"ქმარი რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა და მას შემდეგ მეორედ გათხოვებაზე არც უფიქრია. წამითაც არ გაუვლია გულში სხვისი შეყვარება, თუმცა იგრძნო, რომ მის თავს რაღაც ხდებოდა" - მშობლები

"ქმარი რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა და მას შემდეგ მეორედ გათხოვებაზე არც უფიქრია. წამითაც არ გაუვლია გულში სხვისი შეყვარება, თუმცა იგრძნო, რომ მის თავს რაღაც ხდებოდა"

2022-08-15 18:33:49+04:00


ონლაინრომანი "ნაადრევი ენძელები"
ავტორი: კვარაცხელია

იხილეთ რომანის დასაწყისი

ის ღამე კერვაში დაითენა. დილით კლიენტს დაელოდა, სანამ კაბას წაიღებდა, მერე კი წაუძინა. რომ გაეღვიძა, უკვე საღამოს 6 საათი იყო. დაფეთებულმა მიმოიხედა. თავდაპირველად ვერ გაიაზრა, სად იყო, რომელი საათი და დღის რომელი მონაკვეთი. მაშინვე მობილურის ეკრანს დახედა, იქნებ გია მირეკავდა და ვერ გავიგეო. არა, არც ერთი ზარი არ იყო შემოსული. არც შეტყობინება... რატომ? ხომ უთხრა, დაგირეკავო? იქნებ ვერ მოახერხა? მეჯვარეა და უამრავი საქმე ექნებოდა. არა უშავს, თვითონ დაურეკავს.
დარეკა. მამაკაცი კარგა ხანს არ პასუხობდა. როგორც იქნა, მისი ხმაც გაისმა მიკროფონში.
- ნუუკ, მაპატიე, რომ ვერ შეგეხმიანე. ნამდვილი საგიჟეთი მქონდა დღეს, - მამაკაცი უკვე კარგა შემთვრალი ჩანდა.
- არა უშავს, უბრალოდ, მოგიკითხე, ხომ კარგად ხარ-მეთქი, - ჩამქრალი ხმით უპასუხა.
- ხვალ აუცილებლად გნახავ, ჩემო ლამაზო, დაგირეკავ და შეგხვდები, კარგი?
- კარგი, გელოდები, - ცივად ჩაილაპარაკა და გათიშა.
რადგან იცოდა, რომ გიას ხვალამდე ვერ ნახავდა, გადაწყვიტა, ზურასთან შეევლო და მოეკითხა. სახლსაც მიულაგებს, რამე კერძს მოუმზადებს. ორი დღეა, იქითკენ არ გაუხედავს.
ზურა შინ დახვდა. პირველსავე ზარზე გააღო კარი, თითქოს ჩასაფრებული იყო და მის გამოჩენას ელოდაო.
- მოხვედი? - ისე ალერსიანად ჰკითხა, ნუკის ტანში გაცრა. ახლა უკვე აღარ უნდოდა, ზურას სითბო გამოეჩინა მის მიმართ. ნუკიმ ალკოჰოლის სუნი შეიგრძნო და მიხვდა, რომ ზურა ნასვამი იყო.
- ვიფიქრე, დავხედავ-მეთქი... როგორ ხარ?
- შენგან დავიწყებული როგორ ვიქნები... აღარც კი იხედები ჩვენკენ, - ირონიული ღიმილი გაუკრთა მამაკაცს ტუჩის კუთხეებში.
- სასწრაფო შეკვეთა მქონდა. წუხელ მთელი ღამე ვკერავდი, დილით უნდა ჩამებარებინა.
- მართლა? - ორაზროვნად იკითხა მამაკაცმა და მრავალმნიშვნელოვნად აზიდა ცალი წარბი.
ნუკის არ ესიამოვნა მისი შეკითხვის ტონი (არც გამოხედვა).
- ჰო, - დაურწმუნებლად უპასუხა და თვალებში ჩააშტერდა, აბა, რა იცისო.
- სამსახურის შემდეგ გამოგიარე და იქ არავინ დამხვდა. ჩაბნელებული იყო სამკერვალო.
ნუკის ღაწვები გაუხურდა, მაგრამ არ დაბნეულა.
- ალბათ ნელის რომ ვაცილებდი, მაშინ მოხვედი...
- ნელის? შენთან იყო?
- ჰო, გამომიარა... მერე გავაცილე. კარგა ხანს ვიჭორავეთ ქუჩაში. იმდენი ლაპარაკი იცის...
- აჰა... მე კი იმდენად გავმწარდი მარტოობისგან, რომ დღეს დავლიე და მგონი, ცოტა მეტიც მომივიდა, - ზურამ აღარ გააგრძელა ამ თემაზე საუბარი, - დარჩები ამაღამ?
- რა ვიცი... ალბათ დავრჩები. ცოტას მივალაგებ აქაურობას, - უპასუხა ნუკიმ და მხოლოდ ახლა შეამჩნია, სასმლისგან როგორ ამღვრეოდა მამაკაცს თვალები.
