ონლაინრომანი "ნაადრევი ენძელები"
ავტორი: კვარაცხელია
იხილეთ რომანის დასაწყისიზურა თავის კაბინეტში იჯდა და ნუკიზე ფიქრობდა. რა ეშველებოდა, საჭირო დროს საჭირო ადგილას რომ არ აღმოჩენილიყო? სად წავიდოდა მისი მირანდა? ვის მიეკედლებოდა? კიდევ კარგი, რომ მაშინ იქ იყო... კიდევ კარგი.
ოფისი დღეს შედარებით ადრე დაცარიელდა, თანამშრომლები თავიანთ საქმეებზე მიმოიფანტნენ. ზოგი სახლში, ზოგი პაემანზე, ზოგი სად და ზოგი სად... თვითონ კი არ ჩქარობდა... არ იცოდა, უნდოდა თუ არა შინ წასვლა, მიეჩქარებოდა თუ არა იქ, სადაც გემრიელი ვახშამი დახვდებოდა და კიდევ... გემრიელი ქალი... ოცნების და რეალობის, ხელშსახები და ხელშეუხებელი ერთდროულად.
სხვა დროს თავისუფლად შევიდოდა სახლში, ფეხსაცმელებს ერთი ფეხის გაქნევით გაიძრობდა და კუთხეში მოისროდა, მაცივრიდან ლუდის ქილას გამოიღებდა, ტელევიზორს ჩართავდა და სპორტულ არხზე გადართავდა. ახლა კი... ახლა გამუდმებით დაძაბულია. ადგილს ვერ პოულობს თავის ბინაში. აქამდე კომფორტული ცხოვრება ჰქონდა, რამაც ეგოისტურიც კი გახადა, მაგრამ რა უნდა ექნა, ეს მისი ცხოვრება იყო. მისი ბიზნესი უფრო და უფრო იკიდებდა ფეხს, ძლიერდებოდა და ფართოვდებოდა. თავისუფლების ხარისხიც იზრდებოდა მასთან ერთად... ერთობოდა იმდენს, რამდენიც მოესურვებოდა, როგორც გაუხარდებოდა. მას მოსწონდა ასეთი ცხოვრება... ბერბიჭული... მოვალეობებისგან გათავისუფლებული... ახლა კი დაირღვა მისი სიმშვიდე... არ იცის, ამ ყველაფერს როგორ "მოერგება" ნუკის გამოჩენა...
რამდენ ხანს მოუწევს თავისი ქმედებების გაკონტროლება? რა უთხრას მშობლებს, ერთხელაც, როცა დარეკავენ და ყურმილს ნუკი აიღებს? მეორე მხრივ, რა არის ამაში ასაღელვებელი? ლამის ორმოცისაა, არა აქვს უფლება, ისე იცხოვროს, როგორც თავად მოესურვება? იგი ხომ არავისზეა დამოკიდებული, თავად ირჩენს თავს და სხვებსაც არჩენს. თუნდაც ასობით ქალი ჰყავდეს, ვისი რა საქმეა? ეს არავის ეხება.
თუმცა განა ეს არის მისი მთავარი თავსატეხი? თუ სწორედ იმ "მთავარს" გაურბის? ფიქრშიც კი? ასაკი, ასაკი... ნეტავ, ცოტა გვიან დაბადებულიყო... ან ნუკი გაჩენილიყო ცოტა ადრე... ხუთი წელი იქით, ხუთი აქეთ... ოქროს შუალედი იქნებოდა. ახლა უძნელდება. იბოჭება... წლები აბრკოლებს...
თვალწინ დაუდგა ნუკი... სწორედ იმ პოზაში, ამ დილით რომ დატოვა სასტუმრო ოთახში. ფეხებმოკეცილი იჯდა ტყავგადაკრულ სავარძელში და განცხადებებს ათვალიერებდა "სიტყვა და საქმეში". ნეტავ რას ეძებდა? სამსახურს? ბინას? მიტოვება ხომ არ განიზრახა მისი? არა, ამას არ დაუშვებს. ვერც კი წარმოუდგენია, საღამოს შინ დაბრუნდეს და ის სამუდამოდ წასული დახვდეს. ალბათ ჯადოსნურ შემოთავაზებებს ეძებდა სამსახურის თაობაზე. ჯიუტია, ამაყი, თავმოყვარე. არ სურს, ზურას დახმარებით გაიკვლიოს გზა. პატარაა და რამხელა გული აქვს. როგორი უსუსურია და, ამავდროულად, როგორი ძლიერი და ჯიუტი, ჯიუტი... თითქოს მოიწევს მისკენ და არც მოიწევს... არადა, გამოწვევას წარამარა უგზავნის - სწორედ თავისი სიჯიუტით, ბავშვური სიჯიუტით. თან როგორი მიამიტია.
