"დედაჩემმა ვერც კი მიცნო... მეორე, თავისი გაზრდილი შვილი რომ უკვდებოდა და ჩემს მეტი არავინ რჩებოდა, ეგ აზრი აგიჟებდა" - მშობლები

"დედაჩემმა ვერც კი მიცნო... მეორე, თავისი გაზრდილი შვილი რომ უკვდებოდა და ჩემს მეტი არავინ რჩებოდა, ეგ აზრი აგიჟებდა"

2022-08-19 19:43:31+04:00

ონლაინრომანი "ნაადრევი ენძელები"
ავტორი: კვარაცხელია

იხილეთ რომანის დასაწყისი


ჯერ კარგად გათენებულიც არ იყო, რომ ნუკი მობილური ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა. თვალი გაახილა და ირგვლივ მიმოიხედა, თითქოს ვერც გააცნობიერა, სად იმყოფებოდა. საწოლიდან ხელი გადაჰყო და იატაკზე დადებულ ჩანთაში მოაფათურა. როგორც იქნა, მიაგნო აპარატს და ნომერს დახედა... ეუცხოვა. მაინც უპასუხა.
- ნუკი ბრძანდებით? - უცხო მამაკაცის ხმა იყო.
- დიახ. რომელი ხართ? - გული შეუქანდა, ეგონა, გიას დავალებით ურეკავდნენ.
- მე რატის მეგობარი ვარ, თქვენი ძმის...
- რატის? - გაკვირვება ვერ დამალა, - დიახ, გისმენთ...
- იცით?.. ავარიაში მოყვა... საავადმყოფოში წევს და დედათქვენმა მთხოვა, დამერეკა... იქნებ ჩამოხვიდეთ.
- სად, ქუთაისში?
- ჰო, რეანიმაციაშია, ახლა დამთავრდა ოპერაცია და ჯერ ისევ ნარკოზშია.
- ოპერაცია? - შეძრწუნებული ნუკი საწოლიდან წამოხტა და ცალი ხელით ჩაცმას შეუდგა.
- ფარული სისხლდენა ჰქონდა მუცლის ღრუდან.
- კარგი, ახლავე მოვდივარ! - ნუკიმ ტელეფონი გათიშა და გიჟივით გამოვარდა საძინებლიდან, თან ფიქრობდა, გაეღვიძებინა თუ არა ზურა.
არადა, მისთვის რომ ეთქვა, მანქანით წაიყვანდა. სად უნდა ეწოწიალა ამ დილაუთენია ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით? იქნებ ყოველი წუთი ძვირფასია? ამ ფიქრებში იყო, რომ სამზარეულოდან ზურა გამოვიდა საცვლების ამარა. ორივე შეცბა...
- მაპატიე, არ გელოდი ასე ადრე... - დაიბნა მამაკაცი.
- იცი? ჩემი ძმა ცუდადაა, - გაფითრებულმა ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი, თვალები ცრემლით აევსო.
- რომელი ძმა? ის... დედაშენის შვილი?
- ჰო.
- მერე? სად არის? რა ჭირს? - უარესად დაიბნა ზურა.
- ქუთაისში... ოპერაცია გაუკეთეს, რეანიმაციაშიაო... მანქანა დაჯახებია.
- უნდა წახვიდე?
- აუცილებლად. რა გამაჩერებს!
- მე წაგიყვან! - ისე მტკიცედ წარმოთქვა მამაკაცმა, ნუკის გული სითბოთი აევსო.
- მერედა, გცალია ჩემთვის?
- შენთვის ყოველთვის მცალია! ახლავე ჩავიცვამ! - მოკლედ მოჭრა და ოთახში შევიდა.
- არ გაგიჭირდება ნაბახუსევზე ამხელა გზაზე მანქანის ტარება? - გასძახა ნუკიმ, მაინც მოერიდა.
- არ ვარ "პახმელიაზე", დაწყნარდი! - ცივად გამოეპასუხა მამაკაცი.
ზურა ათ წუთში მზად იყო.
- წავედით! - თითქოს ბრძანებებს იძლეოდა იგი, ისეთი ტონით გამოთქვამდა სიტყვებს.
სანამ კარში გავიდოდნენ, ნუკიმ მხარზე შეახო ხელი. მამაკაცი მოტრიალდა. გოგონამ ფეხის წვერებზე აიწია და შუბლზე აკოცა... ნაზად... მგრძნობიარედ... უთრთოდა ტუჩები...
ეს სამადლობელი კოცნა იყო...
