედ, ვითარცა დედაჲ ეგე ცხორებისაჲ, ცხორებად მიცგვალა, რომელმან დაიმკვიდრა საშოჲ მარადის ქალწულისა.
წმინდა ეკლესია ღაღადებს, რომ ღვთისმშობელი, მარადქალწული მარიამი უმაღლესია ყველა ქმნილ გონიერ არსებათა შორის. იგი შეუდარებლად აღემატება თვით უმაღლეს ანგელოზებს - ქერუბუმებსა და სერაფიმებს, ყველა წმინდა ადამიანს. ღვთისმშობელი ყველა მიწიერი და ზეციური ქმნილების დედოფალია. სახელიც მისი - მარიამი, რომელიც ღვთის ბრძანებით მიეცა, ქალბატონს, დედოფალს ნიშნავს. "ქალწული, რომელმაც შვა ხორცშესხმული ღმერთი, რომელიც ღმერთის დედა გახდა, უკვე თავისთავად იქცა ქალბატონად, დედოფლად და მფლობელად ყველა მიწიერი და ზეციური ქმნილებისა", - ბრძანებს ერთ-ერთი მამა. ღვთისმშობლის მიძინებასთან დაკავშირებით გვესაუბრება წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის იღუმენი, მღვდელმონაზონი ილია (გამყრელიძე).
- რატომ ეწოდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრებიდან გასვლას მიძინება?
- რადგან წუთისოფლიდან გასვლის შესახებ ღვთისმშობლისთვის ცნობილი იყო. წმინდა ქალწული თვითონ ითხოვდა ამ ქვეყნიდან გასვლას და ანგელოზისგან ეუწყა, რომ მისი წუთისოფლიდან გასვლის ჟამი დადგა. ფაქტობრივად, ანგელოზმა ახარა წმინდა ქალწულს ამის შესახებ და ღვთისმშობელი მომზადებული გავიდა ამ ქვეყნიდან. ამიტომაც ეწოდა ამ მდგომარეობას მიძინება და არა გარდაცვალება.
- ისიც გავიხსენოთ, როგორ მოხდა მიძინება ღვთისმშობლისა...
- გადმოცემით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მაცხოვრის ზეცად ამაღლებიდან მეჩვიდმეტე წელს მიიძინა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახლში. როგორც ვთქვით, თავისი ნეტარი მიძინების შესახებ წინასწარ, სამი დღით ადრე, ეუწყა ანგელოზისგან. ამ უწყებამ სიხარულით აღავსო დედა ღვთისა. უფალს შესთხოვა, მიცვალებამდე კიდევ ერთხელ ეხილა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საქადაგებლად წასული მოციქულები, რათა გამოსთხოვებოდა მათ. შემდეგ მიძინებისთვის მზადებას შეუდგა. ამის შესახებ პირველ ყოვლისა იოანე ღვთისმეტყველს ამცნო, თან განკარგულებები გასცა. იოანემ იაკობ მოციქული, მართალი იოსების ძე, იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი, მოინახულა და ყოველივე აუწყა. მისგან მორწმუნეებმაც შეიტყვეს ყოვლადწმინდა ქალწულის წუთისოფლიდან გასვლის ჟამის დადგომის შესახებ.
სიონის მთაზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. მწუხარებდნენ წმინდა ქალწულთან განშორების გამო. ღვთისმშობელი აიმედებდა და ჰპირდებოდა, რომ არ მიატოვებდა მათ, ყოველთვის მსწრაფლშემწე და შუამდგომელი იქნებოდა მათი, ვინც მწუხარებისა და განსაცდელის ჟამს მიმართავდა. მის ამ დაპირებაში მთელი კაცობრიობის ნუგეშია დამარხული.
