დალაგება გადავწყვიტე. საშინელებაა! ოცდაცამეტი ჭუჭყიანი თეფში... პირველი დღე: გავაცილე (მინდოდა, აქ სმაილიკი ჩამესვა, მაგრამ არ ვიცი, კლავიატურაზე სად ვიპოვო. ადრე ასეთი ძლიერი სიხარული არ მქონია). გაუმარჯოს თავისუფლებას! პერანგები გარეცხილი და დაუთოებულია, საჭმელი სავსეა მაცივარში, ყვავილებს კი მოვრწყავ როგორმე. კარგი, არ მაქვს ახლა ამ დღიურის წერის დრო - ლუდზე უნდა გავიქცე.
მე-2 დღე: მივიღე მესიჯი: "კარგად ჩავფრინდი, შესანიშნავი ამინდია, მაგარი სასტუმრო". ეს რა, დამცინის? არა უშავს, აქ კურორტი არ მაქვს, მაგრამ ცხოვრება შეიძლება.
მე-3 დღე: მგონი, დამერხა. კოლეგებმა დასალევად დამიძახეს, ვუთხარი, რომ ძაღლი მყავს გასასეირნებელი. ცოლმა გაასეირნოსო. მე ვპასუხობ: ცოლი მივლინებაშია.
მოკლედ, ჩემთან შევიკრიბეთ. მაგრად დავთვერით, ყველაფერი, რაც ცოლმა დამიტოვა, შევჭამეთ. არა უშავს, ბევრი არც მინდა, ყველს, ძეხვს ვიყიდი, ლუდიც ჯერ მაქვს.
მე-4 დღე: საღამოს დალაგება გადავწყვიტე. საშინელებაა! ოცდაცამეტი ჭუჭყიანი თეფში - და ეს ხუთი კაცისა მხოლოდ! რას იღებდნენ ამ თეფშებზე, ვერ წარმომიდგენია, საშინლად ყარს. ჯერ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩავტენე ყველაფერი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ჩართვა არ ვიცი... დღეს ადრე უნდა დავიძინო, ხვალ სამუშაოზე რთული დღე მაქვს.
მე-5 დღე: რთული დღე გამოვიდა, უფრო მეტად, ვიდრე ვფიქრობდი. უცებ ქვედა მეზობელმა დამირეკა, რომ წყალი ჩასდის. სწრაფად მოვირბინე სახლში, რას ვხედავ: ჭურჭლის სარეცხი მანქანიდან მოთქრიალებს . ხელოსანმა ნახა და მითხრა, რომ მაინც ჩამირთავს მანქანა, ტაიმერიც გადამიწევია, მერე ის თავისით ჩაირთო, როცა იქ არ ვიყავი და ან კარი არ დამიკეტია, ან რომელიღაც მილი არ შევაერთე სწორად. მოკლედ, არ ვიცი. ჯობია, ლუდზე ჩავიდე. ერთჯერადი თეფშებიც უნდა ვიყიდო.
მე-6 დღე: საშინელებაა, თურმე, ცოლმა მხოლოდ ექვსი დაუთოებული პერანგი დამიტოვა. ახლა მეექვსე მაცვია, დანარჩენი უნდა გავრეცხო, მაგრამ მეშინია სარეცხი მანქანის ჩართვის. საერთოდაც, ყველა პრობლემას აქვს მარტივი გადაწყვეტა: კარის მეზობელმა გაიგო, რომ დროებით მარტო ვარ და მეპრანჭება. იქნებ, ცოტა ხნით რეცხვაშიც დამეხმაროს? მართალია, მეორე კარის მეზობელი ყვავივით დამჩხავის და სულ მაკონტროლებს, მაგრამ არა უშავს, მოვახერხებ რამეს.
მე-7 დღე: სანამ კარის მეზობელზე ვფიქრობდი, ჩემმა კოლეგამ მომაკითხა (ერთ-ერთმა იმათგანმა, ვინც მესამე დღეს ქეიფობდა ჩემთან) და მეუბნება: - საღამოს რომ შემოგიარო?
