ონლაინრომანი "ნაადრევი ენძელები"
ავტორი: კვარაცხელია
იხილეთ რომანის დასაწყისიმომდევნო დღეებში თითქოს გაცივდა ურთიერთობა. ნუკიც და ზურაც თავთავიანთ ნაჭუჭში შეიკეტნენ. შეიძლებოდა საღამო (დილაც) ისე გასულიყო, სიტყვაც არ ეთქვათ ერთმანეთისთვის. მამაკაცი გრძნობდა, რომ გოგონას გაუსაძლისად მტრული გამომეტყველება უფრო და უფრო აშორებდა მისგან. ასე დიდხანს გაგრძელება შეუძლებელი იყო.
დრო თითქოს ოქრომჭედელს დაემსგავსა, რომელიც აუჩქარებლად ჭრიდა ყოველ წუთს, როგორც ძვირფას თვალს, რათა არ დაეზიანებინა იგი. ნუკის იმღამინდელი საქციელი ზურამ დიდ ირონიად ჩათვალა, თუმცა მისთვის ეს არ იყო სამყაროს დასასრული. მას სიყვარული სჭირდებოდა, ისეთი სიყვარული, როგორითაც მხოლოდ ქალს შეუძლია დაგაჯილდოოს და ამიტომ დანებებას არ აპირებდა... ოღონდ ეს ყველაფერი დროის საკითხი იყო, ის კი დროის აჩქარებას არ აპირებდა, თუმცა არსებობდა ამის შესაძლებლობა. დროის აჩქარებაც შეიძლება რაღაც მომენტში და შენელებაც, მისი უკან დაბრუნებაა მხოლოდ შეუძლებელი. ახლა უკვე აღარ სურდა უკან დახევა, არც ასაკობრივი სხვაობა აშინებდა, არც ნუკის სიჯიუტე. ეს ქალი მისი აღმოჩენა იყო და მას უნდა დარჩენოდა აუცილებლად.
გოგონა კი ჯიუტად განაგრძობდა გაბუტულის როლის თამაშს. მშვენივრად გამოსდიოდა. იქნებ არც თამაშობდა და სინამდვილეშიც ასეთი იყო? არც ამას გამორიცხავდა ზურა, მაგრამ არაფრის შეცვლას გეგმავდა. მოთმინებით ელოდა, როდის გაილეოდა გოგონას სიჯიუტე თუ სიამაყე.
ნუკი უფრო მიეჯაჭვა კომპიუტერს. იმდენად შეეჩვია, მის გარეშე წამითაც ვერ ძლებდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გია გაიცნო. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ნელის ესტუმრა და მისგან ბევრი რამ გაიგო მასზე.
- არ იცი, რა ბიჭია! - თვალებში უცნაური ნაპერწკლები გაუკრთა ნელიკოს, - ორმეტრიანი, ათლეტური, ულამაზესი თვალებით, სიცილით, ტუჩებით... მერედა, რა ხმა აააქვს!.. აგიჟებს ქალებს. ყველას მაგრად გვიყვარს, მაგრამ... - პაუზა გააკეთა და უკმაყოფილო ხმით დაამთავრა, - შენ ახლოს არ გაეკარო.
ნუკიმ წარბები აზიდა გაოცების ნიშნად.
- რატომ?
- იმიტომ, რომ საშინელი მექალთანეა. ქალი თუ მიზანში ამოიღო, აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს საქმეს, აუცილებლად მიაღწევს მიზანს, მერე კი მიატოვებს. ისე დაუმეგობრდი, თუ გინდა, ძმაკაცურად, მაგრამ მისი შეყვარება არ გაბედო, დამიჯერე, რასაც გეუბნები.
- არც მიფიქრია, საიდან მოიტანე? ისე გკითხე.
- რა ისე მკითხე, წეღან არ მითხარი, გეყოფა ახლა, ის კაცი არ შემაყვაროო?
