ონლაინრომანი "ნაადრევი ენძელები"
ავტორი: კვარაცხელია
იხილეთ რომანის დასაწყისი- აი, აქ შევიდეთ, - ზურამ მანქანა ტროტუარზე შეაყენა და ძრავა გამორთო, - აქ კარგი სალათები იციან. "ცეზარი" გიყვარს?
- მიყვარს, ოღონდ მაგას "ცეზარი" კი არა, "კეისარი" ჰქვია, - შეუსწორა ნუკიმ და ნიშნის მოგებით გაუღიმა.
- მართალი ხარ, ქართულად ასე ჟღერს. გამოდის, შენც მოგწონს, არა?
- კი, მაგრამ არ მინდა, არ მშია.
- მომისმინე ერთი წუთით. თუ გინდა, დანიშნულების ადგილამდე მშვიდობით მიგიყვანო, ხელი უნდა შემიწყო. შენს მძღოლს ძალიან შია და სასწრაფოდ უნდა ყავის დალევა, სანამ საჭესთან ჩასძინებია. ასე რომ, ვალდებული ხარ, ჩემი მოთხოვნა დააკმაყოფილო.
- ო, ღმერთო! - იძულებულია, დამორჩილდეს, რადგან ამხელა პატივი სცა.
- თანაც, ვიფიქრე, სანამ ვივახშმებთ, საქმეზეც ვილაპარაკებთ-მეთქი.
ამწუთას მამაკაცს სხვა არაფრის შეთავაზება შეეძლო მისთვის. ან კი რა უნდა შეეთავაზებინა? მარტოხელა კაცს შეიძლება პურის ნატეხიც არ ჰქონოდა სახლში, მშიერს ხომ არ დააწვენდა სტუმარს? "დააწვენდა"... ამ სიტყვამ ფიქრები და ვნებებიც აუშალა გოგონას. როგორ უნდა გაათიოს ღამე მასთან ერთ ჭერქვეშ? ვაითუ, რამე "იმნაირი" ჰქონდეს ჩაფიქრებული? ენდოს? არ ენდოს? ეს არ იცოდა ნუკიმ, მაგრამ ერთ რამეს დანამდვილებით ხვდებოდა - მათ ორივეს რაღაც უკვე აკავშირებდა ერთმანეთთან... და ეს "რაღაც" დიდი ხანია, მოსვენებას არ აძლევდა... ზუსტად იმ მომენტიდან, როცა თავის გახურებულ ტერფებს უტრიალებდა თვალწინ ზღვის სანაპიროზე... შესაძლებელია, უფრო ადრეც, როცა მალულად გააპარებდა თვალს მათ ჭიშკართან ჩავლილი მეზობლის თავმომწონე ბიჭისკენ.
- დღეს ყველაზე უცნაური რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში, - თქვა პასუხად, - ისეთი, რაც ადრე არასდროს მომხდარა. შემთხვევით, ქალის გატაცებასთან ხომ არ გვაქვს საქმე? - ეშმაკურად მოიქცია კბილებშუა ქვედა ტუჩის შიდა ნაწილი, - თუ ასეა, ტყუილად ირჯები, გამტაცებელო. ჩემ გამო ფულს არავინ გადაიხდის.
- თუ არ ვცდები, ჩვენ შევთანხმდით, რომ მეგობრები ვართ... ხომ არ მღალატობს მეხსიერება? არც შენ გახსოვს? - ზურა მანქანიდან გადმოვიდა, უკნიდან მოუარა, წინა სალონის კარი გააღო და თვალებით ანიშნა, გადმოდი, ნუ მალოდინებო.
ახსოვს, როგორ არ ახსოვს. ეს იმ ღამეს იყო, პირველად რომ აკოცა... რა თქმა უნდა, შუბლზე... თუ მეორედ (თანაც მაშინაც შუბლზე)? ახსოვს, მაგრამ განა ეს საკმარისია? განა ვერ ხვდება, რომ გრძნობა, რომელიც ზურასთან აკავშირებს, უფრო მეტია, ვიდრე მეგობრობა? ჯერ სახელი ვერ დაურქმევია ამ გრძნობისთვის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი ის არის, რომ ამას მეგობრობას ვერ უწოდებს (ჯერ ვერც სიყვარულს). სხვა მხრივ კი, თუკი გათვლას მხოლოდ მეგობრობაზე გააკეთებს და "მეგობარიც" იმავეს მოიმოქმედებს, ეცდება, შეურიგდეს ბედს და მიიღოს მისგან ურთიერთობის ეს "ყველაზე მშვიდობიანი" ფორმა.
ნუკიმ ორჭოფული მზერით გახედა შუშისკედლებიან რესტორანს და შეეცადა განესაზღვრა, რა უფრო აწუხებდა ამწუთას - შიმშილი, შარდის ბუშტი თუ სიამაყე... ეს უკანასკნელი უკანასკნელ ადგილზე აღმოჩნდა. ჯერ საპირფარეშო, შემდეგ ვახშამი. იმედია, ცოდვაში არც ერთი ჩაეთვლებოდა და არც მეორე...
- კარგი, ერთ "კეისარს" როგორმე მოვერევი, - მორცხვად ჩაილაპარაკა და ზურას გამოწვდილ ხელს თითები ნაზად შეაგება.
- ერთს კი არა, ათ კეისარს მოერევი შენი თვალებით, - სიცილით უთხრა მამაკაცმა, მანქანა ჩაკეტა და გოგონას მკლავი თავისაში ჩახლართა.
