ონლაინრომანი "ნაადრევი ენძელები"
ავტორი: კვარაცხელია
იხილეთ რომანის დასაწყისიზურას წასვლის შემდეგ ნუკიმ სახლი მიალაგა, მტვერსასრუტით დაუარა ყველა ოთახს, მერე იატაკი სველი ჩვრით მოწმინდა და კვლავ კომპიუტერს მიუჯდა. ჯერ რამდენიმე თავისი ჯგუფელის სახლი და გვარი მისცა ძებნაზე, სამი მაშინვე იპოვა, მათ შორის ნელიკოც. ისე გაუხარდა, თითქოს გათამაშებაში დიდძალი თანხა მოეგოს. ნელი იმწუთას არ იყო საიტზე, მაგრამ შეტყობინება მაინც აფრინა: "თბილისში ვარ, აქ რომ შემოხვალ, შემომეხმიანე ან დამირეკე. ეს ჩემი ნომერია. გკოცნი" და ტელეფონის ნომერიც მიუწერა. მერე ნელის ფოტოების დათვალიერებას შეუდგა. მოულოდნელად ვიღაცამ შეტყობინება გამოუგზავნა. სასწრაფოდ გადავიდა წერილებში. ო-ჰოო! რა სიმპათიური ვიღაცაა?! შავსათვალიანი ახალგაზრდა მამაკაცი ღიმილით უმზერდა მთავარი ფოტოდან. ნუკიმ ჯერ მის სახელს შეხედა, მერე ასაკს. "ჯეკბეღურა" - ასე ჟღერდა 26 წლის უცნობის "ვინაობა". სხვა უსათვალო ფოტოებში საოცრად ლამაზი ლურჯი თვალები ჰქონდა უცნობს, ბევრად სიმპათიური იყო, ვიდრე ის, ვისი მეტსახელიც ჰქონდა მითვისებული.
"რა ლამაზი ხარ", წერდა "ჯეკბეღურა" და თავის მოწერილს შემართული ცერა თითის სმაილებით აგვირგვინებდა.
ნუკი შეყოყმანდა, ღირდა თუ არა პასუხის გაცემა. პირველ რიგში, მისმა ასაკმა დააფიქრა, მერე კი იმან, რომ მეტსახელით იყო უცნობი დარეგისტრირებული. მაინც ვერ მოითმინა და პასუხი გაუგზავნა.
"განსაკუთრებით ფეხები", - არ ცხრებოდა ქართველი "მეკობრე".
ნუკის გაეღიმა. ეს ფოტო განსაკუთრებული მოთხოვნით გადაუღო წეღან ზურამ, სკამზე დასვა, ფეხი ფეხზე გადაადებინა და წითელი სარაფანი მუხლს ზემოთ ოდნავ ააწევინა, ფეხები კარგად გამოაჩინეო. აი, შედეგიც. ვიღაცას თვალში მოხვდა მისი ფეხების სილამაზე. ამჯერად ღიმილის სმაილიკი აფრინა, თან თავადაც არ შორდებოდა ღიმილი სახიდან.
"ლაპარაკი არ იცი? ხმა გამეცი," - არ მოეშვა უცნობი.
"წერა მეზარება", - როგორც იქნა, აღირსა პასუხი.
"გამეცნობი? ძალიან მომეწონე", - "ჯეკბეღურამ" ახლა ყვავილები მოაყარა თავის გაცვეთილ ფრაზებს.
"მგონი, არ ღირს", - გაიპრანჭა ნუკი.
"შენ რა იცი, ღირს თუ არა? ჯერ ხომ არ მიცნობ?"
"ჰოდა, რომ არ გიცნობ, იმიტომაც არ ღირს. სახელს რატომ მალავ?"
"ეგ რა პრობლემაა? დათო მქვია, თბილისელი ვარ. შენ სად ცხოვრობ?"
"მეც თბილისში".
"სად ცხოვრობ-მეთქი, რომელ უბანში?"
"ვაკეში, ყიფშიძეზე".
"შენ არ მოგწონვარ?" - უტიფრობა გამოიჩინა დათომ.
ნუკიმ კოპები შეკრა. ერთი ამას დამიხედეთ, რამხელა წარმოდგენა აქვს თავის თავზე!
"ისე რა... გოგოსავით ლამაზი ხარ!" - მისწერა და სიცილის სმაილები დაურთო. ესეც ასე, იქნებ მიხვდეს, რომ ყველასთან არ გაუვა თავისი უტიფრობა.
"კარგი, წავედი, ლამაზო გოგო. სხვა დროს ვილაპარაკოთ, ახლა მეჩქარება", - მისდა მოულოდნელად, უეცრად დაემშვიდობა უცნობი და ნუკი გამშრალი დატოვა.
