ნუკის არასდროს დაავიწყდება ზურას სახე - საყვედურით (სიბრაზითაც) სავსე მზერა, გამომცდელი გამოხედვა...
- დაგაგვიანდა, - ბუზღუნით ჩაილაპარაკა რამდენიმე წამის შემდეგ და გატრიალდა.
გოგონა უკან მიჰყვა.
- დამაგვიანდა? რატომ? ჯერ მხოლოდ 9 საათია, - ფრთხილად წარმოთქვა.
- 10-ის 8 წუთია უკვე, - იმავე ტონით გაიმეორა წინ მიმავალმა მამაკაცმა, - სად იყავი?
- ნელისთან.
ზურა ტახტზე ჩამოჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და მუხლებზე დაწყობილი თითები ერთმანეთში გადახლართა.
- რაო მერე ნელიმ?
- არაფერი... ვილაპარაკეთ, - უდარდელი სახის მიღება სცადა ნუკიმ, მაგრამ არ გამოუვიდა... სავარძელში ჩაჯდა და მზერა აარიდა მამაკაცს.
- შენ რა, იტირე? - მოულოდნელად მისკენ გადმოიხარა ზურა.
ნუკი შეცბა, დამფრთხალმა აახამხამა წამწამები.
- არა, რა ვიტირე... - მისდა უნებურად შეეცვალა ხმა.
- ჰო, რა ვიცი... - გულგრილად უპასუხა მამაკაცმა, ადგა და თავის ოთახში მიიმალა.
ნუკი წამოხტა, სააბაზანოში შევარდა და სარკეში ჩაიხედა... ო, ღმერთო! რა ამღვრეული აქვს თვალები! თითქოს მართლა ნამტირალევი იყოს. ნუთუ ერთმა კოცნამ (ვითომ კოცნამ) ასე იმოქმედა მასზე? რა ემართება? შეიძლება ერთდროულად ორი კაცისკენ მიუწევდეს გული? ეს ხომ აბსურდია? იცის მაინც, რა უნდა? იქნებ ეს მხოლოდ ძიების პროცესია? მაგრამ რისი ძიების? საიმედო საყრდენის (იქნებ სიყვარულის)? დავუშვათ, ასეა, მერე? როგორ უნდა მიხვდეს (ან იგრძნოს) რომელი მათგანია ის, ვისაც მისი გული (და სულიც) ეძებს? არ იცის... ალბათ ცხოვრება (იქნებ სიტუაცია) უკარნახებს. ვნახოთ, ორი მისაღები კანდიდატურიდან რომელი უფრო ეცდება (თუ შეძლებს) მისი კეთილგანწყობის მოპოვებას.
- რითი მოხვედი? - სასტუმრო ოთახში გამოსულს ზურა შუა ოთახში აესვეტა და კვლავ გამომცდელი მზერით მიაჩერდა.
ნუკი ამ შეკითხვას არ ელოდა... დაიბნა. თვალები დახარა.
- სამარშრუტო ტაქსით, ოღონდ ერთი გაჩერებით ადრე ჩამოვედი... მინდოდა, ფეხით გამევლო ცოტა.
- აჰა... - ეჭვნარევი ხმით ჩაილაპარაკა მან და ახლა სამზარეულოში გაუჩინარდა.
ნუკი დაიძაბა. აშინებდა მისი გამომეტყველება. სულ სხვას ეუბნებოდა მამაკაცი, ამ დროს სულ სხვას ფიქრობდა და ეს ფიქრები აშკარად ირეკლებოდა მის თვალებში. სხვა რამის თქმა (და ქმნა) უნდოდა სინამდვილეში, მაგრამ სულ სხვა გამოსდიოდა. სწორედ ეს სხვა აღიზიანებდა გოგონას. არ შეუძლია, თქვას (და ქნას) ის, რასაც განიცდის? ხომ ყველაფერი მარტივი (შვების მომგვრელი) გახდება?
- ქათამი შევწვი დღეს და... კარტოფილის პიურეც გავაკეთე. ხომ გშია? - ჰკითხა, როცა თავადაც შეაღო სამზარეულოს კარი.
- ძალიან ნუ გამოიდებ თავს, - ცივად თქვა მამაკაცმა.
