”ძალიან სასიამოვნო იქნება, თუ ბევრი ადამიანი მიბაძავს მას” - რა სხვაობაა მინდობით აღზრდასა და შვილად აყვანას შორის მინდობით აღზრდა სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გარკვეული ვადით, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფაა, იგი შვილად აყვანისგან რადიკალურად განსხვავდება. თუ რა განსხვავებაა შვილობას და მინდობით აღზრდას შორის, რა შემთხვევაში რა პროცედურებია საჭირო, ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია გვესაუბრა.
- რას ნიშნავს მინდობით აღზრდა?
- მინდობით აღზრდა ეს არის სახელმწიფო ზრუნვის სერვისი. ესენი არიან მიმღები ოჯახები, რომლებიც ნაცვლად ბავშვთა სახლებისა, საკუთარ სახლში იღებენ ბავშვებს და ემსახურებიან ამ ბავშვების აღზრდას, განვითარებას. ეს არის სახელმწიფო მომსახურების ფორმა. ალტერნატივაა ბავშვთა სახლის და სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახის შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე იღებენ ბავშვებს. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ბავშვი თავსდება მიმღებ ოჯახში. ძირითადი არსი არის ის, რომ ეს არის ბავშვთა სახლის ალტერნატიული სერვისი, ეს არის ჩვეულებრივი, ტიპიური ოჯახები, რომლებსაც მიჰყვათ ბავშვი, რათა ოჯახურ გარემოში აღზარდონ ისინი. ისინი უზრუნველყოფენ მათ პიროვნულ, ჰარმონიულ განვითარებას და აქ ბავშვების საჭიროებები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული, ამ ბავშვების საჭიროების განვითარებისთვის არის ინდივიდუალური მიდგომები, ოჯახებში ხდება მათი სრულყოფილი განვითარება.
- რა ასაკში, რა პერიოდში ხდება მინდობითი აღზრდა?
- კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ მინდობით აღზრდაში გაყვანა ხდება 0-დან 18 წლამდე.
- უკვე ცნობიერ ასაკში, თუ ბავშვს საურს ოჯახიდან გამოსვლა, მისი სურვილით ხდება ოჯახიდან გამოყვანა?
- ბავშვის სურვილს ყოველთვის ვითვალისწინებთ. ასაკობრივად 10 წლის ბავშვს ყოველთვის ვეკითხებით, მაგრამ ბავშვის სურვილის გათვალისწინება ხდება ყველა შემთხვევაში, გარდა იმ შემხვევისა, როდესაც ეს მის ჭეშმარიტ ინტერესებს არ შეესაბამება. არის ხოლმე ზოგჯერ შემთხვევა, როდესაც არ უნდათ. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ და სახელმწიფო მზრუნველობის სხვა ფორმებს ვთავაზობთ. გააჩნია მოტივაციას, რა არის. მაგალითად, ზოგიერთი ბავშვი არის ქუჩაში მცხოვრები, ე.წ. მიუსაფარი ბავშვი, რომლისთვისაც უცხოა ოჯახური გარემო. სანამ ოჯახს არ შეეგუება, ჩვენ თვითონაც არ გადაგვყავს მინდობით აღზრდაში. მათთვის არის შექმნილი გარდამავალი მომსახურებები დღის ცენტრისა და კრიზისული თავშესაფრების სახით. შუალედური მომსახურების გავლის შემდეგ, სადაც ხდება მათი რეაბილიტირება, შესაძლოა მოხდეს მათი ოჯახებში გაყვანა, გააჩნია როგორი იქნება მათი სურვილი.
- რა განსხვავებაა მინდობით აღზრდასა და შვილად აყვანას შორის?
- აბსოლუტურად განსხვავებულია. შვილად აყვანის დროს მშვილობელი ბიოლოგიური ოჯახის პოზიციას იკავებს და ბავშვი არის უკვე შვილად აყვანილი, მისთვის იქმნება მუდმივი გარემო და ხდება კანონმემკვიდრე ამ ოჯახის. ამ შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენელი არის მშვილებელი ოჯახი. ბავშვს სახელიც ეცვლება და გვარიც. შვილად აყვანის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ არის ბავშვი შვილად აყვანილი. რაც შეეხება მინდობით აღზრდას, აქ სხვა პროცედურები მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ხელშეკრულების საფუძველზე. ამ დროს არც გვარი ეცვლება, არც სახელი და არც ბიოლოგიური ოჯახის მდგომარეობა, შესაბამისად ბავშვი არ არის კანონმემკვიდრე მიმღები ოჯახის. მიმღები მშობელიც არ არის ამ ბავშვისთვის კანონიერი წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში ბავშვის ოფიციალური წარმომადგენელი სააგენტოა.