ზურამ ამოიხვნეშა, კომპიუტერი გამორთო და ოფისიდან გამოვიდა. ამ დღეებში ყველაფერს მოაგვარებს, ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. დანარჩენი მერე გამოჩნდება...
გასაღები გადაატრიალა. კარი უხმაუროდ გააღო და ხმაურიანად მიხურა. უეცრად სასიამოვნო სურნელი დაეტაკა - ჩაშუშული ხორცის და ქონდრის. მერედა, როგორ უყვარს ეს სურნელი!
- მოხვედი? - ჯახუნის ხმაზე ნუკიმ გამოყო თავი სამზარეულოდან, - არ ვიცოდი, რომელ საათზე დაბრუნდებოდი და ის მოვამზადე, რაც ყველაზე სწრაფად იქნებოდა, - ისეთი წრფელი ღიმილი გადაეფინა ტუჩებზე, თითქოს უბრად არც ყოფილიყვნენ ერთმანეთთან.
ზურას მის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა. გოგონა ფეხშიშველი იყო. თმა აეწია და ფანქრით დაემაგრებინა კეფაზე. "თექვსმეტი წლის ეგონება ვინმეს, რომ შეხედავს", - გაიფიქრა თავისთვის, - "მაგრამ არა მე. ყველაზე კარგად ვიცი, როგორ მუშაობს მისი თავი, როგორ "შორ" გათვლებს აკეთებს. შეიძლება მართლა არ არის მიწიერი არსება", - თავი გააქნია.
- შეგეძლო, არ გეწვალა. რა ააუცილებელია, ყოველდღე სადილები აკეთო. ხომ იცი, საღამოს მაინცდამაინც არ მიყვარს ჭამა.
- სულაც არ ავწვალობ. მინდოდა და გავაკეთე. მსიამოვნებს კერძების მომზადება. უქმად მაინც არ ვარ.
- რატომ უნდა იყო უქმად? მე მგონია, რომ მშვენივრად ერთობი ინტერნეტში.
- ეგეც უქმად ყოფნაა. მე კი მოძრაობა მიყვარს.
- მაშინ ჩართე მუსიკა და იცეკვე.
- მაგასაც ვაკეთებ. ჰო, მართლა, რაღაც განცხადებები მოვნიშნე გაზეთში, რამდენიმე ბინაც შევარჩიე და სამსახურის ვარიანტიც, მაგრამ მაინც დამჭირდება შენი დახმარება.
ჩხვლეტა იგრძნო გულში. ერთ წერტილში მხოლოდ... მთავარ წერტილში. სანამ სათქმელს მოიფიქრებდა, ირგვლივ მიმოიხედა. სისუფთავისგან ბრწყინავდა იქაურობა... და უცხო სურნელი იფრქვეოდა, რაღაც ახლის, სასიამოვნოსი...
- აბა? არაფერს მეტყვი? - ნუკიმ დოინჯი შემოიყარა და თავი მარჯვნივ გადახარა. ეს ჯიბრში ჩამდგარი ქალის პოზა იყო.
- არაფერს ნამდვილად გეტყვი, - ნაძალადევად ჩაიცინა ზურამ და სააბაზანოში შევიდა ხელების გადასაბანად და იქიდან გააგრძელა დაწყებული წინადადება, - ა-რა-ფერს.