- შენი აზრით, აქაურობა მილაგებული არ არის? - დამცინავი იერით გახედა ზურამ, - შენზე რომ არ ვარ დამოკიდებული, ხომ იცი? შენამდეც მოვლილი იყო ეს სახლი და შენ შემდეგაც მოვლილი იქნება, - თითქოს ნიშნისმოგებით აღნიშნა.
- მაგაში ეჭვიც არ მეპარება, - მხრები უდარდელად აიჩეჩა ნუკიმ, - გასაბრაზებლად არ მითქვამს. უბრალოდ, თუ გჭირდებოდი რამეში, იმ შემთხვევაში დაგეხმარებოდი. თუ ასეა, წავალ.
- არა, რას წახვალ, - დაფაცურდა, უფრო კი შეშინდა მამაკაცი, - მე არ მინდა ჩემ გამო საქმე გაიჩინო, სხვა კი არაფერი. მოდი, ვივახშმოთ, ჩაი დავლიოთ ან ყავა...
- ჩაის დავლევ, ყავა არ მინდა, - თავი გააქნია გოგონამ და უკან მიჰყვა სამზარეულოსკენ მიმავალ მასპინძელს.
ზურამ ხელი არ გაანძრევინა "სტუმარს" და ისე მოემსახურა, როგორც მასპინძლის წესი და რიგი მოითხოვდა. უხმოდ შეექცეოდნენ ვახშამს და ხმას არ იღებდნენ ერთხანს.
- მინდა, ისევ ჩემთან გადმოხვიდე, - უეცრად დახშული ხმით დაიწყო ზურამ და ჩაახველა, თითქოს სითამამეს უხმობსო.
- რატომ? მშვენივრად გრძნობ თავს უჩემოდაც, - ახლა ნუკიმ გაიღიმა დამცინავად და ამით სამაგიერო გადაუხადა (სულაც შური იძია).
- შენ წარმოიდგინე, არ ვგრძნობ. დღეს ბიძაშენმა დამირეკა, შენი მისამართი მთხოვა. ჩამოვა ალბათ ამ დღეებში და გინახულებს. პასუხისმგებლობას ვგრძნობ შენ წინაშე... ამასთან... არ ვიცი, როგორ გამომივა, რასაც ახლა გეტყვი, მაგრამ... იქნებ გვეცადა...
- რა გვეცადა? - ნუკის სუნთქვა შეეკრა.
- რას იტყვი, ერთად ცხოვრება რომ შემოგთავაზო?
- რას ნიშნავს ერთად ცხოვრება?
- რას და... რა ვიცი, ნუთუ ასე გაუგებრად ვლაპარაკობ? შეიძლება... ხდება ხოლმე. მინდა გთხოვო, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მაქვს ამის უფლება... ისეთს არაფერს ვითხოვ, რაც მიუღებელი იქნება შენთვის ან შეუძლებელი... არავისგან არ ითხოვენ შეუძლებელს. შენ ხომ გინდა, ბედნიერი იყო? მეც მინდა ეს. ვიცი, მძიმე ცხოვრება გამოიარე, მაგრამ არა მგონია, იმ დონემდე გამოგეცალა ძალა, რომ იმედი დაკარგე, - ცოტა არეულად ალაპარაკდა მამაკაცი, სათქმელს თავს ვერ უყრიდა, - ჩვენ გვაქვს უფლება, შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. რა თქმა უნდა, არიან ისეთი უტვინოებიც, სრულყოფილად რომ გრძნობენ თავს ქალის გარეშე და ისეთი ქალებიც, მამაკაცის გარეშე რომ გრძნობენ სრულყოფილად თავს. შეიძლება მეც ასეთი უტვინო ვარ... უფრო სწორად, ვიყავი... დღემდე. დღეს კი... სხვანაირად ვფიქრობ. შენ მომეცი ამის ძალა... ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია.
- არ მესმის, რისი თქმა გინდა... - გაფითრებული გოგონა სკამზე აწრიალდა. ოღონდ ეგ არა, ღმერთო, ოღონდ ეგ არა! თანაც რა დროს! როცა უკვე ძალიან დაგვიანებულია!
- არ ვამბობ, რომ სიყვარულის გარეშე არ შეგვიძლია. შეგვიძლია და სწორედ ეს არის ყველაზე გულისამრევი, ყველაზე ამაზრზენი, - თავისთვის გააგრძელა ზურამ, თითქოს ნუკის სიტყვები არც გაუგონიაო, - ორგანოები დამოუკიდებლად აგრძელებენ არსებობას, როგორც საათი, მანამ, სანამ მექანიზმი არ დაიმსხვრევა და გვამი სწორედ მაშინ აღმოჩნდება იქ, სადაც სინამდვილეში მისი ადგილია. შეიძლება ასევე ნუგეში სექსში ეძებო, უსიყვარულოდ... ან იცხოვრო მასთან, ვისაც ღმერთი გარგუნებს.