ნუკი გაქვავდა. წამით თვალთ დაუბნელდა. ამწუთას ზურას სილა რომ გაეწნა მისთვის, ამაზე მტკივნეული ვერ იქნებოდა.
მამაკაცი მიხვდა, ცუდად რომ გამოუვიდა. ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა დაზაფრულ გოგონას და შერბილებული ხმით გააგრძელა.
- მომისმინე... დღეს ძალიან რთული დღე მქონდა, ძალიან რთული. თავი მისკდება, ისე მტკივა და... შიმშილით ვკვდები... მიდი, შენებურად მომემსახურე.
- ახლავე... - უფრო გაიფიქრა ნუკიმ, ვიდრე წარმოთქვა და კარადის უჯრა გამოაღო, ოღონდ ვერ ხვდებოდა, რისთვის, რა უნდოდა იმ უჯრაში, რომელშიც არც თეფშები ელაგა, არც დანა-ჩანგალი... ჰო, გაახსენდა - აქ ხელსაწმენდები ალაგია... ალბათ ეს უნდოდა.
- მე გავშლი სუფრას და მარტო დაგტოვებ, რათა მშვიდად დანაყრდე. მე... მე უკვე ვივახშმე, - დაამატა ბოლოს და არაგულწრფელი (თან წამიერი) ღიმილი გაუკრთა ტუჩებზე.
რა თავხედია! ზურას სიბრაზით აენთო თვალები, როგორი თავხედი! ხომ არის ღირსი, კინწისკვრით მოისროლოს აქედან და ერთხელ და სამუდამოდ დაამთავროს ეს ყველაფერი?! უკითხავად სადღაც წავიდა და არც გააფრთხილა, არც დაურეკა... ახლა კი აქეთ დებს ბრალს!
არადა, ამ მომენტში ყველაზე მეტად მისი ჩახუტება უნდოდა, მისი მოფერება, თან იქამდე, სანამ ძალა არ გამოელეოდა (ქანცის გაწყვეტამდე) და მერე ეჭამა ის გემრიელი კერძები, რომელიც მან მოუმზადა, თან ესაუბრა მასთან... ესაუბრა იმაზე, თუ როგორ გაატარა დღე, რაზე ილაპარაკეს მან და ნელიმ, მასზე წაიჭორავეს თუ სხვაზე (ვინმეზე). იქნებ გამოჩნდა ჰორიზონტზე ნუკისთვის მისაღები უკეთესი მამაკაცი (უფრო ახალგაზრდა)?
- დარჩი შენც... ყავა მოიდუღე და ვილაპარაკოთ, - ხმადაბლა თქვა ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ.
ნუკის სიტყვაც არ დაუძრავს, არც კი გაუხედავს მისკენ. ზურამ გვიან შეამჩნია ეს.
- არ გინდა ჩემთან? - უნებურად წამოცდა და სანამ დაამატებდა, ჩემთან ერთად ყავის დალევაო, ნუკიმ დაასწრო, თან ძალზე უკმეხად.
- არ მინდა! - და გავიდა.
ზურას გული მოეწურა. კარგა ხანს უყურა მჭიდროდ მოხურულ კარს, საიდანაც გოგონა გავიდა, მერე ღრმად ამოიხვნეშა და ქათმის ბარკალი გადაიღო...
ნუკიმ იბანავა, თმა ფენით გაიშრო და საძინებელს მიაშურა. დიდხანს ვერ დაიძინა. ერთ მამაკაცზე ფიქრს მეორეზე ფიქრი (და ოცნება) ცვლიდა... დიდხანს, ძალიან დიდხანს... და მიხვდა, რომ ამ ღამეს გიას აშკარა უპირატესობა ჰქონდა მის ფიქრებში (ფანტაზიებშიც)... გული (სხეულიც) მისკენ უფრო მიუწევდა... ამის აღმოჩენამ, ცოტა არ იყოს, შეაშფოთა...
8 8 8
თბილი გამოდგა სექტემბერი. მზე სასიამოვნოდ აცხუნებდა. ნახევარი თვე ისე გაილია, ერთხელ არ მოღრუბლულა. დარიანი ამინდი ნუკის კარგ გუნება-განწყობილებას უქმნიდა, უფრო ხალისიანად მუშაობდა. თათულის ადვილად შეეწყო. გულღია ქალი იყო, ცოტა ხმაურიანი, მაგრამ კეთილი და თბილი.