მალევე გამოვიდა და პირსახოცი, რომლითაც ხელებს იმშრალებდა, იქვე, სკამის საზურგეზე დაუდევრად გადაკიდა. ამჯერად ნუკი უკვე სხვა პოზაში დახვდა. მამაკაცისთვის უკვე კარგად ნაცნობი მზერით უყურებდა, სამაგიეროს გადამხდელი მზერით. ხელები მკერდზე გადაეჯვარედინებინა, ზურგი გაემართა, ნიკაპი მაღლა აეწია და თვალებში დაუმორჩილებლობა უბრწყინავდა. მორჩა, გადაწყვეტილება მიიღო და დაამთავრა! ამას აწი ვეღარაფერს გადაათქმევინებ. ზურამ დიდი ხანია, მისი შესწავლა დაიწყო და მის ყოველ ჟესტს ზედმიწევნით ცნობს. იცის, როდის რას ფიქრობს, როდის რას აპირებს, როდის რისი თქმა ან გაკეთება უნდა. ზურამ კარგად იცის მისი ძლიერი და სუსტი მხარეები - ის კი არა, თავის სასარგებლოდაც ბევრჯერ გამოუყენებია (ერთიც და მეორეც).
ამ პატარა გოგონას შეეძლო მისი გაცინება, გაბრაზებაც, თუმცა, მთავარი ის იყო, რომ მას ზურას აღგზნებაც შეძლო.
ფეხშიშველიც კი, მისი რეალურ-ვირტუალური მირანდა ისეთ ბუნებრივ მგრძნობელობას ასხივებდა, რომელზეც ალბათ თავადაც არ ჰქონდა წარმოდგენა.
სამაგიეროდ, ზურას ჰქონდა... და ეს აშინებდა მამაკაცს. ის სულაც არ იყო მისი გემოვნების ქალი, ზედმეტად ბავშვური გახლდათ. გულახდილად რომ ეთქვა, თავადაც არ იცოდა, როგორი უნდა ყოფილიყო მისი გემოვნების ქალი, მაგრამ ნუკი ნამდვილად არ იყო. ეს კარგად იცოდა.
- ჰა, რატომ არაფერს ამბობ? - არ ეშვებოდა ნუკი.
მამაკაცმა ძლივს გაუძლო მის გამჭოლ მზერას.
- სასიამოვნო სურნელია, - ფრთხილად წარმოთქვა მამაკაცმა და ნიშნის მოგებით გაიღიმა.
შემდეგ პერანგის სახელოებზე ღილები შეიხსნა, მკლავები აიკაპიწა და წინ გადადგა ნაბიჯი. შეეცადა გაევლო ის "დანაღმული ტერიტორია", რომელსაც სრულიად შემთხვევით გადააწყდა, ნუკით დანაღმული, თან ისე, რომ არ აფეთქებულიყო. ადრევე უნდა გაეთვალისწინებინა ეს... და არ გაითვალისწინა.
"ვითომ გაუარა გაბრაზებამ? მეეჭვება. იქნებ იმიტომ მორბილდა, რომ ადვილად დამითანხმოს? არ უშველის", - ძლიერად გადააქნია თავი, აბეზარი ფიქრის თავიდან მოსაშორებლად.
ნუკი აიშალა. პასუხს ვერ ეღირსა, მერამდენედ უნდა დაესვა შეკითხვა? სანამ უნდა გაგრძელებულიყო ასე? უხერხულობის გასაფანტავად პირსახოცს ხელი დაავლო და სააბაზანოში გაიტანა.
- ყოფილიყო, მე თვითონ გავიტანდი, - ჩაიბურტყუნა ზურამ თავისთვის.
- უკან გამოვიტანო? - კვლავ დოინჯი შემოიყარა გოგონამ და წინ დაუდგა... ჯიქური მზერით... მკერდგამოზნექილი.
მამაკაცს სისხლი აუჩქროლდა. ნუკის ბიუსტჰალტერი არ ეცვა და თხელი სპორტული მაისურის მიღმა მუქი ფერის დვრილები მკვეთრად მოუჩანდა. მამაკაცმა იგრძნო თავისი ორგანიზმის საგანგაშო რეაქცია.
- რაც გინდა, ის ჰქენი, ოღონდ თავი დამანებე, - ჩაილაპარაკა და წამსვე ენაზე იკბინა, სულაც არ უნდოდა ამის თქმა.
შეშფოთებულმა თვალები ძლიერად დახუჭა და ხელები გაშალა. როცა თვალები გაახილა და გოგონას შეხედა, ერთიანად დაიძაბა - მის თვალებში წყენას დაესადგურებინა, მოულოდნელობით გამოწვეულ ბავშვურ წყენას.