- შენ რა, სიყვარულს მიხსნი? - ამოთქვა, როგორც იქნა ტუჩებგამშრალმა.
- არა, სიყვარულს არ გიხსნი... უბრალოდ, ცოლობას გთავაზობ, იქნებ... სამუდამოდ დარჩე ჩემთან, თუკი ეს შენთვის მისაღები იქნება.
- გაგიჟდი? ეგ რამ გაფიქრებინა? - ჩურჩულზე გადავიდა სასაოწარკვეთილი გოგონა.
- რატომ, არ შეგეფერები? შენი ტოლი არ ვარ? მაგაზე მეც მიფიქრია, რომ იცოდე... და მხოლოდ ერთ დასკვნამდე მივედი. ორ მარტოხელა ადამიანს, მიუხედავად ასაკისა და შეუფერებლობისა, სურვილის შემთხვევაში ერთი მთლიანის შექმნა შეუძლია, იმ მთლიანის, რასაც ოჯახი ჰქვია... სიყვარული თავისით მოვა, მთავარი მაინც სურვილია... ნუ ამივლი გვერდს, არ ჩაიდინო ეს სისულელე, შენ ხომ გამოცდილი ქალი ხარ. მოსინჯე, ერთი შანსი მაინც მიეცი შეუძლებელს. ნუთუ არასდროს გიფიქრია იმაზე, როგორ დაიღალა ის შეუძლებელი და როგორ ვჭირდებით მას ახლა ჩვენ?
- შენ ახლა სასმელი გალაპარაკებს, - მისი დამოძღვრა სცადა ნუკიმ, - იქნებ სხვა დროისთვის გადაგვედო ამაზე საუბარი.
- კარგი, ეგრე იყოს. ვერ დაგაძალებ. სხვა დროს ვილაპარაკოთ, მაგრამ ამაღამ დარჩი.
- იქნებ არ ღირს... - ნუკიმ თვალი თვალში გაუყარა, აგრძნობინა, მთვრალი ხარ და საშიშიო.
- არ შეგაწუხებ. ახლავე ავდგები და ჩემს ოთახში გავალ, ოღონდ არ წახვიდე. ორი ღამეა, არ მიძინია. შენ რომ არ ხარ, აქაურობა ისეთი ცარიელია...
გოგონას გული დაეწვა ამ სიტყვების გაგონებაზე. თითქოს ორ ცეცხლში ერთდროულად იწვოდა. ზურას ცოლობაზე როგორ იტყოდა უარს, თუნდაც ერთი თვის წინ, მაგრამ ახლა? ახლა იგი მხოლოდ გიაზე ფიქრობს, მისი გული ახლა სხვისი სიყვარულით არის სავსე.
- დავიძინოთ, ზურა. უკვე გვიანაა. სხვა დროს იყოს, კარგი? ხომ შევთანხმდით?
მამაკაცმა მორჩილად ასწია ორივე ხელი, თავი დაღუნა და ოთახიდან გავიდა.

გიას არც მეორე დღეს (ანუ კვირას) დაურეკავს და არც ორშაბათს. ნუკი სიმწრისგან საკუთარ ნერვებს და გულს ასკდებოდა. ვერც სამუშაოს დაუდო გული, ერთი ქსოვილი შეფიქრიანებულმა ისე უაზროდ აჭრა, რომ მთლიანად გააფუჭა. თათულიმ დაუყვავა, ალბათ გადაიღალე და იმის ბრალიაო. წავიდა და სხვა ქსოვილი მოიტანა. მერე დაჯდა და თვითონ გამოჭრა. ნუკიმ უგუნებობა მოიმიზეზა და დაწვა. საღამომდე არ განძრეულა. ფიქრობდა და ფიქრობდა. ყოველ წუთს გიას ზარს ან მესიჯს ელოდებოდა, თუმცა ამაოდ. დღე ისე მიილია, მისგან არაფერი ისმოდა. თათული რომ წავიდა, უარესად გახდა. იქამდე კიდევ შეეძლო თავის შეკავება, ერიდებოდა პარტნიორის. როცა თათული წავიდა, ადგა და სარკეს მიუახლოვდა. ჩაიხედა... ობოლი ცრემლი დიდხანს თამაშობდა თვალის უპეში და ბოლოს (როგორც იქნა), მსხვილი ბრილიანტივით დაეკიდა ქვედა წამწამებს... მერე კი... ნელა ჩაუყვა ღაწვებს და მის მოშიშვლებულ მკერდზე წკაპუნით მოკალათდა...
დიდხანს ტიროდა. გვიან კვლავ ჩაწვა ლოგინში. სიცივისგან თუ სიმწრისგან აკანკალებდა. ვერა და ვერ დაიძინა... მთელი ღამე ბორგავდა. თან წარამარა საათს დასცქეროდა. გია დილით უნდა გაფრენილიყო დუბაიში. ნუთუ არ მოიკითხავს? ნუთუ ისე წავა, რომ არ დაურეკავს?