პირველივე დღეები ისეთი ნაყოფიერი აღმოჩნდა, გოგონა სიხარულით აღარ იყო. თათულის "მუყაითობის" გამოისობით, უკვე 7 კლიენტი მოუვიდათ, რა თქმა უნდა, მისი ნაცნობები, ნაცნობების ნაცნობები (ან მეგობრები), სულაც მეზობლები... შეკვეთას შეკვეთაზე იღებდნენ. ორივე თავაუღებლად მუშაობდა. ერთი კვირის თავზე ფულიც დაუგროვდათ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ თავისუფლად შეეძლოთ ახალი ქსოვილების შეძენა, რათა შეკვეთების გარდა, ვიტრინის გასალამაზებლადაც შეეკერათ რამდენიმე ხელი სამოსი. საყიდლებზე თათული დადიოდა. ნაზი (თან გაპრანჭული) ხმით დაურეკავდა ზურას, დაიბარებდა მანქანით და... მიდიოდნენ და მოდიოდნენ... ნუკის გულზე მწარედ (ძალიან მწარედ) ხვდებოდა, როცა მათ ერთად ხედავდა, თუმცა არ იცოდა, სინამდვილეში რა ხდებოდა მათ შორის. ცდილობდა, არ ეფიქრა ამაზე. ძალიანაც არ ანერვიულებდა ეს სიტუაცია, რადგან გიას სახით გამრთობი ჰყავდა. ყოველ საათში ერთხელ ახსენებდა მამაკაცი თავს, მესიჯს მესიჯზე უგზავნიდა. "მენატრები", "ძალიან მენატრები", "ვერ ვითმენ, ისე მენატრები"... დაფიქრების საშუალებას არ აძლევდა გოგონას. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ სამი დღით არ დაიკარგა. არავითარი ზარი, არავითარი შეტყობინება... ნუკი გაოგნდა. არ იცოდა, რა ეფიქრა. არადა, ვერ ბედავდა, მოეკითხა. იქნებ სპეციალურად იქცევა ასე, რომ ნუკის რეაქცია შეამოწმოს? იქნებ იმას ელოდება, როდის შეშფოთდება გოგონა მისი გაუჩინარებით და თვითონ როდის შეეხმიანება? არა (უფრო ვერა)... ვერა და ვერ გადალახა საკუთარი სიამაყე. არ უნდოდა, თავი გაემჟღავნებინა, არადა, ერთი სული ჰქონდა, როდის გამოჩნდებოდა გია, როდის დაიწრიპინებდა მობილური ტელეფონი და მოფრინდებოდა ნატვრით სავსე ლამაზსიტყვებიანი მესიჯი.
ეს მესამე დღეს მოხდა. შუადღე იყო, ერთი კაბის შეკერვა დაამთავრა და ყავის დალევას აპირებდა, რომ მობილურის ეკრანზე ყვითელი კონვერტი გაჩნდა.
"ერთი ლამაზი, პატარა გოგო დამეკარგა. ხომ არ გინახავთ სადმე? მომეხმარეთ, მომაძებნინეთ. თუ სადმე ნახოთ, გადაეცით, რომ ძალიან მენატრება", - წერდა მამაკაცი.
გული სიამოვნებით აევსო. ისეთი შვება იგრძნო, თითქოს ხელები ძლიერად ჰქონდა შეკრული და გაუხსნესო... თითქოს სისხლმა თავისუფლად იწყო ძარღვებში მოძრაობა...
"იმ პატარა გოგომ შემოგითვალა, გაბუტული ვარ, ამდენ ხანს სად დაიკარგაოოოო", - გაღიმებულმა მისწერა და სუნთქვაშეკრული დაელოდა პასუხს. თან უხაროდა, მარტო რომ იყო, თათული ერთი კლიენტთან წავიდა, რომელმაც კაბის მოსაზომად სახლში დაიბარა.
"დავიკარგე, ჰო. რა ვქნა, ასეთი ცუდი ბიჭი ვარ... შენ არ იცი, როგორი ცუდი ბიჭი ვარ", - "შემოსჩივლა" მამაკაცმა.
