„ხანდახან მშობლებს ავიწყდებათ, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა ის, რომ მუდმივად გიყურებს პატარა ადამიანი, რომლისთვისაც შენ ყველაზე დიდი ავტორიტეტი ხარ“ სალომე დადუნაშვილს ტელემაყურებელი ეკრანიდან ძალიან კარგად იცნობს. ვინც მის საქმიანობას თვალყურს ადევნებს, ისიც ეცოდნება, რომ სალომეს საქმიანობის სფერო მხოლოდ ჟურნლისტიკით არ შემოიფარგლება, ბევრ სხვა საინტერესო რაღაცასთან ერთად ხელსაქმითაცაა დაკავებული, საკუთარი დიზაინით სამკაულებს ამზადებს და გამოფენაც მოაწყო. ცოტა ხნის წინ სალომემ სოციალურ ქსელში ულამაზესი მამლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც შვილთან ერთად იმუშავა - დედა-შვილის ხელნაკეთ მამალს დიდი აღტაცება მოჰყვა.
- ვინც მე კარგად მიცნობს, იცის, რომ თოჯინებს და ზოგადად სათამაშოებს, ვაკეთებდი ბევრად უფრო ადრე, ვიდრე სამკაულებს.
მაგრამ დროის სიმცირის გამო, რეგულარულად ამით ვერ ვკავდები. მამლის გაკეთების იდეა ახალ წელთან დაკავშირებით გამიჩნდა, თან ისეთი ფრინველია, რომელიც კარგი დასამზადებელია და გადავწყვიტე, კესოსთან ერთად გამეკეთებინა. რეალურად, იდეის მთავარი მამოძრავებელი ძალა კესოს გართობა იყო. მას ჰქონდა გარკვეული ფუნქცია - დაეჭრა მამლის კუდი, დაეწებებინა მძივები, დაეყარა ბრჭყვიალები... მოგეხსენებათ, ბავშვისთვის ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია და ჩვენც ძალიან კმაყოფილები დავრჩით, როგორც მუშაობით, ასევე შედეგით.
- კესო ახლა რამდენი წლისაა?
- წლის ბოლოს ხდება 6 წლის.
- ალბათ, სკოლაში ჯერ არ დადის...
- კი, კესო ფრანგულ სკოლაში დადის. იქ სისტემა სხვანაირადაა აწყობილი და შესაბამისად, უკვე პირველ კლასშია.
- სკოლა - ახალი გარემო, ახალი ადამიანები... მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც მშობლისთვის, ასევე ბავშვისთვის... როგორ შეეგუა, როგორ გადალახა ეს სიახლე?
- სიმართლე გითხრათ, ჩვენ არაფრის გადალახვა არ დაგვჭირდა, იმიტომ, რომ ძალიან უნდოდა სკოლაში წასვლა. მოსწონს ბავშვებთან ურთიერთობა, ახალი მეგობრების შეძენა, ამასთან, მოსამზადებელში იყო ჯერ. ახლა პირველ კლასშია, ანუ ორი წელია დადის სკოლაში და მისთვის ყველაფერი ახალი, ამ სასწავლო წელს არ დაწყებულა. ზოგადად, ბავშვებისთვის ძალიან რთულია რეჟიმში ჩაჯდომა, დილას ადრე ადგომა, მაგრამ კესო, ჩემგან განსხვავებით, ტოროლაა, ადრე იღვიძებს და ეს პრობლემას არ უქმნის. სკოლა, წრეები, მთელი დღე გარეთ უწევს ყოფნა, იღლება ფიზიკურად, მაგრამ არ წუწუნებს, პირიქით, კმაყოფილია ამით.
- სკოლის გარდა რითაა დაკავებული?
- ძალიან დატვირთულია - დადის სიმღერაზე, ცეკვაზე, ხატვაზე, ძერწვაზე, ციგურებზე, სკოლის შემდეგ ყოველდღე სადღაც მიდის, არც ერთი დღე, მათ შორის არც შაბათ-კვირა არ აქვს თავისუფალი. ვთავაზობთ, ხომ არ გინდა, რომელიმე ერთი წრიდან გამოხვიდე და იარო დანარჩენებზე, მაგრამ უარს ამბობს, აპროტესტებს, არაფერი არ ეთმობა მისატოვებლად. თავად უნდა სიარული და ჩვენც, რა თქმა უნდა, ხელს ვუწყობთ. ამასთან ერთად, ძალიან გვინდა ვიაროთ ცურვაზე, ჭადრაკზე, მაგრამ დრო არ გვყოფნის - 24 საათი ცოტაა ამისთვის. სხვათა შორის, მეც ასე ვიყავი, მთელი ბავშვობა ერთი გაკვეთილიდან მეორეზე გადავდიოდი და არ მიმაჩნია, რომ ეს ცუდად აისახა ჩემს განვითარებაზე, ასე რომ, რადგან თვითონ არ აპროტესტებს, უნდა გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს.
- როგორც თქვით, კესო ძალიან აქტიურად ცხოვრობს, თქვენც დაკავებული ხართ, ვინ გეხმარებათ ბავშვის მოვლის, თუნდაც წრეებზე სიარულის საკითხში?
- კესოს აღზრდაში ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებს ბებია, წრეებზე სიარულში კი გვეხმარება მისი ძიძა - გადანაწილებული გვაქვს ოჯახში ფუნქციები ამ თვალსაზრისით.
- სალომე, როგორია აღზრდის თქვენეული მეთოდები - თანამედროვე მიდგომებს უფრო ემხრობით, თუ თვლით, რომ სიმკაცრე აუცილებელია ბავშვთან მიმართებაში?