ამასობაში თავზე დაათენდა... დღის სინათლემ უკვე შემოაბიჯა ფანჯარაში... მოულოდნელად მესიჯმა დაიწრიპინა. ელოდა, მაგრამ მაინც შეკრთა. სასწრაფოდ ჩაიკითხა შეტყობინება: "გძინავს?" რამხელა შვება იგრძნო. როგორც ჩანს, გულმა არ მოუთმინა. "არა, შენზე ვფიქრობ", - მისწერა და დაელოდა. წამიც და მამაკაცმა დაურეკა.
- ალო! - დაღლილი ხმით ჩასძახა.
- ნუუკ, მაპატიე... ვიცი, ძალიან ცუდი ბიჭი ვარ და ასე არ უნდა მოგქცეოდი, მაგრამ ისე წაეწყო ყველაფერი, ვერაფრით დავაღწიე თავი. მაპატიე, სიცოცხლე, დამნაშავე ვარ, მაგრამ უნდა გამიგო.
- აეროპორტში ხარ? - ძლივს ამოთქვა ყელში ცრემლმობჯენილმა, საყვედურიც კი ვერ უთხრა, ისე თხოვდა მამაკაცი პატიებას.
- ჰო, ჩასხდომას ველოდები უკვე. როგორ ხარ?
- როგორ ვიქნები... შენს მოლოდინში გავილიე. ერთი დარეკვა რა გაგიხდა? ორი დღით ჩამოხვედი და შენი ნახვა არ მაღირსე. ხომ იცოდი, როგორ გელოდებოდი, როგორ მენატრებოდი, როგორ, როგორ... ჰაერივით მჭირდებოდი, გიიიი!
- ნუ მაგიჟებ, სიხარულო! - იყვირა უცებ გიამ, - რა გინდა, რას მერჩი? საიდან, ამდენი სითბო, ვინ ხარ ამისთანა? რა ვქნა, მითხარი, დავაბრუნო ბილეთი და მოვბრუნდე უკან? მითხარი, როგორ მოვიქცე!
- არა, რა უნდა მობრუნდე, წადი შენს გზაზე, - შეშინდა გოგონა, - წადი და რომ ჩახვალ, შემეხმიანე, თუ საჭიროდ ჩათვალო.
- რას ნიშნავს, საჭიროდ ჩავთვალო. ხომ გითხარი, მჭირდები-მეთქი. არ ინერვიულო არაფერზე, სიცოცხლე. მაპატიე, რომ გული გატკინე. მალე ჩამოვალ და მერე სულ ერთად ვიქნებით მე და შენ. აი, ნახავ. წავედი ახლა, - უკვე მშვიდი ხმით წარმოთქვა გიამ და სასწრაფოდ გათიშა, რათა ნუკის გამოსამშვიდობებელი სიტყვები კიდევ ერთხელ არ მოესმინა.
გოგონამ სასწრაფოდ აკრიფა მესიჯი: "ჩემი გული თან მიგყვება, იცოდე"... და პასუხიც წამში მოუვიდა: "ჩემი კი შენთან რჩება, გენაცვალე მაგ ლამაზ გულში"...


დღეები გადიოდა, გიასგან კი არაფერი ისმოდა. 5 დღე ელოდა გოგონა, მაგრამ ამაოდ. მამაკაცი არც ტელეფონის ზარს პასუხობდა, არც მესიჯებს. მეექვსე დღეს, როგორც იქნა, გაისმა სასურველი ზარი. ნუკი სამკერვალოში იყო, თათულისთან ერთად. მობილურს ხელი დასტაცა და შურდულივით გავარდა გარეთ, რომ თათულის მათი საუბარი არ მოესმინა. ამ უკანასკნელმა გაოცებით გააყოლა მზერა.
- როგორ არის ჩემი სიცოცხლე და სიხარული? - გიას საოცრად ნაღვლიანი ხმა ჰქონდა.
- მე არა მიშავს, შენ? - არც ნუკის ხმა ისმოდა "დალხენილად".
- ახლა რა მიჭირს, გამოვკეთდი.
- რა გჭირდა? - შეშფოთდა გოგონა.
- 5-დღიანი მქონდა.
- რა 5-დღიანი, ვირუსი? - ჩაეკითხა ნუკი.
- არა, რა ვირუსი. ვილოთავე და "პახმელიას" ვეომებოდი.
- ააა! თურმე რაში ყოფილა საქმე. მე კი მეგონა, მე აღარ გჭირდებოდი.
- გაგიჟდი? ეგ რამ გაფიქრებინა?
- სხვა რა უნდა მეფიქრა, რომ ცოცხლებში აღარ ეწერე? არც ეგ გამომირიცხავს, რომ იცოდე.
- სიკვდილს ჯერ არ ვაპირებ, სიხარულო. შენ როგორ ხარ, შენი ამბები მითხარი.
- როგორც დამტოვე, - ნუკის უფრო სევდიანი გაუხდა ტონი.
- ეგ როგორ გავიგო?
- პირდაპირ.