ეს რას ნიშნავდა? გაოგნებული გოგონა კარგა ხანს თვალგაშტერებული მისჩერებოდა მონიტორს. რა ეწყინა? მერე რა, რომ მისი სილამაზე გოგოსას შეადარა? რა გაუტყდა? ტყუილი ხომ არ უთქვამს? ძალიანაც კარგი, თუ ეწყინა. მიხვდეს, რომ ყველა ქალი ერთნაირი არ არის და ყველას ადვილად ვერ შეაბამს. თავის დასამშვიდებლად ეს კი გაიფიქრა ნუკიმ, მაგრამ მიხვდა, რომ ახალი ნაცნობის საქციელმა ხასიათი გაუფუჭა.
თბილისში ჩამოსვლის დღიდან ნუკისთვის ახალი ცხოვრება დაიწყო... და არა მხოლოდ ნუკისთვის, ზურასთვისაც. მამაკაცი ყოველ დილით მაგიდაზე სახარჯო (პროდუქტებისთვის) ფულს ტოვებდა და ისე მიდიოდა სამსახურში. შინ დაბრუნებულს გემრიელი სადილი ხვდებოდა საღამოობით, თუმცა თავად დიდად არ იკლავდა ჭამით თავს. მისი ერთადერთი "სადილი" ყავა იყო, რომელსაც სიამოვნებით მიირთმევდა დილა-საღამოს. გოგონას სულით და გულით მომზადებულ კერძებს კი მხოლოდ ზრდილობის გულისთვის თუ გაუსინჯავდა გემოს, რათა მას გული არ დასწყვეტოდა.
ნუკი შეეგუა ახალ გარემოს. უფრო მეტიც, მოუსვენრობა დასჩემდა. საქმის კეთებას მიჩვეულს, საქმე არაფერი ჰქონდა. დილით მარკეტში ჩავიდოდა, სურსათ-სანოვაგეს შეიძენდა, სადილს მოამზადებდა, სახლს დაალაგებდა და მორჩა, მერე მთელი დღე ან კომპიუტერს იყო მიშტერებული, ან კითხულობდა (ზურას კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა), ან ეძინა. სოციალურმა ქსელმა ძალიან გაართო... გაართო კი არა, ცოტა ხანში ისე მიეჯაჭვა, სიზმარშიც კი საიტის ციმციმა ფანჯარას ხედავდა.
ნელი მეორე დღესვე გამოეხმაურა და კვირის ბოლოს სტუმრადაც ეწვია. გოგოების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. წლების განმავლობაში არ ენახათ ერთმანეთი, არადა, სტუდენტობის პერიოდში გამუდმებით ერთად იყვნენ, ტყუპისცალებივით ერთად დადიოდნენ ყველგან და ყოველთვის.
- არც გავთხოვილვარ, არც არავინ მიყვარს და არც ვაპირებ! - ქაქანებდა ნელიკო, - ერთადერთი ჩემი შვება ჩემი სამსახურია. "დიზაინსტუდიაში" ვმუშაობ მთავარ დიზაინერად, ოფისების დიზაინს ვაპროექტებთ. კარგი ხელფასი მაქვს, კარგი თანამშრომლები მყავს და ეგ არის, ამ ეტაპზე სხვა არც არაფერი მინდა. იმდენს კი ვშოულობ, რომ ჩემს საცოდავ დედ-მამას დავეხმარო და არც მე მოვიკლო რამე. შენი ამბები მომიყევი, შენკენ რა ხდება, ჩემო თვალნათელო? - ნელიმ ხელისგულებში მოიქცია ნუკის სახე და ცხვირის წვერზე აკოცა.
- რა ვიცი, რა გითხრა... ყელში ამომივიდა უმოძრაობა და აი, ჩამოვედი თბილისში. მინდა რამეს მოვკიდო ხელი. ვნახოთ, რა გამომივა.
- ეს სახლი ვისია? - მეგობარმა თავის წრიული მოძრაობით მიმოიხედა ოთახში.
- ახლობლის... ბიძაჩემის მეგობრის ბინაა, - ოდნავ დაბნეულად უპასუხა წამოწითლებულმა.
- ასაკოვანი ქალია?
- არა, ქალი არ არის, კაცია.
- უი, რას ამბობ! კაცთან ცხოვრობ? ცოლ-შვილი ჰყავს?
- არა, არ ჰყავს, მარტოხელაა... ჩემსავით.
- რას მეუბნები! აბა, ერთი კარგად შემომხედე! სიმპათიურია?
- კარგი, რა, ნელიკო, ხომ გითხარი, ოჯახის ახლობელია-მეთქი.