- გეხუმრე, რა იყო, - ნაძალადევად გაიღიმა ნუკიმ და ღაწვებზე შეფარულმა სიწითლემ გადაჰკრა.
- ის რას შვრება, მეორე?
- რომელი მეორე? - გული შუქანდა გოგონას, ეგონა, დაქალი დათოს გულისხმობდა.
- შენი " ხაზეინი" , - აკისკისდა ნელიკო.
- ა! რა ვიცი, ამ ბოლო დროს ცუდად იქცევა.
- რას ნიშნავს, ცუდად იქცევა?
- მგონი, სარგებლობს იმით, რომ მასთან ვცხოვრობ.
- ეგ ჩვეულებრივი ამბავია, კაცია, ბოლოს და ბოლოს. მთავარია, შენ რას გრძნობ მის მიმართ.
- რა ვიცი... ალბათ მომწონს.
- მაგას რა ჯობია მერე! - ტაში შემოჰკრა ნელიმ, - აბა, მოგწყობია საქმე!
- არა, მთლად ეგრე არ არის, - ამოიოხრა ნუკიმ და თვალები დახარა.
- აბა, ერთი ამიხსენი, რა ხდება?
- ამას წინათ ისე მებდღვნა, გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი.
- რა მაგარია! მერე?
- მერე და მერე, თითქმის არ ველაპარაკები. მასთან რომ ვცხოვრობ, იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება აქვს.
- მოიცა, მოიცა, ისე დაგეტაკა, არაფერი უთქვამს? არც მომწონხარ, არც...
- კი, როგორ არა. რომანტიკული შესავალი გაუკეთა. ენძელასავით ხელისგულში მოქცეულს გატარებდიო.
- ჰო-ო? - კვლავ აკისკისდა ნელი, - იის მოსვლას არ ვუდარაჯებდიო?
ნუკიმ ამის გაგონებაზე ფერი დაკარგა.
- შენ საიდან იცი?
- საიდან ვიცი? სულელო! ეგ ხომ ლექსიდან არის.
- რომელი ლექსიდან?
- ზუსტად არ მახსოვს, ვისია, მაგრამ არის ასეთი ლექსი და ეს სტრიქონებიც იქიდან არის.
- დამპალი! - ქვედა ტუჩი მოიკვნიტა ნუკიმ, - რა მიამიტი ვარ, მე კი დავიჯერე, რომ...
- მერე რა მოხდა? ასეთ რამეებზე არ უნდა ავარდე, შტერო. ვიღაცამ დაწერა ლექსი, ვიღაცამ ის შენ მოგიძღვნა განსხვავებული ინტერპრეტაციით. რა არის ამაში მიუღებელი?
- რა ვიცი... - კვლავ ამოიოხრა გოგონამ.
- ნეტავი შენ, მოგცლია. ჩემი აზრით, ის შენი ზურა საუკეთესო ვარიანტია. მერე რა, რომ ცოტა ასაკოვანია. ეს ახლაა შესამჩნევი, თორემ წლები გაივლის და აღარც შეგეტყობათ. მოვა დრო და ერთი ასაკისანი გახდებით.
ნუკი ყურადღებით უსმენდა დაქალს, თითქოს მისი ნაამბობით ახალ აღმოჩენებს აკეთებდა.
- ვნახოთ, რა იქნება. ჯერ ნაადრევია სიყვარულზე ლაპარაკი.
- ჰო, რა თქმა უნდა, თუმცა ძალიან ნუ გაჯიქდები. ვიცი შენი ხასიათი, ზედმეტად ამაყი ხარ.
- მართალი ხარ, ზედმეტად.
- ჰოდა, ცოტა მორბილდი. არ არსებობს, არ შეუყვარდე. შეუძლებელია, შენნაირ ქალს გულგრილად აუაროს გვერდი მამაკაცმა, მით უმეტეს, სერიოზულმა და უკვე დაღვინებულმა.
