"ეს ქცევა გადაიზარდა ძალიან დიდ ჩვევად - დავიწყე მშობლებთან მოსული მეგობრების ჩანთებში ქექვა და ფულის ამოცლა... მერე კი..." ეს წერილი ვებგვერდის ფეისბუქ-გვერძე მოვიდა. 28 წლის თამუნა დახმარებას სთხოვს ყველა ჩვენს მკითხველს და სურს, რჩევებით დაეხმარონ, გაიგონ მისი თკივილი და ნაკლებად გაკიცხონ, რადგან ის, რაც მას სჭირს, მისი ბრალი ნაკლებად არის, ის უბრალოდ ცხოვრობს ამ პრობლემით და გამუდმებით ებრძვის საკუთარ თავს:
"გამარჯობა. მინდა ჩემი პრობლემის შესახებ მოგიყვეთ, გული გადავუშალო თქვენს მკითხველს ძალიან გთხოვთ თუ არ დაიზარებთ გამომიქვეყნოთ და რჩევა-დარიგებები მივიღო მხოლოდ თქვენი გვერდის მეგობრებისგან.
რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე, რომ მჭირს ძალიან მავნე ჩვევა, ზნე თუ ავადმყოფობა, არ ვიცი, ამას რა დავარქვა... ქურდობა... კლეპტომანია.
ვიპარადი ჯერ პატარ-პატარა ნივთებს, რაც კი მომეწონებოდა, რასაც შემდგომ ძალიან ვნანობდი. ეს ხდებოდა მაღაზიებში, სადაც შეუმჩნეველი იქნებოდა ჩემი ქმედება... იმ დროს რაღაც არანორმალური განცდა მეუფლებოდა, წნევა მაწვებოდა ტვინში და იმდენად დიდი ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობდი, რომ ასე მეგონა, ძალიან მაგარ საქციელს ჩავდიოდი, და როცა შედეგს მივაღწევდი, გამარჯვების განცდა რამდენიმე წუთი მიგრძელდებოდა...
თუმცა შემდეგ მოდიოდა სინანული, განცდა ცოდვის შიშის, უფლის, დასჯის შიში.
ეს ქცევა გადაიზარდა ძალიან დიდ ჩვევად - დავიწყე მშობლებთან მოსული მეგობრების ჩანთებში ქექვა და ფულის ამოცლა.
ეს შედეგი არ მექნებოდა ალბათ, ვინმეს რომ დავენახე, ფაქტზე დროულად დავეჭირე, დავესაჯე ან დავერიგებინე, შესაბამისი ზომები რომ მიეღოთ. ან ფსიქოლოგი ჩააერთოთ ან ნევროპათოლოგი ან ვინმე, ან - ტაძარი...
გადიოდა თვეები და მე თვითონ ვხვდებოდი, რომ ძალიან ბევრს ვკარგავდი და საკუთარ თავს ვებრძოდი. შეიძლება ამ ცოდვის ჩადენისგან თავი რამდენიმე თვე ამერიდებინა, მაგრამ ყოფილა დრო, იმდენად ჩავვარდნილვარ დეპრესიაში, საკუთარ მეგობარს, სისხლსა და ხორცს, ბავშვობის დობილს, ჩანთიდან ფულს ვაცლიდი და მერე ვისხედით და ერთად ვნერვიულობდით, ნეტავ სად დაიკარგა...
ეს ამბავი იქამდე გაგრძელდა, სანამ ოქროზე არ მიდგა საქმე. მოვიპარე ბეჭედი, ყელსაბამი და სამაჯური. ფაქტზე დამიჩირეს... (როგორც იქნა). ალბათ ჩემი ხსნა აქედან დაიწყო, როცა საჯარო გახდა ეს ყველაფერი, როცა სინდიდი უკვე საკუთარ თავთან კი არა, მთელს ოჯახთან, მთელ გარე სამყაროსთან მაწუხებდა.
