კარებთან 20 წლის წინ დაკარგული დედა იდგა...
დღეს იმდენი წვრილმანები ჩავიყარე ყავაში, გემო არაფრის აქვს, უფრო სწორად ბევრი გემო აქვს და ვერ გავიგე ღიმილის გემოთი დავლიო თუ სევდის, მონატრების თუ სიშორის, სიმშვიდის თუ ფორიაქის... ამდენ არომატს ერთად რა მოვუხერხო,რომ არ ცალცალკევდება...
დავდგი უბრალოდ ჭიქა და წერა გავაგრძელე...
კაბაზე უნდა მოგიყვეთ.
ეს კაბა წლების წინ მაჩუქა ხელებგაყინულმა დედაკაცმა, რომელიც ქუჩაში შემხვდა. ჩემი საყვარელი ფერია ფორთოხლისფერი, შენ ჩემი მზე ხარ და მზეებს ასეთი ფერის კაბები აცვიათო, მითხრა და გაუჩინარდა...
ფორთოხლისფერი კაბა ძალიან ლამაზი იყო ჩაუცმელადაც... წლები ვინახავდი და ბოლოს კაბის სიმაღლე რომ გავხდი, ჩაცმაც დავიწყე...
18 წლისამ ჩემი საშინელი ბავშვობის დავიწყება გადავწყვიტე... ეს კაბა ბავშვობას მახსენებდა, იმ საშინელ წლებს...
ძალიან მომწონდა, მაგრამ არ შემეძლო მშვიდად და აუღელვებლად ჩამეცვა კაბა, რომელსაც ჩემი სევდიანი ცხოვრების სუნი ჰქონდა... ავდექი და ხატიას ვაჩუქე, ხატიას შეეძლო, ასეთი კაბის გამო ბევრი სამადლობელი სიტყვა ეთქვა, მომხვეოდა კისერზე და ბევრი ეკოცნა, მაგრამ ეს არ გააკეთა რატომღაც,ალბათ იცოდა, ამ კაბას სულიც რომ გავატანე რამდენიმე გრამი მაინც...
იმ წელს ხატია ამერიკაში წავიდა დედასთან, ჩემი კაბით წავიდა. 5 კაბა გამომიგზავნა სანაცვლოდ, არც ერთი იყო ფორთოხლისფერი და არც ერთი ჩამიცვამს, რადგან არც ერთ სეზონს არ უხდება კაბა, რომელიც ფორთოხლისფერ კაბაში გაცვალე...
ნელ-ნელა მავიწყდებოდა კაბა, კი არა და თვითონ მივიწყებდა, სანამ აეროპორტში ხატიას დასახვედრად მისულს, ისევ თავი არ შემახსენა მისმა ხასხასა ფერმა. ისე ჩავეხუტე, ისე, რომ ხატიას სუნთქვა გაუჭირდა, ზუსტად ვიცი.
საღამოს ისევ განმიახლა ამ კაბამ სევდა...
რამდენიმე დღეში დაბადების დღე მქონდა, ბევრი არა და 4 დაქალი შევიკრიბეთ. კაბებზე და კიდევ ბევრ სხვა სისულელეზე უნდა გვესაუბრა, დიდი დიდი დაგველია თითო ჭიქა ვისკი და ჩვენი ცხოვრებისთვის დაგვეცინა... ან ჩემი ასაკისთვის. ასეთ საღამოებზე კაცმა არ უნდა გაიჭაჭანოს, ყველანაირ წარმოდგენას დაკარგავს ქალზე...
ბოლო ხატია შემოვიდა, გამიხარდა ეგოისტურად, რომ ჩემი კაბა არ ეცვა. მომილოცა და დიდის ამბით ხელში საჩუქრის ყუთი მომაჩეჩა. სუნამოების ჩუქება უყვარს, რაღაც მსგავს ველოდი. ჩამაცივდა და გავხსენი...
ჩემი ფორთოხლისფერი კაბა...
- რატომ დამიბრუნე?
- დედაშენი ვნახე...
ყველანი ადგილზე გავქვავდით...
ვგრძნობდი, როგორ ვკარგავდი გონებას და ძალა მეცლებოდა მუხლებში...
- რაა?
-ამ კაბით მივდიოდი ქუჩაში, ვიღაც შეშლილივით ქალი მომვარდა და კოცნა დამიწყო, შვილო, შვილო,მიძახდა, გიპოვე, ჩემმა კაბამ მაპოვნინა შენი თავიო...
ეს კაბა კი შენია...
- სად არის? იცი რამე, სად არის? - ამებნა ენა და ნაბიჯები...
- აქ...
კარებთან 20 წლის წინ დაკარგული დედა იდგა, მე მის წინ ვიდექი და ხელში ფორთოხლისფერი კაბა მეკავა, გულში ბავშვთა სახლში დატოვებული 18 წელი მტკიოდა...
ანა ლაშხელი-ონიანი