ნუგზარი ინგლისურში რეპეტიტორთან აღარ დადის. თვითონ გადაწყვიტა საკუთარ თავზე მუშაობა ბრიტანეთის საბჭომ ქართველი მოსწავლეებისთვის ინგლისურ ენაში ტესტირება ჩაატარა. კონკურსში 200 მოსწავლე მონაწილეობდა. მათგან საუკეთესო შედეგი წმიდა გიორგის საერთაშორისო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ ნუგზარ კაპანაძემ აჩვენა. მას საჩუქრად Iphone 7 გადაეცა. 7 გამორჩეულ მოსწავლეს კი სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
როგორც აღმოჩნდა, ტესტირებაში გამარჯვებული ნუგზარი ინგლისურში რეპეტიტორთან აღარ დადის. თვითონ გადაწყვიტა საკუთარ თავზე მუშაობა და ენის გავარჯიშების საკუთარი მეთოდებიც აქვს. ამ ყველაფერს ნუგზარი ჩვენს მკითხველსაც გაუზიარებს.
- დიდი ხანია, რაც ინგლისურ ენას სწავლობ?
- საკმაოდ. სკოლაში მეორე კლასიდან დავიწყეთ ენის შესწავლა. კარგი მასწავლებელი გვყავს, ვცდილობთ გაკვეთილზე სულ ინგლისურად ვიმეტყველოთ. ამის პარალელურად, მე-6 კლასიდან მოყოლებული, გასულ წლამდე რეპეტიტორთანაც დავდიოდი, მერე გადავწყვიტე, ჩემით მემეცადინა. მაინტერესებდა, როგორ გავართმევდი თავს და ამისთვის კარგი შესაძლებლობა მომეცა - „Aptis“-ის ტესტით ჩემი თავი გამოვცადე. ამ კონკურსმა დამანახა, რა ვიცი კარგად , რა - ცოტა ნაკლებად. ახლა უკვე დაგეგმილად ვიმეცადინებ.
- გაქვს რაიმე განსაკუთრებული, შენებური მეთოდი, რომელიც ენის შესწავლაში კარგად გეხმარება?
- ბავშვობაში ინგლისურენოვან მულტფილმებს ვუყურებდი ხოლმე. თითქმის ზეპირად ვიცოდი, რომელი გმირი რა ტექსტით გამოდიოდა, როგორი ინტონაციით წარმოსთქვამდა თითოეულ სიტყვას.
ახლა ხშირად ვუყურებ ფილმებს სუბტიტრებით. აგრეთვე ყოველთვის თან მაქვს ეგრეთ წოდებული ლექსიკონი-უბის წიგნაკი, რომელშიც ყოველდღიურად 10 სიტყვას ვიწერ და მთელი დღის განმავლობაში ამ სიტყვების მიხედვით გონებაში წინადადებებს ვადგენ. ვკითხულობ ინგლისურენოვან ლიტერატურას. ჯერ მარტივი წიგნებით დავიწყე, მერე ნელ-ნელა გავართულე.
-ტესტებიდან რომელი საკითხი მოგეჩვენა ყველაზე ადვილად და რომელი ძნელად?
- ყველაზე მარტივი იყო დავალება, რომლის მიხედვითაც ვუსმენდი ტექსტს, შემდეგ კი ამ ტექტის ირგვლივ დასმულ კითხვებს ვცემდი პასუხს. გამიჭირდა ესსე-ს დაწერა. ეს დავალება ითვალისწინებდა, რომელიმე კონკრეტულ თემაზე ჩემი აზრი 220-250 სიტყვაში ჩამომეყალიბებინა - ბევრი ვიწვალე. დროში ძლივს ჩავეტიე. საბედნიეროდ, მაინც გავართვი თავი.
- სხვა რომელიმე კონკურსში თუ მიგიღია მონაწილეობა?