***
რეანიმაციის კართან მისული ნუკი შედგა და დაძაბულმა შეათვალიერა იქ მყოფი უამრავი ადამიანები. თვალებით დედას დაეძებდა... აი, ისიც...
ჯულიეტა გაქვავებული იდგა. გაწეწილი თმა, ცრემლიანი სახე, ნაცრისფერი, გაუუთოებელი კაბა, შალის გრძელი მოსასხამი... ყველაფერი ეს ყინულის ცივ ქანდაკებას მოაგონებდა გოგონას. რაღაც საზიზღრობის მოახლოებას გრძნობდა. სულმა აჯანყება დაუწყო. ცდილობდა, თავი მტკიცედ დაეჭირა, მაგრამ ვერ ახერხებდა, ვერც დაიმალებოდა სადმე.
- გამარჯობა, - ჩამწყდარი ხმით მიესალმა ქალს.
მან უსიცოცხლო თვალებით ამოხედა. აშკარად შეეტყო, ვერ იცნო და ვერც მიხვდა, ვინ უნდა ყოფილიყო იგი.
- ვერ მიცანი? - ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა ნუკიმ... იქნებ არც გაიღიმა...
- ვერა, დედა, რატის მეგობარი ხარ?
- არა... ნუკი ვარ, - ცივად წარმოთქვა და ზიზღით (თუ სიძულვილით) აევსო სახე.
- შვილო... შვილოოოო! - აღმოხდა ჯულიეტას და ხელები ქალიშვილისკენ გამოიშვირა.
ნუკი ადგილს მიელურსმნა. ვერც წინ გადადგა ნაბიჯი, ვერც უკან. არადა, თითქოს უკან ეწეოდა სხეული. ქალმა მხრებზე მოხვია ხელები და ძლიერად ჩაიკრა მკერდში წლების უნახავი შვილი...
დედის გულსაკლავმა მოთქმამ გააყრუა დერეფანი. ნუკის ცრემლი მოადგა თვალზე, მხოლოდ ეს არ იყო სიბრალულის ცრემლი, ეს სულ სხვა ცრემლი იყო... სხვა, რადგანაც დედას (როგორ ეუცხოვებოდა ეს სიტყვა) ამწუთას მასთან შეხვედრის სიხარული კი არ ატირებდა, არამედ მეორე, თავისი გაზრდილი შვილის დაკარგვის შიში.
- ხედავ, რა დამემართა, დედაააა! - მწარედ მოთქვამდა ჯულიეტა, - როგორ დამსაჯა ღმერთმა, როგორ გამწირააა!
ნუკი გაბრუებული იდგა და ცრემლიან ნერწყვებს ყლაპავდა მხოლოდ. კიდევ ცოტა და უამრავი ადამიანი შემოეხვია გარს... როგორც მიხვდა, ნათესავები - დეიდები, მათი ქმრები, დეიდაშვილები, მათი მეუღლეები, მათი შვილები... ყველა ეცნობოდა, ის კი მათ დამახსოვრებას ვერ ასწრებდა, უხერხულად უღიმოდა მხოლოდ, ყველას სათითაოდ.
- როგორ არის? - როგორც იქნა, თავი გაითავისუფლა ხვევნა-კოცნისაგან და რატის მდგომარეობა იკითხა.
- რა ვიცი, ოპერაციამ კარგად ჩაიარაო, გვამშვიდებენ. სტაბილური მდგომარეობააო. თუ არაფერი გართულდა, ხვალ გადავიყვანთ პალატაშიო. ყველაფერი დაზიანებული აქვს მუცლის ღრუში, ერთი ორგანო არ დარჩენია მთელი, - უპაასუხა მაღალმა, ხმელ-ხმელმა მამაკაცმა, დეიდის ქმარმა.
- ვინ დაეჯახა? სად მოხდა, როგორ?
- ამის ბრალია, შვილო, თვითონ დაიღუპა თავი! - ისევ დაიწყო მოთქმა ჯულიეტამ, - მთვრალი ატარებდა თურმე მანქანას. რა ეშმაკად უნდოდააა! ასჯერ ვუთხარი, არ დაჯდე მთვრალი საჭესთან, არ დაჯდე, არ დაჯდე-მეთქი, ვინ გამიგონაააა!
- ის ბიჭი გვერდიდან არ მოშორებია, ვინც დაეჯახა, სულ აქ ტრიალებს, ერთი თეთრი არ დაგვახარჯინა, - ნინო დეიდა ჩაერთო ლაპარაკში, - გაახარებს ღმერთი. სხვა რომ ყოფილიყო, მიატოვებდა და გაიქცეოდა! ღმერთმა უშველოს.
