ონლაინრომანი "ნაადრევი ენძელები"
ავტორი: კვარაცხელია
იხილეთ რომანის დასაწყისიიმ ღამეს ზურა შინ არ დაბრუნებულა... არც მეორე ღამეს. ნუკი, ცოტა არ იყოს, შეშფოთდა, თუმცა დარეკვა და ამბის გაგება არ უცდია. თუ მამაკაცი საჭიროდ ჩათვლიდა, თავად გააფრთხილებდა და ეტყოდა მოუსვლელობის მიზეზს. არადა, ინტერესი ჰკლავდა - ვინ იყო ის ინკოგნიტო ქალბატონი, ორი ღამით ასე მოუბოდიშებლად რომ " აწაპნა" მისი ერთადერთი პატრონი? ყოველივე ამას ისიც დაემატა, რომ დათო კვლავ შეეხმიანა და ტელეფონის ნომერი გამოსტყუა, თუმცა არ დაურეკავს. ნუკიმ ითავხედა და თავად დაურეკა. უცნობმა გაუთიშა. ამან საშინლად გააღიზიანა. ამ დროს მესიჯი მოუვიდა: " შეხვედრაზე ვარ, თვითონ დაგირეკავ" . როგორი გაწბილებული დარჩა. რა ემართება ბოლო ხანებში? შეცდომას შეცდომაზე უშვებს. რამ გააგიჟა, ნუთუ ასე ძალიან უნდა სიყვარული? ნუთუ ზურასგან უარყოფილი სხვაგან ეძებს თავშესაფარს? როგორ ეზიზღებოდა ამწუთას საკუთარი თავი... ეს ვიღაც დათო კიდევ როგორ ათამაშებს, რა ტრიუკებს უწყობს... რისი იმედი აქვს? თავს შეაყვარებს ნუკის? არ გამოვა ეგ საქმე. ასე ადვილად რომ შეძლებოდა ვინმეს შეყვარება, აქამდე ათი კაცი ეყოლებოდა გამოცვლილი... სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ადგა და მიაბლოკა იდუმალი თაყვანისმცემელი. ამით პროტესტი გამოუცხადა მოსალოდნელ საფრთხეს, რომელიც არც კი იცოდა, რომელი მხრიდან და რა ფორმით ემუქრებოდა.
დაბლოკვამ შედეგი მყის გამოიღო. ხუთი წუთიც არ იყო გასული ამ " გმირობიდან" , რომ ნუკის მობილური აწკრიალდა. ის იყო, ჯეკბეღურა.
- რატომ ჩაიდინე ეს? - თავის სავარაუდო ასაკთან შედარებით, მამაკაცს უფრო " ბებერი" ხმა ჰქონდა.
- რა ჩავიდინე?
- რისთვის დამბლოკე?
- ასე იყო საჭირო.
- რატომ, შეგიძლია ამიხსნა?
- იმიტომ, რომ სხვა ვინმედ ასაღებ თავს, სინამდვილეში კი სულ სხვა ხარ.
- შენ რა იცი, რომ სხვა ვარ?
- ვხვდები, სულელი არ ვარ. ხმაზეც გეტყობა, რომ ახალგაზრდა არ ბრძანდები.
- დავუშვათ, ასეა, მერე რა?
- მერე ის, რომ ტყუილებს ვერ ვიტან! რატომ აკეთებ ამას? შეგიძლია ამიხსნა, კონკრეტულად რაშია საქმე? მონადირის ინსტინქტი? თუ ასეა, შენ იქ არ ეძებ, თუკი არის საჭირო საერთოდ სადმე ძებნა... აქ ვერაფერს იპოვი, მაშველ რგოლსაც კი. აღარასდროს დამირეკო! - ოფიციალურად განუცხადა და გაუთიშა.
ესეც ასე... კიდევ ერთი უნებური ნაბიჯი გადადგა. არა, არ უნდა მოქცეულიყო ასე. მორჩა, მეტჯერ აღარ შეეხმიანება. ყოველ შემთხვევაში, თავმოყვარე მამაკაცი ასე მოიქცეოდა. რა სულელია, ისე მაინც გაერთობოდა ცოტა ხნით. არა უშავს, სხვას იპოვის, კაცების მეტი რა ყრია, - უმისამართოდ გაიღიმა და ნელის მეგობრებში დაიწყო " ხელის ფათური" .
