"ცალ-ცალი წარბით და ჰაერგაუმტარი კაბით გამიშვეს ბანკეტზე... გაიარა წამებულმა ცხელმა საათებმა" - 90-იანი წლების ბანკეტის დაუვიწყარი მოგონება - მშობლები

"ცალ-ცალი წარბით და ჰაერგაუმტარი კაბით გამიშვეს ბანკეტზე... გაიარა წამებულმა ცხელმა საათებმა" - 90-იანი წლების ბანკეტის დაუვიწყარი მოგონება

2017-08-18 08:53:12+04:00

ძალიან ბევრს იხალისებთ, ამას რომ წაიკითხავთ... და ნახავთ...

ეს ერთი კარგი გოგონას ნაამბობია, რომელიც სოფელში ცხოვრობდა და სანამ თბილისში წამოვიდოდა სასწავლებლად, გათხოვდებოდა, შვილებს გააჩენდა და ა.შ., სკოლის დამამთავრებელი ბანკეტიც სოფელში ჰქონდა, არც ისე კარგ წლებში. სოფო ბეგალაშვილმა თავისი მეგობრებისთვის გაიხსენა ძალიან სახალისო ამბები მისი ბანკეტიდან. ჩავთვალეთ, რომ სხვებისთვისაც საინტერესო იქნება ამის წაკითხვა და ცოტა ხნით იმ დროსა და ადგილას თავის წარმოდგენა - იმ გოგონას ადგილის, რომელიც ახალი ცხოვრებისთვის ახლებურად ემზადებოდა.

"ჰო, რა მინდა გიამბოთ... ძალიან რთულ დროს მომიწია სკოლოს დამთავრება და შესაბამისად ბანკეტიც. უშუქობა, უგაზობა, უსალონობა, უსტილისტობა... მოკლედ, ჩემი და მეგობრის დედის დიზაინით შევიკერე კაბა. თმა გამიკეთა დედაჩემის თანამშრომელმა და წარბი...აი, აქ იყო ამბავი.. დედაჩემმა და მეზობელმა. დედაჩემმა - მარჯვენა წარბი, მეზობელმა - მარცხენა (ან პირიქით). თან ისეთი ოსტატები იყვნენ, არც უყურებდნენ, ის როგორ აკეთებდა და ეს - როგორ. ასე ბედნიერად გამიშვეს ცალ-ცალი წარბით ბანკეტზე, მაგრამ მაინც ულამაზესი ვიყავი... მამალ ბუზს თავზე არ ვისვამდი მაგ საღამოს...

მოკლედ, ყველამ შევიკერეთ ის, ავად სახსენებელი ტაფტის ნაჭრის კაბები. ეს ნაჭერი ჰაერგაუმტარია. აი, ქარიშხალშიც რომ მოხვდე, ვერ იგრძნობს სხეული, ნიავს არ აკარებს კანს. ეს ჩემი კაბა უბრეტელო იყოო. ვიფიქრე, ძალიან ვულგარულად არ ვიყო-თქო და მკერავს (ციცო დეიდას) ვთხოვე, იქნებ ცალკე ყელი შემიკერო-თქო ჩამოსაცმელად. ამ ქალმა, რად გინდა, შვილო, გაიგუდებიო, მაგრამ რას დამაჯერებდა?!

ჩავიცვი ეს ჩემი ყელი და წავედი ბანკეტზე. მცხელა, მცხელა, ხვითქი გამდის... დედაჩემი ხან თვალით მანიშნებს, ხან გამივლის, მუჯლუგუნს მომცხებს, ეგ ყელიი მოიხსენიო, მაგრამ რას მოვიხსნი. ეს რომ მოვიხსნა, ამ კაბას სიდიადეს დავუკარგავ, ჩოლკა დამეშლებაა, თმაც ფორმას შეიცვლის, ამ საღამოს დედოფლობაც სხვას გადაეცემა.

გადავწყვიტე, საერთოდ არ გავიხედავ დედაჩემისკენ... ვერ მიგებდა, რამხელა რამ ტრიალებდა ჩემს გულში. ყველა მეუბნებოდა, ვააა, სოფო, ეს რა უცხო კაბაა! - სიხარულით მეცხრე ცაზე ვარ და დედაჩემს კიდევ უნდა, რომ დამანარცხოს დედამიწაზე...

ასე გაიარა წამებულმა ცხელმა საათებმა და სახლის ზღურბლთან მოვიხსენი ეს ყელი. მანამდე აუღელვებლად მეკეთა...