- რატომ გაქვს ეგეთი ხმა?
- შენი აზრით, უკეთესი რატომ უნდა მქონდეს?
- ნუუკ, ნუ მაბრაზებ! მე აქ სათამაშოდ არ ვარ ჩამოსული...
- ვიცი, სათამაშოდ არა, სალოთაოდ ხარ ჩასული, - ბრაზი გაურია ხმაში გოგონამ.
- ეგეც საქმესთან იყო დაკავშირებული, თორემ კი არ მსიამოვნებს დალევა. გგონია, მავიწყდები? არც იფიქრო. რადგან ერთხელ გიპოვე, არასდროს დაგკარგავ. შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ, ნუუკ. ოღონდ ეგ კია. შენ ისეთი ფაქიზი ხარ, ისეთი მგრძნობიარე, შენთან ურთიერთობას დიდი სული სჭირდება. მე კი, არა მგონია, მაგდენი გავქაჩო.
- შენ გული დამახმარე და დანარჩენს მე მივხედავ, ჩემზე იყოს, გიიი! - ლამის იყვირა გოგონამ.
- ღამეები არ მძინავს, სიხ...
- რატომ, რატომ? რამე სერიოზული შეგემთხვა?
- რაღა რატომ, შენ მათენებინებ და... გამაგიჟე... არასდროს დამავიწყდება, როგორ დამემშვიდობე. ასეთი სითბო არასდროს არც ერთი ქალისგან არ მიგრძნია, - დახშული ხმით ლაპარაკობდა გია, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, თითქოს სუნთქვა უჭირსო, - შენნაირი გოგოს სიყვარულს დამსახურება უნდა, სული უნდა...
- დაიმსახურე მერე, ვინ გიშლის? სული არ გაკლია, ვგრძნობ...
- ხანდახან მეშინია, იმედი არ გაგიცრუო... მზად ვარ, სიხარულო... და არა ნიღბით და თამაშით, არამედ იმით, რასაც წარმოვადგენ რეალობაში. მალე ჩამოვალ და ერთი მაგრად უნდა ჩაგეხუტო. გავიპაროთ მე და შენ ერთი ღამით სადმე, ხომ შეძლებ?
ნუკის ლამის თვალთ დაუბნელდა. სიხარულისგან (და აღტყინებისგანაც) ათრთოლდა.
- კი, შემიძლია, მაგრამ როდის იქნება ეგ შენი "მალე"?
- მალე, ძალიან მალე. 2-3 კვირაში. ახლა უფრო გამიმძაფრდა შენი მონატრება. ყოველთვის ვგრძნობდი, განსხვავებული რომ იყავი, მაგრამ მიჭირდა გამოხატვა. მერწმუნე, სიტყვებით ძნელია ამის გადმოცემა... როგორ მენატრები, რომ იცოდე.
- მე უფრო მენატრები.
- ნუ მევაჭრები, მაინც ვერ მაჯობებ.
- გაჯობებ. შენ არ იცი, რამდენს იწონის ჩემი მონატრება.
- აბა, რამდენს?
- მთელ დღეს და მთელ ღამეს. სულ შენზე ვფიქრობ, როცა მძინავს და როცა არ მძინავს. თენდება თუ ბინდდება, ვტირი თუ ვიცინი...
- ახლა მე მკითხე? აქამდე ხომ ვფიქრობდი და ვფიქრობდი, ფანტაზიებს ვალამაზებდი, შენთან შეხვედრებს ვგეგმავდი. ახლა კი, რაც შენს სულში ჩავიხედე, საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი. სულ ავირიე.
- როგორ აირიე? - სუნთქვაშეკრული ნუკი საშველს არ აძლევდა მამაკაცს, უნდოდა, გიას სიყვარული აეხსნა მისთვის, ერთი "მე შენ მიყვარხარ" მოესმინა, მხოლოდ ერთი... ერთი მაინც...
- თავდაყირა დადგა ყველაფერი.
- ეგ როგორ გავიგო? - კიდევ უფრო ჩაეძია.
- რა თქმა უნდა, კარგი გაგებით, - ის კი პირდაპირ პასუხს თავს არიდებდა.
- ანუ ერთი ღამის ქალად არ მოვიაზრები?
- გაგიჟდი? ეგ აზრები მოიშორე თავიდან, იცოდე! - აღშფოთდა გია.
- და არც საკოლექციო ეგზემპლარად მთვლი?
- მეორედ არ გამაგონო ეგეთი სიტყვები. გესმის? ცუდზე არაფერზე იფიქრო. ჩამოვალ და დაგიმტკიცებ, რომ ვიგინდარა არ ვარ.
- ეგ რომელ საუკუნეში იქნება?
- მალე, სიხარულო, გპირდები. ჩემზე მეტად შენ არ გენატრები.
- შენ რა იცი, მე როგორ მენატრები?
- მე ის ვიცი, მე როგორ მენატრები. სულის ტკივილამდე... კბილის ტკივილი გამოგიცდია? აი, ეგრე!