ამ დროს მივხვდი, რომ მარტო ჩემს გადარჩენაზე კი არა, იმ ადამიანზე ვდარდობდი, ვისაც ეს გავუკეთე, ჩემს ოჯახზე. რა ეშველებათ მათ? თავს როგორ გაართმევენ ნასროლ ტალახს? გამკიცხავ მზერას სად გაექცევიან, დამცირებას როგორ აიტანენ?
ისე გამოვიდა, რომ ამ შემთხვევაშიც ჩემი მეგობრის ოჯახმა გადამარჩინა საბოლოო დასჯისგან, რასაც ციხე ჰქვია, მაგრამ შინაგანი ჭრილობა იმხელა დამრჩა, ალბათ მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ვერაფერს ვიზამ.
ახლა დავდივარ ფსიქოლოგთან, უკვე 2 წელია. ვცდილობ შევიცვალო. მართალია, არის შემთხვევები, როცა ძველი ზნე თავს მაჩვენებს, მაგრამ ამ დროს უკვე ისე გავძლიერდი, ვიღებ ტელეფონს და ვურეკავ ჩემს ფსიქოლოგს, ჩემს გადამრჩენელს, თუ შეიძლება ასე ვუწოდო. მე ჯერ კიდევ ჭაობში ვარ, ჯერ კიდევ ვებრძვი თავს, სინდისს. ოჯახს ჯერ კიდევ ვერ ვუსწორებ თვალს. მინდა გავიქცე შორს, მაგრამ იქაც ხომ იგივე ვიქნები? იქაც ხომ ანალოგიურს გავაკეთებ?
ვიცვლები, მაგრამ ძველი ცოდვები თავს მაინც არ მანებებენ. განვიცდი... დაკარგული მეგობრის ნდობის გარეშე დარჩენილმა ცხოვრების გაგრძელებას შევძლებ?
ამ კითხვას ყოველდღე ვუსვამ ჩემს თავს. ყოველდღე მინდა მახსოვდეს ის დღე, როცა სირცხვილით მინდოდა მოვმკვდარიყავი. მინდა, რომ მსგავსი შეცდომა თავიდან ავიშორო, მაგრამ რამდენ ხანს შევძლება ასე ცხოვრებას?
ძალიან მინდა ჩემს მეგობარს, მის ოჯახს თვალებში შევხედო და პატიება ვთხოვო.
ალბათ ამას წლები დასჭირდება, მაგრამ მინდა იცოდეს, ძალიან ვნანობ,ვნანობ ყველას წინაშე, ვისაც ასე ვექცეოდი...
როგორ ვიცხოვრო? რა გავაკეთო? თქვენი თანადგომა და გამხნევება მჭირდება...
დიდი მადლობა ჩემი მოსმენისთვის".
ცნობისათვის: კლეპტომანიას ვარსკვლავურ დაავადებასაც უწოდებენ. ეს იმიტომ, რომ იგი ჰოლივუდის სახელმოხვეჭილი მსახიობების ერთგვარ პროფესიულ დაავადებადაც იქცა. მსოფლიოში კლეპტომანიით 10 ათასიდან ერთი თუ ავადდება, ხოლო ამერიკული კინოს ვარსკვლავებს შორის თითქმის ყოველი მესამე იტანჯება ამ დაავადებით.