- ვერ ვიტან ილუზიებს. ვეცდები, გამოვფხიზლდე. რაც შეიძლება, შორს დავიჭერ მისგან თავს.
- ფრთხილად, ნამეტანი არ მოგივიდეს.
- შეგიძლია არ ინერვიულო.
- მე რა, - მხრები აიჩეჩა ნელიკომ, - შენთვის ვამბობ თორემ...
- შენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეს ქალური სიამაყის საკითხია, თვითგადარჩენის ინსტინქტი. ეს არის ბუნტი, ბრძოლა საკუთარი ღირსებისათვის - არ ცხოვრობდე სხვისი მორჩილების ქვეშ. მასზე სასაყვედურო ნამდვილად არაფერი მაქვს, ნელიკო. ის ერთადერთი ადამიანია, ვინც კიდევ ერთხელ ამიხილა თვალი და დამიბრუნა იმედი შეუძლებლის შეძლებისა. ხომ გესმის, რა ძნელია ეს - ამდენი წლის შემდეგ აღმოაჩინო, რომ ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის. შენ მიცნობ და იცი, რომ მე არ ვითხოვ ბევრს. მან დამიბრუნა სურვილი, ვიგრძნო თავი ქალად... თუმცა, ამის გამო სულაც არ ვგრძნობ თავს ვალდებულად, ლოგინში ჩავუწვე. ეს ყველაფერი თავისთავად უნდა მოვიდეს, ორმხრივი სურვილის შედეგად.
- მესმის შენი, საყვარელო. შენ იმდენი რამ გადაიტანე, იმსახურებ ბედნიერებას. შეიძლება შენს იღბალს ჯერ კიდევ სძინავს, მაგრამ სად გეჩქარება? დააცადე, გამოიღვიძოს.
- რა ლამაზად თქვი, - ღიმილმა სახე დაუწყნარა ნუკის.
- ერთხელ სადღაც ამოვიკითხე და მეც მომეწონა. მას შემდეგ ყველა ჩემიანს ამას ვეუბნები. შენც ამას გირჩევ. ხომ გაგიგონია, მოთმინებითა შენითაო...
- გამიგონია.
- ჰოდა, არ გაუშვა ხელიდან იმის შანსი, რომ მოცემული შანსი გამოიყენო... ჭკვიანურად, გონივრულად, ტაქტიანად... და ბედნიერებაც მოვა. თუ ხანდახან გაკოცებს, არ გაუწიო წინააღმდეგობა. მერე რა, გრძნობა კოცნის გარეშე რა გრძნობაა?
- და მერე სხვა რამეც მოჰყვება იმ კოცნას.
- რა მოხდა მერე? - გაიცინა ნელიმ და საზურგეზე გადაწოლილმა სკამი უკან გადააქანა, - გინდა, ყავაზე გიმკითხაო?
- არა, არ მჯერა მაგ სისულელეების, ხომ იცი.
- არადა, მაგრად დავამუღამე. ტყუილად არ გჯერა. ვისაც ვუმკითხავე, ყველას აუხდა, რომ იცოდე.
- კარგი რა, - ურწმუნოდ გადააქნია ნუკიმ თავი, - ჩემს ბედს მე თვითონ განვაგებ, არ გვინდა ეს ნალექით შეკოწიწებული ფიგურები და მასზე აგებული ვარაუდები... წავალ ახლა, გავუდგები ჩემს გზას, თორემ კაცი მომასწრებს შინ მისვლას, - თავსსავე ნათქვამზე გაეცინა და წამოდგა.
- რა ტანი გაქვს, შე ოხერო, გააგიჟებდი იმ კაცს, აბა რა იქნებოდა. კიდევ კარგ ჭკუაზეა საწყალი, - სიცილით შენიშნა ნელიმ, როცა ნუკი გასასვლელისკენ დაიძრა.
