ადრეული ბავშვობის ასაკში განსაკუთრებით ხშირად გვხვდება სასუნთქი სისტემის დაავადებები, მათ შორის - ბრონქების ანთებაც, რომელიც ბრონქოსპაზმით მიმდინარეობს. ადრეული ბავშვობის ასაკში განსაკუთრებით ხშირად გვხვდება სასუნთქი სისტემის დაავადებები, მათ შორის - ბრონქების ანთებაც, რომელიც ბრონქოსპაზმით მიმდინარეობს. რითია იგი საშიში და როდის იჩენს თავს ასთმაში მისი გადაზრდის საფრთხე? ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს პედიატრი, პირველი სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის ექიმი ნანა ჟღენტი.
- ობსტრუქციული ბრონქიტი უმეტესად 2-3 წლის ასაკში გვხვდება, ძალზე იშვიათად - სიცოცხლის პირველ წელს. ბრონქული ობსტრუქციის სინდრომი, წესისამებრ, ვირუსული ინფექციის გართულებაა, ვითარდება თანდათანობით, სასუნთქი სისტემის მწვავე ვირუსული ინფექციის დაწყებიდან მე-2-3 დღეს და არა შეტევისებურად, როგორც ბრონქულ ასთმას ახასიათებს.
- რას ნიშნავს ბრონქის ობსტრუქცია?
- ობსტრუქცია შევიწროებას ნიშნავს. დაზიანებული, ანთებითი ბრონქების ლორწოვანი გარსი შესამჩნევად შუპდება, ლორწო გაძლიერებულად გამოიყოფა, ხოლო წამწამისებური ეპითელიუმი ზიანდება, რის გამოც მკვეთრად მცირდება ბრონქის სანათურიდან პათოლოგიური სეკრეტის (ლორწოს, ნახველის) გამოძევება. ზოგ შემთხვევაში ბრონქის ნაწილობრივი სპაზმი იწვევს სასუნთქი გზების მკვეთრ შევიწროებას, რაც ჰაერის გავლას აფერხებს. შედეგად, როგორც კომპენსაციური პროცესი, იწყება სუნთქვის გახშირება. შევიწროებულ ბრონქში ჰაერის გავლის შეფერხება იწვევს სპეციფიკურ ფენომენს - მსტვენ ხიხინს. ვინაიდან ამოსუნთქვა გაძნელებულია, ფილტვის ქსოვილში ჰაერის ჭარბი დაგროვების პირობები იქმნება. ყალიბდება ფილტვის შებერვის ფენომენი, რაც უფრო მეტად აქვეითებს ფილტვის ვენტილაციას.
- რას უჩივის ამ დროს ბავშვი?
- ამ დროს შეინიშნება სუნთქვის გახშირება; გახანგრძლივებული, ხმაურიანი, მსტვენი ამოსუნთქვა, რომელიც მანძილზე ისმის; ხველა იშვიათია, უფრო მეტად - მშრალი; გულმკერდი შებერილია; მოსმენისას გახანგრძლივებული ამოსუნთქვის ფონზე ისმის მრავლობითი მაღალი, მსტვენი ხიხინი. ხველის შემდეგ ხიხინის ადგილმდებარეობა იცვლება. ეს მონაცემები ორივე ფილტვში ერთნაირია. ბრონქული ასთმისგან განსხვავებით, ობსტრუქციული ბრონქიტის დროს მოხრჩობის ან ჰაერის უკმარისობის შეგრძნება თავს არ იჩენს. ავადმყოფთა უმრავლესობას მკაფიოდ გამოხატული ობსტრუქციის დროსაც კი არ ეცვლება საერთო მდგომარეობა. ტემპერატურა ან ნორმალურია, ან ზომიერად მომატებული.
- უქმნის თუ არა ობსტრუქცია საფრთხეს ბავშვის ორგანიზმს?
- ობსტრუქციული ბრონქიტის მიმდინარეობა კეთილსაიმედოა. მისი სიმძაფრე მნიშვნელოვნად მცირდება მე-2-3 დღიდან, მაგრამ გახანგრძლივებული მსტვენი ამოსუნთქვა შეიძლება კიდევ 1-2 კვირა გაგრძელდეს. თუ ობსტრუქციული სინდრომი არ გაქრა, უნდა მოიძებნოს მისი გახანგრძლივების სხვა მიზეზი (საკვების ჩვეული გადაცდენა, ბრონქების განვითარების მანკი, მუკოვისციდოზი). ამ შემთხვევაში საჭიროა ინსტრუმენტული კვლევის დამატებითი მეთოდების გამოყენება (რენტგენოდიაგნოსტიკა, ფილტვის ტომოგრაფიული, კომპიუტერული კვლევა).