ონლაინრომანი "ნაადრევი ენძელები"
ავტორი: კვარაცხელია
იხილეთ რომანის დასაწყისი
ალბათ სულაც არ სჭირდებოდა დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება იმის გამოცნობას, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო. ზურა მოუსვენრად იყო, შფოთავდა, ბორგავდა. ნუკი მშვენივრად ხვდებოდა ამას. იმ დილითაც, კარამდე რომ მიაცილა და შემობრუნდა, უმალ შეიგრძნო მამაკაცის სურნელი, ხელოვნური და ბუნებრივი არომატით ერთდროულად გაჯერებული... მორჩა, დღეს ბოლო დღეა, ამ საღამოს თუ არ გაირკვა მისი სამსახურის ამბავი, ხვალ თვითონ გავა მის საშოვნელად. ზურამ სამი დღე ითხოვა. დღეს იწურება ვადა. დროა, ბინის საკითხიც მოაგვაროს. მასთან შეუძლებელია დარჩენა. ნუკი მას დისკომფორტს უქმნის. პირდაპირ ხომ არ ეტყვის, შენი აქ ყოფნით ნერვებს მიშლიო? თვითონ ხომ არ გააგდებს სახლიდან? კაცი მარტო ცხოვრებასაა მიჩვეული და რა ქნას? უნდა წავიდეს აქედან, სანამ გვიან არ არის. თვითონაც არ იცოდა, რას ნიშნავდა "სანამ გვიან არ არის", რას გულისხმობდა ამ წინადადებაში, მაგრამ გრძნობდა, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა.
რა უიღბლოა... არ უმართლებს... არასდროს... არაფერში... მთელი ცხოვრება სხვაზე იყო დამოკიდებული. მას კი მუდამ დამოუკიდებლობა სურდა. ახლა თითქოს გზა გამოჩნდა, მაგრამ... არც ახლაა დამოუკიდებელი. ამჯერად ზურაზეა დამოკიდებული. ეს კი თრგუნავს, თან სიამოვნებს, ძაბავს... რადგან დარწმუნებულია, რომ ტვირთად აწევს მამაკაცს.
ამ ფიქრებით კომპიუტერს მიუჯდა. ჩართო... შევიდა... გია უკვე ელოდა მის გამოჩენას და მისმა შეტყობინებამააც არ დააყოვნა.
"როგორ ხარ, სიხარულო? როგორ მიდის შენი საქმეები?" - ამჯერად "სიხ-მა" ფრთები გაშალა.
"მიდის ნელ-ნელა. შენი? - გაუღიმა ნუკიმ.
"რა ვიცი, ნუუკ, ვწვალობ, რა... მენატრები", - "ტანჯულ" ყოფას ნატვრა მოაყოლა მამაკაცმა.
"რომ წვალობ, ვხვდები, მაგრამ გამოგდის რამე?"
"გამოვა, სად წავა. ღამეები არ მძინავს", - უფრო მოისაწყლა თავი გიამ.
"რატომ? რამე ცუდი მოხდა?" - ნუკიც შეშფოთდა.
"მეტი რაღა უნდა მოხდეს, სულ შენზე ვფიქრობ, სულ თვალწინ მიდგახარ, ღამეებს მათენებინებ".
ამას კი აღარ მოელოდა გოგონა. ეგონა, მამაკაცი თავის ბიზნესს გულისხმობდა "წვალებაში", ის კი თურმე მასზე ლაპარაკობს. გადაწყვიტა, მისი ნათქვამი ხუმრობაში გაეტარებინა.
"ღამე იმისთვისაა, რომ უნდა დაიძინო, გია. ფიქრის დროა ახლა, როცა ბიზნესი გიხმობს?"
"მოგხვდება ერთ ადგილას!" - დაბოღმილი კაცუნა გამოუგზავნა მამაკაცმა.
ნუკიმ სიცილები დაურთო გზავნილს.
"მომწონხარ ასეთი, ამწუთას ძალიან საყვარელი ხარ, ლამაზად იბღვირები".
"დაცინვას კაცი არ მოუკლავს, ავიტანთ როგორმე".
"არა, გია, არ დაგცინი. მართლა ძალიან სიმპათიური ხარ... უუუუსიმპათიურესი.... უფრო მეტიც, ზესიმპათიური", - არ დაიშურა კომპლიმენტები, არადა, ამას მართლა გულწრფელად ამბობდა.