- გასაგებია... მეამა.
- ერთი სული მაქვს, როდის მოკალათდები ჩემს მკლავებში. აცივდა მანდ?
- ჰო, აცივდა ნელ-ნელა. მეც მცივა უკვე, ძალიან მცივანა ვარ.
- ჩამოვალ და გაგათბობ, ჩემო ლამაზცხვირპირიანო, გულში ჩაგიხუტებ, გენაცვალოს ჩემი სიცოცხლე.
- კარგი, ნუღარ იხარჯები ახლა. გვიან დაგიმესიჯებ.
- ჭკვიანად იყავი, იცოდე... და არაფერზე იდარდო. მე შენთან ვარ სულ და არ დაგავიწყდეს, რომ ძალიან, ძალიან მჭირდები.
- მეც მჭირდები, გია... მალე ჩამოდი, გთხოვ... ვერ ვიტან ლოდინს.
- მალე ჩამოვალ, ნუუკ, ძალიან მალე. გაკოცე.
ის იყო, ნუკიმ მობილური გათიშა, რომ მისკენ მომავალი ზურა შენიშნა. მამაკაცი გამომცდელი (უფრო გამჭოლი) მზერით მისჩერებოდა. გოგონას ალმურმა გადაჰკრა სახეზე, მის გამოჩენას აშკარად არ ელოდა ამ დროს.
- გამარჯობა! - ცივად მიესალმა მამაკაცი და უტიფრად შეათვალიერა გოგონა, - თათული აქ არის?
- კი, აქ არის... გაგიმარჯოს, - თვალები დახარა შემკრთალმა.
- როგორ მიდის საქმეები? - გულგრილად იკითხა.
- არ მკითხო... იმდენი შეკვეთა გვაქვს, საქმეებს ვეღარ ავუდივართ, - ცოტა გამხნევდა ნუკი, რადგან მამაკაცმა სხვა რამე არ ჰკითხა.
- მერე კარგია ეგ. ადექით და აიყვანეთ კიდევ ერთი მკერავი. რას იტყვი? - ზურა წინ მიდიოდა, ნუკი უკან მისდევდა.
- ვაი! ჩემი ზურიკოც მოსულააა! - თვალები გაუბრწყინდა თათულის მამაკაცის დანახვაზე, ზეზე წამოიჭრა და ყელზე ჩამოეკიდა სტუმარს.
ნუკიმ გაოცებისგან პირი დააღო. ზურამ ოდნავ ჩაიღიმა და სანამ თათული კოცნით მის ყელ-კისერს "აპურებდა", ირიბად გააპარა მზერა იქვე გახევებული ნუკისკენ.
გოგონა უარესად აილეწა. იმწუთას რაღაც საშინელება დაემართა. თავადაც ვერ ხვდებოდა, რა ემართებოდა, მაგრამ ერთობ არასასიამოვნო სცენას რომ შესცქეროდა, ამაში ეჭვი არ ეპარებოდა. რა იყო ეს? ეგოიზმი? შური? მესაკუთრული შეგრძნება?
- რა ხართ ეს ქალები, - გადაიხარხარა ზურამ, როცა თათული მის მკერდს მოსწყდა, - როცა გჭირდებათ კაცები, თაფლად გადაიქცევით.
- რატომ, შე ოხერო, რატომ? - იუკადრისა თათულიმ, - როდის იყო, მე შენ სხვანაირად გხვდებოდი?
- ახლა ნამდვილად განსაკუთრებული შეხვედრა გამოგივიდა და რა ვიცი, - მამაკაცმა ნუკის თვალი ჩაუკრა.
- იმიტომ, რომ მთელი კვირაა, არ გამოჩენილხარ. მომენატრე.
- კი არ მოგენატრე, მძღოლი დაგჭირდა და დამიბარე. სულ ეს იყო, თავს ნუ იმართლებ, ქალბატონო, - გაიხუმრა ზურამ, სკამზე ჩამოჯდა და მიიხედ-მოიხედა, - მდიდრდებით ესე იგი, არა? ყავას ვერ დამალევინებთ? ჯერ მაინც ადრეა, ყველაზე პირველები ჩვენ ხომ არ მივალთ, - თათულის გახედა.
- ახლავე, - ჩაიბურტყუნა ნუკიმ, ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყო წინანდელი ეიფორიისგან (თუ თავზარდაცემისგან), ფინჯნების გადმოლაგებას შეუდგა და საჭიროზე მეტად ააჩხაკუნა "ჯამ-ჭურჭელი".
გოგონა მექანიკურად მოქმედებდა. იმის მაგივრად, რომ გიასთან საუბრის მერე ფრენა-ფრენით ევლო, ფრთამოტეხილი ქათამივით დაფორთხავდა თითქოს.
ყავა ისე დალიეს, ნუკის ხმა არ გაუღია. თათულის კი ენა არ გაუჩერებია, თან ლაპარაკობდა, თან ტკარცალებდა თავისი გემრიელი სიცილით. გახარებული იყო, ზურასთან ერთად საქეიფოდ რომ მიდიოდა.