რამდენიმე სიმპათიური მამაკაცი ამოარჩია. ერთი მოეწონა ძალიან, ზედმეტად სიმპათიური, ზედმეტად სევდიანი თვალებით, რომელსაც ასევე ზედმეტად მგრძნობიარე და სექსუალური ტუჩები ჰქონდა. ფოტოზე ასე ჩანდა. რაც მთავარია, იგი თავის ვინაობას არ მალავდა. უცნობს გია ერქვა. ერთადერთი, რაშიც იტყუებოდა, ასაკი იყო, ახალგაზრდა მამაკაცს წლოვანებად 69 წელი ეწერა. ამაზე გაეღიმა. მერე მის მეგობრებში შევიდა. აუჰ! იქ რა ხდებოდა (სრული დომხალი)! ენით ვერ აღწერდა ადამიანი. სამასზე მეტი მეგობარი ჰყავდა, უმრავლესობა ქალები, განურჩევლად ეროვნებისა და ასაკისა! ესეც კარგი დონჟუანი ყოფილა! მერე ფოტოების კომენტარები დაათვალიერა. იყო ერთი გნიასი, გიას ქება-დიდება და სიყვარულის " ახსნა-განმარტებანი" . არა, ნუკის ასეთი კაცი არაფერში გამოადგება. მექალთანე ტიპები არ უყვარს! მაგათი თავი არა აქვს. ნეტავ რამდენი წლისაა? ამ ფიქრებში იყო, რომ მოულოდნელად მისგან შეტყობინება მოუვიდა: " დიდი მადლობა, მზეთუნახავო, ჩემი ფოტოების შეფასებისთვის. რით დავიმსახურე ასეთი ლამაზმანის ყურადღება?"
ნუკის კმაყოფილმა ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე და პასუხიც წამსვე აფრინა: " ასაკთან შედარებით ძალზე ახალგაზრდულად გამოიყურებით" და ბევრი მოცინარი კაცუნა მიუწკაპუნა გასაგზავნ წერილს.
" სინამდვილეში 32 წლის ვარ. ეს ისე მიწერია, ზოგიერთების დასაბნევად" , - გამოეხმაურა გია.
ნუკიმ სიცილის სმაილები " დააყარა" .
" რატომ იცინი?" - მოსწერა.
" არ მეგონა, კაცებიც თუ მალავდნენ ასაკს" , - და კიდევ " დასცინა" .
" ზოგი ისე მაბეზრებს თავს, სხვა გზა არ მრჩება. შენ რას მოღვაწეობ, ლამაზო?" - დაინტერესდა ნუკის სიმპათიური (არა, ზესიმპათიური) ახალი ნაცნობი და წერილთან ერთად დამეგობრების მოთხოვნაც გამოუგზავნა.
- რა სულსწრაფი ყოფილა! - სიცილით წამოიძახა ნუკიმ და თანხმობა არ დააყოვნა.
" ნელის საიდან იცნობ?" - არ ეშვებოდა გია.
" ჯგუფელები ვიყავით. თქვენ?"
" ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს. მაგარი ყაჩაღანაა, გიჟი გოგოა, დიდ პატივს ვცემ. უცნაურია, მის მეგობრებს ვიცნობ, ბევრს ძალიან, შენ როგორ გამომეპარე?"
" წლებია, ერთმანეთი არ გვინახავს" .
" აჰა, გასაგებია. გათხოვილი ხარ?"
" არა. ჯერ არა."
" ჰოდა, რას საქმიანობ-მეთქი, არ მითხარი."
" ვდიზაინერობ, ტანსაცმელს ვკერავ."
" ოოო! კარგი საქმიანობაა. კაცის ტანსაცმელს თუ კერავ?"
" რა თქმა უნდა, კაცისაც და ქალისაც," - თავი მოიწონა ნუკიმ.
" მე კი პატარა ბიზნესი მაქვს... ისე, ჩემთვის."
" სახელდობრ?"
" დაცვის სამსახური მაქვს... საკუთარი."
" ესე იგი, პოლიციელი ხართ?"
" მთლად ასე ვერ ვიტყოდი, თუმცა დაახლოებით ასეა. არ გიყვარს პოლიციელები?"
" პოლიციელები ვინმეს უყვარს?"