- ნუკი, პატარავ, მაპატიე, - გულწრფელად შეწუხდა, - ასე არ შეიძლება. ჩვენ უნდა დავსხდეთ ერთხელაც და რაღაც წესები შევიმუშაოთ. რა ვქნა, არ ვარ მიჩვეული სხვასთან ერთად ცხოვრებას. ამიტომ ხანდახან ვერ ვაკონტროლებ თავს. ხომ ხედავ, ზოგჯერ როგორი არამზადა ვარ.
ნუკიმ ქვემოდან ახედა მტრული, გამანადგურებელი მზერით, მერე კი ძალიან ხმადაბლა, მაგრამ გარკვევით წარმოთქვა.
- უცნაურია... შენ სულაც არ ჰგავხარ არამზადას, - და დადუმდა.
წამწამებიც კი არ დაუხამხამებია.
- არ მაპატიებ? - ზურამ ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ.
ნუკიმ უკან დაიხია.
- იქნებ გავიდე, ისევ შემოვიდე და ყველაფერი თავიდან გავიმეოროთ? - გაიღიმა ზურამ, ხუმრობით სცადა სიტუაციის განმუხტვა, - ეს ვითომ რეპეტიცია იყო.
ამჯერად გოგონამ გაიცინა. არა, კი არ გაიცინა, გადაიკისკისა, ხალასად, რბილად, თითქოს არც არაფერი სწყენიაო... და ზურა კიდევ ერთხელ მიხვდა, რამდენად საშიში იყო ეს პატარა არსება, მისი სიცილი, მისი ღიმილი, მისი გამოხედვა... სხვისთვის შეიძლება ძალიანაც მისაღები იყო ნუკი ამ თავისი თვისებებით, მაგრამ ადამიანისთვის, რომელიც ქალებთან ახლო ურთიერთობებს გაურბოდა და რომელიც თავისუფლებას იყო მიჩვეული, ეს ყველაფერი უდიდეს საშიშროებას წარმოადგენდა. ის ყოველთვის გაურბოდა საპირისპირო სქესის მარწუხებში მოქცევას, მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება.
- როგორც მახსოვს, მითხარი, ვახშამი მზადააო, არა? მოდი, ყველაფერს აჯობებს, ვივახშმოთ, ო კეი? შევალ, გამოვიცვლი და მალევე გამოვალ. შენ იქამდე სუფრა გაშალე.
ნუკის სახე გაებადრა, თითქოს ეს-ესაა, საშობაო საჩუქრით დააჯილდოესო. რა სწრაფად შეუძლია გამომეტყველება შეცვალოს! აგიჟებს ეს გოგო თავისი არტისტული მონაცემებით. ბოლომდე არასდროს ჩაგახედებს თავის სულში! სირინოზი ვერ იქნებოდა ასეთი მაცდური!
ზურა გაუჩინარდა და ხუთ წუთში მობრუნდა. თავადაც ფეხშიშველი იყო. ზოლიანი შორტი ჩაეცვა და უმკლავებო ლურჯი მაისური. ნუკის პომადის წასმა მოესწრო ტუჩებზე. მამაკაცმა ღიმილი ვერ დამალა. ეპრანჭება... ჰმ... ნამდვილი კუდრაჭაა, თვითონაც არ იცის, რა უნდა... ან რა არ უნდა...
ჩაშუშული ხორცი ენით აუწერლად გემრიელი იყო. ზურამ ამჯერად არ შეაქო მისი კულინარიული მონაცემები. გოგონამ ეშმაკურად გაიღიმა და როცა მამაკაცმა თეფში ბოლომდე მოაცარიელა, კიდევ ორი ნაჭერი გადაუღო.
- ჰო, მართლა, რას მეუბნებოდი წეღან? განცხადებები ვნახეო? - მამაკაცი გოგონას მიაჩერდა, - ახლა დავნაყრდი, თვალებში სინათლეც დამიბრუნდა და მზად ვარ, მოგისმინო. აბა, რა ვარიანტები გვაქვს?