"კარგი, რა, ნუ მაწითლებ".
"რატომ გაწითლებ? თავადაც კარგად იცი, რომ ასეთი ხარ. სიმართლე აწითლებს ადამიანს? პირველად გავიგე".
"კარგი რა, რისი სიმართლე", - უფრო და უფრო თავმდაბალი ხდებოდა გია და კოცნას კოცნაზე უგზავნიდა გოგონას.
"ასეა, ასე და არ გინდა ახლა ეგეთები".
"რაც დრო გადის, უფრო და უფრო მაგიჟებ, სიხ", - მაინც ვერ აუარა გვერდი სიხარულის შემოკლებულ ვარიანტს.
"ასე უცებ ეგეთები არ ხდება, ნუ მატყუებ!"
"გატყუებ? დედას გეფიცები, თუ სიმართლეს არ ვამბობდე. იცი, როგორი გიჟური სურვილი გამიჩნდა, რომ ერთხელ მაინც გნახო? დაუოკებელი".
"გნახავ ოდესმე".
"ოდესმე არა, მალე მინდა".
"კარგი, მალე იყოს", - კვლავ გაუცინა ნუკიმ.
"და როდის დადგება ეგ მალე?"
"მალე, მალე", - ნუკი უფრო და უფრო ხალისიანად ეფლირტავებოდა მამაკაცს და თავადაც სიამოვნებდა ეს ფლირტი.
"ახლა უფრო გამიმძაფრე ყველაფერი. შენ ვინ მყოლიხარ და არ ვიცოდი. ამას მიმალავდი?" - გია თანდათან "ეშხში" შედიოდა.
"არ გიმალავდი, უბრალოდ, შენ არ დაინტერესებულხარ".
"არა, არ არის ეგრე. უბრალოდ, შენნაირი გოგოს სულს რომ ჩაწვდე, არცთუ ცოტა დრო უნდა და არც ისე იოლია. შენ კი ისეთი ხალასი ხარ, ისეთი სუფთა... ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ გაწყენინებს ადამიანი".
"კი მაგრამ, ჯერ საერთოდ არ მიცნობ და საიდან დაასკვენი?" - გაოცებული კაცუნა მიაყოლა ნუკიმ წერილს.
"მაგას რა მიხვედრა უნდა? საკმარისია, ერთხელ დაგელაპარაკოს ადამიანი და მიხვდება, რომ არ ხარ პრიმიტიული და ყველა ქალს არ ჰგავხარ. შენგან მხოლოდ სითბო მოდის და არავითარი აგრესია".
"დიდი მადლობა, გია. ცოტა ზედმეტი შეფასება გამოგივიდა".
"მე ეგეთ რამეებში არ ვცდები და ვიცი, რომ მართალი ვარ. ყველა-ყველა და, ქალებს ხუთი თითივით ვიცნობ... მაგათ მაინც".
ნუკიმ ამჯერად არ უპასუხა.
"რატომ არ მპასუხობ?" - მოუვიდა გიას შეტყობინება.
"არ ვიცი, ამაზე რა უნდა გიპასუხო".
"ამაზე კი არა, მობილურზე გირეკავ, სიხარულო. მიპასუხე, დროზე, გამაგონე შენი ხმა".
ნუკი გაწითლდა, ალმურმა აუწვა სახე. მობილური საძინებელში ჰქონდა, არც გამოუტანია იქიდან. მსწრაფლ წამოხტა და გავარდა.
- ალო!
- გენაცვალე მაგ ლამაზ ხმაში, - გააბრუა გიას სასიამოვნო ბარიტონმა და თვალები უნებურად დახუჭა, - ჩემი სიცოცხლე ხარ შენ!
პასუხი ვერ გასცა.
- შენი თვალები მინდა ვნახო, ნუუკ, ძალიან მინდა.
- ახლა? - ძლივს უპასუხა, თვითონვე შერცხვა თავისი კნავილივით ხმის, ისე იყო დამდნარი.
- ახლა, ჰო, რატომ გიკვირს? შენ არ გინდა?
- არ ვიცი.
- ეგ პასუხი არ არის, ნუუკ. მართალი მითხარი.