- წავედით? - წამოდგა ბოლოს ზურა.
- წავედით, წავედით. ნუკი, მე დღეს ვეღარ მოვბრუნდები, პატარავ, დაბადების დღეზე მივდივართ და ალბათ გვიანობამდე შევრჩებით. აბა, შენ იცი, ქალიც შენ ახლა ოჯახში და კაციც. ეს შარვალი დამთავრებულია, ცოტა უთო გაუსვი და ის ქალბატონი რომ მობრძანდება, გაატანე. 40 ლარი უნდა დაგიტოვოს, იცოდე!
- ვიცი, - ძლივს გასაგონად უპასუხა გოგონამ და ფინჯნების რეცხვას თავდაღუნული შეუდგა.

შუაღამე გადასული იყო, როცა ზურა და თათული რესტორნიდან გამოვიდნენ. სუსხიანი ამინდი იდგა, ცა საავდრო ღრუბლებით დაფარულიყო.
- მე დავჯდები საჭესთან, - სტაჟიანი ცოლივით გამოუვიდა ქალს.
ზურას გაეცინა. არაფერი უთქვამს, მორჩილად გაუღო ქალს მძღოლის კაბინა და რევერანსით ანიშნა, დაბრძანდითო, თავად კი მის გვერდით მოკალათდა და როგორც კი თათულიმ მანქანა დაქოქა, ფრთხილად შეახო მხარზე ხელი.
- გიხდება საჭესთან ჯდომა, როგორც ყველა ქალს, - ქათინაური ესროლა.
- ყველას არა, მე მიხდება, - კეკლუცად შეჰღიმა თათულიმ და დაეჯღანა.
კორპუსს მალე მიუახლოვდნენ.
- აი, აქ შეაყენე, ეს ჩემი ადგილია, - საჩვენებელი თითი ანიშნა მამაკაცმა.
თათულიმ ოსტატურად შეაყენა მანქანა მინიშნებულ ადგილზე.
- ყოჩაღ, - შეაქო ზურამ და მიწაზე ფეხი დადგა თუ არა, წაბარბაცდა.
თათული მსწრაფლ მასთან გაჩნდა, მხარში შეუდგა და გვარიანად შემთვრალ მამაკაცს სადარბაზოსკენ გაუძღვა.
ხმას არ იღებდნენ. როცა ზურამ კარს გასაღები მოარგო, თითქოს გამოფხიზლდა. ერთხანს გარინდებული (თან კოპებშეყრილი) იდგა, თავისთვის ჩაფიქრებული, მერე კარი შეაღო, შუქი აანთო და განზე გადგა, ამით მიანიშნა ქალს, ჩემთან გეპატიჟებიო.
- წავალ მე, - ყრუდ ჩაილაპარაკა თათულიმ.
- არსადაც არ წახვალ! - მბრძანებლურად გაისმა ზურას ხმა, - აქ დარჩები! მჭირდები ამაღამ!
- მე-ე? - გაფითრდა თათული, - რისთვის? - ლამის ამოიხავლა პირგამშრალმა.
- იმისთვის, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, - ორაზროვნად უპასუხა.
- რა გჭირს ჩემი დასახმარებელი? - ჩურჩულით იკითხა ქალმა, უცებ გამოერკვა და შიშით შეხედა მამაკაცს, - რომელი საათია?
- ჩვენ უამრავი დრო გვაქვს, - წარმოთქვა ზურამ და მოეხვია...
თათული ოდნავ გაუძალიანდა. ვერ გადაეწყვიტა, გადაედგა თუ არა ნაბიჯი, რომელიც იცოდა, არაფერს მოუტანდა. მაინც დღედაღამ ამ წუთებზე ოცნებობდა, ამ შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული იყო, მასთან მომავალი არ ჰქონდა.
თათული მარტოხელა ქალი იყო. ქმარი რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა და მას შემდეგ მეორედ გათხოვებაზე არც უფიქრია. ზურას დიდი ხანია იცნობდა, მაგრამ მათ შორის მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა იყო და სხვა არაფერი. წამითაც არ გაუვლია გულში მისი შეყვარება. ბოლო ხანებში კი იგრძნო, რომ მის თავს რაღაც ამდაგვარი ხდებოდა. ცოტა ღრმად რომ ჩაუკვირდა, მიხვდა, ზურა ის გამონაკლისი იყო, ვის სიყვარულზეც უარს არ იტყოდა. ვისაც სიამოვნებით მისთხოვდებოდა და საუცხოო ცოლობასაც გაუწევდა. ამასთან, ისიც კარგად უწყოდა, ქალებთან როგორი გაუცხოებული იყო მამაკაცი და სხვებთან ერთად, მასაც ნაკლები შანსი ჰქონდა, ოცნება ასრულებოდა.
იქნებ ჯერ კიდევ არ არის გვიან? იქნებ ამ ერთმა ღამემ ყველაფერი რადიკალურად შეცვალოს? თან ფიქრობდა, თან შიშნარევი სიამოვნებისგან კანკალებდა.
