"გვინდა, საბავშვო ბაღში მივიყვანოთ, მაგრამ თავისი ხელით საჭმელს არ ჭამს"
"3 წლის შვილიშვილი მყავს. გვინდა, საბავშვო ბაღში მივიყვანოთ, მაგრამ თავისი ხელით საჭმელს არ ჭამს, ჩვენი ხელით კი სიამოვნებით შეექცევა. როგორ მოვიქცეთ, რომ დამოუკიდებლად ჭამას მივაჩვიოთ? საერთოდ, რა ასაკიდან უნდა დაიწყოს პატარამ დამოუკიდებლად ჭამა?"
როდის დაიწყებს ბავშვი საკუთარი ხელით ჭამას, ეს უფროსებზეა დამოკიდებული. ზოგი წლისაც არ არის და კოვზს მარჯვედ ხმარობს, ზოგი კი მეტისმეტად მზრუნველი დედიკოს წყალობით ორი და სამი წლისაც სხვისი შემყურეა. მიეცით ბავშვს საშუალება, გამოსცადოს საკუთარი თავი. ბავშვების უმრავლესობა დაახლოებით ერთი წლის ასაკში გამოთქვამს კოვზით ჭამის სურვილს და თუ ხელი არ შეუშალეს, წლინახევრისა უკვე თავად სადილობს და ვახშმობს. რა თქმა უნდა, იატაკისა და მაგიდის სისუფთავეზე მშობლებს თავდაპირველად პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ, მერე და მერე კი პატარა ფაქიზად ჭამას მიეჩვევა.
ნახეთ VIDEO: წლის და 3 თვის ნიკო თავისი ხელით ჭამს
დამოუკიდებლად ჭამისთვის სამზადისი ჯერ კიდევ 6 თვის ასაკში იწყება, როცა ბავშვს პურის ან ორცხობილას ნატეხს ვაწვდით. 9 თვის ასაკში პატარას უკვე ჩანგლით დასრესილი და არა ბლენდერში ათქვეფილი საკვები უნდა შევთავაზოთ. ის ეცდება, პატარ-პატარა ნაჭრები თავად აიღოს და პირში ჩაიდოს. როცა პაწიას დამოუკიდებლად ჭამის მოთხოვნილება გაუჩნდება და ეცდება, დედიკოს კოვზი ხელიდან გამოსტაცოს, ნუ დაუშლით, მიეცით, თქვენ კი მეორე აიღეთ, თან აჩვენეთ, როგორ დაიჭიროს კოვზი და როგორ ჩაიდოს პირში. ბავშვი მალე მიხვდება, რომ კოვზის ხელში დაჭერა არაფერს ნიშნავს - რამდენიმე კვირა დასჭირდება, ვიდრე კოვზით საჭმელს აიღებდეს და პირთან ისე მიიტანდეს, რომ გზაში არ დაეღვაროს. ამ დროს თვითონაც მოითხუპნება და ირგვლივაც ყველაფერს დასვრის, მაგრამ მეტი გზა არ არის, ამას უნდა შეურიგდეთ და მოთმინებით დაელოდოთ, როდის ისწავლის ჭამას. თქვენი ხელით კი აღარ აჭამოთ. არც დატუქსოთ, თორემ დამოუკიდებლად ჭამის ინტერესს დაკარგავს. ყოველი ჭამის წინ რამდენიმე წუთით დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება მიეცით. ამან ჭამის პროცესი შესაძლოა გაახანგრძლივოს, მაგრამ საბოლოო შედეგით თქვენც კმაყოფილი დარჩებით და თქვენი პატარაც. იხილეთ გაგრძელება