ტუალეტში შესულმა გააგრძელა ფიქრი. როგორ მსუბუქი ადამიანია, რბილი, ყურადღებიანი, კეთილი, მზრუნველი. ის ყველას უყვარს, პატივს სცემენ. და ეს კაცი მისი მეგობარია. მეგობარი? ხმამაღალი ნაფიქრია! ასეთი სექსუალური მამაკაცი არ შეიძლება მხოლოდ მეგობარი იყოს. მისი მამაკაცური ხიბლისგან წარამარა ჟრუანტელი უვლის, რა დროს მეგობრობაზეა ლაპარაკი! თანაც, ვინ გაიგონა ამ დროში ქალისა და კაცის მეგობრობა, ეს ხომ აბსურდია?!
გამოსვლის წინ სახეზე წყალი შეისხა და ქაღალდის ხელსახოცით შეიმშრალა. ბოლოს სარკეში ჩაიხედა და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია - როგორი გაწამებული სახე აქვს! არ უნდა განერვიულებულიყო ასე. შეიძლება ნორმალური ადამიანი ეკას კაპრიზებს აჰყვეს?
- მე მშვიდად ვარ, - შეჰღიმა თავის თავს სარკეში და დარბაზში გამოვიდა. მედიდურად მიმოიხედა ირგვლივ. რესტორანში სულ რამდენიმე მაგიდა იყო დაკავებული.
- რა დაღლილი სახე გაქვს, - შენიშნა ზურამ, - ისევ ბობოქრობ? მე მგონი, ასეთ რამეებზე არ ღირს ნერვიულობა.
- აღარ ვნერვიულობ. სამარცხვინო არაფერი ჩამიდენია, თუმცა კი უსამართლოდ მოინდომეს ჩემი დასჯა. არა უშავს, ადრე თუ გვიან სიმართლე გაირკვევა და მერე სხვები ინერვიულებენ.
- აი, ეს მომწონს! ყოჩაღი გოგო ხარ! მე უკვე შევუკვეთე ორი სალათა და ორი ყავა. კიდევ ხომ არ ინებებდი რამეს?
- არა, მართლა არაფერი მინდა.
- გარდა ამისა, სანამ შენ ქალების ოთახში "ერთობოდი", მე რაღაც-რაღაცები მოვიფიქრე შენთან დაკავშირებით. იმედია, მოგეწონება. ორი შემოთავაზება მაქვს.
- მართლა? - გოგონა იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო და ყურადღებით შეაჩერდა.
- გითხრა?
- აბა რა. მეგობარი, პირველ რიგში, იმისთვისაა მეგობარი, რომ გირჩიოს, შენ კი მოუსმინო, - ოდნავ დამცინავმა ტონმა გაიჟღერა ნუკის ხმაში.
მამაკაცმა ალმაცერად გახედა.
- ჰოდა, მომისმინე... შემოთავაზება ნომერი ერთი: ის, რაც მოხდა, უმიზეზოდ არ მომხდარა. შენ მცირე ბიძგი გჭირდებოდა, რომ იქიდან წამოსულიყავი და შენი შესაძლებლობების რეალიზებაზე გეფიქრა. იმ სახლში ამას ვერასდროს მოახერხებდი. ახლა მეტი ასპარეზი გაქვს. მოდელირების ფაკულტეტი თუ დაამთავრე, დროა, შენს ოცნებებს ფრთები შეასხა.
- და რა? ტანსაცმელი ვკერო? მერედა, ვისთვის? კლიენტები საიდან მოვიყვანო?
- ნუ მაწყვეტინებ! შენ სურვილი გამოთქვი და კლიენტები გამოჩნდებიან.
ამ დროს შეკვეთაც მოიტანეს და ორივე უთქმელად შეუდგა ვახშმობას.
- მე გეთანხმები იმაში, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, იქიდან რომ წამოვედი, თუმცა მაგ სკანდალის გარეშეც ვაპირებდი ამის გაკეთებას.
- და როდის აპირებდი?
- რა თქმა უნდა, ქორწილის შემდეგ. ასე რომ, შენმა ნომერ პირველმა შემოთავაზებამ ნამდვილად სარგებლობა მომიტანა.
- მიხარია.
- მაგრამ შენ, მგონი, მეორე შემოთავაზებაც გქონდა, - შეახსენა.
- ჰო... თუმცა, მეორე რაც უნდა მეთქვა, შეკითხვა უფროა, ვიდრე შემოთავაზება. რატომ ყოყმანობ ჩემთან დარჩენაზე? არა მგონია, სხვასთან უკეთ იგრძნო თავი. თუ მეგობრები ვართ, ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ. შეიძლება ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა. არც ღამის გასათევი გაქვს და არც პერსპექტივა, ჯერჯერობით. არა მგონია, იმდენი გქონდეს, რომ თავის შენახვა შეძლო, თუნდაც ამ ეტაპზე. ამიტომ მიიღე ჩემი შემოთავაზება.
- რომელი? - ვითომ ვერ მიუხვდა ნუკი.
- დარჩი ჩემთან... და მე მაქსიმალურად დაგეხმარები ყველაფერში.
- მაგრამ...
- მაგრამ, მაგრამ... რა ძალიან გიყვარს ეს სიტყვა! რას ხედავ ამაში მიუღებელს? - გაღიზიანდა ზურა.
- მაგრამ... - ჯიუტად გაიმეორა ნუკიმ, - ერთი მიზეზი მაინც მითხარი, რატომ უნდა მოვიქცე ასე, რატომ უნდა შეგაწუხო? ჯერ ისე კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს, რომ...