- დაჯახებისას ეტყობა, საჭემ გულ-მუცელი შეუნგრია. გარედან არაფერი ეტყობოდა, მაგრამ შიგნიდან ფარული სისხლდენა დაწყებია და გათიშულა მაშინვე.
ნუკიმ უკან მოიხედა. ზურა ობოლი ბავშვივით მიმდგარიყო განზე და შორიდან უყურებდა დერეფანში დატრიალებულ სცენას. გოგონამ იგი ნათესავებს გააცნო. ყველამ მუშტრის თვალით (ალბათ სავარაუდო სასიძოდ მიიჩნიეს) შეათვალიერა მამაკაცი. ნუკი გვერდით ამოუდგა ზურას. თვითონაც ვერ ხვდებოდა, როდის და როგორ, მაგრამ ის უკვე ისეთი ახლობელი გამხდარიყო მისთვის, რომ ამის გააზრებაც ვერ მოასწრო. ხელზე ხელი ჩასჭიდა მამაკაცს და ოდნავ მოუჭირა, თითქოს მადლობას უხდიდა თანაგრძნობისთვის.
- კარგი ვქენით, რომ წამოვედით, - უჩურჩულა იმანაც და მის თმას ოდნავ შეეხო.
ნუკის გააჟრჟოლა. თავბრუ დაახვია ამ შეხებამ.
- ჰო, - მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და ღაწვები გაუხურდა, - ცოტა ხნით გარეთ გავიდეთ, კარგი?
ზურამ თავი დაუქნია, ხელჩაკიდებული გატრიალდა და გოგონაც თან გაიყოლა.
- აბა? რას იტყვი? კმაყოფილი ხარ შენებთან შეხვედრით? - ჰკითხა მამაკაცმა, ეზოში რომ გავიდნენ.
- არ ვიცი... ჯერ არ ვიცი, რას ვგრძნობ...
- კი ატირდი და... - გაუღიმა ზურამ და შუბლზე ჩამოშლილი თმა გადაუწია, - სადღაც, გულის სიღრმეში, მაინც გიყვარს... ის ხომ დედაა შენი... შეიძლება ვერ აცნობიერებ, მაგრამ ასეა.
- მინდა მართალია ვიყო... პირველ რიგში, საკუთარ თავთან... მე თავის გასამართლებელი მაქვს, იცი? შეიძლება არა წინასწარგანზრახულად, მაგრამ იგი დამნაშავეა ჩემს მიტოვებაში... ამის პატიება ადვილი არ არის. თანაც, არათუ მიმატოვა, ლამის დამივიწყა კიდეც.
- იცი, რა ამარცხებს ადამიანს პირველ რიგში? სისუსტე. თუმცა, ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს სისუსტე გვაძლევს უნარს, გავძლიერდეთ. უნდა აჯობო შენს სისუსტეს. ვიცი, დაბნეული ხარ, მაგრამ ეს დასასრული არ არის. თითო შეცდომა ყველას დაგვიშვია, შეიძლება საბედისწეროც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრების გაგრძელების უფლება არ გვაქვს, ან პატიების... პირველ რიგში, ამის უნარი უნდა გაგვაჩნდეს. არ დავიწყებ ბანალურ ტირადებს იმაზე, რომ სულგრძელი უნდა იყო და ა.შ. ვიცი, რომ ასეთი ხარ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პატიებაც შეგიძლია. და ისიც ვიცი, რომ უკვე აპატიე. ეს შენს თვალებში ჩანს, თუმცა არ გინდა ამაში გამოტყდე. არც არის საჭირო... დრო ყველაფერს გამოასწორებს, ნელ-ნელა დალაგდება ყველაფერი, აგერ ნახავ.
- შენ საოცარი ადამიანი ხარ, ზურა, დიდი მადლობა, - ჩურჩულით თქვა ნუკიმ, უფრო მოუჭირა თითები მამაკაცის თითებს და გული უცნაურად შეუთრთოლდა.
- ნუკი? შენ ხარ? - მოესმა მოულოდნელად ზურგიდან და ამ ხმის გაგონებაზე ისეთი შეხტა, თითქოს დანა გაუყარესო, ერთ წამში დაპატარავდა თითქოს, ისე მოიბუზა.
მძიმედ შეტრიალდა... მის წინ ოფლში გახვითქული, გაწამებული სახით... გია იდგა...
- შე-ენ? - ნუკიმ საკუთარი ხმა ვერ იცნო, თითქოს ხავილი აღმოხდა და გაფითრებულს პირი გაუშრა...