გოგონამ არაფერი უპასუხა, უხმოდ გადაკოცნა დაქალი, ჩანთა მხარზე მოიგდო და გავიდა.
შინ მისული ნუკი ზურას პირდაპირ ჰოლში შეეჩეხა. ისიც, ეს წუთია, დაბრუნებულიყო.
- საღამო მშვიდობისა, - გაბუტული ტონით მიესალმა მამაკაცს.
- გაგიმარჯოს, - ზურას მის დანახვაზე სახე გაუმკაცრდა და ეკლიანი მზერა ესროლა, - სასეირნოდ იყავი? - თითქოს ეჭვი შეეპარა ხმაში.
- ჰო, - ცივად მიუგდო გოგონამ და თავის ოთახში შევიდა.
ტანსაცმელი გამოიცვალა და საწოლზე ჩამოჯდა. გავიდეს, თუ არ გავიდეს? მართლა და მართლა, სანამ უნდა გაგრძელდეს ასე? თუ ცოტათი არ მორბილდება, იძულებული გახდება, გადაბარგდეს აქედან. მერედა, სად? ვინ ჯანდაბას მიეკედლოს? ძლიერად ამოიოხრა და ამოოხვრას ყრუ კვნესაც ამოაყოლა. რაც იქნება, იქნება, გავა ახლა და ჰკითხავს, ხომ არ გშიაო. დანარჩენი გამოჩნდება.
ოთახიდან გამოვიდა და თვალებით ზურას დაუწყო ძებნა. წყლის ჩხრიალი მოესმა. მიხვდა, მამაკაცი სააბაზანოში იყო შეკეტილი. " ალბათ ბანაობს" , - გაიფიქრა და სამზარეულოს მიაშურა.
რა ქნას? გაშალოს სუფრა, თუ დაელოდოს, როდის გამოვა? დიდხანს ორჭოფობდა. ბოლოს ჩაიდანი შემოდგა გაზქურაზე. ყავას დალევს, სანამ რამე გაირკვევა.
ცოტა ხანში წყლის ხმა მიწყდა და იგი ნაბიჯების ხმამ შეცვალა. მერე კვლავ სიჩუმემ დაისადგურა. ნუკი გაისუსა. ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა. რას შვრება? სად წავიდა? ნუთუ სამზარეულოში არ შემოიხედავს? უეცრად ჩაიდანმა სტვენა ატეხა. კიდევ კარგი, რაღაცამ მაინც აახმაურა სიჩუმე. ამის გაფიქრებაზე ხმამაღლა გაეცინა. სწორედ ამ დროს კარი გაიღო და ზურამ შემოყო თავი.
- რა გაცინებს? - გაკვირვებული სახით მიაჩერდა.
- არაფერი, - მზერა მოარიდა ნუკიმ, - რაღაც გავიფიქრე.
- მაინც რა? - არ მოეშვა მამაკაცი.
- ჩაიდანის სტვენამ სიჩუმე დაარღვია.
- მერე რა იყო აქ სასაცილო? - დამცინავად შენიშნა ზურამ.
გოგონა აიმრიზა. ირიბად გახედა, ფეხებიდან თვალებამდე ააყოლა მზერა და საოცრად პოეტური ხმით, თითქოს ლექსს კითხულობსო, ამოთქვა.
- არაფერი... სიჩუმეს მოსწონს ხმაური... მას ისე უხდება ეს, როგორც... - და შეყოვნდა.
- როგორც რა?
- საჭმელი გაგიცხელო? - ნუკი რეალობას დაუბრუნდა და აინუნშიც არ ჩააგდო მისი შეკითხვა.
- არა, არ მშია, გავრბივარ. ამაღამ ალბათ ვერ დავბრუნდები.
მოულოდნელად ცივი წყალს რომ გადაასხამენ ადამიანს, ნუკის სწორედ ისეთი გაუხდა სახე, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წამით. უხერხულობის გასაფანტავად, თავი გადააქნია მხოლოდ.