ცოტაოდენი პაუზის შემდეგ ამოიოხრა და ოდნავ გასაგონად წარმოთქვა.
- მეც მინდა.
- მე უფრო მინდა, - მომთხოვნი გაუხდა ტონი გიას.
ნუკიმ გაიცინა.
- ვივაჭროთ?
- მიდი, დაიწყე!
- არა, არ მინდა. შორს წაგვიყვანს ვაჭრობა, თანაც არ მეხერხება.
- როდის გნახო, სიხ?
- არ ვიცი.
- მითხარი, ასე არ შემიძლია. დღეს არ გადიხარ სახლიდან?
- კი, საღამოს ნელისთან უნდა გავიარო.
- ჰოდა, მეც მოვალ.
- არა! - შეჰყვირა უცებ თავზარდაცემულმა, - ძალიან გთხოვ, იქ არ მოხვიდე!
- რატომ? - გაიკვირვა გიამ.
- არ მინდა ნელიმ რამე გაიგოს...
- რა-მე? - მრავალმნიშვნელოვნად იკითხა მამაკაცმა, - რამეში რას გულისხმობ? კარგ რამეს?
- ძალიან გთხოვ... - მუდარა დააყოლა ნუკიმ.
- კარგი, სიცოცხლე, როგორც მეტყვი. მაშინ ის მითხარი, როდის გამოხვალ იქიდან და გარეთ დაგხვდები. კარგი?
- კარგი, ეგ შეიძლება.
- დაახლოებით როდის გამოხვალ?
- ალბათ შვიდისთვის.
- ჰოდა, იმ დროს დაგიმესიჯებ. შევთანხმდით?
- ჰო.
- მაშინ წავედი ახლა. გაკოცე ბევრი.
ნუკიმ ტელეფონი გათიშა და მხოლოდ ახლა იგრძნო, როგორი დაძაბული ყოფილა, რადგან ყველა კიდური ერთბაშად მოეშვა და მოუდუნდა.
ერთხანს არეულივით დაბორიალებდა ოთახიდან ოთახში, გული ვერაფერს დაუდო, ჭურჭელიც კი ვერ დარეცხა. მოულოდნელად ისევ აწკრიალდა მობილური. მოულოდნელობისგან შეხტა, კვლავ გია ეგონა. ეკრანს დახედა. არა, ამჯერად ზურა იყო. შვება იგრძნო, ხმა ჩახველებით "გაისწორა" და მწვანე ღილაკს ცერა თითი დააჭირა.
- გისმენ!
- ნუკი, ჩაიცვი და ათ წუთში დაბლა ჩამოდი! - მამაკაცის ხმას მანქანის გუგუნიც ერთვოდა თან.
- ხომ მშვიდობაა?
- კი, მშვიდობაა. ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო. ჩამოდი! - უთხრა და გაუთიშა.
ნუკიმ სწრაფად მოიწესრიგა თავი, ჯინსის შარვალი ამოიცვა, ზემოდან ლურჯი მაისური გადაიცვა და თმა ჩქარ-ჩქარა ჩამოივარცხნა.
ათ წუთში უკვე ეზოში იყო და ზურას ელოდებოდა, რომელიც მალევე გამოჩნდა.
- სად მივდივართ?
- შენი ოფისი უნდა განახო! - ირიბად გამოხედა მამაკაცმა და გაუღიმა.
ნუკი შეკრთა. ახლა არ ელოდა ამას. ეგონა, საღამოს მოხდებოდა მოსახდენი. ზურა შესავალს გაუკეთებდა თავის სიტყვას, წინასწარ შეამზადებდა გოგონას და, თუ რამე, ხვალ წაიყვანდა ოფისის სანახავად.
პასუხი არ გაუცია. თითებით სავარძელს ჩაეჭიდა იქიდან-აქედან და თვალები უაზროდ ააფახულა.
- რა იყო, ხომ არ შეგეშინდა?
- ცოტა.
- ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. თვითონ ნახავ და დარწმუნდები. პირველი რამდენიმე დღე და მერე წავა და წავა, ნერვიულობა თავისთავად მოგეხსნება. თათულიც მაგარი ქალია, გვერდით დაგიდგება.
- თათული ვინღაა?