- ჰო, რა თქმა უნდა, ეგრე მარგალიტაც ამბობდა, სახლიკაცია ჩემიო და მერე ბუხარში მალავდა იმ სახლიკაცებს, - თავის ნათქვამზე თავად გაეცინა.
- გაგიჟდი? იცი, რამდენი წლისაა? მამასავით ზრუნავს, გადაყოლილია ჩემზე, არ იცის, რით მასიამოვნოს.
- ასაკს რა ჭკუა აქვს, ჩემო ნუკი, გული ხომ არასდროს ბერდება. მთავარია ურ-თი-ერ-თო-ბა, დამიჯერე! - ცერა თითი შემართა ნელიმ და ეშმაკურად მოხუჭა ცალი თვალი.
- გამორიცხულია. ის ისეთია, არაფრის დიდებით არ მიიყვანს ურთიერთობას აქამდე, არც კი დაუშვებს, - შორს დაიჭირა გოგონამ.
- ეგ დროის საკითხია. მთავარია, სურვილი იყოს, თორემ... და სანამ აპირებ მასთან ცხოვრებას? რა ჰქვია? სად მუშაობს? - მიაყარა და მიაყარა შეკითხვები.
- რაღაც პროექტებზე მუშაობს ეგეც, ზურა ჰქვია. ამერიკაში ცხოვრობდა წლების განმავლობაში, ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში.
- მაგარია! პერსპექტიული სასიძო ყოფილა! - ქვედა ტუჩი გადმოიბრუნა ნელიკომ მოწონების ნიშნად.
- კომპიუტერიც კი დამითმო.
მისი ფიქრები ამჯერად ახალგაცნობილ დათოს უტრიალებდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და ნელის გაენდო.
- კარგი ტიპია? - დაქალიც დაინტერესდა.
- კი, ძალიან.
- აბა, ერთი მაჩვენე!
ნუკიმ უცნობი თაყვანისმცემლის ფოტოები დაათვალიერებინა.
- მდაა! - დაეჭვება გაისმა ნელიკოს ხმაში, - არა მგონია, ეს მისი ფოტოები იყოს. თანაც, არასასიამოვნო სამეგობრო წრე ჰყავს. პირველ რიგში, როცა ვინმე შემოგეხმიანება აქ, მისი მეგობრები უნდა დაათვალიერო.
- რატომ არ გგონია? რას ნიშნავს არასასიამოვნო სამეგობრო? - შეშფოთდა ნუკი.
- აი, შეხედე! სულ ოთხი ფოტო უდევს, აქედან სამი აშკარად განსხვავებულია, თან შორი ხედით არის გადაღებული. არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ უკვე ისეთი ეჭვიანი გავხდი, ამ საიტზე კაცს აღარ ვენდობი. მერე მეგობრებს დააკვირდი. სულ ქალები ჰყავს და არც ერთი მამაკაცი, თანაც ამ ქალთა უმეტესობა რუსები და უკრაინელები არიან. მხოლოდ სამნი ხართ ქართველები. ეს იცი, რას ნიშნავს? ის მხოლოდ ქალებს უმეგობრდება. როგორც ჩანს, ვირტუალური სიყვარულის მაძიებელი ტიპია, თორემ დავიჯერო, ძმაკაცი არ ჰყავს? სახელს და გვარსაც არ შიფრავს თავისას.
- ვითომ? - არ უნდოდა ნუკის, ეს ყველაფერი დაეჯერებინა, ისე მოიხიბლა დათოთი.
- პაემანი არ დაგინიშნა?
- არა, ჯერ არა. ჯერ მარტო მწერს და კომპლიმენტებს მეუბნება. აი, წაიკითხე! "წუხელ სიზმარში გნახე, მაგრამ ვერ მოგიყვები, ისეთი სიზმარი იყო. ასე სასიამოვნოდ ჯერ არ გამღვიძებია, ლამაზო, ნეტავ ახლა ჩემ გვერდით იყო"...
- ო-ჰოო! - თავი გადააქნია ნელიმ, - ეს ძალიან შორს წასულა. გინდა, შევამოწმოთ, რეალურია თუ არა?
- როგორ? - ყურები ცქვიტა ნუკიმ.
- შემხვდი-თქო, მისწერე, აბა რას გეტყვის. თუ შეხვედრა დროში გაგიწელა და რაღაცები მოიმიზეზა, ესე იგი, თავის ნამდვილ ვინაობას მალავს. გასაგებია?
- გასაგებია... მაგრამ არ ტეხავს, მე რომ ვთხოვო შეხვედრა? რას იფიქრებს?
- რამდენი ხანია, იცნობ?
- მეექვსე დღეა.
- და არც ტელეფონის ნომერი უთხოვია?