- სამი მიზეზი რომ დაგისახელო? - შეაწყვეტინა მამაკაცმა.
- ზურა, მესმის, რომ ჩემთვის სიკეთე გინდა, თუმცა კი ბევრი არ გიფიქრია, სანამ ამ გადაწყვეტილებამდე მიხვიდოდი. შენ მარტო ცხოვრობ, შენს გემოზე. მე რატომ უნდა შემოვიჭრა შენს ცხოვრებაში? ამწუთას ჩემი ინსტინქტი მხოლოდ ერთ რამეს მკარნახობს. რომ ეს არ იქნება გონივრული ნაბიჯი, თუმცა ჩემი წარმოსახვა სხვა რამეს მეუბნება...
- და რას გეუბნება შენი წარმოსახვა? - დაინტერესდა მამაკაცი.
ნუკიმ თავი ასწია და თამამად შეხედა თვალებში. მათი რამდენიმედღიანი ნაცნობობიდან გამომდინარე, გოგონა, რა თქმა უნდა, თანახმა იყო, შეეყვარებინა ეს მომხიბვლელი კაცი, მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, მაგრამ ისეთი სულსწრაფობა გამოსჭვიოდა ამწუთას მისი მზერიდან, რომ ნუკი წამიერმა უნდობლობამ შეიპყრო. მამაკაცებთან ურთიერთობაში იგი არც ისე ჭკვიანი იყო და არც ისე გამოცდილი, რომ დაუფიქრებლად მინდობოდა თუნდაც უკვე მეგობრის შემოთავაზებას. ამიტომ სიფრთხილის გამოჩენა არ აწყენდა.
- ჯერ ის სამი მიზეზი დამისახელე და მერე გეტყვი, - ეშმაკურად მოჭუტა თვალები.
- კარგი, თანახმა ვარ... პირველი - შენ დაღლილი ხარ... მეც... ჩვენ ორივე დავიღალეთ. მძიმე დღე გვქონდა თავისი წვიმებით, თქეშებით და ცრემლებით... ამიტომ აუცილებელია, კარგად გამოვიძინოთ. ჩვენ გვაქვს ამის უფლება. ხომ მართალია?
ნუკიმ ეჭვნარევი მზერით დაუქნია თავი.
- მეორე: შეიძლება იმ შენს დაქალს არ ჰქონდეს საშუალება, თავისთან დაგტოვოს. სასტუმროს ხარჯებს კი ვერ გაწვდები. ერთ და ორ დღეში ბინას ვერ იშოვი, თანაც იაფფასიანს...
გოგონამ წარბები შეყარა.
- ასე რომ, სხვა არჩევანი არ გაქვს, - დაამთავრა მამაკაცმა.
გოგონამ ამოიოხრა. მან ზურას გარეშეც მშვენივრად იცოდა ეს ყველაფერი. ის კი არა, მეტიც იცოდა - მას ძალიან უნდოდა დათანხმებოდა შემოთავაზებას, უბრალოდ, თავპატიჟს იდებდა.
- შენ მესამე მიზეზი არ დაგისახელებია... - ნუკი დროს წელავდა.
- სიამოვნებით. მიზეზი ნომერი სამი იმაში მდგომარეობს, რომ... - ზურამ გულიანად გაუღიმა, - ძალიან დაძაბული ხარ და დასვენება გჭირდება. დაისვენე და მოვიფიქროთ, რა მოვიმოქმედოთ.
- მატყუებ... - ბავშვური სიკეკლუცით შენიშნა ნუკიმ, - ეს იყო მიზეზი ნომერი პირველი, ოღონდ ცოტა შეცვლილი. მითხარი მესამე მიზეზი.
უეცრად მამაკაცს სახე დაუსერიოზულდა, ხელი ნელა გაიწვდინა მისკენ, მის ხელის ზურგს ზემოდან დააფარა თავისი ვეებერთელა ხელისგული, ოდნავ მოუჭირა თითები და ხმადაბლა,მაგრამ მთელი გრძნობით წარმოთქვა.
- მე მინდა, რომ ჩემთან დარჩე... შენ? შენ რა გინდა?
ნუკიმ პაუზა გაწელა.
- ყავა... - დაიჩურჩულა და ხელი გაითავისუფლა.
ზურამ დაკვირვებით შეხედა მის არეულ სახეს. გოგონას ისეთი სისწრაფით ეცვლებოდა გამომეტყველება, ძნელი იყო, მიმხვდარიყავი, რას განიცდიდა იგი ამ წუთებში.
- მე ვცდილობ, გავალამაზო შენი მარტოობა, - სიღრმისეულად გაისმა ზურას ხმა.
- შენ ცდილობ, ფერი შეუცვალო მას, უბრალოდ, გადაღებო და მეტი არაფერი, - გულგრილად შეუსწორა ნუკიმ და რესტორნის ვეებერთელა შუშებიან კედელში გაიხედა.
გარეთ, ქუჩაში, მანქანები ერთიმეორის მიყოლებით მიქროდნენ. ჩანდა, ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა იყო, ხოლო საღამო - რუხი და მოქუფრული, თუმცა კი გადაეღო წვიმას...