- მკერავი. მოდაშიც კარგად ერკვევა, თან ისეთი მამალი ქალია, რომ... უუუჰ! - მარჯვენა ხელი საჭეს მოაცილა ზურამ და ჰაერში მომუშტა.
ორივეს გაეცინა. პეკინზე გავიდნენ. ზურამ საჩუქრების მაღაზიის გვერდზე შეაყენა მანქანა და გააჩერა.
გადავიდნენ. კორპუსს უკანა მხრიდან მოუარეს და პირველსავე სართულზე, ახლად მიშენებულ ერთსართულიან აგურის შენობაში შევიდნენ, რომლის ერთ კედელს უზარმაზარი შუშის ვიტრინა წარმოადგენდა.
- აი, ჩვენც აქა ვააართ! - მხიარულად შესძახა ზურამ წითლად თმაშეღებილ ორმოცდახუთიოდე წლის ლამაზსახიან ქალს, იქაურობის დალაგებით რომ იყო გართული.
- მობრძანდით, მობრძანდით! - თათულიმ გაიღიმა და სავსე მკერდის რხევა-რხევით გამოემართა მათთან შესახვედრად.
"აუჰ! რა გემრიელი ქალია?! ზურას "სიყვარულობა" ხომ არ არის შემთხვევით?" - გაუელვა გონებაში.
- გაიცანით ერთმანეთი. თათული... ნუკი, - ზურამ წარდგენის არაოფიციალური ცერემონიალი მოაწყო.
- სასიამოვნოა, - გაუღიმა ნუკიმ და ხელი ჩამოართვა.
- ჩემთვისაც, გენაცვალე, - თათულიმაც შეჰღიმა გოგონას.
"რა რბილი თითები ჰქონია", - ეხამუშა ნუკის.
- აბა, დაათვალიერე აქაურობა, როგრ მოგეწონება, - ზურა წინ გაუძღვა ნუკის.
ერთი დიდი ოთახი (სამკერვალო), მეორე - პატარა (სავარაუდოდ, საძინებელი), მესამე - სამზარეულო (პირსაბანით), მეოთხე, ყველაზე ციცქნა - გასახდელ-მოსაზომი (ესეც სავარაუდოდ) და იქვე - აბაზანა-ტუალეტი.
- მოგწონს? - გვერდულად გამოხედა მამაკაცმა.
- არაჩვეულებრივია, - აღტაცება ვერ დამალა ნუკიმ, - და რა ღირს ამის ქირაობა? - შეშფოთებულმა დაამატა მაშინვე.
- შენთვის არაფერი.
- არა, რას ამბობ! ასე არ მინდა! - შორს დაიჭირა გოგონამ.
- პირველი ერთი თვე უფასოა, დამშვიდდი. თუ საქმე კარგად წავა, შემდეგი თვიდან გადაგვახდევინებს პატრონი.
- და ვინ არის პატრონი? - არ მოეშვა ნუკი.
- ვაი, ვაი, როგორი ნერვიული გოგო ყოფილა, კაცოოო! - მათ საუბარში თათული ჩაერია და ატკარცალდა, - ნუ გეშინია, ეს ჩემი ფართია, ამიტომ პრობლემა არ არის. თუ გამოგვივიდა, არ მოგიწევს ქირის გადახდა, მხოლოდ მოგებას გავიყოფთ. თუ არ გამოგვივიდა, მით უმეტეს, არ მოგიწევს. ხომ ყველაფერი გასაგებია? - ლამაზი თავი დახარა "გემრიელმა" ქალმა და ქვემოდან ახედა მასზე ბევრად მაღალ და ბევრად ლამაზ გოგონას.
ისევ გაწითლდა. თითქოს შეთქმულება მოუწყვეს. რაღაცით უკმაყოფილო დარჩა.
- ხვალიდან შევუდგეთ მუშაობას. აი, ნაჭრებიც შევიძინეთ მე და ზურამ, თარგებიც მომზადებული მაქვს, ჟურნალებიც აგერ არის, კომპიუტერიც. ინტერნეტშიც მოვიძიოთ მოდელები და დავიწყოთ. თუ გინდა, შენ დახატე, გამოჭერი და მე შევკერავ, ოღონდ ერთმანეთთან შევათანხმოთ, რომ ორივეს მოგვეწონოს. მთავარი ეს არის.