- როცა ბავშვი არის მინდობით აღზრდაში და ოჯახს მისი შვილად აყვანის სურვილი გაუჩნდება, ეს ოჯახიც რიგში დგება თუ აქვთ რაიმე უპირატესობა?
- მინდობითი აღზრდა არის სერვისი, რომელშიც ნაკლებად ვათავსებთ ისეთ ბავშვებს, რომლებსაც პოტენციურად შეიძლება მიენიჭოს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი. მშვილებელთა ძალიან დიდი რიგია და ასეთი ბავშვები სისტემაში ძალიან ცოტანი შემოდიან. როცა შემოდიან და ცნობილია, რომ ამ ბავშვს მიენიჭება სტატუსი, ამ ბავშვებისთვის სხვა ტიპის გადაუდებელი მინდობითი აღზრდაა, სადაც მიმღებ მშობელს უპირატესი უფლება არ წარმოექმნება. მინდობითი აღზრდა ამ დროს მხოლოდ სამი თვე გრძლდება. მაგრამ კანონით რეგულარულ მინდობით აღზრდაში თუ მოხვდა ბავშვი და ექვს თვეზე მეტი დაჰყო მინდობით აღზრდაში, ამ დროს კი მიენიჭა მას გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი, ოჯახს მხოლოდ ამ დროს ენიჭება უპირატესი უფლება, იშვილოს ეს ბავშვი.
- მინდობითი აღზრდის დროს რა თანხა გამოეყოფა ოჯახს თვიურად?
- მთავრობის 145-ე დადგენილებით, მინდობით აღზრდაში არის სხვადასხვა ტიპის მინდობითი აღზრდა. ნათესაურში თუ თავსდება ჯანმრთელი ბავშვი, თვეში თითო ბავშვზე 200 ლარია, ხოლო შშმ ბავშვზე - 300 ლარი. თუ რეგულარულ მონდობით აღზრდაშია ჯანმრთელი ბავშვი, ოჯახი დღეში 15 ლარს იღებს, ხოლო როცა ბავშვს შშმ ბავშვის სტატუსი აქვს - ამ შემთხვევაში, დღეში 20 ლარს. არის გადაუდებელი მინდობითი აღზრდა, როდესაც ყოველდღიური ანაზღაურებაა და დღიური 20 ლარია.
- საზოგადოებისთვის ყველაზე ცნობილი სახე, რომელიც აყვანილ შვილებს ზრდის, ქალბატონი ირინა სარიშვილია. მან ახლახან ტყუპი გოგონა იშვილა, ისინი მინდობით აღზრდაში არიან?
- უდიდეს პატივისცემას ვადასტურებ ქალბატონი ირინა სარიშვილის მიმართ, რადგან მძიმე მდგომარეობის მქონე ბავშვებზე ზრუნავდა და ზრუნავს. თუმცა ტელევიზიითაც ბევრჯერ მითქვამს და თქვენც გეტყვით, ეს არ არის შვილად აყვანა. ეს არის მინდობითი აღზრდა. ქალბატონი ირინა არ არის ამ ბავშვების კანონიერი წარმომადგენელი, ჩვენ ვართ ამ ბავშვების კანონიერი წარმომადგენლები. ძალიან დიდი მადლობა მას კიდევ ერთხელ, რომ ჩვილ ბავშვთა სახლიდან გაიყვანა დაუნის სინდრომის მქონე პატარები, თუმცა რეალურად მას არ აქვს უფლება, საჯაროდ დადოს სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების სურათები. ამ პატარების წარმომადგენლები ვართ ჩვენ და არა ქალბატონი ირინა... წესით, მან არ უნდა დაასახელოს სახელები და აღნიშნოს, რომ ეს მისი შვილები არიან. ეს ბავშვები მისი შვილები არ არიან... ამ ფაქტის გავრცელების შემდეგ მოგვაწყდა ხალხი, გვირეკავდნენ, გვსაყვედურობდნენ, რომ ჩვენ ქალბატონ ირინას მივაშვილეთ ბავშვები და ამ დროს ისინი რიგში დგანან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არიან ისინი მისი შვილები, ეს არის მინდობითი აღზრდა. ამ ბავშვებს არ აქვთ ჯერ სტატუსი. ისინი არიან მინდობით აღზრდაში. სააგენტო წარმოადგენს ამ ბავშვების კანონიერ წარმომადგენელს. სახელმწიფო ამ ბავშვების აღზრდაში ქალბატონ ირინას უხდის გარკვეულ თანხას. ძალიან სასიამოვნო იქნება, თუ ბევრი ადამიანი მიბაძავს მას.
მერი ბლიაძე