ზურას სამოთახიანი ბინა ჰქონდა. როგორც კი ფეხი შედგა ნუკიმ ჰოლში, საოცარმა მღელვარებამ შეიპყრო - თითქოს არამიწიერ სამყაროში მოხვდა, ზღაპრულ სამფლობელოში... სხვანაირად ქათქათებდა იქაურობა, ზედმეტად ბრწყინავდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამყაროში მხოლოდ მამაკაცი ცხოვრობდა, უქალო მამაკაცი. ან იქნებ, სულაც არ იყო "უქალო" და ეს ჯერ არ იცოდა ნუკიმ? რატომ ჰგონია, რომ ასეა? ზურასნაირს ვინ დატოვებდა მარტო? ამაზე არ უფიქრია... არა უშავს, იფიქრებს, დააკვირდება და გაიგებს. ახლა მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეუძლია - ზურას სისუფთავე ჰყვარებია, სიკოხტავე და კიდევ... თეთრი ფერი. ავეჯიც თეთრია, გადასაფარებლებიც, ფარდებიც, ჭაღებიც კი... ყველაზე პრეტენზიული ფერია.
- ესეც ჩემი რეზიდენცია! - ზურას დაღლილმა ხმამ ფიქრებიდან გამოარკვია, - დიდი ვერაფერი, მაგრამ მე და შენ გვეყოფა.
"მე და შენ გვეყოფა" თითქოს განსაკუთრებული ინტონაციით იყო ნათქვამი, ადვილად მისახვედრი ქვეტექსტით. ნუკიმ არ შეიმჩნია, ოდნავ შეარხია ტუჩები ღიმილის ნიშნად და ფანჯრისკენ დაიძრა.
- შენ საძინებელს დაგითმობ, მე კი კაბინეტში გადავბარგდები, ისედაც იქ მძინავს უფრო ხშირად, - გააგრძელა მამაკაცმა.
"აკი ჩემებთან გადავალო?" - გაუელვა გონებაში გოგონას.
- თუ, რა თქმა უნდა, ჩემი აქ დარჩენა უხერხულობას არ შეგიქმნის. თუ არადა, როგორც შეგპირდი, ისე გავაკეთებ. ჩემებთან გადავალ დროებით, - დაასრულა ზურამ.
"რა არის, შუბლზე მაწერია, რას ვფიქრობ?" - კოპები შეიკრა ნუკიმ, რაც შეეძლო, გაინაზა და ფანჯარასთან მისულმა მხოლოდ თავი მოაბრუნა.
- არა მგონია, გადასვლა საჭირო იყოს. ამხელა სახლში, მგონი, დავეტევით, თუმცა მე რამდენიმე დღეში მაინც გადავალ, არ შეგაწუხებ.
- მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. ახლა კი შენს ოთახს გაჩვენებ, მერე მოწესრიგდი და დაიძინე. მე ჩემს საქმეს მივხედავ, - ამ ლაპარაკში ზურა მიუახლოვდა, მაჯაში ხელი ჩაავლო, მარჯვნივ მდებარე კარისკენ ნელა გაემართა და ნუკიც თან გაიყოლა.
გოგონა გრძნობდა, როგორ მოუსვენრობას შეეპყრო ზურას თითები. სანამ საძინებელში შევიდოდნენ და მამაკაცი ხელს შეუშვებდა, აფორიაქებულმა თითებმა ათჯერ მაინც მოინაცვლეს ადგილი მის მაჯაზე.
- მოგწონს? - შეცვლილი ხმით დაეკითხა იგი, თან ყურადღებით აკვირდებოდა მისი სახის გამომეტყველებას, დაახლოებით ისე, როგორც ექიმი პაციენტს.
მისი ინტერესი გამართლებული იყო, ასე ხდება ხოლმე, როცა სრულიად უცხო ადამიანს მთელი მისი ავლა-დიდებით შეიფარებ საშინელი ხანძრის შემდეგ.
- ძალიან! - აღტაცების დაფარვა არ უცდია გოგონას, თვალები კიდევ უფრო გაუბრწყინდა, როცა მისთვის განკუთვნილი ოთახი ზღვის ტალღისფერი ტონებით აღმოჩნდა შეფერილი.
- ეს ჩემი საყვარელი ფერია, - თითქოს შორიდან ჩაესმა ზურას ხმა, ბუნდოვნად, გაბზარულად.
ნუკიმ მისდა უნებურად გაიხედა გვერდზე, ოთახიდან ხომ არ გავიდაო... არა, ზურა იქვე იდგა, ერთი ხელის გაწვდენაზე.
- ასე მგონია, ჩემს ფიქრებს კითხულობ, - ვეღარ მოითმინა გოგონამ და ღაწვებშეფაკლულმა თვალი თვალში გაუყარა.
- კი არ გგონია, ასეა, - ფართოდ გაიღიმა მამაკაცმა და მოხრილი საჩვენებელი თითი ცხვირის წვერზე მსუბუქად ჩამოჰკრა.
უარესად აილეწა ნუკი, ერთიანად გაუხურდა სხეული.
- ყველა შენი ფიქრი ზეპირად ვიცი, გაცნობის დღიდან მოყოლებული დღემდე... და ასე იქნება მანამ, სანამ ჩემ გვერდით იქნები, - შენიშნა ზურამ და იგივე ღიმილი კიდევ ერთხელ გაიმეორა.
- ღმერთო... ასე მგონია, სიზმარში ვარ, - სხვა ვერაფერი თქვა ნუკიმ, - ყველაფრისთვის დიდი მადლობა, მაგრამ არ მინდა ტვირთად დაგაწვე. მირჩევნია, ჩემი უბედურება მხოლოდ მე მამძიმებდეს. შენი გარევა არ მინდა ამაში.
მოულოდნელად ზურას გულიანი სიცილი აუტყდა.