- ჯერ არა.
- აი, ამიტომ ვამბობ, არასერიოზული კაცია-მეთქი. გააკეთე, რაც გითხარი და თვითონ მიხვდები, რამდენად სანდოა.
ამ დროს მესიჯი მოვიდა. გოგონებმა გულის ფანცქალით წაიკითხეს დათოს გზავნილი: "მენატრები".
ნელის კისკისი აუტყდა და არც უკითხავს ნუკისთვის, ისე აფრინა პასუხი: "მეც".
- გაგიჟდი? რას აკეთებ! - წამოხტა ნუკი.
- მაცალე, ვიცი, რასაც ვაკეთებ.
დათომ არ დააყოვნა: "სკაიპი არ გაქვს? შემოდი, იქ დაგელაპარაკები".
- აჰა, ხედავ? სკაიპიც მომინდომა ბიჭმა! მერე გეტყვის, კამერა ჩართე და შიშველი მკერდი დამანახვეო! ვიცი მე ამათი ამბავი. მოიცა?! - ნელიმ კვლავ მისწერა.
"სკაიპი არ მაქვს, მაგრამ შემიძლია ისე შეგხვდე. უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი, თუ წინააღმდეგი არ ხარ".
ნუკის სხეული დაეძაბა (თუ აუთრთოლდა), სუნთქვა შეეკრა პასუხის მოლოდინში.
"ჯერ არა. ჯერ აქ გავიცნოთ ერთმანეთი და მერე. არ მინდა, ურთიერთობა გაუბრალოვდეს. ტელეფონის ნომერს მომწერ?"
- გესმის, რას ამბობს? წეღან რას გეუბნებოდი? აფერისტია!
- ძალიან გთხოვ, არ უპასუხო, რა, გამოდი, დახურე ეგ ფანჯარა! აღარ მინდა! - აკანკალებულმა ნუკიმ მაუსი ხელიდან აართვა ნელის და წკაპაწკუპი აუტეხა.
- კარგი, ჰო, რა იყო! მე შენს ადგილას, საერთოდ მივაბლოკავდი და აღარ დაველაპარაკებოდი. თუ ვინმეს გაცნობა გინდა, შედი ჩემს მეგობრებში, ან ჩემი მეგობრების მეგობრებში და ისე აარჩიე ვინმე, სიმპათიური ბიჭების მეტი რა არის, გადავსებულია აქაურობა, თან ნაღდი ბიჭების და არა გამოგონილების, - ნელიკომ ხელი ჩაიქნია და წამოდგა, - წავალ ახლა მე, ბინდდება უკვე... როდის გამომივლი?
- რა ვიცი, ამ დღეებში.
- ისე გამოდი, რომ ღამე ჩემთან დარჩე...
- ვეცდები, - ნუკიმ გულში ჩაიხუტა მონატრებული დაქალი და დაემშვიდობა.
ზურა სამსახურიდან გამოვიდა და იქვე მდებარე მარკეტში შეიარა. უნდოდა, რაღაცით ესიამოვნებინა თავისი მეტაფიზიკური გოგონასათვის და ტკბილეულობა ეყიდა. ბოლო ხანებში ნუკიზე ფიქრი გონებიდან არ შორდებოდა. თან უხაროდა, შინ ხმის გამცემი რომ ელოდებოდა, თანაც როგორი ჩამოსხმული ქალი! თან გული ეთანაღრებოდა, ზედმეტად არ მიჩვეოდა. მის გაცნობამდე ხანდახან პანიკური შიში იპყრობდა - სრული სიცარიელის შეგრძნების, უფერულობის, უიმედობის... ექოდ ჩაესმოდა სიცილნარევი ხმები თავისი წარსული ცხოვრებიდან, როცა სიცოცხლე უხაროდა, ქალებს ეფლირტავებოდა, თავი მოსწონდა... ახლა კი... ახლა მხოლოდ საქმეზე იყო გადართული, სურდა, რაც შეიძლება, წარმატებული ბიზნესმენი გამხდარიყო, მაგრამ ეს უდიდეს ძალისხმევას და პასუხისმგებლობას მოითხოვდა, რაც ძალიან ღლიდა. დაღლილობა კი თითქოს გონებაში დალექილ მოგონებებს ქექავდა და დროდადრო ზედაპირზე ამოატივტივებდა ძველი ბედნიერების ამა თუ იმ კადრს. ნუკის გამოჩენის შემდეგ მისი უფერულობის ყულაბას კიდევ ერთი პანიკური შეგრძნება მიემატა - ახლა ყველაზე ხშირად სევდა იპყრობდა და კიდევ - სინდისის ქენჯნა, რადგან გრძნობდა, რომ ნუკისკენ დაუკითხავად მიიწევდა მისი გონება. გამოუცნობი გრძნობა ისე შეუმჩნევლად ეკიდებოდა მის გულს, როგორც მოქეიფეს კონიაკი. ეჩვენებოდა, რომ ყოველი წუთი ამოვარდნილი იყო ცხოვრების რიტმიდან, თითქოს წუთი წუთს არ მისდევდა.