" მაგაში გეთანხმები, მაგრამ შენთვის დაუშავებიათ რამე?"
" ჩემთვის არაფერი, ვაღიარებ, მაგრამ მაინც არ მიყვარს."
" გამოდის, არც მე გეყვარები."
" არ ვიცი, ამას დრო გვიჩვენებს," - და კვლავ სიცილი მიაყოლა.
" ბედნიერი ვიქნებოდი, შენნაირი მზეთუნახავი თუ შემიყვარებდა. თან ისეთი სიყვარული ვიცი, რომ... ოოოოო!"
" როგორი?"
" როგორი და... სიგიჟეების ჩადენა შემიძლია. კარიდან თუ არ მიშვებენ, ფანჯრიდან გადავძვრები, თუ არც ფანჯრიდან მიშვებენ, საკვამლე მილიდან ჩავეშვები და რა ვიცი..."
" თბილისში ძნელია საკვამლე მილის პოვნა."
" მართალი ხარ, მომიგე. სად ცხოვრობ?"
" თბილისში."
" ეგ გასაგებია, მაგრამ ტერიტორიულად?"
ნუკის გააჟრჟოლა. ყველა ერთსა და იმავეს რატომ ეკითხება? რა მნიშვნელობა აქვს, ტერიტორიულად სად მდებარეობს მისი ბინა?
" წერეთლის პროსპექტზე," - მაინც არ დაუმალა.
" აჰა... ახლოს ვყოფილვართ. მე ცოტა მაღლა ვარ, ნახალოვკაში. ესე იგი, დავმეგობრდით, არა?
" მგონი."
" ძალიან კარგი. აუცილებლად შეგეხმიანები. არც შენ დამივიწყო, კარგი, ლამაზო?
" ვეცდები."
" შეხვედრამდე," - გიამ ტუჩების სმაილები მოაყარა.
" შეხმიანებამდე," - ნუკიმ ღიმილში გაუცვალა.
" შენ არ მაკოცებ?"
" რა სულსწრაფი ყოფილხართ" , - სიცილად დაიღვარა ნუკი.
" ერთი მაინც გაგემეტებინა. ხომ ხედავ, მე როგორ მემეტება შენთვის."
" მაგას დამსახურება უნდა."
" მითხარი, როგორ დავიმსახურო და მზად ვარ."
" ამას დრო გვიჩვენებს."
" ეგრე იყოს. გაკოცე" , - და ახლა ერთი კოცნა გამოუგზავნა.
" ასე ცოტა?" - აფლირტავდა ნუკი.
" სხვა გზა მომიჭერი და რა ჩემი ბრალია? ვიფიქრე, არ გავაბრაზო-მეთქი."
" მე ეგრე ადვილად არ ვბრაზდები. კარგი, წავედი, ნახვამდის."
" ნახვამდის, მზეთუნახავო."
ნუკიმ კომპიუტერი გამორთო და სიამოვნებისაგან გაიზმორა. რა კარგია, მშვენივრად ერთობა. კაცების რიგი დაუდგა უკვე... ეს ზურა სად დაიკარგა? ამის გაფიქრება და კარის გაღების ხმა ერთი იყო. მსწრაფლ წამოხტა და შუა ოთახში გაიხიდა, თითქოს არც გაკარებია კომპიუტერს.
- საღამო მშვიდობისა, - დაღლილი ხმით მიესალმა მამაკაცი.
- საღამო მშვიდობისა.
- ხომ არ მოიწყინე? - ზურამ დაჟინებული მზერით შეათვალიერა, - რა იყო, მოხდა რამე?
- არა, არაფერი, რა უნდა მომხდარიყო?
- რა ვიცი, ისეთი დაბნეული სახე გაქვს...
- ეს იმიტომ, რომ არ გელოდებოდი.
- არ მელოდებოდი? რატომ? აბა სულ ხომ არ გადავიკარგებოდი? - ზურა კაბინეტში შევიდა და კარი მიიხურა.
ნუკი კიდევ ერთხელ დარჩა გაწბილებული. რა შუა ლაპარაკში მიატოვა? ვითომც არაფერი მომხდარა, ორი დღეა, დაიკარგა და ბოდიშიც არ მოუხადა. არც კი აუხსნა, სად იყო, რატომ ალოდინა (და ანერვიულა). საძაგელი!