- არა უშავს, მე რაღაც დონეზე უკვე შეგისწავლე და შევამჩნიე, რომ ხანდახან შეგიძლია ბავშვივით სასაცილო იყო. ყველანაირად ვეცდები, რაღაც მაინც გავაკეთო შენთვის. დროა იგრძნო, რომ... არც ისეთი "უნიკალური" უბედური ხარ, როგორც გგონია. განახვებ, რა არის უბედურება სხვებისთვის და მიხვდები, რომ უბედურთა სიაში მთლად პირველ ნომრად არ წერიხარ.. ახლა კი მიხედე საქმეს. თეთრეული გარდერობშია. ასეთ წვრილმანებში მე ნუ გამრევ. ქალებს უკეთ გამოგდით "ოჯახობანა", - თვალებმოჭუტულმა მამაკაცმა ორივე წარბი მრავლისმეტყველად აუწია და ოთახიდან გავიდა.
დილა უკვე კარგა ხნის გადასული იყო, ნუკის რომ გამოეღვიძა. როცა თვალი გაახილა, ალმოდებული მზე ფანჯრის მინებს ელაციცებოდა და მუქი ფარდებიდან ოთახში ჯიუტად ცდილობდა შემოძრომას. ავეჯი, ტანსაცმელი, კედლები, სკამი - ყველა მხრიდან ყველაფერი თითქოს მას უყურებდა. მშვენივრად გამოიძინა. ნეტავ რა დროა? თავი ასწია და მიმოიხედა. საძინებლის კარი ოდნავ იყო შეღებული. გაიკვირვა. არადა, კარგად ახსოვს, რომ დაწოლის წინ კარი მჭიდროდ მოკეტა. გარედან მოხარშული ყავის მძაფრი არომატი შემოიჭრა. სწრაფად წამოდგა, წითელი სარაფანი გადაიცვა და თითქოს ვიღაცას ემალებაო, ქურდული ნაბიჯებით შევარდა სააბაზანოში.
რა საშინელებაა! იმ სიჩქარესა და არეულობაში კბილის ჯაგრისის წამოღება რომ დავიწყებია. ვერც წუხელ მოახერხა კბილების გამოხეხვა. სასწრაფოდ უნდა იყიდოს, თორემ მისი მასპინძელი იფიქრებს, არაჰიგიენური გოგო ყოფილაო!
- საუზმე მზადაა! - ზურას ხმამ უცნაურად იმოქმედა მის ნერვებზე. წუხელ ისეთი დაღლილი იყო, არაფრის გააზრების უნარი არ ჰქონდა. ამ დილით კი... დასვენებამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. თითქოს უფსკრულის პირას მიმოდიოდა. რომ იცოდეს ამ კაცმა, რასაც ნუკი მის მიმართ განიცდის... არა, უმჯობესია, ამაზე არ იფიქროს...
- დილა მშვიდობისა, - მორცხვად მიესალმა სამზარეულოში მოფუსფუსე ზურას და კარის ძგიდეს მხრით მიეყრდნო.
- მშვიდობის დილა - ქვემოდან ამოხედა მამაკაცმა და ხარბად შეათვალიერა წითელ სარაფანში გამოზნექილი მისი მკერდი, - ყავის სურნელით მომაგენი, ხომ მართალი ვარ? - გაეხუმრა, - სპეციალურად შევაღე შენი ოთახის კარი, რომ გაგღვიძებოდა.
- მივხვდი, - შერცხვა ნუკის, - არ ვიცი, რა მეტაკა. ამდენ ხანს არასდროს მძინებია. სოფელში, ჩვეულებრივ, დილაუთენია ვდგებოდი ხოლმე.
- მაგრამ ეს ქალაქია, თანაც დედაქალაქი. არის განსხვავება, - გაეხუმრა ზურა, - ეგ არაფერი. აქ ადრე ადგომას აზრი არა აქვს, თუ, რა თქმა უნდა, სამსახურში არ მიგეჩქარება. ჯობია, საწოლში ინებივრო, სანამ წოლა არ მოგბეზრდება, - ხმაში ვნება გაურია მამაკაცმა, რაც არ გამოპარვია გოგონას.
- მერე მივალაგებ აქაურობას, - თითქოს დანაშაულის გამოსყიდვა უნდოდა, ისეთი ტონით წარმოთქვა.
- როგორც გინდა, თუმცა იცოდე, რომ სულაც არ ხარ ვალდებული, - თავი დაიზღვია ზურამ, - ახლა კი მოდი, დამეწვიე. იმედია, დიეტაზე არ ხარ.
- არა და არც არასდროს ვყოფილვარ.
- არ გჭირდება და იმიტომ. იოგურტი გიყვარს? ძალიან სასარგებლო პროდუქტია.
ნუკიმ უთქმელად დაუქნია თავი, დაჯდა და იოგურტის ქილას წაეტანა. ერთხანს ატრიალა ხელში, გამოშვების თარიღს დააკვირდა.
- ახალია, მაგას ყოველთვის ვამოწმებ, - მიუხვდა მამაკაცი.
- ეს ისე, მექანიკურად... - იმართლა თავი გოგონამ და აჭარხლებულმა ცივად დადგა ქილა მაგიდაზე.
- ყავა გიყვარს?
- ისე რა... თუმცა ვსვამ. საერთოდ, ხსნადი მირჩევნია.
- ამჯერად სხვა არ მაქვს... უნდა მაპატიო.
- არა გრცხვენია? ამასაც სიამოვნებით დავლევ, - ნუკიმ ყავის ფინჯანს ხელი წამოავლო.