ნუკის გაეღიმა.
"მიყვარს ცუდი ბიჭები", - არ დააყოვნა პასუხი გახალისებულმა.
"მე კი შენნაირი კუდრაჭა გოგონები", - ისეთი სისწრაფით მოუვიდა მესიჯი, გაუკვირდა, ასე უცებ როგორ აკრიფა ტექსტიო.
"ხომ კარგად ხარ?" - დაინტერესდა ნუკი.
"არა მიშავს, სიხარულო, ვარ რა... შენ რავა ხარ? ვერ მოგაქციე ყურადღება. თან ამაღამ მოსკოვში მივფრინავ".
გოგონას ამის წაკითხვაზე ლამის გული გაუჩერდა.
"რას ამბობ! დიდი ხნით?"
"არ ვიცი ჯერ... საქმე მიჩვენებს".
"მერე? წასვლის წინ არ უნდა მნახო?"
"მე კი მინდა გნახო, მაგრამ..."
"მაგრამ რა? მნახე მერე, ვინ გიშლის?"
"მეგონა, შენ არ გქონდა ამის სურვილი".
"ტყუილად გეგონა!" - გაბრაზება ჩააქსოვა ნუკიმ ტექსტში.
"მაშინ მოვალ. სად ხარ, სად გნახო?"
"სამსახურში ვარ", - მისწერა და საჩუქრების მაღაზიის მისამართი მიუთითა, რომ თათულის არ დაენახა მასთან მოსული მამაკაცი.
"მალე მოვალ, ნუკ, დამელოდე".
"ჯერ არა, მარტო ვარ და აქაურობას ვერ დავტოვებ. საღამოს არ შეგიძლია?"
"საღამოს რომელზე? შენ როცა მეტყვი, მაშინ მოვალ".
"რვის მერე მეცლება. დამიმესიჯე, რომ მოხვალ და გამოვალ", - სიფრთხილე გამოიჩინა გოგონამ და იმაზე დაიწყო ფიქრი, მაგ დროსითვის თათული წავიდოდა შინ თუ გვიანობამდე შემორჩენოდა. თუმცა დიდად არ ანა ღვლებდა ამწუთას ეს. ყველა ვარიანტში თავისუფლად შეეძლო შეხვედროდა.
დრო გაიწელა. ნუკი ვერ ისვენებდა. წარამარა საათს დასჩერებოდა, როდის გახდებოდა 8 საათი. მისდა სასიხარულოდ, თათული არ მობრუნდა. დაურეკა, მეგობარს დედა გარდაცვლია და სამძიმარზე მივდივარო. თან მოუბოდიშა, მაპატიე, მარტო რომ გტოვებო. არადა, როგორ გაუხარდა! სულაც არ სჭირდებოდა მოწმე გიასთან შეხვედრის მომენტში.
9 საათი დაიწყო. მესიჯი იგვიანებდა. ნუკი უკვე ცქმუტავდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და მისწერა, რამდენ ხანში მოხვალო.
"მოვედი უკვე, შუქნიშანთან ვდგავარ", - ერთ წუთში მოუვიდა პასუხი და მეტიც არ უნდოდა, შლეგიანივით წამოხტა. გაპრანჭვა აღარ უნდოდა, ამაზე ორი საათით ადრე იზრუნა. მაინც ჩაიხედა სარკეში. დღეს სარკე კარგ ხასიათზე ჩანდა, მშვენივრად გამოიყურებოდა. სარკე ის იარაღი (თუ ინსტრუმენტი) იყო, რომლითაც საკუთარ გარეგნობას აკონტროლებდა ხოლმე. კიდევ კარგი, ფორმაშია. გიას აუცილებლად მოეწონება იგი.
გასაღები გადაატრიალა და სახელურს დააწვა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ნამდვილად ჩაკეტა სამკერვალო. ყველაფერი რიგზე იყო. გულაჩქროლებულმა ჩანთა მხარზე მოიგდო და რხევა-რხევით გაუყვა ეზოს. როგორც კი გამზირზე გავიდა, სანატრელი მანქანაც შეამჩნია. გიამ თვალი მოჰკრა თუ არა, მანქანიდან გადმოვიდა და მოუახლოვდა. ერთმანეთი ჩვეულებრივად (ამავდროულად, არაჩვეულებრივად) გადაკოცნეს.