კლეპტომანია (ბერძ. კლეპტო - ვიპარავ, მანია - სიგიჟე, შეშლილობა, ჟინი, გატაცება) - ეს არის ხშირად იმპულსური, ზოგჯერ კი ზედმიწევნით დაგეგმილი მისწრაფება ქურდობისაკენ ყოველგვარი ანგარების გარეშე. მაგალითად, დედოფალი მარგოს თანამეცხედრეს ანრი IV-ს, თანამედროვეთა გადმოცემით, ჰყვარებია სტუმრად ყოფნისას ძვირფასი ნივთების, სამშვენისების აწაპვნა, რომლებსაც შემდეგ პატრონს უბრუნებდა და თან დაუდევრობისთვის სიცილს აყრიდა. კლეპტომანისთვის ყველაზე ძვირფასი ნივთიც კი არ წარმოადგენს მატერიალურ ფასეულობას - ის არ აპირებს მის გაყიდვას ან ტარებას. აი, შენახვა და თვალიერება კი დიდ სიამოვნებას ანიჭებს - იმ ნეტარებას ახსენებს, რომელსაც მისი მითვისების მომენტში განიცდიდა. ამ გზით კლეპტომანი იხსნის სტრესს, თავისუფლდება შინაგანი დაძაბულობისგან, მერე კი ხელახლა ქურდობს. რუსეთში არსებობს სოციალური და სასამართლო ფსიქიატრიის სამეცნიერო ცენტრი, სადაც კლეპტომანთა ავადმყოფობის ისტორიები ინახება. ერთ-ერთი ისტორია მოგვითხრობს, რომ პაციენტი ყოველთვიურად მიდიოდა ცენტრალური უნივერმაღის მამაკაცთა განყოფილებაში, ისინჯავდა კოსტიუმს, ზემოდან საკუთარს იცვამდა და მიდიოდა. ერთი წლის განმავლობაში მან 12 კოსტიუმი მოიპარა და ყველა ხელუხლებლად ეწყო სახლში. მეორე ავადმყოფი ბეწვის ქურქების კოლექციას აგროვებდა. ოპერატიული მუშაკები, რომლებიც მასთან ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ, გაოცდნენ და უთხრეს კიდეც: "ხომ შეგეძლო, თითოეული ნახევარ ფასად გაგეყიდა და სხვა რამ შეგეძინაო". კლეპტომანი ნაწყენი დარჩა: "რატომ უნდა გამეყიდა, მე ხომ საკმაოდ კარგი ხელფასი მაქვსო". ასე იყო ვაინონა რაიდერის გახმაურებულ შემთხვევაშიც: შეძლებულ მსახიობს სულ ადვილად შეეძლო ნებისმიერი ნივთის შეძენა, მაგრამ მოპარვა ამჯობინა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ კლეპტომანებს დაქვეითებული აქვთ თვითგადარჩენის ინსტინქტი - ისინი რისკზე მიდიან და ებმებიან სახიფათო თამაშში, რომელშიც მათთვის ყველაზე მიმზიდველი ის არის, რომ შეიძლება ყველაფერი დაკარგონ.
კლეპტომანიით შეპყრობილ ადამიანს, განსაკუთრებით - ქალს, ქურდობის წინ უჩნდება ნერვული დაძაბულობის განცდა, რომელიც თანდათან ძლიერდება (სპეციალისტები ასეთ ადამიანებს ურჩევენ, დაძაბულობა სირბილით, ფიტნესკლუბში ვარჯიშით ან სექსით მოიხსნან). ამ მდგომარეობას ზოგჯერ რაიმე მნიშვნელოვანი ამბავი იწვევს. ქურდობას კი უდიდესი შვება და სიამოვნება მოაქვს. ყველაზე აღტკინებული კლეპტომანებიც კი არ დადიან საქურდლად ყოველდღე - ფსიქოლოგიური დატვირთვა მეტისმეტად დიდია. ქურდობის შემდეგ კლეპტომანები ერთხანს განცდილი სიამოვნების ხარჯზე ცხოვრობენ. კლეპტომანები გამოირჩევიან დაბალი თვითშეფასებით, მარტოობის განცდით და ზარალის ანაზღაურების ქვეცნობიერი სურვილით. ამიტომაც უწოდებენ მათ პატიოსან ქურდებს. ისინი კანონმორჩილი მოქალაქეები არიან, მაგრამ რომ არ იქურდონ, არ შეუძლიათ; გამოსავალი ერთია - ფსიქოთერაპიის სეანსები, ასევე - ენდოკრინული ფონის სტაბილიზაცია: სისხლში ჰორმონული ქარიშხალი დაავადების გამძაფრებას იწვევს. (იხილეთ ვრცლად კლეპტომანიის შესახებ)