არა, ასე შეუძლებელია გაგრძელება. შინ საოცნებო ქალი ელოდება, ცოლივით თბილად მომლოდინე, გემრიელი სადილით "ხელმომარჯვებული", მას კი იმის უფლებაც არა აქვს, აკოცოს, მოეფეროს, მკერდზე მიიხუტოს და უთხრას: "როგორ მომენატრე, პატარავ!" სანამ გაუძლებს ასეთ ყოფას? იქნებ ჯობია, უთხრას, რომ მოსწონს (თუ უყვარს)? იქნებ არც ისე დიდი ასაკობრივი სხვაობაა მათ შორის? ამით არაფერი დაშავდება. მასაც ხომ მოსწონს. ყოველ საღამოს, როგორც კი ზურა კარს შეაღებს, კითხვით სავსე მზერას მიაპყრობს, თითქოს რაღაც იდუმალ სიტყვებს ელის მამაკაცისგან. მას კი გამბედაობა არ ჰყოფნის, ერთი ნაბიჯი (მხოლოდ ერთი) გადადგას. ამ ასაკში ერთხელ მაინც ითავხედოს და გულში დალექილი სათქმელი ხმამაღლა გააცხადოს!.. ჰოდა, ახლა ჩაიდენს ამას. იყიდის ერთ ბოთლ კონიაკს, მივა შინ და მირანდას გამოუცხადებს, ერთი წავუქეიფოთ მე და შენ, იქნებ დაღლილობა მომეხსნასო. თავის გეგმებზეც დაელაპარაკება.
"კარგი აზრია, რაც იქნება, იქნება", - გაიფიქრა შუბლშეჭმუხნილმა და საათს დახედა.
საღამოს შვიდი საათი იყო. იმდენად ააღელვა მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ვერაფრით მიხვდა, ახლა იწყებოდა ყველაფერი, თუ პირიქით, მთავრდებოდა...
- მარტო ხარ? - ზღურბლთან მდგარ ნუკის ფართოდ გაუღიმა ზურამ და ნავაჭრით სავსე პარკი ხელში მიაჩეჩა.
- ჰო. ნელიკო მყავდა სტუმრად და წავიდა, - საოცრად სევდიანი მოეჩვენა მამაკაცს მისი ხმა.
- რა გჭირს? რამე მოხდა?
- არა, არაფერი, რა უნდა მომხდარიყო, - გოგონამ განზე გაიხედა, მერე კი შებრუნდა და სამზარეულოსკენ გაემართა, ხომ არ ეტყოდა, მგონი, უცნობი თაყვანისმცემელი მატყუებსო.
ზურას რაღაც არ მოეწონა. არ იცოდა, რა იყო ეს "რაღაც", მაგრამ რომ იყო, ამას გუმანით გრძნობდა.
- რაო შენმა დაქალმა? - მამაკაცი უკან მიჰყვა.
- რა ვიცი... ბევრი ვილაპარაკეთ, სტუდენტობა გავიხსენეთ.
- რატომ არ დარჩა?
- რატომ უნდა დარჩენილიყო? - ცოტა არ იყოს, უკმეხად უპასუხა, - თავის სახლში მიეჩქარებოდა.
- ჰო, - ყრუდ ჩაილაპარაკა ზურამ, - რაღაცები მოვიტანე... შოკოლადი, ნამცხვარი, კონიაკი, შენთვის წითელი ღვინო... ხომ დალევ ჩემთან ერთად?
- ეს აუცილებელია?
- აუცილებელი არ არის, მაგრამ გამიხარდება, თუ თანამეინახეობას გამიწევ... ცუდ ხასიათზე ვარ, იქნებ შევმსუბუქდე ცოტა.
- რატომ, მოხდა რამე? - როგორც იქნა, მანაც გამოიჩინა ცნობისმოყვარეობა.
- წვრილმანი პრობლემებია, მაგრამ მაინც "დამგრუზა", - ამოიხვნეშა ზურამ, - ვიცი, წვრილმან რამეებზე ნერვიულობა არ ღირს, მაგრამ ხანდახან თავს ვერ ვერევი, - რადგან მთავარი სათქმელის გაცხადება მისი ასეთი დახვედრის გამო გადაიფიქრა, "სამსახურებრივი" მოიმიზეზა.