- ორი კარგი ვარიანტი ვნახე, - ატიტინდა ნუკი, - სამსახურს ვგულისხმობ. რაც შეეხება ბინას, მინდა, რომ შენთან ერთად ვნახო.
- რატომ გადაწყვიტე გადასვლა? აქ ცუდად გრძნობ თავს?
- მე არა.
- აბა ვინ?
- შენ.
- ნუთუ? ვინ გითხრა ეს?
- შენ თვითონ.
- მე თვითონ? რაღაც არ მახსენდება. როდის გითხარი ასეთი სისულელე?
- თუნდაც წეღან, - უტევდა და უტევდა გოგონა, - არ ვარ ჩვეული სხვასთან ცხოვრებასო, არ მითხარი?
ზურამ კვლავ ჩხვლეტა იგრძნო გულში. ერთ წერტილში მხოლოდ... მთავარ წერტილში. მისი ბრალია, ძალაუნებურად წამოცდა. ვეღარ მოზომა და წამოცდა. ეს უკვე მწარე შეცდომაა, რომლის გამოსასწორებლად ნემსის ყუნწში მოუწევს ალბათ გაძრომა.
- მოდი, იცი, როგორ მოვიქცეთ? - არ განავრცო მისი მინიშნებები ზურამ, - ჯერ სამსახურზე ვილაპარაკოთ და ბინაზე ბოლოს ვიფიქროთ. კარგი?
ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ ნუკიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ზურამ წარბები აზიდა. მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ არც ისე ადვილი ყოფილა მირანდას აზრების წაკითხვა, რადგან არ ელოდა, ასე უცებ თუ დაიყოლიებდა. იქნებ არც უნდა გადასვლა და მას ანერვიულებს? იქნებ სურს, რომ მამაკაცი შეეხვეწოს, არ წახვიდე ჩემგან, არ დამტოვოო? ჰმ! ეშმაკუნა! ვერაფერს იტყვის! ამ პატარა საოცრებას საკუთარი გამოუცნობი აზრების მთელი საბადო აქვს, რომელიც არავითარ სქემას არ ექვემდებარება.
როცა ვახშმობას მორჩნენ, სასტუმრო ოთახში გადაინაცვლეს. ნუკის სუფრის ალაგება უნდოდა, მაგრამ ზურამ არ დაანება. როცა სამზარეულოდან გადიოდნენ, მამაკაცმა წინ გაატარა გოგონა და უნებურად ზურგზე დაადო ხელი და იმწუთასვე ინანა. მის სამოსში სექსუალურობის ნატამალიც არ შეინიშნებოდა, მაგრამ ნუკი თავად ასხივებდა ზესექსუალურობას. მოძალებულმა ვნებამ სუნთქვა შეუკრა... ხოლო სიტყვები, რომლებიც იმწამს მოადგა ენაზე, ყველაზე ნაზი სიტყვები იყო ამქვეყნად, თუმცა ხმამაღლა არ გაუხმოვანებია. ნუკის სპორტული მაისურის მიღმა მამაკაცმა იგრძნო მირანდას სხეული, ნაზი, თბილი და, ამავდროულად, ძლიერი. და უეცრად მიხვდა, რომ მეტი მოუნდა, ვიდრე შეხება. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, მოეშორებინა ეს პატარა საოცრება თავისი ცხოვრებიდან, სამუდამოდ განედევნა იგი ფიქრებიდან, სანამ საბოლოოდ დაუკარგავდა მოსვენებას მისი სიახლოვე. უსაფრთხო მანძილმა იქნებ შეძლოს, კარგ მეგობრებად დატოვოს ორივე. ვაითუ, ვერ შეძლოს? ამწუთას მთლად ბოლომდე არ იყო დარწმუნებული იმაში, არსებობდა კი საერთოდ ცნება - უსაფრთხო მანძილი, როცა საუბარი ნუკის არსებობას შეეხებოდა?..