- ჯერ შეჭამე, ყავა მერე დალიე.
- ცხელი თუ არ არის, ისე ყავას ვერ ვსვამ, - უხერხულად წარმოთქვა გოგონამ და სწრაფად დაამატა, - ან ძალიან ცივი.
- ესე იგი, უკიდურესობების მოყვარული ყოფილხარ... - შენიშნა ზურამ და ხელისგულები ერთმანეთში გადახლართა, - ამას გავითვალისწინებ. როგორ გეძინა?
- მკვდარივით.
- მიხარია. ახლა კი ახალი ამბები. მე დილით იმდენი რამ მოვასწარი, არც დაიჯერებ. ავტოსადგურში გავედი, სამარშრუტო ტაქსის დავხვდი, რომელსაც ბიძაშენმა ფული გამოატანა. 400 ლარი. 200 შენი და დანარჩენი თავისი, საჩუქრად.
- ვერ გავიგე... რომელი 200 ჩემი? - დაიბნა ნუკი.
- კარგი, თავიდან დავიწყებ. წუხელ ხუტამ დამირეკა, შენზე ნერვიულობდა. დავამშვიდე. ვუთხარი, მე წამოვიყვანე და უკვე დავაბინავე-მეთქი. არ მითქვამს, აქ რომ ხარ. ჰგონია, რომ ბინის დაქირავებაში დაგეხმარე. რა ვიცი, არ მინდა რამე იფიქრონ. ხომ გესმის... ეკას უპოვია თავისი საყურე, მის მეჯვარეს აუღია თურმე და დროებით ჩამოუკონწიალებია ყურებზე, - ზურამ გაიცინა, - როცა შენს გამოქცევაზე ერთი ამბავი ატეხა ბიძაშენმა, იმ გოგოს უთქვამს, მე ავიღეო. აყვირებულა ხუტა, ბავშვი სახლიდან გამიგდეთ, თქვენ ხომ ხალხი არა ხართო... რთი გოგო როგორ ვერ უნდა აიტანოს ჩემმა ცოლ-შვილმა, თუნდაც ჩემი ხათრითო. ჰოდა, ასე... დილით ისევ დამირეკა, ფულს ვაგზავნი და "მარშრუტკას" დახვდიო. სულ ეს იყო. ახლა უკვე მდიდარი ქალი ხარ. შენი ფული აგერ დევს, მაცივრის თავზე.
- დამპალი! - კვნესით აღმოხდა ნუკის.
ზურა მიხვდა, ვისაც ეკუთვნოდა ეს ეპითეტი და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია.
- შეეშვი ეკას, თავისი გასაჭირი ეყოფა. ძლივს ქმარს ეღირსა და ისიც ერთი ღამით, მგონი. როდის ჩამოვა მეორედ, კაცმა არ იცის. გგონია, ადვილია? მაგას ჯობია, მომისმინო და არ შემაწყვეტინო, გთხოვ. მე ხვალ სამსახურში უნდა გავიდე, ჩემი შვებულების დრო იწურება. არ მინდა, თავშესაფარი გარეთ ეძებო. არც ის მინდა, უაზროდ დახარჯო ფული, რომელიც არ გაქვს, ბინაში, რომელიც არაფერში გჭირდება. დარჩი აქ, მშვენიერი ოთახი დაგითმე მშვენიერი საწოლით, რომელიც, სიმართლე გითხრა, ტყუილად ცდება, - აქ ისე შემპარავად შეხედა, გოგონამ წამსვე მოარიდა თვალი, - შენნაირი სრულყოფილება თუ ჩაწვება მასში, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
ზურა წამოდგა და მაცივრიდან წვენი გამოიღო, თან ორი მაღალყელიანი ჭიქა მოაყოლა და წვენი ჩამოასხა. მისი ყოველი მოძრაობა სპორტსმენის მოძრაობასავით ჰარმონიული და გამართული იყო... თან რაღაც უცხო სურნელი ასდიოდა... სუფთა და მამაკაცური... ოდეკოლონის... ყავის... ნუკიმ თვალები დახუჭა და კმაყოფილმა შეისრუტა ამ სურნელით გაჟღენთილი ჰაერი.
- მე გვიანობამდე ვრჩები სამსახურში და ისე ვიღლები, მოვალ თუ არა, ეგრევე ვწვები. ამიტომ სახლის ბატონ-პატრონი შენ იქნები. აკეთე, რაც გსურს, როცა გსურს და როგორც გსურს. იმისთვის, რომ არ მოიწყინო, ჩართე კომპიუტერი, ინტერნეტში იძრომიალე. რა იცი, რა ხდება... ეკაზე ნაკლები რითი ხარ, იქნებ შენც გაიცნო ვინმე. ამასობაში მე რაღაც-რაღაცებს გავარკვევ შენი სამსახურის თაობაზე და თუ გამომივიდა, რაც მაქვს ჩაფიქრებული, ყველაფერი კარგად აეწყობა. გასაგებია? - ზურა ისე ელაპარაკებოდა, როგორც უფროსი უმცროსს, როგორც მასწავლებელი მოსწავლეს, თუ მამა შვილს...
- რატომ აკეთებ ამ ყველაფერს? - ვეღარ მოითმინა ნუკიმ, ძალიან უნდოდა გაეგო, რა ხდებოდა მის გულში, რა ადგილი ეჭირა მას იქ, - რატომ ირჯები ასე ჩემი გულისთვის?