- აქ საიდან მოხვდი? ვინმე გიწევს? - ისეთი სათნო ღიმილი დასთამაშებდა მამაკაცს ტუჩებზე, თითქოს ყველაზე პირნათელი ადამიანი ყოფილიყო ნუკის ცხოვრებაში.
- ჰო... ჩემი ძმა მოყვა ავარიაში და...
- შ...შ...შენი... ძმა-ა? რა...რატი შენი ძმაა? - მოულოდნელად ენა დაება და სახე შეეცვალა გიას.
ნუკის თითქოს რაღაც უგრძნო გულმა. ცალი წარბი ოდნავ მაღლა აზიდა და თვალებით გაზომა მის წინ მდგარი დიდი ხნის (საუკუნის) უნახავი ოცნების მამაკაცი.
- რატი ჩემი ძმაა, - ხაზგასმით, მკაცრად გაიმეორა და დაჟინებით მიაჩერდა, - შენ საიდან იცნობ მას? შემთხვევით... - აღარ დაასრულა.
- ჩემი ბრალი არ იყო... - მზერა აარიდა გიამ.
- ეგ უკვე მითხრეს, - კიდევ უფრო გაუცივდა ტონი ნუკის, - ჰო, მართლა, გაიცანი... ეს ზურაა, ჩემი მეგობარი... ეს კიდევ გია, ჩემი ნაცნობი, - ბოლო სიტყვა განსაკუთრებული სარკაზმით წარმოთქვა.
მამაკაცებმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და სასიამოვნოაო, ზრდილობის გულისთვის ჩაიდუდღუნეს.
ზურა მიხვდა... რაღაცას მიხვდა... ნუკის ხმამ მიახვედრა იმ რაღაცას... ნუკის ლაპარაკის ტონმა... და ყურადღებით შეათვალიერა ყოფილი (იქნებ არც) მეტოქე... არ მოეწონა... თუმცა, რა არ მოეწონა, ამის თქმა გაუჭირდებოდა... ამას ვერ მიხვდა. სამაგიეროდ, იმას მიხვდა, რომ ეს ერთობ სიმპათიური (მასზე სიმპათიურიც) მამაკაცი მას ვერ აჯობებდა, რომ ის ვერასდროს გააბედნიერებდა ნუკის ისე, როგორც თავად შეეძლო ამის გაკეთება...
ახალგაცნობილი თითქოს მტრულად შესცქეროდა, თითქოს ომს უცხადებდა ჯიქური მზერით, თითქოს საბრძოლველად იწვევდა...
და ზურა კიდევ ერთ რამეს მიხვდა - ერთადერთი ისღა რჩებოდა, მიეღო ეს ომი და მედგარი ჯარისკაცივით ჩაბმულიყო მასში, რათა მოწინააღმდეგეს გასროლა არ დაესწრო და არ დამარცხებულიყო. მას უნდა შეენარჩუნებინა სიცოცხლე, რათა გაეგრძელებინა სიყვარული. თითქოს გრძნობდა დამძიმებულ ქუთუთოებს, რომლებიც უძილობას ებრძოდნენ, გრძნობდა ნუკის ტუჩებს (დილანდელს) შუბლზე, ნაზად რომ კოცნიდნენ, მის ჩრდილს... ოღონდ არ დაეცეს ბრძოლის ამ ველზე, ოღონდ არ დამარცხდეს! მან უნდა გადაარჩინოს ეს გოგო! უნდა გადაარჩინოს... იმისთვის, რომ თვითონ იყოს ბედნიერი! ამისთვის კი საუკეთესო საშუალებაა... დროებით წინა ხაზიდან უკან გადაინახვლოს, ზურგში... და ასეც მოიქცა...
მან ჩაახველა და თქვა.
- მე წავალ, მანქანაში ჩავჯდები, კარგი? - მერე ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა გოგონას და პასუხს არ დაელოდა, ისე გაემართა მანქანისკენ (არეული ნაბიჯებით), თან სიმწრის ოფლი ასხამდა.
ის ვალდებული იყო, ასე მოქცეულიყო... ის უნდა მოქცეულიყო ასე... მათ სალაპარაკო ჰქონდათ, ამის მიხვედრა ძნელი არ იყო. ნუკი არჩევანის (თუმცა კი მძიმე) წინაშე იდგა, მას თავად უნდა გადაეწყვიტა, როგორ მომავალს აჩუქებდა თავის თავს - ზურასთან თუ მის გარეშე... გიასთან თუ მის გარეშე...
ნუკი და გია მარტონი დარჩნენ. ერთხანს არც ერთი ხმას არ იღებდა.
- ჩემზე ნაწყენი ხარ, არა? - ბოლოს მამაკაცმა დაარღვია დუმილი.