ზურამ დაკვირვებით შეავლო თვალი. გოგონა დაღ¬ვრე¬მი¬ლი უ¬ყუ¬რებ¬და. მის ამ გან¬წყო¬ბას თით¬ქოს ყვე¬ლა¬ფე¬რი უწყ¬ობ¬და ხელს - ნაცრისფერი კაბა, ყავის შავი ჭიქა, შეკრული თმა, გიშრისთვლიანი ბეჭე¬დი არათითზე... ღიმილი ვერ შეიკავა.
- არ მოიწყინო, ხვალ მოვალ და დავრჩები, - შემრიგებლური ტონით წარმოთქვა და გავიდა.
" აი, დარდი," - განაწყენებულმა გაიფიქრა, - " თუ გინდა, სულ ნუ მოხვალ" , - ჩაამთავრა ფიქრში დაწყებული ფრაზა და ყავა დაისხა.
როგორც კი ზურამ კარი გაიხურა, სასტუმრო ოთახში გამოვიდა და კომპიუტერს მიუჯდა. ძალიანაც კარგი, ახლა შევა და გაერთობა, ხუთ წუთში სრულებით გადაავიწყდება შენი ზურა!
" ეს ვინ მოსულააა!" - თითქოს დადარაჯებული იყოო, მსწრაფლ მოუვიდა გიასგან შეტყობინება.
ნუკიმ სიმორცხვის სმაილი გაუგზავნა.
" რავა ხარ, სიხ?"
გოგონას ღიმილი უმალ შეაშრა სახეზე. ერთადერთი სიტყვა, რომელსაც ვერ იტანდა, სწორედ ეს იყო - " სიხ" და ამ სიტყვას მაინცდამაინც ის მამაკაცი ეუბნებოდა, რომელიც მოსწონდა. რა ქნას, აუკრძალოს ამ სიტყვის ხმარება? იქნებ არ ღირს ასეთ წვრილმანზე ყურადღების გამახვილება? ვაითუ, დააფრთხოს. რაც იქნება, იქნება, ამჯერად დათმობაზე წავა.
" კარგად, თავად?" - მისწერა და პასუხის მოლოდინში თითები გაფარჩხა, რომ მორიგი მესიჯი აეკრიფა.
" მეც ვარ, რა. მთელი დღე საქმეებზე დავრბოდი და როგორც იქნა, მოვიცალე" .
ნუკიმ არაფერი უპასუხა. ვერ მოიფიქრა, რა პასუხი გაეცა. ისევ გიამ გამოიჩინა ინიციატივა.
" მომიყევი შენზე რამე. მინდა, უფრო ახლოს გაგიცნო."
" რა მოგიყვე?"
" ყველაფერი. მე ყველაფერი მაინტერესებს შენზე. მიდი, დაიწყე."
" მე... მე მეტაფიზიკური გოგონა ვარ" , - დაიწყო ნუკიმ და სიცილები " მიაფრქვია" მამაკაცს.
" ეგ როგორ?"
" ისე, ჩვეულებრივად, ამქვეყნიური არ ვარ."
" აბა, საიდან მოხვედი?"
" ზღვის ტალღას ამოვყევი."
" კარგი შედარებაა... თუ მზის სხივმა ჩამოგსვა მარსიდან?" - ისიც აჰყვა.
" არც ეგაა ცუდი ვარიანტი, ეგრე იყოს" , - ღიმილები გაუგზავნა ნუკიმ.
" მერე? როგორ მოგწონს აქაურობა?"
" არა უშავს, თუმცა დედამიწელები ხანდახან მაბნევენ. ამიტომ ხშირად უფლებას ვაძლევ ჩემს გულს, ჩემ მაგივრად იფიქროს."
" საინტერესოა... იმედია, შენი გული ახერხებს ამას" .