- მე აღზრდის ერთადერთ მეთოდს ვაღიარებ - ესაა სიყვარულით აღზრდა. ამაში შედის დაყვავებაც, მეგობრობაც, ხანდახან სიმკაცრეც. როცა ბავშვი არ იქცევა კარგად და ამაში გადასარევი არაფერია, მას აუცილებლად უნდა მიუთითო. არ მესმის აბსოლუტური აღვირახსნილი თავისუფლების, როცა ბავშვებს არ ესმით არაფერი და მშობელიც ძალიან მსუბუქად უყურებს ამ ფაქტს. ერთადერთი, რაც ჩვენს შემთხვევაში მკაცრად გვაქვს განსაზღვრული და სულ ვცდილობთ, ყურადღება მივაქციოთ, ესაა რეჟიმი, რომელშიც უნდა იყოს ბავშვი. უნდა ჰქონდეს დაძინების ერთი დრო, ჰქონდეს სტაბილურობისა და მუდმივობის განცდა, რაც ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია. არ მიმაჩნია სწორად, ბავშვი იძინებდეს მაშინ, როცა მას სურს, უნდა ჰქონდეს გარკვეული დრო, როცა ემზადება დასაძინებლად, ბანაობს, წვება, კითხულობს, ან ვუკითხვათ ზღაპარს და იძინებს. ჩვენ ასეთ რიტუალებს მივდევთ და ვცდილობთ, არ დავარღვიოთ ეს რეჟიმი იმისთვის, რომ თავად ბავშვისთვის ადვილი იყოს გამკლავება დატვირთულ რიტმთან, რადგან დღის განმავლობაში ძალიან იღლება.
- რა სირთულეებს წააწყდით კესოს აღზრდისას? დედები ხშირად ვწუწუნებთ სხვადასხვა საკითხზე, იქნება ეს ბავშვის სიჯიუტე, არასწორი ქცევა, რეჟიმი თუ სხვა.
- საერთოდ მე მიმაჩნია, რომ ყველა პრობლემა, რომელიც ბავშვს აქვს, მშობლის ბრალია. რა თქმა უნდა, არის ხასიათის თანდაყოლილი თვისებებიც, რომელიც აუცილებლად განსაზღვრავს პიროვნების ჩამოყალიბების გზას, მაგრამ თუ შეძენილ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ვთქვათ, კაპრიზები, სიჯიუტე ან სხვა, მაინც მგონია, რომ ან გარდატეხის ასაკის გარდამავალი პრობლემაა, ან ისევ და ისევ მშობლის ამბავია. თუ ვხედავ, კესოს რაიმე პრობლემა აქვს, ვიწყებ ძიებას, რა არ გავაკეთეთ სწორად. რა ვქნა, მე ასე მგონია, როცა ბავშვებს პრობლემა აქვთ, ესაა მშობლის ბრალი. ჩვენ, შეიძლება ითქვას, რომ გაგვიღიმა ბედმა, კესო განსაკუთრებული სირთულეებით არ გამოირჩევა, არ უყვარს წვნიანის ჭამა, თუ ამას ჩავთვლით პრობლემად, მოსწონს, როცა ჩაფლულია თავის სათამაშოებში და ნაკლებად მოსწონს მათი ალაგება, მაგრამ მითითების შემთხვევაში აუცილებლად აალაგებს. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ გვაქვს მკვეთრად გამოხატული პრობლემა, რომელიც გვინდა აღმოვფხვრათ. უფრო მეტ დამოუკიდებლობაზე არ ვიტყოდი უარს, მაგარამ მგონია, რომ ესეც დროსთან და ასაკთან ერთად მოვა და გაგვიუმჯობესდება მდგომარეობა.
- დასასრულ, მინდა რჩევის სახით ჩამოვაყალიბოთ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შვილებთან ურთიერთობაში, თქვენი გადასახედიდან - ის, რაც მთავარია და რაც არ უნდა გამოგვეპაროს...
- რჩევის სახით ვერავის ვერაფერს ვურჩევ, იმიტომ, რომ არც ფსიქოლოგი ვარ, არც სპეციალისტი, თუმცა, მე მგონია, რომ მთავარი ერთი კი არა, ბევრი რამაა - მაგალითად, ის, რომ ყოველთვის გვახსოვდეს, რას ვლაპარაკობთ და როგორ ვიქცევით შვილების თანდასწრებით, ვაკეთებთ თუ არა იმას, რაც მერე ჩვენ არ მოგვწონს ჩვენს შვილში. მაგალითად, თუ ჩვენ მუდმივად ვუყურებთ ტელევიზორს და განვიხილავთ იქ მიმდინარე მოვლენებს, მერე არ უნდა გვიკვირდეს, რომ ბავშვი დამოკიდებული ხდება ამ ყუთზე. თუ შევდივართ უცხო გარემოში და გამარჯობას არ ვამბობთ, მაშინ ვერ მოვთხოვთ ბავშვს, რომ მან თქვას. ხანდახან მშობლებს ავიწყდებათ, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა ის, რომ მუდმივად გიყურებს პატარა ადამიანი, რომლისთვისაც შენ ყველაზე დიდი ავტორიტეტი ხარ. შესაძლოა, ამას არ ამბობდეს, მაგრამ ქვეცნობიერად ასეა. ამ ყველაფერს მე პირადად ვაქცევ ყურადღებას და ჩემი გამოცდილება თუ სურთ გაითვალისწინონ, რჩევაც ეს იქნება.
ციცი ომანიძე