გოგონამ მხრები აიჩეჩა მხოლოდ.
- ქუთაისში საიდან მოხვდი? აქ რა გინდოდა? - მკვახედ ჰკითხა.
- პრობლემები მქონდა. რაღაც საქმეებს ვაგვარებდი. მინდოდა, შენთვის დამერეკა და მეთქვა, მაგრამ გადავიფიქრე, როცა მოვაგვარებ, მერე ვნახავ-მეთქი. არ მინდოდა, გენერვიულა... ვიცი, თავის მართლება მიწევს, მაგრამ...
- მე არ მითხოვია შენთვის თავის მართლება, - გააწყვეტინა ნუკიმ, - და საერთოდ, ვერ ვიტან, როცა მამაკაცი თავის იმართლებს. ეს ძალიან ასაწყლებს მას, უმწეოს აჩენს... შენსიგრძე კაცს კი არ უხდება, როცა უმწეოდ გამოიყურება...
- ვიცი, მაგრამ...
- არ გინდა, გია... არაფრის თქმა არაა საჭირო...
- შენი ძმის გამო მიბრაზდები? მართლა არ იყო ჩემი ბრალი.
- რა შუაშია ჩემი ძმა? შენ ვერ ხვდები...
- მაშინ რა გჭირს? გაბრაზდი, ამდენ ხანს რომ არ შეგეხმიანე?
- შენი პრობლემები არ იყო მთავარი მიზეზი შენი არშემოხმიანებისა, შენც ხომ იცი ეს!
- ვიცი, დამნაშავე ვარ, მაგრამ შენც უნდა გამიგო. მართალი ხარ, მხოლოდ ეს არ იყო მიზეზი... მე მარტოხელა მგელივით ვცხოვრობ, წლებია უკვე. არ ვარ მიჩვეული ქალთან ურთერთობას... სიყვარულიც უცხო ხილი იყო ჩემთვის, სანამ შენ გამოჩნდებოდი... დრო მჭირდება, რომ ამ ყველაფერს შევეჩვიო, გამიგე?
- დაგაგვიანდა, გი...
- არა, არ დამაგვიანდა. მე შენ ისეთი სიყვარულით მიყვარხარ, როგორითაც მხოლოდ ქალს შეუძლია უყვარდეს. ეს უკვე ვიგრძენი, ამიტომ დანებებას არ ვაპირებ.
- მაგრამ შენ ქალი არა ხარ... ამიტომ ვერასდროს შეიყვარებ ისე, როგორც ქალს შეუძლია შეიყვაროს.
- შენ მე ძალზე ამაღლებული გამხადე, ლამის გამაღმერთე. გგონია, ვერ მივხვდი? მაგრამ მე მხოლოდ უბრალო ადამიანი ვარ, პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს ამაღლებული...
- გაღმერთება სიყვარულს არ ნიშნავს. ძალიან გთხოვ, ნუ გაილექსე! შენ უკვე დაკარგე ქალი, რომლისთვისაც ყველაფერს წარმოადგენდი და ახლა ცდილობ, შენი სიყვარულის წონა ქალისას შეადარო. არ გინდა, ზედმეტია ეს...
- ცხოვრება იწყება, გრძელდება და მთავრდება. მოდი, გავაგრძელოთ ის, რაც დავიწყეთ, სანამ დამთავრებულა. მე გამოვსწორდები... შენ მხოლოდ მაპატიე და...
- სამწუხაროდ, ის, რაც დავიწყეთ, ჩემთვის დიდი ხანია დამთავრდა. მინდოდა, დროდადრო მაინც გყვარებოდი, თუ ყოველდღე არა. შეუძლებელს არ ვითხოვდი შენგან. არც შემიწუხებიხარ, არც თავი მომიბეზრებია. ისტერიკები და წუწუნი არ მიყვარს. არც ხვეწნა. გელოდი, ჩუმად, ჩემთვის. რაც უფრო ცუდად ვხდებოდი, მით უფრო ჩუმად ვიყავი... ერთი პერიოდი ვამართლებდი შენს გაუჩინარებას... მერე მივხვდი, რომ შენ მხოლოდ შემთხვევითი ადამიანი იყავი ჩემს ცხოვრებაში, სრულიად შეუფერებელი ჩემი სიყვარულისთვის და მე თავიდან დავიწყე ცხოვრება, ახლიდან, ოღონდ ამ ცხოვრებაში შენ აღარ ხარ. ეს როლი სხვას ერგო უკვე. თუმცა, ჯერ კიდევ მიჭირს ჭიდილი საკუთარ "მესთან". ხანდახან ვორდები ან ვსამდები. ერთს მარტო სურს ყოფნა, მეორეს შენთან, მესამეს სხვასთან.