ზურა რამდენიმე წუთში გამოვიდა, ტანსაცმელი გამოეცვალა.
- მშია, მაჭმევ რამეს? - კვლა დაჟინებით მიაშტერდა, თითქოს მის რეაქციას ამოწმებდა.
- კატლეტები გვაქვს, - ოჯახური დაიჭირა გოგონამ.
- ნამდვილი თუ მეტაფიზიკური? - თბილად გაუღიმა მამაკაცმა.
- ერთიც და მეორეც. მთავარია, რომელს მოისურვებ.
- ამწუთას ნამდვილი მირჩევნია, ძალიან დავიღალე.
" სად იყავი, რამ დაგღალა?" - კინაღამ გაექცა ნუკის ორი კითხვა ერთად, მაგრამ დროზე დააჭირა ენას კბილი.
- ახლავე გავაცხელებ.
- გავაგრძელოთ დაწყებული? - სამზარეულოში შესულ ნუკის ზურა უკან მიჰყვა.
- რა დაწყებული? - ვითომ ვერ მიუხვდა (არადა, რა კარგად მიუხვდა).
- ქეიფი.
- ა! რა ვიცი, როგორც გინდა, - გულგრილად უპასუხა და ტაფა ანთებულ გაზქურაზე შემოდო გასაცხელებლად.
- რატომ ხარ უხასიათოდ?
" იმიტომ, რომ შენ გამაბრაზე!" - ფიქრებში გაეპასუხა გოგონა, ხმამაღლა კი თქვა.
- არ ვარ უხასიათოდ.
¬- უფრო მეტიც, ოფიციალურიც კი ხარ.
- ცდები. ოფიციალური სულაც არ ვარ.
- უჩემოდ ხომ არ დალიე?
- არა.
- კარგია. სამაგიეროდ, ახლა მოვულხინოთ. თან რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი.
ნუკის გული უცნაურად აუძგერდა. რა უნდა უთხრას? მომწონხარო? საინტერესოა...
ისე სწრაფად გააწყო სუფრა, თვითონაც გაუკვირდა. მიხვდა, რომ ჩქარობდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ინტერესი კლავდა, რა სათქმელი გაუჩნდა მამაკაცს.
- ვა, პიურეც გვაქვს?
- აბა? კატლეტი პიურეს გარეშე ვის გაუგონია?
- ეს თამარამ გასწავლა?
- თამარა რა შუაშია, ეს ჩვეულებრივი " წყვილია" კერძებში - კატლეტი პიურეთი.
- კარგი, ჰო, ნუ მეჩხუბები.
- არ გეჩხუბები.
- ნუკი, ძალიან სხვანაირი მეჩვენები. რა მოხდა ამ ორ დღეში?
- არაფერი, ხომ გითხარი... - ცხვირი აიბზუა გოგონამ.
დასხდნენ. ზურამ მდუმარედ ჩამოასხა ნუკისთვის ღვინო, თავისთვის - კონიაკი.
- მეც კონიაკი მინდა, - მოითხოვა გოგონამ.
- მერე? არ გეშინია, რომ დათვრე?
- იმდენს არ დავლევ, რომ დავთვრე.
- როგორც გინდა. აი, შენ, კონიაკი, - თქვა და მასაც ჩამოუსხა, - შენ გაგიმარჯოს, კარგი?
- რატომ მე? - ირიბად გახედა გოგონამ, აშკარად გამოხატავდა აგრესიას.
- იმიტომ, რომ ჩემი სტუმარი ხარ. მომიჭახუნე.
- გუშინწინ არ ვიყავი შენი სტუმარი? - მისდა უნებურად წამოცდა.
ზურამ ჯერ გაკვირვებით შეხედა, მერე სიცილი აუტყდა.
- აი, თურმე, რატომ ხარ ცუდ ხასიათზე. გეწყინა, შუა გზაზე რომ მიგატოვე? მაპატიე, მეტაფიზიკურო გოგონავ, საქმემ მოითხოვა ასე, ჩემი ბრალი არ იყო.
- ვიცი, იმ ლამაზხმიანი ქალის ბრალი იყო, - ბოღმა გაურია ნათქვამს.
- ის ლამაზხმიანი ქალი დედაჩემი იყო. მამა გახდა ავად და უნდა წავსულიყავი.