როდესაც ღვთისმშობელი თავის სურვილებს იოანე და იაკობ მოციქულებს გადასცემდა, მოულოდნელად ძლიერი ხმაური გაისმა. იოანე ღვთისმეტყველის სახლთან შეკრებილმა ადამიანებმა იხილეს, რომ სახლს ნათელი ღრუბელი შემოერტყა. უფალმა აღასრულა თავისი ყოვლადწმინდა დედის სურვილი: სულიწმინდის მადლით ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მყოფი მოციქულები სასწაულებრივად აღიტაცა ღრუბელმა და ყველანი სიონის მთაზე აღმოჩნდნენ, თომას გარდა. უფალმა ამ დროს უკვე აღსრულებული მოციქულებიც კი აღადგინა. მიძინების წინ წმინდა ქალწულს გარს ერტყა მოციქულთა სიმრავლე - ათორმეტთა გარდა იქ სამოცდაათთაგანნიც იმყოფებოდნენ. როდესაც ღვთისმშობლისგან შეკრების მიზეზი შეიტყვეს, მწუხარებას მიეცნენ მასთან ხორციელი განშორების გამო. წმინდა ქალწულმა გაამხნევა და ანუგეშა მოციქულები, თავისი ძის წინაშე მარადიული შუამდგომლობა აღუთქვა.
როდესაც მოიწია ჟამი ღვთისმშობლის მიძინებისა, მის სარეცელს გარშემორტყმულ მოციქულებს, რომლებიც ლოცვითა და გალობით ადიდებდნენ უფალს, ესმათ ბრძანება ღვთისა, რომ ჯეროვანი პატივი მიეგო ღვთის დედის მიცვალებისთვის. თავად ღვთისმშობელს კი ესმა ხმა ძისა, რომ ნუ შეძრწუნდებოდა, რამეთუ ყოველი დაბადებული მისი სიწმინდის თაყვანისმცემელი იყო. წმინდა ქალწულმა თავის ძეს ყოველი დაბადებული შეავედრა. შემდეგ ზიარება მიიღო იაკობ მოციქულისგან... მოულოდნელად განიღო სახლის ჭერი. ოთახი ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა - თავად უფალი იესო ქრისტე გამოცხადდა ანგელოზთა დასებით გარშემორტყმული თავისი ყოვლადწმინდა დედის წინაშე. წმინდა ქალწულმა სარეცლიდან წამოიწია, თაყვანისცა უფალს და ესმა ღვთაებრივი მოწოდება: "მოვედ, მოკეთეო ჩემო, მოვედ, ჩემგან შეყვარებულო, და დაიმკვიდრე მარადიული ცხოვრება". გაამხნევა და ანუგეშა უფალმა მარადის ქალწული, შემდეგ კი "ყოვლადუბიწო სული მშობლისა თვისისა მკლავთა ზედა მიირქუა და ამაღლდა ზეცად". როდესაც ღვთისმშობელმა სული თვისი ძის ხელს გადასცა, გაისმა ანგელოზთა გალობა: "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის".
მოციქულები ღირსნი შეიქმნენ ღვთისმშობლის სულის ზეცად აღსვლის ხილვისა. ერთხანს გაოცებულები შესცქეროდნენ ზეცას. როდესაც გამოერკვნენ, გალობით განადიდეს წმინდა ქალწული და ზეციდან ესმათ ხმა ღვთისმშობლისა, რომელიც მიმართავდა თავის ძესა და უფალს: "შენნი ჩემდა მოცემულნი საუკუნოდ დაიცევ..."
ღვთისმშობლის ანდერძის თანახმად, მოციქულებმა მისი წმინდა სხეული გეთსემანიის ბაღში დაკრძალეს, ანთებული ლამპრებითა და ფსალმუნთა გალობით მიასვენებდნენ გეთსემანიისკენ უხრწნელ ნეშტს. მისი დაკრძალვის დროს მრავალი სასწაული აღესრულა.
სამი დღე-ღამის განმავლობაში ღვთისმშობლის დაკრძალვის ადგილიდან ანგელოზთა განუწყვეტელი გალობა ისმოდა. მესამე დღეს გეთსემანიაში მოვიდა თომა მოციქული, მწუხარებდა, რომ მოაკლდა ბედნიერება ღვთის დედის ნეტარი მიძინების ხილვისა. გოდებით მიეახლა აკლდამას. მოციქულებმა გადაწყვიტეს, სამარხი გაეხსნათ, რათა თომას ღვთისმშობლის წმინდა სხეულის ხილვის საშუალება მისცემოდა. როდესაც სამარხი გახსნეს, იქ მხოლოდ ღვთისმშობლის შესამოსელი იხილეს. პატიოსანი გვამი მისი აღარსად იყო. თომას შეყოვნება ღვთის განგებით მოხდა, რათა ღვთისმშობლის აღდგომის, სხეულით ზეცად ამაღლების შესახებ განცხადებულიყო. მოგვიანებით მოციქულებს ღვთისმშობელი გამოეცხადათ ანგელოზთა თანხლებით, გაამხნევა ისინი და აღუთქვა, რომ ყოველთვის მათთან იქნებოდა შემწედ და მფარველად.