- და ვინ არის ის სხვა?
- ის, ვინც შენ ჩაგანაცვლა.
- და როდის მოხდა ეს?
- როცა შენ სხვაგან ერთობოდი.
- ესე იგი, დავაგვიანე?
- არა, უბრალოდ, გაზაფხული მოვიდა უფრო ადრე. და შენ გამოგეპარა ეს, რადგან არ იყავი ფხიზლად.
- გაზაფხული? ჯერ რა დროს გაზაფხულია... გეშლება რაღაც... დრო აგერია, როგორც ჩანს...
- მე არა... ეს შენ აგერია... და მაშინ მოხვედი, როცა შენი სიყვარულის დრო ამოიწურა... თუმცა, არც მოსულხარ... შემთხვევით გადამაწყდი... თანაც... შემთხვევაც არის და შემთხვევაც... მეტი აღარაფერი მითხრა... აღარ დაგრჩა სათქმელი. კარგად იყავი, - ცივად დაემშვიდობა, ზურგი შეაქცია მამაკაცს და ზურას მანქანისკენ ამაყად ყელაღერებული გაემართა.
***
შუადღე გადასული იყო, ნუკი და ზურა თბილისისკენ მიმავალ გზას რომ დაადგნენ. მის იქ ყოფნას აზრი არ ჰქონდა. მხოლოდ ერთი წუთით შეუშვეს რეანიმაციაში, რომ ძმისთვის დაეხედა... ძმისთვის, რომელსაც მხოლოდ ხმით იცნობდა... რატის ეძინა, ჯერ კიდევ ნარკოზში იყო. ნუკის სურვილი წვავდა, შეხებოდა მის ხელს, ქალივით ლამაზ სახეს, მაგრამ ეშინოდა, არ გაეღვიძებინა ბიჭი, რომელსაც მშფოთვარე ძილით ეძინა... იგი კვნესოდა, ბორგავდა, არათანაბრად სუნთქავდა... ლოყები უცნაურად აწითლებოდა, უპრიალებდა თითქოს.
- რატომ არის სახეზე ასეთი წითელი? - ექთანს ჩურჩულით შეეკითხა.
- მაღალი სიცხე აქვს და იმიტომ.
- მერედა, რატომ?
- იცის, ქალბატონო, ოპერაციის შემდეგ. ცოტა კი არ გადაიტანა! - უკმაყოფილოდ გასცა პასუხი მკერდმოთიმთიმე მსუქანმა ქალმა და სისტემის სადგამზე ჩამოკიდებულ პლასტმასის ბალიშში შპრიცით კიდევ ერთი წამალი შეუშვა...
- შემეცოდა დედაშენი, - ნუკი ფიქრებიდან ზურას ხმამ გამოარკვია.
- ჰა? - ნუკიმ უაზრო მზერა მიაპყრო.
- დედაშენზე ვამბობ... შემეცოდა-მეთქი, - გაიმეორა და ირიბად გახედა ჩაფიქრებულ გოგონას.
- როგორც ჩანს, ახლა მიხვდა, რას ნიშნავს შვილი... ახლა, როცა მისი დაკარგვის საშიშროება შეიქმნა. რატის რომ რამე მოუვიდეს, ჩემ მეტი აღარავინ რჩება მის ცხოვრებაში. სწორედ ამის ეშინია. ვერ ხედავდი? მე მეხვეოდა და მასზე მოთქვამდა.
- არ გეთანხმები. ნუ იქნები ეგოისტი. რომ არა ის, შენი ძმა შენს მოძებნას არ შეეცდებოდა. რადგან მოგძებნა და გამოგეხმაურა, ესე იგი, დედაშენს უნდოდა პირველ რიგში ეს.
- უცნაურია ცხოვრება... ჩემი - განსაკუთრებით... საკუთარი დედა ისე შემხვდა, როგორც უცხოს... ვერ მიცნო.
- აბა როგორ გიცნობდა, როცა...
- მე როგორღა ვიცანი?
- შენ ახალგაზრდა ხარ.
- ეგ რა შუაშია?
- არ ვიცი, - ღიმილი ვერ შეიკავა ზურამ, - გარდა ამისა, ის უბედურებით იყო დაზაფრული, ცნობის უნარიც წართმეული ჰქონდა. შენ კი არა, შეიძლებოდა ღვიძლი ნათესავიც ვერ ეცნო, ვისთანაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვს.
- ნუ ამართლებ...
- არ ვამართლებ...