" შეძლებისდაგვარად. თუმცა, ხშირად შემომჩივის, ამდენ ფიქრს ვრ ავუდივარ და გული მტკივაო" .
" აჰა... ესე იგი, შენს გულსაც ტკივა გული, არა?"
" ჰო, ასე გამოდის."
" ახლავე მოვარჩენ მას. მაცალე! ტკივილგამაყუჩებელი ფრაზების კორიანტელი უნდა დავაყენო. გამაგრდი, ახლავე გიშველით ორივეს!" - და გიამ ისეთი ლამაზი ყვავილები, კოცნები და საჩუქრები გამოუგზავნა, ნუკის სასიამოვნო ტალღის მთელი ნიაღვარი მოასკდა სხეულში.
" ეგ არის ფრაზები?" - " სიცილები" დააყარა მამაკაცს.
" ფრაზებიც იქნება, ეგ პრელუდიაა" , - მოუვიდა პასუხად.
ნუკი ცნობისმოყვარედ მიაჩერდა ეკრანს, ჩასაფრებული მზერით დაელოდა " ტკივილგამაყუჩებელ" ფრაზებს.
" გენაცვალე ლამაზ ცხვირ-პირში" , - გამოუშვა გიამ სასიყვარულო ბარათი, - " შენნაირი გოგოს მოწყენილობა არ შეიძლება. შენ ხელისგულზე უნდა გატაროს ჭკვიანმა კაცმა" .
პირველი ფრაზა მოეწონა ნუკის. ასე მისთვის არასდროს არავის უთქვამს. მეორეზე დაიჯღანა, ძალიან გაცვეთილი იყო.
" დიდი მადლობა" , - ესღა გაიმეტა პასუხად.
" მომწერე შენი ტელეფონის ნომერი" , - მოულოდნელად დააჯახა გიამ.
" რად გინდა?" - ნუკის გაეღიმა.
" უნდა დაგირეკო. გამაგონე შენი ხმა" , - აშკარად იერიშზე გადმოდიოდა იგი.
" არა მგონია, ეგ კარგი აზრი იყოს," - შეწინააღმდეგება სცადა ნუკიმ.
" გთხოვ, ნუუკ. მომწერე. ნუ მაგიჟებ!" - და ბრაზიანი კაცუნების მთელი არმია მოაყოლა.
ნუკის გულმა უცნაურად დაიწყო თრთოლვა, თითქოს დაიტენა ემოციებისგან.
" ნუუკ" ნუკისთვის უცნაურად ჟღერდა. მისთვის სახელის ასეთი უცნაური წყობით ჯერ არავის მოუმართავს, მით უმეტეს - მამაკაცს.
" იქნებ არ ღირდეს ჯერ" , - გრძნობდა, რომ უკვე სუსტად უწევდა წინააღმდეგობას.
" ღირს, გული მიგრძნობს, რომ ღირს. შენს თავს გეფიცები... და მე შენ დაგიცავ" , - ეს უკვე ფართომასშტაბიან შეტევას ჰგავდა, თითქოს " დამნებდიო" , ეუბნებოდა მამაკაცი.
" რისგან დამიცავ?" - გააჭიანურა გოგონამ " დანებების" პროცესი.
" მარტოობისგან" .
" რატომ გგონია, რომ მარტობა მაწუხებს?"
" არათუ მარტოობა, მარტოსულობაც. მომწერე შენი ნომერი, სიხ, ასე ვერ გავძლებ," - გიამ თითქოს გმინვა მოაყოლა მოწერილს.
ისევ ეს " სიხ" ... ნუკის კვლავ დაეჯღანა სახე, თუმცა მაინც მისწერა ახალგაცნობილს თავისი ნომერი.
წუთიც არ გასულა, რომ ნუკის მობილური ტელეფონი ტკბილად ამღერდა.
- გისმენთ, - ზედმეტად ნაზად გამოუვიდა.