- მართლა? უკაცრავად, არ ვიცოდი.. მე... მე...
- არა უშავს, ეგ არაფერია. დალიე!
- მამაშენს გაუმარჯოს, - დაბნეულმა გოგონამ ჭიქა მოიყუდა და ერთბაშად გადაჰკრა, მაგრამ ვერ მოზომა და კონიაკმა ისე დაცეცხლა, ხველა აუტყდა.
- ალალი, ალალიიი! - ზურა წინ გადაიხარა და ზურგზე ხელი დაუტყაპუნა, - კონიაკის დალევას ცოდნა უნდა.
- პირველად კი არ ვსვამ, უბრალოდ...
- ყველაფერზე თავს ნუ იმართლებ, ძალიან გთხოვ. ვიცი, რომ დაგილევია და ისიც ვიცი, რატომაც გადაგცდა. ბავშვი არ ვარ... შენსავით.
- არც მე ვარ ბავშვი!
- აი, კიდევ თავს იმართლებ.
- არ ვიმართლებ, გეჯიუტები, - კვლავ უნებურად (ეს უკვე მერამდენედ) გაექცა სიტყვა და გაწითლდა.
- მერედა, რატომ?
ნუკი არ დაიბნა.
- იმიტომ, რომ ასეთი ხასიათი მაქვს.
- ცუდი ხასიათი გქონია, - შეფიქრიანებული ტონით წარმოთქვა მამაკაცმა.
- ალბათ.
- იცი, რა გავაკეთე ამ დღეებში? - მის პასუხზე არ გაამახვილა ზურამ ყურადღება და კიდევ ჩამოასხა, - შენზე ბევრი ვიფიქრე.
ნუკის სახე აუფორაჯდა. " იწყება" , - შიშით გაიფიქრა და ერთიანად დაიძაბა.
- მართლა? - შეცვლილი ხმით უპასუხა.
- შენს სამსახურზე ვიზრუნე.
- ჩემს სამსახურზე? - იმდენად მოულოდნელი იყო მამაკაცის პასუხი, გაშრა.
- ჰო... და გადავწყვიტე, სამკერვალო სალონი გაგიხსნა.
- არ არსებობს! - გოგონა საკუთარ ყურებს არ უჯერებდა.
- ადგილიც მოვნახე უკვე, - იმავე ტონით გააგრძელა მამაკაცმა, - ერთ ქალსაც მოველაპარაკე, მკერავია, კარგი საკერავი მანქანა აქვს. ერთად იმუშავებთ. შენ მოდელებს დახატავ თუ ესკიზებს, რა ვიცი, როგორ ეძახით ამას მოდის სამყაროში, მერე გამოჭრი, ის კი შეკერავს. ჰა, როგორია?
- რა ვიცი... ცუდი არ უნდა იყოს, მაგრამ...
- მაგრამ რა?
- სიმართლე გითხრა, ცოტა მეშინია.
- რისი?
- არ ვიცი, საიდან უნდა დავიწყო. რა შევკერო, რა ზომის, როგორი... ან ვინ იყიდის?
- კლიენტები გამოჩნდებიან. შენ რამდენიმე შეკერე, რომ ვიტრინაში გამოფინო. დანარჩენს დრო გიჩვენებს. ინტერნეტი აგერ არის, შედი, დაათვალიერე საიტები, ნახე, რა არის მოდაში, რა უფრო გაგეყიდება და იმოქმედე! ახლა კი თქვი რამე, გაშრა ყელი.
- მე-ე?
- ჰო, შენ. არ მითხრა, რომ სადღეგრძელოები არ გეხერხება.
- ერთ დროს მეხერხებოდა, მაგრამ იმდენი ხანია, არ მიქეიფია, დამავიწყდა.
- სულ დაგავიწყდა? არც ერთი არ გახსოვს? - ჩაეძია ზურა და ისევ დაჟინებით მიაჩერდა.
- კარგი, მაშინ შენ გაგიმარჯოს.
- რატომ მე?
- იმიტომ, რატომაც მე, - პასუხი არ დააყოვნა და კეკლუცად გაუღიმა.
- როგორ გიხდება ღიმილი... - თავი ვერ შეიკავა მამაკაცმა ქათინაურისგან და უსიტყვოდ გადაჰკრა.