- იქნებ სხვა რამეზე ვილაპარაკოთ? - უსიამოვნოდ გაისმა ნუკის ხმა.
- კი ბატონო, შენ დაიწყე და მე აგყვები, - დათანხმდა მამაკაცი.
- მე არ ვიცი, რაზე შეიძლება ვილაპარაკოთ. არაფერი მაგონდება.
- იქნებ იცი? - მრავალმნიშვნელოვნად ჩაუკრა ზურამ.
ნუკი აილეწა. მიხვდა, საითაც უმიზნებდა მამაკაცი. პასუხი არ გაუცია, თავი მიაბრუნა და ფანჯარაში გაიხედა. კარგა მანძილი ისე გაიარეს, არ ულაპარაკიათ.
- რა ურთიერთობა გქონდა მასთან, თუ საიდუმლო არ არის? - ვეღარ მოითმინა მამაკაცმა.
- ვისთან? - ვითომ ვერ მიუხვდა ნუკი.
ზურამ დაკონკრეტება საჭიროდ არ ჩათვალა, რის გამოც გოგონა იძულებული გახდა, პასუხი მისი პასუხის მოსმენის გარეშე გაეცა.
- ჩვენს ურთიერთობას სახელი არ ერქვა.
- მართლა? საინტერესოა, რატომ? - ირონია გაისმა მამაკაცის ხმაში.
- იმიტომ, რომ ეს ურთიერთობა არ იყო და ჩანასახშივე მოკვდა, - ისეთი ტონით განუცხადა ნუკიმ, რომ ზურა მიხვდა, მეტი შეკითხვა აღარ უნდა დაესვა.
და არც დაუსვამს... მხოლოდ წამით შეხედა გოგონას, რომელიც ჩა¬ფიქ¬რე¬ბუ¬ლი წინ გაჰ¬ყუ¬რებ¬და სივ¬რცეს და მი¬ხვდა, რომ ის თა¬ვის თავ¬ში გარ¬კვე¬ვას ცდი¬ლობ¬და.
- იცი, რა-ა? - უეცრად წამოიწყო ნუკიმ, - მეგონა, ის კა¬ცი მიყ¬ვარ¬და, მაგრამ როცა ამის გააზრება დავიწყე, მივხვდი, რომ უკვე შემ¬ძულ¬და და მას შემ¬დეგ ვცდი¬ლობ, უფ¬რო ძლი¬ე¬რად შე¬ვიყ¬ვა¬რო სხვა.
- და როცა გეგონება, რომ შეგიყვარდა და ამის გააზრებას დაიწყებ, მიხვდები, რომ უკვე ისიც შეგძულდა, არა? - ღვარძლიანად ჩაიცინა ზურამ.
- არა, ცდები. ამჯერად ასე არ მოხდება.
- ვითომ რატომ?
- იმიტომ, რომ ის სხვა სხვანაირად სხვააა და არა მისნაირად.
- კარგი პასუხია, ვერაფერს ვიტყვი, - ცალყბად გაიცინა მამაკაცმა და აღელვებულმა სიჩქარეს უმატა.
- მასთან ისეთი არაფერი მქონია, რომ... - გააგრძელა ნუკიმ, მაგრამ ზურამ შეაწვეტინა.
- მე შენთვის ეს არ მიკითხავს.
- ჩემთვის სულერთია, მკითხავ თუ არა. უბრალოდ, გითხარი, იმიტომ, რომ მინდოდა მეთქვა.
- არ ვიცი, გიფიქრია თუ არა იმაზე, როგორი გულგრილობით და სიმკაცრით ჩქარობ ჩემს შეყვარებას... გიფიქრია? - გაღიზიანებული ტონით მიმართა მამაკაცმა.
- მერე რა?
- მერე ის, რომ... სწორედ ამან შეიძლება ისეთივე სისწრაფით შეგაძულოს ჩემი თავი, როგორც შემიყვარებ.
- ირონიის გამოყენება შენი უფლებაა. ყველა ისე იცავს თავს, როგორც შეუძლია. მაგრამ თუკი ერთხელ კიდევ უარს ვიტყვი სიყვარულზე, ეს მხოლოდ იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ გული ამომაცალეს. ეს კი არ მინდა.
ზურამ მოულოდნელად დაამუხრუჭა და მთელი ტანით მისკენ შეტრიალდა... ოდნავ გადაიხარა ნუკისკენ. უყურებდა მას და ვერ ხვდებოდა - ეს იყო მისი ნამდვილი სახე თუ უბრალოდ, გოგონას უნდოდა, მას ასეთი დაენახა.