...ფული იმდენი შეგროვდა, რომ სუფრა გვექნებოდა, ჩიტის რძე არ აკლდებოდა, მაგრამ აქ წამოიჭრა ახალი პრობლემა... ნუ კოდაკი და პოლაროიდი მოგვეპოვებოდა, კაცო, კოდაკი მეც მქონდა, მაგრამ ვიდეო? ეს ძვირი სიამოვნება იყო. არადა ეს გრანდიოზული დღე ხომ უნდა აღბეჭდილიყო... მოკლედ, მეგობარმა, არ ინერვიულოთ, ჩემი დეიდაშვილი თბილისიდანაა ჩამოსული და ვიდეო აქვს, ის გადაიღებს, არ უნდა ფულიო.

დედა, რა გავიგეთ, თბილისელიოო... ჯერ ეს რამხელა პატივი იყოო რაიონელებისთვის - თბილისელი სტუმარი. იმ ღამეს, როგორც თქვენ იქ არ გიჭამიათ, ისე - მე. პირს რა გამაქანებინებდა, მერე ვიდეოში რომ გამოვჩენილიყავი. არც მიჭამია, არც მისვია... ცეკვითაც აკურატულად ვიცეკვე - ეს კადრები შვილიშვილებს რომ ენახათ, ხომ არ უნდა ეთქვათ, რას ცანცარებს ბებიაჩვენიო...

აი, თავიდან რომ დაყვებოდა ეს ბიჭი თავისი კამერით და ვხვდებოდი, მიახლოვდებოდა, თითქოს მდუღარე გადაგასხესო, ადგილზე ვქვავდებოდი, განვიცდიდი ამ ვიდეოს მოახლოებას... ზეპირად ვიცოდი, რომელ მომენტში რა გადამიღო.

ხალხო, დღემდე მე ის კადრები არ მინახავს და ღმერთმა, არც მომასწროს. ვინც ილოცა, ჩემთვის ილოცა, რომ ეს ფირი გაფუჭდაა და ამოიდაგა. ისე, მას შემდეგ აღარ ვენდობი თბილისელებს. კაი ჭამა, კაი სვაა და მე დამტოვა პირში ჩალაგამოვლებული და რამდენი ჩემნაირი ანგელოზი...

როგორც გითხარით, დამთავრდა ის ცხელი და ემოციებით დატვირთული საღამო. სახლამდე გზაში სულ გავაანალიზე ვინ ლამაზი იყო, ვის რა ეცვა და ბედნიერი ვარ, კაცო, მე კი ვიცი, რომ ძალიან ლამაზი ვიყავი და... ახლა ვიდეოსკენ გამექცა ფიქრები. ვიცი, ყველა კადრში ძალიან დახვეწილად ვიქნები, უბრალოდ იმას განვიცდი, მოულოდნელად ხომ არ გადაიღო რამე. ერთი-ორჯერ "მაა" წამომცდაა და არ მინდა, ეს იყოს დაფიქსირებული... ამ სვეტობის დიდ გზაზე მიმავალს ეს მინდა ახლა? სათბილისედ ვემზადები... ისე " მაა" რომ არ მეთქვა, მა რა უნდა მეთქვა" (ქართლელების თანხმობის აღმნიშვნელი სიტყვაა - ვინც არ იცის)...

მოკლედ, შევაღე სახლის კარი და ჰოი საოცრებავ, შუქია... ასმაგად ბედნიერი ვარ. ეს თმა კი საოცრად ლამაზად მაქვს და მენანება დავიშალო, მაგრამ ვიდეოში მეორე დღესაც იგივენაირად რომ ვიყო, არ მინდა. მოკლედ, ბანაობა მოვასწარი და მეზობელი თმას მიუთოვებს, დედაჩემი - ტანსაცმელს... ამდის ცხელი ორთქლი ამ თმაზე, მეწვის კანი, მაგრამ სამაგიეროდ დღესაც ულამაზესი ვიქნები..."

mshoblebi

ჩემს ოჯახს იმის საშუალებაც არ ჰქონდა, რომ ბანკეტისთვის 50 ლარი გადაგვეხადა... შენი შვილი რომ ამთავრებს სკოლას, ძაან უჩვეულო განცდაა... - ლაშა რამიშვილი
მთელი ბანკეტი ხელით დაატარებდნენ ბავშვები... - ვინ არის პედაგოგი, რომლის სახალისო ვიდეო ინტერნეტჰიტად იქცა
ეს ერთი ფოტო მაქვს მხოლოდ ბანკეტიდან... აბრეშუმის დვოიკა მეცვა... ჩემი კლასელი ბიჭი მიყვარდა... - ნუკი კოშკელიშვილი თავის ბანკეტს იხსენებს