ვერაფერზეც ვერ შეთანხმდნენ. ზურამ სამსახურის ორივე ვარიანტი დაუწუნა. ერთი მდივნის თანამდებობა იყო ერთობ სერიოზულ კომპანიაში, რომელიც უცხო ენების და კომპიუტერის ფლობას მოითხოვდა. მეორე - ტანსაცმლის მაღაზიაში გამყიდველის ადგილი. მამაკაცმა მოსაფიქრებლად სამი დღე სთხოვა. მას სხვა რამ ჰქონდა ჩაფიქრებული და სიურპრიზს უმზადებდა. საკუთარ ატელიეს გაუხსნიდა, მკერავს მოუყვანდა და საყვარელი საქმის გაკეთებაში შეუწყობდა ხელს. მერე რა, რომ ნუკი ამ ყველაფერს გაურბოდა? დაწყება ყოველთვის ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი. ის გამოუცდელი იყო და ამას ვერ ხვდებოდა. სამაგიეროდ, ზურა ხვდებოდა. თან ისეთი ადგილი შეურჩია, სადაც ნუკი ცხოვრებასაც შეძლებდა, ღამით უპრობლემოდ დარჩენას. სააბაზანოც იყო იქ და სამზარეულოც. თუ მოისურვებდა, სულაც იქ გადავიდოდა საცხოვრებლად და მამაკაციც შემსუბუქდებოდა. თუ ძლიერ მოუნდებოდა მირანდას ნახვა და ამ სურვილს ვერ მოერეოდა, მივიდოდა და ინახულებდა.
ნუკი კი სხვაგვარად ფიქრობდა. არ უნდოდა, ზურაზე ყოფილიყო დამოკიდებული. თავისი სურდა გაეტანა. თვითონ ეშოვა სამსახურიც და ბინაც, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო მტკივნეული საფიქრალი იყო მისთვის. ვაითუ, ვერ შეწვდენოდა ბინის ქირას. მაშინ აუცილებლად დასჭირდებოდა ზურას დახმარება, ისევ მისთვის უნდა დაეძახა საშველად. ამის გაფიქრება კი საშინელ ხასიათზე აყენებდა. იქნებ ტყუილად ეწინააღმდეგება? იქნებ მართლა არ ღირდეს ასე გაჯიუტება? რა საჭიროა ასეთი სიამაყე? რომ არა ის, ნუკი, ვინ იცის, ახლა სად და როგორ იქნებოდა. ალბათ აჯობებს, დათმობაზე წავიდეს და მამაკაცის შემოთავაზებას დაელოდოს. სამი დღე ითხოვა ზურამ... დაელოდება სამი დღე. იქამდე კი...
დილით ადრე ადგა, ზურა ასაუზმა, ჭურჭელი დარეცხა, სახლი მიალაგა და კომპიუტერს მიუჯდა. შევიდა თუ არა, მაშინვე გიას ფანჯარა ეცა თვალში, იგი ციმციმებდა.
- ეს კაცი არ მუშაობს, თუ როგორაა მისი საქმე? - ხმამაღლა ჰკითხა თავის თავს.
მოკლედ, ნამდვილი შემოსევა იყო. შეტყობინება შეტყობინებაზე მოსდიოდა, ყველას მისი გაცნობა უნდოდა. ნეტავ, რა ნახეს მასში ასეთი? ნუთუ მართლა ეგეთი თვალში საცემია მისი სილამაზე? თუ უბრალოდ, ძალიან ფოტოგენურია? საინტერესოა, ეს წლები თბილისში რომ ეცხოვრა, უკვე გათხოვილი იქნებოდა? იქნებ მცხეთაში უქმად იკარგებოდა მისი მომხიბვლელობა? ან კი ვინ იყო იქ ისეთი, მისით დაინტერესებულიყო? არც არავინ.
"ეს ვინ მოსულააა!" - მოუვიდა გიას მესიჯი, თითქოს მისი აღფრთოვანებული ხმაც კი გაიგონა ნუკიმ.
"გამარჯობა!" - მისწერა პასუხად და ღიმილი დააყოლა.
"რავა ხარ, ნუუკ, გენაცვალე ლამაზ ცხვირ-პირში?"
"არა მიშავს, თავად?"
"მომენატრე. რატომ არ გამოჩნდი? გელოდებოდი", - არ ცხრებოდა მამაკაცი.
"არ მეცალა, საქმეები მქონდა." - მისი "მომენატრე" აინუნშიც არ ჩააგდო გოგონამ.
"მომენატრე-მეთქი... შენ?" - გაუმეორა გიამ.
"რა მე?"
"შენ არ მოგენატრე?"