- როგორ? - ფლირტის ხასიათზე დადგა ნუკი.
- პირდაპირ შემომენათე.
- შემოგენათე?
- ჰო... და პირველად არ მიგრძნია ეს... ან ალბათ დეჟავიუ დამემართა, ვერ გეტყვი.. ერთხელ უკვე მოხდა ასე, - დახშული ხმით თქვა, მძიმედ წამოდგა, ნუკის მიუახლოვდა, დაიხარა და მოულოდნელად ტუჩებით მის ლოყაზე გაისრიალა.
როგორც კი მისი ტუჩები შეეხო, გოგონას წამსვე დენმა დაარტყა თითქოს და მერე მთელ სხეულში ელვასავით მოედო მისთვის უკვე კარგად ნაცნობი ვნებით გაჯერებული ჟრუანტელი.
ზურა კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა.
- რომელი ყვავილი გიყვარს? - ხმადაბლა ჰკითხა.
- ყველა, - ნუკი ჩურჩულზე გადავიდა სახეალეწილი, თვალებდახრილი.
- მაინც, მაინც?
- ენძელები.
- ენძელები? რა უცნაურია... მეც. ამიტომაც მინდა სწორედ ენძელასთან დაკავშირებული ფრაზა გითხრა.
- რა ფრაზა?
- ენძელასავით გატარებდი ხელისგულში მოქცეულს.
ნუკის თვალები გაუფართოვდა. მისგან ასეთ სითამამეს არ ელოდა. ვერ მიხვდა, სასმელმა გახსნა მამაკაცი, თუ უბრალოდ, მას ცდიდა.
- იები რომ მეთქვა, მაშინ რას მეტყოდი? - არჩია, არ დაეჯერებინა მისი ნათქვამი.
- მაშინ გეტყოდი... იის მოსვლას ვუდარაჯებდი, რომ შენთვის მომერთმია იგი-თქო... თუ გინდა, სხვა ყვავილიც დაასახელე, ყველაზე მაქვს პასუხი.
- ალბათ ბევრჯერ გამოგიყენებია ასეთი ფრაზები, - არ დაინდო ნუკიმ, ნიშნის მოგებით გადახედა მამაკაცს, წამოდგა და სამზარეულოდან გავიდა.
ზურამ ვერ მოითმინა და თვალი გააყოლა. რა საოცარი ფიგურა აქვს! ლამაზი მხრები, უზადოდ წახრილი კისერი და მაღალი ყელი, თუმცა... როცა თმა აწეული აქვს, საოცრად დაუცველი ჩანს მისი ყელ-კისერი. მას ჯერ არ უნახავს ქალის კისერი ასე ბავშვივით დაუცველი ყოფილიყო. უეცრად ჟინიანმა სურვილმა შეიპყრო - სწორედ მას დაეცვა იგი.
როცა ნუკი კვლავ გამოჩნდა კარის ზღურბლზე, ზურა გაქვავდა. ის გასაგიჟებელი იყო! ვნებამ დაუკითხავად დარია ხელი. მზად იყო, ველური მხეცივით სცემოდა გოგონას, მაგრამ მხოლოდ ერთი რამ უშლიდა ხელს... ნუკის წითელი სარაფანი გაეხადა და აბრეშუმის ხალათი მოეცვა. განსაკუთრებით მისი ფერი აკავებდა - თეთრი! უმანკოების ფერი! ქალწულებრივი ფერი... ნუთუ რომელიმე მამაკაცს შეუძლია მისგან შორს დაიჭიროს თავი? არა, რაღაც უნდა იღონოს, გულის ხმას არ უნდა აჰყვეს, გონს უნდა მოუხმოს. ამის მაგივრად, უარესი საშინელება წამოცდა.
- მე ვიცი, რატომაც ჩაიცვი ეს ხალათი, - თქვა მან, - იმიტომ, რომ ამით ჩემს პროვოცირებას ახდენ!
- არ მესმის, რას გულისხმობ, - თქვა ნუკიმ და გარეცხილი ვაშლი მაგიდაზე შემოდგა.
ზურა მოულოდნელად მიხვდა, რომ მისთვის მშვიდობიანი ცხოვრება დამთავრდა და განგაშის სიგნალმა დაჰკრა.