- წვრილმანი არასდროს არის წვრილმანი, - შენიშნა ნუკიმ, თავი მოაბრუნა და დაჟინებით ჩააშტერდა თვალებში.
ზურამ მის მზერას ვერ გაუძლო და გვერდზე შეტრიალდა. ნუკი ამწუთას მხოლოდ მის პროფილს ხედავდა, ოდნავ მკაცრს, სწორხაზოვანს და - ჭაღარა თმას... და იმ ნაოჭებს, თვალის უპესთან რომ გასჩენოდა. მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა... მის ყოველ ნაოჭს თავისი თვე და რიცხვი ჰქონდა.
ზურას არ უკითხავს ღიმილის მიზეზი, არ შეიმჩნია, ბუფეტის კარი გამოაღო ჭიქების გამოსატანად. ნუკის თითქოს მიავიწყდა კიდეც იგი, ძველებურად დაჟინებით აღარ უყურებდა, არც იღიმოდა, სუფრის გაშლით იყო გართული.
- სადილად რა გვაქვს? - ზურამ სასაუბრო თემა ამოატივტივა.
- შემწვარი კარტოფილი და ღორის ხორცი.
- ო! მაგარია! წითელ ღვინოს არ დალევ? "ქინძმარაულია".
- არა, კონიაკი მირჩევნია, - უგუნებოდ უპასუხა ნუკიმ და როცა ყველაფერი დადო მაგიდაზე, სკამზე ჩამოჯდა.
- ვიფიქრე, ნამცხვარი ესიამოვნება-მეთქი... კიდევ "სნიკერსი"... პატარა გოგო რომ იყავი, გიყვარდა "სნიკერსი", - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა.
ნუკიმ გამომცდელად გახედა. ზურამ ორაზროვანი ღიმილი დაახვედრა...
გოგონამ დაიმახსოვრა ეს ღიმილი... თან მწარედ... როგორ უნდოდა, ახლა მისთვის სამაგიერო რითიმე გადაეხადა... ძალიან უნდოდა.
მამაკაცმა სასმელი ჩამოასხა... მიუჭახუნეს ერთმანეთს. ზურამ დალია... სადღეგრძელოს გარეშე... ის (ამწუთას ნუკი და არა მირანდა) დაკვირვებით უყურებდა. მანაც დალია... მანაც სადღეგრძელოს გარეშე...
ზურამ კიდევ ჩამოასხა. კიდევ დალიეს... კვლავ უსიტყვოდ, თითქოს სიჯიუტეში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. თითქოს ელოდნენ, პირველი რომელი აჰყვებოდა გულისთქმას...
გოგონა მიხვდა, რომ მამაკაცი თავის თავში გარკვევას ცდილობდა. ყველა ნაკვთი ცალ-ცალკე ღელავდა მის სახეზე, ყველა ნერვი არათანაბრად უტოკავდა. ეს თითქოს ბუნებრივი უნდა ყოფილიყო - შეხვედრის მომენტიდან აქამდე ჯერ ისე ახლოს არ ყოფილან ერთმანეთთან, როგორც ამ წუთებში, თანაც განმარტოებით არასდროს უქეიფიათ.
მოულოდნელად ნუკის ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე. შემდეგ უხერხულად ჩაახველა, საჩვენებელი თითის ზურგით ცხვირის წვერი აიწია, ქვემოდან ახედა მამაკაცს და ოდნავ გასაგონი ხმით იკითხა.
- დიდი ხანია?
- რა? - ჩაფიქრებულმა ზურამ მსწრაფლ ასწია თავი და ინტერესით მიაჩერდა.
- დიდი ხანია ქალთან არ ყოფილხარ?
ზურას სახეზე ჯერ თვალის გუგებმა იწყეს გაფართოება, შემდეგ ნიკაპმა - ჩამოგრძელება და ბოლოს, რომ იტყვიან, ყბა ჩამოუვარდა. როგორც ჩანს, ის ასეთი შეკითხვისთვის მზად არ იყო. ერთხანს უხმოდ მისჩერებოდნენ ერთმანეთს. ნუკი კვლავ ეშმაკურად იღიმოდა. როგორც ჩანს, ორმა ჭიქა კონიაკმა შეძლო მისი გათამამება. მერე მამაკაცი შეირხა, მისი ყველა ნაკვთი ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა და მაჯაზე შემოსალტულ "როლექსის" ფირმის საათს მთელი სერიოზულობით დახედა.
- აგერ, უკვე საუკუნე გახდება, - უპასუხა, ცივად წამოდგა და სამზარეულოდან გავიდა.