- აბა, როგორ ხარ? - ბოხი ხმა გაისმა აპარატში.
ნუკის შეაჟრჟოლა... საოცარი ხმა იყო, საოცარი, საოცარი...
- არა მიშავს, - დაიმორცხვა თითქოს.
- რატომ გაქვს ასეთი ხმა?
- როგორი?
- რაღაცნაირად ასევდილი, - მზრუნველი ტონი ჰქონდა გიას.
- რა ვიცი... უფრო იმიტომ, ალბათ, რომ " ძილმოკლული" ღამე მქონდა.
- და რამ არ დაგაძინა? - ამჯერად " სიხ" აღარ დააყოლა.
- ფიქრებმა.
- ვის ეკუთვნოდა შენი ფიქრები, ლამაზცხვირპირიანო?
- როგორ გითხრა... კონკრეტულად არავის. საკუთარ ცხოვრებაზე ვფიქრობ ხოლმე.
- მერე? რას გეუბნებიან შენი ფიქრები?
- დიდად ვერ მანუგეშებენ, - კეკლუცად წარმოთქვა.
მამაკაცმა გაიცინა. ნუკი უცნაურად სასიამოვნო დაძაბულობამ შეიპყრო... როგორ იცინოდა! ნუთუ შეიძლება სიცილიც არსებობდეს სექსუალური? ალბათ მსახიობებსაც კი შეშურდებოდათ ამ სიცილის, რომ მოესმინათ. ალბათ ვერც ერთი დიდი მსახიობი ვერ გაიცინებდა ასე, როლისთვის რომ დასჭირვებოდა... მსგავსი არაფერი მოესმინა აქამდე ნუკის. რაც უფრო უახლოდებოდა გიას ურთიერთობაში, მისი განცვიფრება მით მეტად მატულობდა.
- არა უშავს, მოვუვლით შენს ფიქრებს, ეგეთები მოგვირჯულებია? - გაამხნევა მამაკაცმა, - ახლა კი, კვლავ ვირტუალურ სამყაროში გავაგრძელოთ კონტაქტი, კარგი?
- კარგი, - ნატვრისმიერი ხმა აღმოხდა ყურებამდე გაღიმებულ და უცნაურად აღტყინებულ ნუკის.
შეტყობინებებში კვლავ აციმციმდნენ ვარსკვლავები.
" შენმა ხმამ ისე გამოანაზა ტელეფონში, ერთიანად ავირიე" , - წერდა მამაკაცი, - ლამაზხმიანი მყოლიხარ!"
ნუკიმ სიმორცხვის სმაილი გაუგზავნა პასუხად.
" ახლა რომ შენთან ვიყო, სიამოვნებით აგიკოცნიდი მთელ სხეულს, სიხარულო." - გიამ ამჯერად " სიხ" ბოლომდე გაშალა.
" ეგეთები არ გინდა! არ არის საჭირო!" - დატუქსა გოგონამ.
" რა ვქნა, რომ მეკოცნება?" - მოფრინდა პასუხი ლამაზად ჩამწკრივებულ მოცეკვავე კვასკვასა ტუჩებთან ერთად. მერე ტუჩებს მფეთქავი გულები მოაყარა მამაკაცმა.
" რა იყო, უკვე დაიწვი ჩემი სიყვარულით?" - გაეხუმრა გოგონა.
" არა, ჯერ მხოლოდ გავირუჯე." - მოსწრებულად უპასუხა გიამ.
ნუკი კვლავ ჟრუანტელმა მოიცვა. მოსწონდა ეს კაცი, ამის უარყოფას აზრი არ ჰქონდა. მასთან საუბარმა მართლა გადაავიწყა ზურას არსებობა, რომელიც ზუსტად ამ მომენტში გაახსენდა.
" კარგი, გია, გავალ მე ახლა, საქმე მაქვს" .
" ჯერ ის მითხარი, რა არის შენი ფიქრის ამტკივებელი და მერე წადი, სიხ" .