- რატომ ვირჯები? მაინცდამაინც მედალი უნდა დამკიდოს ვინმემ, სიკეთე რომ გავაკეთო? - ეშმაკურად ჩაიღიმა ზურამ, რადგან მიუხვდა, რისთვის იყო ეს შეკითხვა გამიზნული.
ღმერთო, როგორი ღიმილი აქვს, როგორი გამოხედვა! შეძლებს კი ნუკი, გაუძლოს ამ მომნუსხველ მომხიბვლელობას? ან ამ ტუჩების ხიბლს, ერთს რომ ლაპარაკობენ და მეორეს გულისხმობენ?!
- აბა, რას იტყვი, თანახმა ხარ?
- მაშინ მეც მომეცი უფლება, აქაურობას მივხედო. დავალაგო, დავრეცხო, სადილები მოვამზადო...
- ჩათვალე, რომ უკვე გაქვს ამის უფლება.
- მეგობრების მონახულება შემიძლია? - ისე გულუბრყვილოდ იკითხა, მამაკაცი სიცილისგან ჩაბჟირდა.
- აბა არა გაქვს? ჩემი ტყვე კი არ ხარ, გოგო! ვისაც გინდა, იმას შეხვდი, რა ნებართვას მთხოვ? თუ გინდა, აქაც მოიპატიჟე, არ არის პრობლემა. ოღონდ მთლად კაცებით ნუ გამივსებ სახლს, - ხუმრობით დააყოლა.
- არა, რა კაცები, - შეიშმუშნა ნუკი.
- გეხუმრე... ახლა კი, სწრაფად ავალაგოთ სუფრა და მერე ფოტოები გადავიღოთ. შენი ასაკის რომ ვიყო, ვიცი, რასაც გავაკეთებდი.
- არც ისეთი ასაკოვანი ხარ... - მორიდებით შენიშნა.
- შენთვის ასაკოვანი ვარ, - ხაზგასმით აღნიშნა ზურამ და რატომღაც, თვალი მოარიდა, თითქოს ამით მიანიშნა, ჩემზე ტყუილად ფიქრობ, დროა, სხვაზე გადაერთოო.
ნუკის ნირი წაუხდა. ყოველივე იმის შემდეგ, რაც მათ შორის მოხდა, ასეთ სიტყვებს არ ელოდა. ელვის უსწრაფესად შეეცვალა გამომეტყველება, თვალებში ტკივილი ჩაეშალა.
- კიდევ ერთი... - ჩამქრალი ხმით წარმოთქვა ნუკიმ და თვალი თვალში გაუყარა მამაკაცს, - კიდევ ერთი რამის უფლება მინდა მომცე, სანამ აქ ვარ.
- გისმენ, - ზურამ ნიკაპი ერთმანეთზე გადახლართულ თითებზე ჩამოდო და დაჟინებული მზერა მიაპყრო, თითქოს მის სულში შეღწევას ცდილობსო.
- ხანდახან მეც ვიყიდი პროდუქტს ჩემი ფულით. არ მინდა, ვალში დავრჩე.
მამაკაცს წამით მოექუფრა სახე, თუმცა მსწრაფლ გაიღიმა, ხელები გაშალა და თქვა.
- მთლად არ მომწონს შენი შემოთავაზება, მაგრამ ეგრე იყოს, თუკი ეს დაგამშვიდებს, ოღონდ...
და ერთხანს კიდევ იკამათეს, ივაჭრეს, რაღაცები შეათანხმეს ერთმანეთთან, მერე მაგიდა აალაგეს, ჭურჭელი დარეცხეს და ფოტოებიც გადაიღეს. ნუკი თანდათან გამხიარულდა, წეღანდელმა უხასიათობამ მალევე გაუარა. მერე კომპიუტერს მიუსხდნენ და ზურამ მისი ფოტოების პროფილში ჩაყრა დაიწყო.
ათი წუთიც არ იყო გასული ამ "პროცედურიდან", რომ ნუკის პრიფილს უკვე რამდენიმე ადამიანი ათვალიერებდა.
- ხედავ? რა უცებ როგორი პოპულარული გახდი? ხალხი დაინტერესდა შენით, - ამხნევებდა ზურა, - პაროლი შეგიძლია შეცვალო, თორემ ერთხელაც შემოვალ და შენს ყველა საიდუმლოს გავიგებ.
- მე საიდუმლო არ მაქვს, - შორს დაიჭირა გოგონამ.
- მალე გექნება. ვიცი აქ რაც ხდება, - მოუჭრა მამაკაცმა, - ოღონდ ერთი რამ დაიმახსოვრე. ვირტუალური ნაცნობობა არასდროს აურიო რეალურში. აქ შეიძლება ყველაფერი ზღაპრულად მოგეჩვენოს, ოცნებებიც აიხდინო, მაგრამ ეს არარსებული სამყაროა, რომელიც რეალობისგან შორს დგას და ეცადე, არ შეტოპო. ბოლომდე არავისთან არასდროს გაიხსნა. ყველას ეკასავით კი არ გაუმართლებს.
- მგონი, პატარა გოგო არ ვარ, რაღაცები მეც მესმის, - ფარული წყენა გაისმა ნუკის ხმაში.
