რა უნდა ვიცოდეთ, რომ არ ვავნოთ რამე პატარას? შეიძლება თუ არა თვითმკურნალობა, რა უნდა ვიცოდეთ ანტიბიოტიკების შესახებ? რატომ არ შეიძლება წამლის დოზირება სუფრის კოვზით?
როდესაც მშობლები აძლევენ ბავშვს წამალს, ცდილობენ დაეხმარონ მას გამოჯანმრთელებაში. რა უნდა ვიცოდეთ, რომ არ ვავნოთ რამე პატარას?
საკუთარი თავის ექიმები
შეიძლება თუ არა თვითმკურნალობა და თუ შეიძლება, რა შემთხვევაში?
ხშირად მშობლები თვითონ "უმკლავდებიან" და მკურნალობენ მსუბუქ გაციებას, თავის ტკივილს, დიარეას, შეკრულობას, გულძმარვას, მსუბუქ ტრავმებს. მშობლების უმეტესობამ იცის, თუ რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს რესპირატორულ დაავადებას, მაგრამ მხოლოდ მესამედი მიმართავს ამ პრობლემით პედიატრს. უმეტეს შემთხვევაში აფთიაქში იღებენ პრეპარატებს, რომლებიც დანიშნული ჰქონდათ ექიმის მიერ ადრე, ასევე წამლებს ყიდულობენ მეზობლების და ნათესავების რჩევებით.
დიდი შეცდომაა - მისდევდე თვითმკურნალობას, როგორც ექიმის მკურნალობის ალტერნატივას. არ ღირს ებრძოლო სიმპტომებს, როდესაც უცნობია მათი წარმოშობის მიზეზი.
ყველაზე "ნამკურნალევი" დაავადება
თანამედროვე მშობლებს რესპირატორულ დაავადებასთან ასეთი მიდგომა აქვთ: ყელში უნდა ჩააწვეთონ, სიროფიც უნდა დაალევინონ, ასკორბინიც მისცენ, ცხვირშიც ჩააწვეთონ და სანთელიც გაუკეთონ ძილის წინ. ზოგჯერ კი "სწრაფად რომ გაუაროს", ანტიბიოტიკიც მიაშველონ.
უმეტეს შემთხვევაში მწვავე რესპირატორულ დაავადებას იწვევს ვირუსი. ასეთი გაციება თვითონ გადის. ამ დროს ანტიბიოტიკის მიცემა უშედეგოა. მკურნალობა მიმდინარეობს სიმპტომურად.
რა შეცდომებს უშვებენ მშობლები ყველაზე ხშირად - ექიმების ნაამბობი და გაფრთხილებები
ცხელება - სხეულის ტემპერატურის მატება 37°C-მდე ხშირი მეგზურია სხვადასხვა ინფექციის დროს. როდესაც თერმომეტრი უჩვენებს 37°C-ს, მშობლები ხშირად იყენებენ ტემპერატურის დამწევ საშუალებებს, რაც სტატისტიკით არ არის გამართლებული. ტემპერატურის დროს ბავშვის ორგანიზმი ცდილობს დაიცვას თავი ინფექციისგან. ზომიერი ცხელება ამაღლებს ინტერფერონის სინთეზს, ააქტიურებს ბაქტერიოციდულ ნივთიერებებს, ამაღლებს ლეიკოციტების რაოდენობას, ხელს უშლის მიკრობების გამრავლებას. ტემპერატურის დამწევი საშუალებები საჭიროა 38,5-39°C-ის დროს. ცხელება საშიშია იმ ბავშვებისთვის, რომელთაც აქვთ ფილტვების და გულის დაავადებები. ასევე მათთვის, ვისაც ცხელებისგან ჰქონდათ კრუნჩხვა.
ყურადღება: ანტიბიოტიკები!
ხშირია შემთხვევები, როცა ექიმის დანიშნულ ანტიბიოტიკებს მშობელი არასწორად აძლევს. თუ ექიმმა დანიშნა ანტიბაქტერიული პრეპარატი 3-ჯერ დღეში, მას ასევე იღებენ: დილას, შუადღეს და საღამოს. სინამდვილეში მათი მიღება საჭიროა 3-ჯერ დღე ღამის განმავლობაში - ერთიდა იგივე დროს, ანუ ჩვენს შემთხვევაში - ყოველ 8 საათში ერთხელ.
ანტიბიოტიკის დალევა არ უნდა შეწყვიტოთ მაშინ, როდესაც "კარგად იგრძენით თავი". ის უნდა მიიღოთ ისე, როგორც დანიშნა ექიმმა. არც ხანგრძლივად მიღება შეიძლება იმ იმედით, რომ "უფრო კარგად იმოქმედებს".
ნუ გექნებათ იმედი, რომ ანტიბაქტერიული პრეპარატი, რომელიც წინა ავადმყოფობის დროს დაგეხმარათ, ეფექტური იქნება მაშინაც, როდესაც ბავშვი ისევ გახდა ავად. ახალი დაავადება, მაშინაც კი, თუ სიმპტომები იგივე აქვს, შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა ვირუსით და ბაქტერიებით.
მშობლის 5 შეცდომა ანტიბიოტიკების მიღებისას
აფთიაქის ფარმაცევტი - საუკეთესო მრჩეველია
რა საჭიროა ექიმის გამოძახება, როცა შეიძლება წახვიდე აფთიაქში, შეეკითხო ფარმაცევტს: "რაიმე მომეცით ხველების - სამი წლის ბავშვისთვის?" შეიძლება ის კარგად ერკვეოდეს წამლებში, მაგრამ ის არ არის ექიმი, მისთვის არ უსწავლებით დაავადების დიაგნოსტირება, მას არ უნახავს თქვენი ბავშვი და არ იცის, რამდენად სერიოზულმა მიზეზებმა გამოიწვიეს სიმპტომები. თუ მაინც გადაწყვიტეთ პრეპარატის შეძენა ექიმის გარეშე, კარგად გაეცანით ინსტრუქციას. კარგად შეისწავლეთ ჩვენება და უკუჩვენება.
რატომ არ შეიძლება წამლის დოზირება სუფრის კოვზით?
სუფრის კოვზი და ჩაის კოვზი არ არის შპრიცი, არ ექვემდებარება მკაცრ სტანდარტს, მათი საშუალებით ვერ შეძლებთ ზუსტ დოზირებას. თუ სუფრის კოვზი იქნება ოდნავ დიდი, მოხდება დოზის გადამეტება.
ზუსტი დოზირება სიროფის თუ ხსნარისა, შესაძლებელია მხოლოდ შპრიცის მეშვეობით. ამოიღეთ შპრიცში წამალი და დაასხით კოვზზე ან ჭიქაში.
წონა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ასაკი
ბევრი მშობელი დარწმუნებულია, რომ წამლის დოზირება დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე. ასე არ არის. პედიატრიაში წამლის დოზირება განისაზღვრება ბავშვის სხეულის მასიდან გამომდინარე. ამიტომ ექიმის გარეშე ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას პრეპარატის დოზირებასთან დაკავშირებით!