- ეს პირველი კონკურსი არაა, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია, თუმცა ყველაზე დიდი წარმატება აქ მოვიპოვე. კონკურსებსა და შეჯიბრებში, მაინცადამაინც არ მიმართლებს ხოლმე და სიმართლე გითხრათ, დიდად არც ახლა ველოდი წარმატებას. ძალიან გახარებული ვარ.
- სამომავლოდ რა გეგმები გავს?
- სკოლის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელებას გერმანიაში ვგეგმავ. მანამდე კი საზაფხულო, ორკვირიან კურსებზე მივემგზავრები. ასე, რომ გარდა იმისა, რომ Iphone 7-ით დამაჯილდოვეს, ეს გამარჯვება ჩემს სწავლის პორცესსაც ძალიან წაადგება სამომავლოდ.
- რომელ დარგში ხედავ შენს მომავალს?
- მეცნიერებაში და უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, ჩემი სამეცნიერო საქმიანობა ფილოსოფიასთან იქნება დაკავშირებული. სწავლას საზღვარგარეთ ვგეგმავ, მაგრამ მოღვაწეობას - აუცილებლად საქართველოში.
ზაზა ფურცელაძე - ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი საქართველოში: ბრიტანეთის საბჭოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ეს არის ინგლისური ენა და მოვიაზრებთ, როგორც ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ასევე ინგლისური ენის შემსწავლელთა დახმარებასა და ხელშეწყობას. ამ პრიორიტეტის ფარგლებში, ყოველწლიურად, ძალიან ბევრი ღონისძიება, პროგრამა და აქტივობა გვაქვს დაგეგმილი.
რაც შეეხება ბრიტანეთის საბჭოსა და წმ. გიორგის სახელობის სკოლის თანამშრომლობას - ეს დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო. მოიცავდა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას. პირველი პროექტი, რომელიც ერთობლივად განვახორციელეთ, ეს იყო ინგლისური ენის მასწავლებელთა პორფესიული განვითარების პროგრამა, რომელშიც წმ. გიორგის სკოლის პედაგოგებმაც მიიღეს მონაწილეობა. ეს გახლავთ დაახლოებით 8 თვიანი პროგრამა. იმედია ჩვენი თანამშობლობა მომავალშიც გაგრძელდება.
რაც შეხება დღევანდელ ღონისძიებას, ეს გახლავთ ინგლიური ენის, წამახალისებელი ხასიათის, კონკურსი მოსწავლეთათვის და მიზნად ისახავს ბრიტანეთის საბჭოს ტესტის გამოყენებას. ეს „Aptis“ ტესტი, მისი მეშვეობით გვინდოდა სკოლების მოსწავლეებისთვის მიგვეცა საშუალება გამოევლინათ თავისი ცოდნის დონე. იყო წამახალისებელი პრიზები. კონკურსში მონაწილიობა მიიღო 200-მდე მოსწავლემ. ეს იყო საპილოტე ვერსია. დაგეგმილი გვაქვს კონკურსის უფრო გაფართოვება. მიხარია, რომ 7-ვე მოსწავლე რომელმაც წმ. გიორგის სკოლიდან წარსდგა ამ კონკურსზე იყო ძალიან წარმატებული. კარგი ქულები და კარგი შედეგები აჩვენეს. მათ შორის ყველაზე მაღალი ქულა აიღო მე-10 კლასელმა ნუგზარ კაპანაძემ.
- რას მოუტანს ეს გამარჯვება გამარჯვებულ მოსწავლეს?
- ნუგზარმა მოიპოვა ბრიტანეთის საბჭოს, "Aptis “ტე სტის სერთიფიკატი, რომელიც საერთაშორისოდ გამოიყენება, მსოფლიოს 110 ქვეყანაში. ბრიტანეთის საბჭოს სერთიფიკატსა და ხარისხის ნიშანს ყველა ორგანიზაცია ენდობა მსოფლიოს მასშტაბით. რაც მთავარია, ნუგზარისთვის ეს საუკეთესო შედეგია და დიდი მოტივაციაა სამომავლოდ.
ეკა სალაღაია