ნუკის ჩაეღიმა. სასიამოვნოდ შეუთბა სხეული.
"შენ რა, ჩასაფრებული იყავი, როდის გამოვჩნდებოდი?" - კითხვაზე პასუხი არ გასცა.
"ჰო... და მიპასუხე, რასაც გეკითხები", - "გაუმკაცრდა" სიტყვები მამაკაცს.
"ცოტა", - სიმორცხვის ერთი სმაილიც მიამატა ნუკიმ ერთ, მაგრამ მრავლისმთქმელ სიტყვას.
"ცოტა-ცოტა", - გააორმაგა და, ამავდროულად, შეამცირა მონატრების ხარისხი გიამ და გაუცინა, მერე კი კოცნების მთელი კორიანტელი მოაყოლა.
"გუშინ გირეკავდი და არ მიპასუხე, რატომ? მოვიწყინე უშენოდ," - საყვედურს საყვედურზე უგზავნიდა მამაკაცი.
"ხომ გითხარი, არ მეცალა-მეთქი".
"ახლა გცალია?"
"ახლა კი... ცოტა".
"შეიძლება ხანდახან დაგიმესიჯო მობილურზე?"
"შეიძლება. ოღონდ საღამოს საათებში არა".
"რატომ, მაგ დროს პაემანზე დადიხარ, სიხ?"
"არა, მაგ დროს შინ ვარ და მარტო არ ვარ".
"აბა, ვისთან ერთად ხარ?"
"ჩემებთან ერთად".
"და დედიკომ აგიკრძალა უცხო ბიჭებთან ლაპარაკი, არა?"
"ჰო, დაახლოებით".
"როდის გნახო? ძალიან მინდა შენი ნახვა".
"მაპატიე, ახლა უნდა გავიქცე", - შეშფოთებულმა ნუკიმ სასწრაფოდ გადაწყვიტა დამშვიდობება.
"მოიცა, სად მიდიხარ?" - გაბრაზებული კაცუნების მთელი არმია შემოესია ნუკის.
"მეგობართან. ნახვამდის", - და ის იყო, გამოსვლა დააპირა, რომ ვიღაცის შეტყობინება მოუვიდა.
ახლა იმაზე გადართო. 19 წლის შავგვრემანი, ერთობ სიმპათიური ბიჭი წერილს უგზავნიდა.
"გამარჯობა, ნუკი. შემთხვევით, თქვენ ჯულიეტას შვილი ხომ არ ხართ?"
ამის წაკითხვაზე ლამის თვალთ დაუბნელდა. ვინ არის ეს ბიჭი ან ჯულიეტა საიდან მოაგონდა? დედამისს ხომ არ გულისხმობს?
"რომელი ჯულიეტა"? - მსწრაფლ მისწერა და იგრძნო, როგორ აუკანკალდა გაფარჩხული თითები.
"აი... როგორ გითხრა... მამაშენს დათიკო არ ერქვა?"
გოგონას უსიამოვნოდ გააჟრჟოლა.
"კი, ერქვა... თქვენ ვინ ხართ?" - ოფლით დაენამა ხელისგულები.
"მე შენი ძმა ვარ, რატი მქვია".
არა! არ არსებობს! ნუკიმ იგრძნო, კიდევ ცოტაც და, გული წაუვიდოდა. რომელი ძმა? სად ჰყავს მას ძმა? ეს სისულელეა, ეს ტყუილია! ნუკი დედისერთაა, რა ძმა, რის ძმა...
"მე ძმა არ მყავს", - როგორც იქნა, მოახერხა ასოების აკრება.
"ნახევარძმა... ჯულიეტას შვილი ვარ, ვარდოსანიძის."
გოგონამ პასუხი დააყოვნა. კი არ დააყოვნა, ვერ მოიფიქრა, რა უნდა მიეწერა. ისევ რატი მიეშველა.
"ვიცი, რომ ასე უცებ ძნელია ამის გაცნობიერება, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. თუ ჩვენმა მშობლებმა შეცდომა დაუშვეს, ჩვენ რატომ უნდ ვაგოთ ამაზე პასუხი? ძალიან მინდა შენი გაცნობა. დედა სულ შენზე ლაპარაკობს, თან ტირის, როცა გიხსენებს. მინდა, ახლოს ვიცნობდეთ ერთმანეთს, თუ წინააღმდეგი არ იქნები".