მოულოდნელად ნუკი შეირხა და მოეხვია, მკერდზე მიეხუტა...
- იცი, რა მინდა, გთხოვო, ზურა? - აჩურჩულდა მკვნესარე ხმით, - მინდა შევეცადოთ, რომ თავიდან გავიცნოთ ერთმანეთი. ვნახოთ. ძალიან არ მინდა ვცდებოდე და ამაში უნდა დამეხმარო. ვიცი, ძნელია, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავ... თან ისიც ვიცი, რომ შევძლებ...
- მე ხომ სიყვარულს არ გთხოვ, ნუკი... უფრო სწორად, არ გაჩქარებ. ჩვენ უამრავი დრო გვაქვს, არსად გვაგვიანდება... უბრალოდ, იყავი ჩემ გვერდით და დაივიწყე, რომ უბედური ხარ. ეს მცდარი შეხედულებაა, დამიჯერე.
- არ ვიცი, შევძლებ თუ არა მშვიდად ცხოვრებას, ყველაზე მეტად ამის მეშინია, - ნუკი ცდილობდა, არ ატირებულიყო, თუმცა ნიკაპი უკანკალებდა.
- ცხოვრება მერე დავიწყოთ. ახლა კი მივცეთ შანსს შანსი. შენ იცი, რომ არ შემიძლია უშენოდ ცხოვრება. არ მინდა ვიცხოვრო მხოლოდ მოგონებებით.
- ვიცი, ზურა... მეც ჯერ ისევ მტკივა ის ადგილები, განსაკუთრებით ხელები და მკერდი, საიდანაც სხვამ სცადა შენი ამოგლეჯა, მტკივა თვალები, ტუჩები, სადაც სიცარიელეა უშენოდ, მაგრამ ვგრძნობ, რომ შენი გული მზად არის, უკან მიმიღოს და დამაჯილდოოს უკეთესი სიყვარულით.
- არ გაჩქარებ. მინდა, უკეთ გაიგო, ვინ ვარ მე, საიდან ვარ, რისგან გამოძერწილი. შენ ჯერ კიდევ ორჭოფობ, ამიტომ გაცდი, ჩვენ ხომ ჯერაც უცხოები ვართ ერთმანეთისთვის. ჩვენ დიდი ხანია, ორივე თავს ვიკავებთ, ვყოყმანობთ, იმიტომ, რომ არ შეგვისწავლია ერთმანეთის მეორე მხარეები, არ ვიცნობთ ერთმანეთის ნაკლსა თუ საოცარ თვისებებს. ჩვენ ჯერ არ გარდავქმნილვართ ერთ არსებად, არ შეგვიღწევია ერთმანეთის სულში, და როცა ეს მოხდება, გაჩნდება სინაზე, ერთმა შეუვსოს მეორეს ის, რაც მას არ გააჩნია.
- მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ... ხომ არ აჯობებს, ცოტა ხნით მარტო დავრჩე... რამდენიმე დღე, სულაც კვირა, არ გნახო... იქნებ უკეთესად გავაცნობიერო, რა უფრო მნიშვნელოვანია... - თქვა ნუკიმ, ხელები შეუშვა მამაკაცს და სავარძელზე გასწორდა.
ჯერ წინ, გზას გასცქეროდა, მერე თვალები დახარა. შემდეგ კვლავ ზურასკენ შებრუნდა და ნელი, ძალიან ნელი მოძრაობით წაიღო მისკენ მარჯვენა ხელი... ქალის თითები მის ტუჩებს შეეხნენ, დიდხანს დახეტიალობდნენ მასზე, თითქოს სურდა, კარგად შეესწავლა იგი. ცოტა ხნის შემდეგ მისმა ხელმა მამაკაცის თმაზე გადაინაცვლა, მერე შუბლზე, ტუჩის კუთხეში მიმალულ ღიმილზე, თვალის უპეებთან განლაგებულ წვრილ-წვრილ ნაოჭებზე, სწორ, ვერტიკალურ ხაზზე, ცხვირს რომ კვეთდა.
- აბა? რას იტყვი? წავა? - გაიხუმრა ზურამ.
- მგონი, არა უშავს, - ნუკის ღიმილმა გაუპო ბაგე, - მშვენიერი სიმპათიური სახეა.
- თუმცა შენ ვერ გჯობია. შენ საოცარი ქმნილება ხარ, ხორცშესხმული სრულყოფილება... ბუნება ხომ ნამდვილი ოსტატია ასეთ სამუშაოებში.
ნუკის უცნაური გრძნობა დაეუფლა... თითქოს მეორედ იბადებოდა ამწუთას...
გაგრძელება