ნუკიმ ცალი წარბი მრავლისმთქმელად აზიდა. აჰა, ესე იგი, თათულის სახით დირექტორი ეყოლება? ვითომ ერკვევა რამეში? ვნახოთ, ვნახოთ... თან ეს "მე და ზურა" ძალიან "მაცდურად" ჟღერს...
ხმა არ გაუღია, გაურკვევლად გაიღიმა მხოლოდ და ქსოვილებისკენ დაიხარა. ვერაფერს იტყოდა, მშვენიერი ნაჭრები იყო. როგორც კი შეხედა რამდენიმეს, მაშინვე ამოუტივტივდა გონებაში, რომლისგან როგორი კაბა, სარაფანი თუ ზედა გამოვიდოდა...
- ცოტა ხანში აბრასაც დავკიდებთ, "სამკერვალოს" დავაწერთ და კლიენტებიც მოგვაწყდებიან, აგერ ნახავ! რამდენიმე უკვე მყავს და მოგვაკითხავენ ამ დღეებში, - აგრძელებდა თათული.
- ძალიან კარგი, - თქვა ბოლოს, როცა დაინახა, რომ ირგვლივ სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდნილიყო, - ხვალ რომელ საათზე მოვიდე?
- შენი ნებაა, როცა გინდა. მე ცხრიდან აქ ვიქნები, მაინც ტყუილად ვარ სახლში, არ ვმუშაობ. ეს კი შენ, მეორე გასაღები.
- თქვენ... თქვენ აქ არ ცხოვრობთ? - თვალები გაუბრწყინდა მოულოდნელად.
- არა, აქ არა. ეს ჩემი ძმის ბინის მიშენებაა. თვითონ საბერძნეთშია ცოლ-შვილიანად, იქ მუშაობენ და იქ ცხოვრობენ, ხუთი წელია. მე ხანდახან მოვდივარ და ვალაგებ მხოლოდ. ბინა კი გაქირავებულია. მდგმურებს ჩვენთან შეხება არ ექნებათ. ისინი სადარბაზოდან შედიან სახლში. ასე რომ, სრულიად დამოუკიდებლად ვიქნებით.
ნუკიმ კინაღამ შეჰყვირა სიხარულისგან. ესე იგი, შეუძლია ღამით აქ დარჩენა. იმედია, ამაზე უარს არ ეტყვიან.
- ასე რომ, თუ ძალიან შეგაგვიანდება, ღამით დარჩენასაც კი შეძლებ, - დააყოლა თათულიმ და ზურას გადახედა.
- დიდი მადლობა, მაგრამ... უხერხული არ იქნება?
- უხერხული? ვისთან, გენაცვალე? ჩემთან და ზურასთან? რა სისულელეა, ისე მოიქეცი, როგორც საკუთარ სახლში. ახლა მე და შენ ვართ ამ ბინის ბატონ-პატრონი და ისე გამოვიყენოთ, როგორც ჩვენ გაგვიხარდება! - ზურა ისე გარია "მარაქაში" თათულიმ, წარბიც არ შეიხარა.
"არა, ამათ შორის აშკარად რაღაც ხდება", - დაასკვნა ნუკიმ და უცნაური გრძნობა დაეუფლა. ვერ მიხვდა, ეწყინა ეს "აღმოჩენა" თუ გაუხარდა.
- დიდი მადლობა, ქალბატონ...
- აჰ, აჰ, აჰ! არავითარი ქალბატონო! თათული დამიძახე იცოდე, თორემ მეწყინება! პატარა ბავშვი ხომ არ ხარ! რომელი უფროსი მე მნახე? - შეიცხადა "გემრიელმა" ქალმა.
ნუკიმ ღიმილი ვერ შეიკავა და მადლიერების ნიშნად ჯერ ზურას გაუღიმა, მერე თათულის...
ნელის პატარა ბავშვივით აღფრთოვანებული უყვებოდა თავისი ახალი "ოფისის" შესახებ, ზურაზე, თათულიზე... ნელი უსიტყვოდ შესცქეროდა და კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა ტუჩებზე.
- ხედავ, როგორ ყვარებიხარ? - თქვა ბოლოს, ნუკიმ თხრობა რომ დაამთავრა.
- ვის? - ღაწვები შეეფაკლა გოგონას და დამფრთხალმა დააფახულა წამწამები, როგორც ჩვეოდა, ისე.