ნუკის თვალები აუცრემლიანდა... წამწამები დაახამხამა და მოწოლილ ცრემლს გზა მისცა. არა, არა, წინააღმდეგი რატომ უნდა იყოს? რა ჯობია, ძმა თუ ჰყავს. გამოდის, მარტო აღარ იქნება. რატი-ო-ო? რა ლამაზი სახელი დაურქმევიათ... თვითონაც როგორი ლამაზია... ცოტათი ჩამოჰგავს კიდეც ნუკის. ზუსტად ერთნაირი წარბები აქვთ. უნდა მისწეროს პასუხი, ახლავე, ამწუთას!
"არც ვიცი, რა გიპასუხო, რატი... ძალიან დავიბენი. მიხარია, რომ შემეხმიანე. აქამდე შენი არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი... და ეს სულაც არ არის ჩვენი ბრალი. სიამოვნებით გაგიცნობ."
"რა იქნება, ჩამოხვიდე ჩვენთან? ქობულეთში ვცხოვრობთ. დედასაც ენატრები. იქნებ მოიცალო? დიდი ხანი გეძებე აქ... არ ვიყავი დარწმუნებული, რომ შენ იქნებოდი ამ ფოტოზე. დედამ მიგამსგავსა. ასე თქვა, შეცვლილა, მაგრამ ბავშვობის სახე არ დაუკარგავსო".
ნუკის უკვე აკანკალებდა. თითქოს ერთიანად სიცივემ მოიცვა. ცრემლებით რომ დაებინდებოდა თვალები, ამ დროს რატის გზავნილებში სიტყვების გარჩევა უჭირდა, როცა ცრემლი ღაწვებს დაედინებოდა, მერე კვლავ აგრძელებდა კითხვას.
ამასობაში გიაც შეტყობინებას შეტყობინებაზე უგზავნიდა, მაგრამ ნუკის უკვე აღარ აინტერესებდა იგი.
"არ ვიცი, როგორ მოვახერხებ, რატი. ძალიან დაკავებული ვარ. ცოტა ადრე რომ მცოდნოდა, ქობულეთში ვისვენებდი და აუცილებლად გნახავდი. იქნებ შენ ჩამოხვიდე?" - მისწერა და წამსვე ქვედა ტუჩი კბილებშუა მოიქცია. რომ ჩამოვიდეს, სადღა მიიყვანოს? იმასაც ზურას ხომ არ დაუსვამს სახლში? ნეტავ უარი უთხრას.
"მე ვერ ჩამოვალ ჯერ. ახლა დავიწყე მუშაობა და ასე უცებ არ გამომიშვებენ. თან ცოლი შევირთე ერთი თვის წინ და ვერ მივატოვებ. ქობულეთში ვისთან გქონდა ბინა აღებული? ნეტავ მცოდნოდა".
"არა უშავს, ეგ კატასტროფა არ არის. მთავარია, რომ მიპოვე. მომწერე ხანდახან. მეც მოგწერ. რაღაცს მოვიფიქრებთ იქამდე. ან მე ჩამოვალ, ან შენ მესტუმრები."
"კარგი, აბა, აღარ მოგაცდენ. ტელეფონის ნომერი მომწერე მხოლოდ, რომ ხანდახან დაგირეკო. ეს კი ჩემი ნომერია".
"დაგირეკავ, რატი, აუცილებლად დაგირეკავ", - მისწერა ნუკიმ და გამორთო თუ არა კომპიუტერი, მაშინვე მობილურს ეცა, ნომერი აკრიფა და ზუმერს დაელოდა...
კარგა ხანს ილაპარაკა რატისთან. ახალაღმოჩენილ ძმას მტრედივით ღუღუნა ხმა ჰქონდა... თბილი, ტკბილი... გურულ-აჭარული აქცენტით გაჯერებული... და როცა ერთმანეთს დაემშვიდობნენ, ნუკი მიხვდა - ეს პატარა, ლამაზხმიანი ბიჭი, მისი უმცროსი ძმა უკვე უყვარდა...
და ხმამაღლა ატირდა...
გაგრძელება