- ვიცი, რომ გესმის, მაგრამ ქალები უკიდურესად რომანტიკოსები ხდებით ხანდახან. მე მხოლოდ ერთის თქმა მინდა. ვიღაც შეიძლება ცხვრის ტყავში გახვეული მგელი აღმოჩნდეს და მის ანკესზე არ უნდა წამოეგო. ბევრი აქ იმისთვისაა შემოსული, რომ ქალებს თავბრუ დაახვიოს, თავი შეაყვაროს და თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს. ზოგიერთს შეიძლება სულ სხვა ადამიანის ფოტოები ჰქონდეს დაყრილი და ამ დროს სულ სხვანაირად გამოიყურებოდეს ცხოვრებაში. ამის გარჩევა უნდა ისწავლო. იმედია, არ გწყინს, ასეთ გაკვეთილს რომ გიტარებ?
- რას ამბობ. პირიქით, მადლობის მეტი რა მეთქმის. არ ვიცი, რა მეშველებოდა, შენ რომ არ შეგხვედროდი. შენთან საუბარი ტკივილს მავიწყებს.
- ეს ცხოვრების ყველაზე ძველი საშუალებაა. ადამიანები ერთმანეთს რომ არ დახმარებოდნენ, დიდი ხნის წინ გადაშენდებოდა კაცობრიობა. ხედავ? უკვე შენც მოახერხე რაღაცის დავიწყება. ეს კარგია, მაგრამ წინ ბევრი უკეთესი რამ გელის. შენ ცხოვრებაში იმდენი სიმწარე გამოსცადე, რომ ახლა მხოლოდ ისღა დაგრჩენია, ბედნიერებისთვის იბრძოლო. შეიყვარო ვინმე, გაახარო და შენც გაიხარო.
რა ჭკვიანი კაცია, აღტაცებით ფიქრობდა გოგონა, ამაზე უკეთესი ვიღა უნდა ეძებოს? ოღონდ კი მანაც მოისურვოს და...
- სამწუხაროდ, სიყვარულის არაფერი მესმის, - ჩურჩულით თქვა ნუკიმ და წამწამები დახარა.
- გყვარებია ოდესმე ვინმე? - ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე წამოტივტივდა ნუკისთვის საინტერესო თემა.
- შეიძლება ჰო, შეიძლება არა... მაშინ ასე მეგონა, დღეს სხვანაირად ვფიქრობ. სიბრალულის შეგრძნება მეტი დამრჩა, ვიდრე სიყვარულის.
- გამოდის, არ გყვარებია... იქნებ ეს დანაშაულის შეგრძნება უფროა?
- რატომ გგონია?
- ხანდახან მამაკაცებს რცხვენიათ იმის აღიარების, რომ ვიღაც უყვარდათ, ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს. არადა, რაც უფრო მეტად უყვარს ადამიანს, მით ნაკლებია წინააღმდეგობა. ამისგან ხანდახან სულიც შეიძლება შეგეხუთოს.
- შენ საიდან იცი ამდენი, თუკი არასდროს გყვარებია? - გამომცდელი მზერა მიაპყრო ზურამ.
- მცდელობა მქონდა და იქიდან.
- და მერე? არ გაამართლა შენმა მცდელობამ?
- მაშინ სხვანაირად აღვიქვამდი მოვლენებს. მეგონა, ადვილი იყო შეყვარება. მეგონა, ამისთვის მხოლოდ შეყვარების სურვილიც კმაროდა. და დავიჯერე, რომ მიყვარდა. ამიტომაც არ მესმოდა, როგორ შეიძლებოდა, დამთავრებულიყო სიყვარული.
- სამწუხაროდ, ასეც ხდება.
- მერე კი მივხვდი, რომ თურმე არც არასდროს დაწყებულა. ხანდახან ყველაფერი დასაწყისშივე დამთავრებულია, შენ კი ამას ვერ ამჩნევ, იმიტომ, რომ აიძულებ შენს თავს, მიეჩვიო არსებულ ყოფას... ვიცი, არ შეიძლება მიატოვო ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ აღმოჩნდა, ვინც გეგონა, მაგრამ იყო კი საჭირო, გამეგრძელებინა მის გვერდით ცხოვრება მაშინ, როცა არ მიყვარდა? - მისდა უნებურად ნუკი გულის გადაშლის ხასიათზე დადგა.
- მორჩი ფსიქოლოგიას, ნუკი. დაძველდა შენი ცხოვრების აფიშები, ხომ ხედავ? დროა, შეცვალო პროგრამა. შენი ცხოვრების ათვლის წერტილი, ჩათვალე, რომ დღეს მოინიშნა აი, აქ, - და საჩვენებელი თითი მაგიდაზე დააკაკუნა.
ნუკი თითქოს გამოაფხიზლა ამ სიტყვებმა. უნებლიეთ შეკრთა, ღაწვები აუფორაჯდა, თითქოს ყველაზე დიდი გულისნადები ყველაზე უადგილო ადგილას გააშიშვლა. ზურას შეუმჩნეველი არ დარჩენია მისი აფორიაქება და სიტუაციის განმუხტვა სცადა.
- მართლა და, რომელი საათია?
- არ ვიცი, - უხერხულად აიწურა გოგონამ მხრები.
- მე უნდა გავიდე, ჩემები რომ არ ვინახულო, დედაჩემი ხმას არ გამცემს. შენ გაერთე, მე გვიან დავბრუნდები, არ დამელოდო. შეგიძლია უჩემოდ ივახშმო, კარგი?
- მაინც დაგელოდები...
- არა-მეთქი. შეიძლება დავრჩე კიდეც მათთან. ყოველ შემთხვევაში, გაგაგებინებ, დაგირეკავ.
ნუკიმ უმწეოდ ახედა მის წინ მდგარ მამაკაცს და მორჩილად დაუქნია თავი.
გაგრძელება