- რაში მდგომარეობს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის არსი და მნიშვნელობა?
- ყველა საეკლესო დღესასწაული ღრმა შინაარსითაა დატვირთული. ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის უმთავრესი შინაარსი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განდიდება, წუთისოფლიდან დიდებით გასვლაა. ეს პატივი ღირსეულად ეკუთვნის ღვთისმშობელს. უპირველესად იმაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ვისაუბროთ, ვინ იყო ღვთისმშობელი, ვინ გავიდა ამა სოფლიდან.
ყოვლადწმინდა მარიამისგან იშვა ღმერთკაცი, მხსნელი კაცობრიობისა. გავიხსენოთ, რა მდგომარეობა იყო მაცხოვრის მოსვლამდე. კაცობრიობის ცოდვებმა ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ უდიდესი მოაზროვნენიც კი აღიარებდნენ, რომ დამდგარიყო ჟამი მხსნელის მოსვლისა. სხვაგვარად კაცობრიობა დაიღუპებოდა. მაცხოვრის განსახორციელებლად უფალმა გამოარჩია წმინდა მარიამი, როგორც ერთადერთი წმინდა ადამიანი დედამიწაზე. ფაქტობრივად, შობა ღვთისმშობლისა არის მოსაზღვრე დღესასწაული, მოსაზღვრე მოვლენა, რომელიც ერთმანეთისგან ყოფს ძველ და ახალ აღთქმას, რამეთუ იშვა წმინდა ქალწული, რომელმაც დაუტევნელი დაიტია. ამის გამო ღვთისმშობელი აღემატება ქერუბიმ-სერაფიმებს, რადგან მის წიაღში იმყოფებოდა შემოქმედი ცისა და ქვეყანისა. რა თქმა უნდა, ესოდენ ზეაღმატებული პიროვნების წუთისოფლიდან გასვლა უდიდესი უნდა ყოფილიყო და განდიდებას იმსახურებს. მისი გასვლა, ფაქტობრივად, დღესასწულიც იყო, ამიტომაც იქცა ზეიმის მიზეზად, რადგან მოციქულებს, მათი სახით კი მთელ კაცობრიობას, აღუთქვა, რომ ყოველთვის იქნებოდა მათთან შემწედ და მფარველად, რაც აღასრულა კიდეც. ეს არის უმთავრესი არსი და დატვირთვა ღვთისმშობლის მიძინებისა. ფაქტობრივად, ეს იყო გარდაცვალება, მაგრამ იმდენად საზეიმო გახლდათ ეს მოვლენა, რომ მიძინება დაერქვა. იმდენად დიადი რამ იყო ღვთისმშობლის ამა სოფლიდან გასვლა, ეშმაკთა ძალნიც კი შეძრწუნდნენ.
ყველა საეკლესიო დღესასწაულში მონაწილეობით თანამონაწილენი ვხდებით იმ მოვლენისა, რასაც ამა თუ იმ საეკლესიო დღესასწაულით განვადიდებთ, ყველა სადღესასწაულო მოვლენა ხომ თავისი მადლითა და არსით ყოველწლიურად მეორდება. ამ შემთხვევაში ღვთისმშობლის მიძინების განახლება, იმ დღის მისტიკურად გამეორება ყოველ მიძინების დღესასწაულზე ხდება, მასში მონაწილეობით კი მორწმუნენი საღმრთო სასწაულსა და მის მადლს საკუთარ თავზე განიცდიან, ზიარების მიღებით მისტიკურად უერთდებიან ამ დღესასწაულს. განაგრძეთ კითხვა