ნუკიმ დაჯდომა დააპირა, მაგრამ მოულოდნელად ზურა წამოდგა და სკამისკენ გზა გადაუჭრა. გოგონამ შიშით შეხედა, სუნთქვა მყისიერად არათანაბარი გაუხდა, მაჯისცემა გაუხშირდა. მამაკაცი ტუჩებზე წაეტანა. ნუკიმ გონს მოსვლა ვერ მოასწრო, ისე დააცხრა ძლიერი და ვნებით გაცხელებული ტუჩები მის ათრთოლებულ (უფრო შიშით, ვიდრე ვნებით) ბაგეებს. მამაკაცმა მჭიდროდ მიიხუტა გოგონა მკერდზე და ხელისგულები მის ზურგს ჩააყოლა. გიჟური სურვილი, ამწუთასვე დაუფლებოდა ამ საგანძურს, გონს აკარგვინებდა. ის მას ეკუთვნოდა, წესით და რიგით, ნუკი მხოლოდ მისი იყო, რადგან მან აღმოაჩინა იგი, ეს თვალისმომჭრელად ლამაზი, მეტაფიზიკური მირანდა.
ნუკი ათრთოლდა, მაგრამ კვნესა არ დასცდენია. ვერ მიხვდა, სიამოვნებას უფრო შეეპყრო, თუ შიშს.
მამაკაცი წამით შეჩერდა, თითებით შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაუწია გოგონას და გაუღიმა, თან ცახცახს ვერ იოკებდა. ნუკის მოეჩვენა, რომ საცაა, გული წაუვიდოდა, ისე დაებინდა გონება მოულოდნელობისგან. თითქოს სადღაც შეცურა, თან სასიამოვნო, თან საშიშ ადგილას, თითქოს შეერწყა მის ვნებიან კოცნას, თითქოს გაიბნა მამაკაცის ტუჩებში, თან გაფართოებულ თვალებს არ აცილებდა. მაგრამ როგორც კი ზურას მარჯვენა ხელი მის მკერდს წაეტანა და ძლიერად მოუჭირა, ისეთი ტკივილი იგრძნო, გამწარებულმა მთელი ძალით ჰკრა მამაკაცს ხელი. იგი უკან გადაქანდა და უნებურად მოწყდა მის სხეულს, მერე კი ცივად გაერიდა. ნუკი მოზღვავებული ემოციებისგან წაბარბაცდა.
- სიყვარული ილუზიაა, - თქვა მამაკაცმა, შემდეგ ხანგრძლივი პაუზა გააკეთა და გააგრძელა, - სასაცილო რამეა ეს ილუზიები. რაც უნდა ეცადო, სინამდვილედ ვერასდროს გადააქცევ. და თუ ჯიუტად ეცდები ამის გაკეთებას, კოპებს მიიღებ სანაცვლოდ.
გოგონამ გამანადგურებელი მზერა ესროლა და კბილებში გამოცრა.
- ის, რაც ახლა შენ ჩემთან სცადე, სრულიად საკმარისი იყო, ყველაფერს მივმხვდარიყავი. და დაიმახსოვრე - ეს საკითხი მოხსნილია დღის წესრიგიდან.
ზურამ ხელი მაჯაში ჩაავლო.
- ჩემთან შედარებით, იცი, რა უპირატესობა გაქვს? - ნუკიმ მზერა მამაკაცზე გადაიტანა და ყურადღებით დააშტერდა ისე, რომ მისგან ხელი არ გაუთავისუფლებია.
- არა და ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამ შეიძლებოდა ყოფილიყო.
- ის, რომ ჩემზე არაფერი იცი.
- გასაგებია, - თავი დააქნია მამაკაცმა, - შენ თუ იცი, შენი უპირატესობა რაში მდგომარეობს?
- რაში?
- იმაში, რომ არც შენ იცი არაფერი ჩემ შესახებ.
- ბარი ბარში ვყოფილვართ... ეს საღამო ფრედ დაგვიმთავრებია, - ნიშნის მოგებით გაუღიმა გოგონამ და გავიდა.
" უფრო ჯიუტი უნდა ვყოფილიყავი, უფრო დაჟინებით უნდა მომეთხოვა და ის აუცილებლად გაიმეტებდა რამეს" , - გაიფიქრა ზურამ და ამოიხვნეშა.
გაგრძელება