მე ვპასუხობ: ისევ ძმაკაცებით?
ის: არა, არავითარი ძმაკაცები.
მე: და რა უნდა გავაკეთოთ?
ის: შენ რას იზამ, არ ვიცი, მაგრამ მე გოგოსთან ერთად წყნარად ვიქნები დივანზე, მეტი ადგილი არ გვაქვს.
ყოჩაღ, ისე მთხოვა, უარის თქმა უხერხული იყო. არა უშავს, კინოში წავალ.
მე-8 დღე: საქონელია, და არა კოლეგა. მთელ ლოგინზე შამპანიური გადაუქცევია. ზეწრები გადავყარე, მაგრამ ლეიბს (ორთოპედიულია, ძვირი!) მაინც სუნი აქვს. ახლა ვერც მეზობელს დავპატიჟებ! დრო კი მიდის!
მე-9 დღე: ეს კაცი საქონელი კი არა, სიმახინჯეა. სააბაზანოში შევდივარ და იქაც მხვდება კვალი - პომადა გამოსაჩენ ადგილზე დევს და ჩემი ცოლის სავარცხელი მთლად სხვის თმებშია აბურდული. ორივე გადავაგდე. კიდევ კარგი, ცოლი არ ჩამოდის დღეს, თორემ მაგარი სკანდალი იქნებოდა. ოთახები კარგად დავათვალიერე - მგონი, მეტი კვალი არ არის.
მე-10 დღე: გადავწყვიტე, საღამო მშვიდად გამეტარებინა. ლუდი ვიყიდე, ტელევიზორთან დავჯექი. გაირკვა, რომ პულტი გაქრა სადღაც. პირველი ნახევარი საათი ტელევიზორთან მივდიოდი, ხელით ვრთავდი არხებზე, მესამე ბოთლის მერე დამეზარა და ასე ვიჯექი მთელი საღამო - "სიყვარულს და სასჯელს" ვუყურებდი, თუ "ვნების უფსკრულს", არ მახსოვს. ზედიზედ 4 სერიას. კარგი, ხვალ რამე ეროტიკულ კასეტას ვიყიდი. გვერდითა მეზობელს დავუძახებ.
მე-11 დღე: აღმოჩნდა, რომ პულტი ძაღლს წაუთრევია თავისთან და დაუღრღნია. ალბათ გამინაწყენდა, რომ სამი დღე არ გავასეირნე, მარტო აივანზე ვუშვებდი. მავნე! თევზები უნდა გვყოლოდა ძაღლის ნაცვლად. მოკლედ, მეზობლის თავი არ მქონდა. რა სამწუხაროა, ბოლო საღამოა. ხვალ ცოლი ჩამოდის. ცოტა მაინც დავალაგო, დისკი კი ვიყიდე ("ხორცის უსასრულო ორგიები"), მაგრამ მერე ვნახავ.
მე-12 დღე: სამსახურიდან ადრე წამოვედი (კაცებმა ძალიან მოიწყინეს, რომ გაიგეს, რატომაც მოვდიოდი), დავხვდი ცოლს, სახლში მოვიყვანე. გარუჯული, დასვენებული. მაშინვე დატრიალდა. ჩართო სარეცხი მანქანა, ჭურჭლის მანქანა. შეიხედა მაცივარში, გაოცდა: წვნიანი არ ჭამე? მთელი ქვაბი დარჩა.
აბა, საიდან ვიცოდი, რა იყო იმ ქვაბში? საერთოდაც არ ჩანდა, ლუდი ფარავდა.
მერე სააბზანოში შევიდა: აუ, ჩემი სავარცხელი არ გინახავს? მერე დისკი იპოვა - "ხორცის ორგიები". გაეღიმა: მოიწყინე, ჰო?
კარზე ზარი. მეზობელი შემოვიდა, ის ბებერი ყვავი: ო, რა კარგია, რომ ჩამოხვედით. თქვენმა ქმარმა ისე მოიწყინა, ისე მოიწყინა…