ნუკის ელდა ეცა. როგორც ჩანს, ძალიან აწყენინა. ნეტავ, რა არატრატებდა? ვერ გააჩერა ენა? რაში სჭირდებოდა ასეთი რამის თქმა? იდიოტი! სულელი!..
თუმცა, ორი წუთიც არ გასულა, რომ მამაკაცი უკან შემობრუნდა.
- რატომ მკითხე ეს? - ჰკითხა ზურამ და კვლავ დაჯდა, თან კონიაკი ჩამოასხა.
- არ ვიცი, - ალეწილმა ნუკიმ მხრები უსუსურად აიჩეჩა, - მომეჩვენა, რომ...
- რომ რა? - უხეშად გააწყვეტინა ზურამ, საოცრად შეცვლოდა ხმა.
- ნერვიულობდი.
- და ეს იმას ნიშნავს, რომ ქალი მაკლია?
- არა, ეს არ ნიშნავს იმას, მაგრამ ვატყობ, საკუთარ სახლში ისე იქცევი, თითქოს მე ვიყო მასპინძელი და შენ სტუმარი. უფრო მეტიც, იმ ადამიანს ჰგავხარ, რომელიც მთელი ღამე დაკითხვაზე იმყოფებოდა და რომელსაც ალიბი არ ჰქონდა. რომ არ გიცნობდე, ვიფიქრებდი, ძებნაშია-მეთქი... რაც ჩამოვედით, მას შემდეგ სულ დაძაბული ხარ... მაპატიე, თუ გაწყენინე... შენი წყენინება არ მინდოდა...
- შენ მე ვერ მაწყენინებ, თუმცა, რაც თქვი, სრული სიმართლეა. შენ რომ გიყურებ, ვიძაბები... ოღონდ არა იმიტომ, რომ ქალის უნახავი ვარ... როგორ გითხრა... ცოტა მიჭირს ამის ახსნა.
- არ არის საჭირო, ისედაც გასაგებია ყველაფერი... მაპატიე.
მოულოდნელად ქალაქის ტელეფონი აწკრიალდა, რომელიც იქვე, კედელზე ეკიდა. ნუკიმ ყურმილი ჩამოიღო და უპასუხა.
- გისმენთ.
- უკაცრავად... ზურას... სხვაგან ხომ არ მოვხვდი? - ქალის სასიამოვნო ხმა გაისმა.
- არა, სხვაგან არ მოხვდით, ახლავე, - და მტრული გამომეტყველებით გადააწოდა ყურმილი მამაკაცს, თითქოს მიანიშნებდა, ჩემი მეტოქე რეკავსო.
ზურას გაკვირვება გამოეხატა თვალებზე. ოდნავ დააყოვნა პასუხი.
- დიახ, - ჩასძახა და როგორც კი იმ ვიღაცის ხმა გაიგონა, ეგრევე ფეხზე წამოდგა, - არა მიშავს, შენ?.. მართლა?.. თუ ასეა, გამოვალ... აბა რას ვიზამ, ახლავე, - ძუნწად პასუხობდა მამაკაცი ნუკისთვის უცნობ პიროვნებას.
- უნდა გავიდე... ამჯერად შენ მაპატიე, რომ შუა ქეიფში გტოვებ, გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა, - თავის მართლება ძალიან უნიჭოდ გამოუვიდა, რაზეც ნუკიმ ღიმილი ვერ შეიკავა.
ზურამ ამჯერად არ დატოვა მისი ღიმილი შეუმჩნეველი.
- რას იღიმი? - ვერ მოითმინა, რომ არ ეკითხა.
- ლამაზხმიანი ქალი იყო, გადაუდებელი საქმე ექნებოდა, ეჭვიც არ მეპარება.
მამაკაცმა ჩაახველა და მკაცრად წარმოთქვა.
- ჩემი თხოვნა იქნება, დღეიდან ქალაქის ტელეფონს არ უპასუხო... არასდროს, კარგი? შენ თუ მოგინდება დარეკვა, სადაც გინდა, იქ დარეკე, მაგრამ აქეთ რომ დარეკავენ, არასდროს უპასუხო.
გოგონას ნირი წაუხდა. ვერ მიხვდა, ასეთი რა დააშავა.
- რატომ?
- ასეა საჭირო და იმიტომ. არ მინდა შენი აქ ყოფნა განსჯის საგანი შეიქნეს. ძალიან ბევრი ამას ცუდად გაიგებს და... აჯობებს, უსიამოვნებები თავიდან ავირიდოთ. შევთანხმდით?
- კი ბატონო, რა პრობლემაა, - ჩამქრალი ხმით უპასუხა, - ეს ისეთი წვრილმანია, - ორაზროვნად დაამატა.