- ზურას, სხვას ვის? აბა, სხვა შემთხვევაში რატომ გააკეთებდა ამას? გგონია, მართლა თათულისაა ის ბინა? შენ რომ არ ინერვიულო ამაზე, იმიტომაც გითხრეს ასე, - ბრძენი ქალივით გაფშიკა საჩვენებელი თითი ნელიმ.
- რას ამბობ!
- რასაც ვამბობ! აგერ ნახავ, სულ მალე თუ არ გაირკვევა ეგ!
- ნელი... - გაფითრდა ნუკი.
- შენ დამიწყნარდი! - მხარზე მოუთათუნა წითელლაქებიანი თითები დაქალმა, - არც შეიმჩნიო. ასე გეუბნებიან? ასე დაიჯერე. არც კი აგრძნობინო, რომ რამეს მიუხვდი. რა განაღვლებს? გავა დრო, თვითონაც იფიქრებს ცოტას, გადახარშავს ყველაფერს და ერთ მშვენიერ დღეს ქორწილსაც ვჭააამთ, თანაც ძალიან მაგარს.
ამ დროს ნუკის მობილურზე მესიჯის სიგნალი გაისმა. გოგონა ისე შეხტა, თითქოს შოლტი გადაჰკრესო, ფერფური წაუვიდა სახეზე.
- შენი კაცი იქნება, - მრავალმნიშვნელოვნად შენიშნა ნელიმ.
ნუკის შეაკანკალა. იცოდა, ვინც იქნებოდა. მობილური ამოიღო ჩანთიდან და შეტყობინებებში შევიდა.
"სად ვართ და როგორ ვართოოო!" - წერდა გია.
"ხუთ წუთში გამოვალ და მარკეტთან შეგხვდები", - აცახცახებული თითებით სწრაფად აკრიფა ტექსტი და ტელეფონი კვლავ ჩანთაში ჩააგდო.
ნელიმ არ ჰკითხა, ვინ იყოო. არც ნუკის აუხსნია, ვინ იყო. წამით მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ... წამით. ორივეს იდუმალება გამოეხატა მზერაში... და მორჩა, მეტი არაფერი.
- წავედი, სანამ დაღამებულა, მივალ შინ, - შეცვლილი ხმით წარმოთქვა ნუკიმ და წამოდგა.
- წადი, სანამ დაღამებულა, მიდი შინ, - გაიმეორა ნელიმ და უცნაურად გაუღიმა.
ერთმანეთი გადაკოცნეს და ნუკი კიბეზე სირბილით დაეშვა. შეუცნობელი განცდა დაუფლებოდა, ცოტა შიშიც ერია ამ განცდაში. როგორ მოიქცეს, რომ ნახავს?
ამ დროს კვლავ მოუვიდა მესიჯი.
"რომ შეგხვდები, შეიძლება, გაკოცო? მარტო იქნები?"
ღიმილი ვერ შეიკავა.
"მარტო ვარ. შეიძლება", - გაუგზავნა პასუხი და ამასობაში ეზოშიც ჩავიდა.
ბალერინას ნაბიჯებით გაიარა გზა კორპუსიდან მარკეტამდე. უნდოდა, თავისი სიარულის მანერით ეფექტი მოეხდინა ჯერ უნახავ მამაკაცზე, თან თვალებით მას დაეძებდა. უეცრად მოშორებით მდგარი ლურჯი ჯიპის კარი გაიღო და... გადმოვიდა...
ნუკი მოულოდნელად შედგა... იცოდა, რომ ძალიან სიმპათიურ მამაკაცს უნდა შეხვედროდა, მაგრამ მთლად ასეთს? არა, ამას კი ვერ წარმოიდგენდა. "ღმერთო, რა იშვიათობაა", - გაიფიქრა გონებაარეულმა და შეეცადა, ზედმეტად არ გაპრანჭვოდა გიას.
ნელა უახლოვდებოდნენ ერთმანეთს. გიას კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა ტუჩებზე, ნუკის - დაბნეული. მიუხედავად იმისა, რომ თავის სიმაღლეს არ "უჩიოდა", ამ გოლიათთან შედარებით ნამდვილი "ქონდრისქალი" ჩანდა.