" აბა, რა გითხრა... შემოსევდიანება დამჩემდა ბოლო დროს. არაფერში მიმართლებს" .
" მაგალითად?"
" ზოგადად ცხოვრებაში" .
" და კონკრეტულად?"
მიუხვდა ნუკი, მამაკაცი ელოდა, როდის ეტყოდა, სიყვარულში არ მიმართლებსო. ო, არა, ამ სიამოვნებას არ მიანიჭებს ამ მექალთანეს! მართალი ყოფილა ნელი, როგორ უცებ მოაჯადოვა, ვერც კი მიხვდა, ისე ააფორიაქა და ტელეფონის ნომერიც ოსტატურად გამოსტყუა.
" კონკრეტული არ არსებობს. საერთოდ არაფერში მიმართლებს" .
" არც სიყვარულში?" - რადგან მისგან პასუხს ვერ ეღირსა, თავად შეეკითხა.
" არც" , - მოკლედ მისწერა.
" ალბათ ფულმაგარ ბიჭებს დაეძებ შენ, სიხ" , - შემოაპარა მამაკაცმა.
" ცდები. ფულმაგარ ბიჭებს გულმაგარი მირჩევნია, თუმცა არც ერთი ჩანს ჰორიზონტზე და არც მეორე" , - მოისაწყლა თავი.
" გულმაგარი რას ნიშნავს? ვინც ოცნების კოშკებს აგიშენებს? რაც შეიძლება მაღალს, რომ იქიდან გადმოხედვის არ შეეშინდეს?"
" ოცნების კოშკებს სიყვარულის ქოხი მირჩევნია."
" რა იგულისხმე გულმაგარში?" - როგორც ჩანს, ვერ მიუხვდა მამაკაცი.
" ვისაც ჩემი შეყვარების არ შეეშინდება" .
" მითხარი, რა არის შენი ყველაზე დიდი ოცნება?"
" ყველაზე დიდი? ერთხელაც გავხსნი რესტორანს და მას " რომაულ არდადეგებს" დავარქმევ. და იქ მხოლოდ შეყვარებულები ივლიან, იმედიანად და უიმედოდ შეყვარებულები... ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ოცნება" .
" შენ გექნება ეგეთი რესტორანი, ნუუკ, გპირდები" .
ნუკის გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა.
" ვიცი, რომ მექნება. მე თვითონ ავაშენებ მას" .
" შენ როგორ სიყვარულს ითხოვ, სიხ, ეგ მითხარი მხოლოდ. როგორ გინდა, რომ კაცს უყვარდე?"
" ჩვეულებრივად... მინდა ვიყო გამორჩეული, განსაკუთრებული, დაუვიწყარი და სანატრელი. სულ ეს არის," - თავმდაბლობა გამოიჩინა გოგონამ.
" აჰააა! ნუუკ! იცი, ახლა რა დღეში ვარ?"
" არ ვიცი. რა დღეში ხარ?" - გოგონა ასეთი აჟიტირებული ცხოვრებაში არ ყოფილა.
" შენი ნახვის სურვილი მაქვს. როდის შევხვდეთ, სიცოცხლე!"
ნუკის ლამის გაუსკდა შიშისგან გული. ასე უცებ თუ მოინდომებდა უცნობი მასთან შეხვედრას, არ ელოდა და დაფეთებულმა სწრაფად მისწერა.
" არა არის საჭირო შეხვედრა. აქაც მშვენივრად ვგრძნობ თავს."
" კარგი, არ დაგაძალებ. როგორც შენ გინდა," - ისე უცნაურად დანებდა მამაკაცი, ნუკი, ცოტა არ იყოს, განხიბლული დარჩა.
" ნახვამდის, გია" , - დაემშვიდობა და პასუხს დაელოდა, თუმცა ამაოდ.
გიას პასუხი არ მოუწერია.
გაგრძელება