- მაგრამ წვრილმანი არასდროს არის წვრილმანი, - მისივე სიტყვები დაუხვედრა მამაკაცმა პასუხად და გავიდა.
ნუკი დაფეთდა. როგორ არ უნდოდა, მაინცდამაინც ახლა, ამწუთას წასულიყო იგი, თან ასე გაბრაზებული, თან ასე გაწბილებული. წამოხტა და უკან გაეკიდა. ჰოლში დაეწია.
- ზურა! - ლამის განწირული ხმით იყვირა.
მამაკაცმა გაოცებით მოიხედა.
- როგორც ჩანს, ზედმეტი მომივიდა, ბოლომდე ვერ გავთვალე... შეიძლება იმაზე მეტი მომეჩვენა, ვიდრე სინამდვილეში ხდებოდა... ამ წუთებში ყველაფერი მოჭარბებულად იყო და...
- მოჭარბებულად? რა მოგეჩვენა მოჭარბებულად, ნუკი, არ დამიმალო! - უფრო და უფრო ცივი ხდებოდა მისი ხმა.
- რა და... აუ, არ ვიცი, რა გითხრა... განსაკუთრებით ის, რასაც შეიძლება "არაფერი" დავარქვათ. და სწორედ ამ "არაფერმა" გამაღიზიანა... იქნებ ცოტა ხნით დარჩე? არ მინდა, ასე წახვიდე... გთხოვ!..
- არ შემიძლია. მე ახლა სხვას უფრო ვჭირდები, ვიდრე შენ. ამწუთას ის სხვა უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე შენთან ერთად დალევა. ხვალ გავაგრძელოთ.
გოგონა გაფითრდა. თითქოს რაღაც შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა და დამარცხდა. როგორ აეწვა ლოყები... გულიც საზიზღრად ახმაურდა, ხმამაღლა, ხმამაღლა... მისი უაზრო ბაგაბუგი მთელ სახლში ისმოდა თითქოს.
თავი მექანიკურად დააკანტურა, შეტრიალდა და ოთახის სიღრმეში უსიტყვოდ გაუჩინარდა. ცოტა ხანში მის სმენას კარის დაკეტვის ხმაური მიწვდა. ფანჯარას მიუახლოვდა. კიდევ რამდენიმე წუთი და ზურა ეზოში გამოჩნდა, მანქანის კარი გააღო, ჩაჯდა და ნელა დაიძრა...
და ყველაფერი კიდევ ერთხელ დამთავრდა...
"რატომ ვაჭარბებთ ყოველთვის ყველაფერს ცხოვრებაში?" - თვალები ცრემლით აევსო ნუკის, - "ვამბობთ, ყველაფერი დამთავრებულიაო და არ ვცდილობთ არაფრის შეცვლას, ვცხოვრობთ ეულად, რათა დავუმტკიცოთ საკუთარ თავსაც და გარშემო ყველას, რომ თვითგვემა შეგვიძლია. თუმცა, სადღაც, სულის კუნჭულში, იმედს არ ვკარგავთ და მაინც ისე ვუყურებთ პირველსავე შემხვედრს, თითქოს ყველაფრის თავიდან დაწყება შეიძლება, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან. ნუთუ არ არის საკმარისი, ორი უბედური ადამიანისთვის, ერთად ყოფნით მოიპოვონ ბედნიერება? ორ უიღბლო ადამიანს, ხომ თამამად შეუძლია ერთი დიდი იმედის შექმნა? ამით კი კიდევ ერთხელ შეიძლება იმის დამტკიცება, რომ იმედს ყველაფერი შეუძლია. რა ჰგონია ზურას? აქ მოწყალებისთვის მოვედი? ნუთუ ვერ ხვდება, რომ მასთან მინდა ყოფნა? ან თვითონ რატომ გამომიწოდა ხელი, თუ იმავეს არ განიცდიდა? რა, ძალიან კეთილია? არ მინდა ასეთი სიკეთე!"
- არ მინდა ასეთი სიკეთე, არა! - გამწარებულმა ხმამაღლა იყვირა ბოლოს და ფანჯრის რაფას მუშტი დაჰკრა.
ეტკინა... გაშალა თითები, მერე მომუშტა, კვლავ გაშალა, კვლავ მომუშტა, მერე ცრემლები მუჭით ამოიმწმინდა, ღიმილი გადაიფინა სახეზე და თითქოს მუქარის ტონით ჩაილაპარაკა.
- არა უშავს, ყოველ შემთხვევაში, ნახევარი საათით მაინც ხომ ვაჯობე მარტოობას!.. - ამ სიტყვებით სამზარეულოში გავიდა.
სკამი, რომელზეც ზურა იჯდა, ობლად გამოიყურებოდა...
გაგრძელება