როგორც კი ერთმანეთს გაუსწორდნენ, გია დაიხარა, ნუკიმ კი თითის წვერებზე აიწია, რომ ერთმანეთი გადაეკოცნათ. მამაკაცის ტუჩები საჭიროზე მეტხანს შეჩერდნენ მის ლოყაზე, თითქოს ნაკოცნი "ტერიტორიის" სიტკბოს ამოწმებსო.
- როგორ ხარ? - ჰკითხა მამაკაცმა და ხარბად შეათვალიერა თავისი "სიცოცხლე".
- არა მიშავს. შენ? - თვალები მორცხვად დახარა ნუკიმ.
- არა მიშავს... მეც. წავედით?
- წავედით.
იარეს... საუბარი გიამ "ითავა". გაუჩერებლად ყვებოდა თავის ბიზნესზე, უცხოელებთან კონტაქტზე, საქმიანობის წარმატება-წარუმატებლობაზე. ნუკის ნახევარი არ ესმოდა, ისე იყო გაბრუებული და მოხიბლული ახალი თაყვანისმცემლით. ასეთი კაცის გამო კი ღირდა ნერვიულობა!
- ძალიან ხომ არ გეჩქარება? - გიამ სვლა შეანელა.
- ძალიან არა, - კეკლუცად გააქნია თავი.
- ჰოდა, ყავა დავლიოთ... აქ ერთი კაფე მეგულება სადღაც...
შევიდნენ... დასხდნენ... მიმტანი ქალების ცნობისმოყვარე მზერა ერთნაირი სიხარბით და შურით მიაწყდა ორივეს. მერე კი მხოლოდ გიას.
- რას ინებებთ? - გაიპრანჭა ახალგაზრდა, უშნოდ დამაკიაჟებული მოკლეკაბიანი მიმტანი.
- ყავა თუ გაქვთ? - ახედა გიამ.
- დიახ.
- ორი მოგვიტანე, გენაცვალე... ნამცხვარი?
- არა, ნამცხვარი აღარ დარჩა.
- მაშინ შოკოლადი ან რამე, რა ვიცი... - გაასავსავა ვეებერთელა ხელები მამაკაცმა.
- შოკოლადი და მოხალული თხილი შემიძლია.
- კარგი ხარ, გამოუშვი, - დაიბუბუნა მამაკაცმა და ისე ლამაზად გაიცინა, ნუკის სიამოვნებისაგან გააჟრჟოლა.
გია კვლავ ალაპარაკდა... ახლა იმაზე, რამდენ ხანს ცხოვრობდა საზღვარგარეთ, როგორ მუშაობდა, რამდენ ფულს აკეთებდა. გოგონა უსმენდა და უსმენდა, თან თვალს არ აშორებდა და ტკბებოდა მისი ცქერით, უხაროდა, ასეთი კაცი მისი კავალერი რომ იყო.
მერე გიამ სახლამდე მიიყვანა. მთლად სახლამდე არა, მოსახვევში გააჩერებინა მანქანა ისე, ყოველი შემთხვევისთვის. მამაკაცი საკოცნელად გადმოიხარა. ნუკიმ ის იყო, კოცნა დააპირა, რომ გიამ თავისი ტუჩები თავხედურად დაუხვედრა მის ტუჩებს... ამას ვერც დაარქმევდით კოცნას, ოდნავი შეხება იყო მხოლოდ, მაგრამ თავისი ეფექტით ერთობ დასამახსოვრებელი (უფრო თავბრუდამხვევი).
როცა ნუკი კორპუსში შეიმალა, გიამ მხოლოდ მაშინ დაქოქა მანქანა... გოგონა ისეთი აგზნებული იყო, თავს ვერ თოკავდა. მაღალი მკერდი მღელვარედ აუდ-ჩაუდიოდა. ის იყო, ბინის კარს მიუახლოვდა, რომ გიას მესიჯი მიიღო: "გამაგიჟა შენმა ტუჩებმა. ასეთი ცხელი ყავაც კი არ ყოფილა". ნუკიმ მესიჯი სასწრაფოდ წაშალა და აკანკალებული ხელით ძლივს მოარგო გასაღები კლიტეს. ერთხანს ეწვალა. ამ დროს კარი შიგნიდან გაიღო და ზღურბლზე მოღუშული ზურა აისვეტა...
გაგრძელება