ზურას კი ამწუთას მხოლოდ ქალი უნდოდა. მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა ეს ქალი - თათული თუ ვინმე სხვა, დაქირავებული მეძავი, ოღონდ კი ვნება დაეცხრო, ვნება, რომელიც ბოლო ხანებში ყელში მარწუხივით უჭერდა...
ეხამუშა, თათულისგან წინააღმდეგობას რომ წააწყდა. ამან უარესად გაახელა. ხელები (ტუჩებიც) უფრო მომთხოვნი გაუხდა. მძლავრად მოხვია მკლავები და "გემრიელი ლუკმა" თავისკენ მოიზიდა. ცოტაც და... ზურგზე მისი ფრჩხილები იგრძნო, მწარედ რომ ჩააფრინდა ბეჭებზე. თითქოს ამას ელოდაო, ხელში აიტატა და ის იყო, საძინებლისკენ გადადგა ნაბიჯი, რომ უცნაური ხმა შემოესმა. წამით შეჩერდა, მერე კი, როცა მიხვდა, რა ხმაც იყო ეს, ქალი ძირს დაუშვა...
ის ქვითინებდა... უხმოდ (უხმოდ არა, ჩუმად, თავისთვის)... მამაკაცი დაიძაბა. ნუთუ აწყენინა? ნუთუ მისი სურვილის წინააღმდეგ წავიდა? ნუთუ ეჩვენებოდა აქამდე, რომ თათულის სიგიჟემდე უნდოდა მასთან? რომ ქალი მასზე იყო შეყვარებული? არა, არ ეჩვენებოდა. ეს გამორიხცული იყო. მაშინ რა ატირებდა? შვება? უიღბლობა? სიმარტოვე?
- რატომ ტირი, გული გატკინე? შევცდი? - ყურთან უჩურჩულა მამაკაცმა და თმაზე გადაუსვა ხელი.
- არა, - ამოისლუკუნა თათულიმ, - შენ გამო არ ვტირი... იმის გამო ვტირი, რაც თითოეულ ჩვენგანს წაგვართვა ცხოვრებამ... და ვხვდები, რას ნიშნავს, ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ... მე... მე თანახმა ვარ... მზად ვარ, ზურა... მე... - და მეტი ვეღარ გააგრძელა, ხელები შემოხვია მამაკაცს და ისეთი სისწრაფით დაუწყო კოცნა, თითქოს რამდენიმე წუთში სამუდამოდ უნდა დაშორდესო... სიბნელეში ორი ერთმანეთს ჩახვეული სხეული ტახტზე დაეშვა.
ეს მართლაც ურთიერთდახმარების წამი იყო, სხვა არაფერი. იმწუთას ორივეს უნდა დაევიწყებინა წარსული, დროის რაღაც მონაკვეთი თავდავიწყებაში უნდა გაელიათ, რათა მერე ერთად შედგომოდნენ ყოფიერების მძიმე ტვირთის ზიდვას. მათ უნდა გადაელახათ ის ოკეანე, სადაც ნებისმიერი საგანი, ადამიანებს ერთმანეთს აშორებს, სადაც მზერას არიდებენ პარტნიორს იმის შიშით, რომ მის შიშველ სხეულზე ნაკლი არ აღმოაჩინონ. იმწუთას ისინი წარმოადგენდნენ ორ გზააბნეულ არსებას, რომელიც ერთმანეთს ამხნევებს საკუთარ სიმარტოვეში, ხოლო ცხოვრება მოთმინებით ელოდება, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი.
შიგადაშიგ, ღამის სიბნელეში, ორივენი მზერით ეძებდნენ ერთმანეთს, რათა თავისივე მოუხერხებლობისგან გათავისუფლებულიყვნენ.
მაგიდაზე - ჩარჩოში ჩასმული ოჯახური პორტრეტი... თეთრი ლარნაკი ბუხრის თავზე, უსწორმასწორო ზოლებით ჩამოშვებული ფარდა ფანჯარაზე - ეს ყველაფერი თათულის თვალში ხვდებოდა, როცა ზურას ალერსისგან თავს ითავისუფლებდა... ის, რაც მათ საერთო ჰქონდათ, სხვას ეკუთვნოდა, მაგრამ სწორედ ამ ბუნტის წუთებში აერთიანებდა ორივეს - ამ მცირე ბრძოლის მონაკვეთში, უიღბლობის დროებით დავიწყების დროს. ეს მათ შორის არ ხდებოდა, ეს ხდებოდა მათსა და მათ წარსულ ცხოვრებას შორის...
ზურა გრძნობდა თათულის ცრემლებს საკუთარ ღაწვებზე. თავად არასდროს უტირია, ამიტომ ქალის ცრემლები გვრიდა შვებას... და კიდევ ის, რომ... ამწუთას იგი არა თათულის, არამედ ნუკის ეალერსებოდა...

გაგრძელება