- როგორ ხარ? - თვალებში ჩახედა მამაკაცმა.
როგორ ვერ უძლებდა ამ თვალების შემოხედვას... ამ მთისფერი თვალებიდან გადმოსულ ცეცხლს... ლამის ჩაიკეცა, ისეთი ალმური მოედო სხეულზე.
- კარგად... შენ?
- გაწამაწიაში. მთელი დღე გადარბენაზე ვიყავი, ძლივს მოვასწარი, რა... სად წავიდეთ?
- არ ვიცი. რა მნიშვნელობა აქვს, ჩემთვის სულერთია.
- გშია?
- არა.
- მაშინ მთაწმინდაზე ავიდეთ, კარგი?
- ავიდეთ. სტუდენტობის მერე არ ვყოფილვარ იქ.
- მეც დიდი ხანია, არ ვყოფილვარ, - გაუღიმა გიამ და ნელი სვლით დაძრა მანქანა.
- ასე უცებ რატომ გადაწყვიტე გამგზავრება?
- საჭირო ხალხი უნდა ვნახო, რაღაც სერიოზულ საქმეზეა ლაპარაკი. ერთი კვირის წინ უნდა ჩავსულიყავი. ფულს ველოდებოდი და ვერ მოვახერხე. დრო გადაგვიცდა, დროზე თუ არ ჩავუსწარი, მერე მეტი "ჩალიჩი" დასჭირდება. იმიტომაც ვერ შეგეხმიანე, ეს დღეებია, თოხარიკი ცხენივით დავრბივარ აღმა-დაღმა. თან მოსკოვია, ხომ იცი, ყველაფერი გართულებულია. პირდაპირ ვერ ჩაფრინდები, უნდა შემოუარო. იქ საიმედო კაცი გჭირდება, რათა გზაში არ შეგამოწმონ და შუმჩნევლად მიგიყვანონ ადგილზე და რა ვიცი...
- არც ის იცი, როდის დაბრუნდები?
- მალე, ნუუკ, დიდხანს არ დავრჩები. ვნახოთ.
- ცუდია... - ვეღარ უთხრა, რა გამაძლებინებს უშენოდო.
- ვიცი, რომ ცუდია, მაგრამ წაუსვლელობა არ იქნება. საქმეს ვერ გავაფუჭებ. რაც მთავარია, შენ არ დაგივიწყებ. როგორც კი ჩავალ, დაგირეკავ.
ნუკიმ თბილად გაუღიმა. მამაკაცს ნელა მიჰყავდა მანქანა, შიგადაშიგ გამოხედავდა ხოლმე გოგონას. როცა ერთ ასეთ გამოხედვაზე მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა და ტუჩებმაც ერთდროულად გაუღიმეს ერთმანეთს, გიამ მარჯვენა ხელისგულში ნუკის მარცხენა ხელის თითები ჩაბღუჭა და ვნებიანად მოუჭირა. ჟრუანტელმა (თან ზესასიამოვნომ) მოიცვა, უნებურად დაეხუჭა თვალები.
როგორც იქნა, ააღწიეს მთაწმინდის პარკის შესასვლელამდე. აქ ბევრად გრილოდა, ვიდრე ქალაქში. იქნებ არც გრილოდა და ნუკის (უჩვეულოდ ათრთოლებულს) ეჩვენებოდა მხოლოდ? გადმოვიდნენ თუ არა მანქანიდან, მამაკაცმა ხელი ჩასჭიდა და იმ ადგილისკენ წაიყვანა, საიდანაც მთელი თბილისი ხელისგულზე მოჩანდა... ხმას არც ერთი იღებდა. ერთხანს უყურებდნენ გაჩახჩახებულ ქალაქს.
- ლამაზია, - დუმილი მოჩურჩულე ნუკიმ დაარღვია.
- ჰო, ლამაზია, მაგრამ შენ უფრო ლამაზი ხარ... მოდი ჩემთან, - უპასუხა მამაკაცმა და გოგონა თავისკენ შემოაბრუნა.
რა "საშინელი" სხვაობა იყო მათ შორის. გია - მაღალი, ათლეტური, მხარბეჭიანი... მასთან შედარებით ნუკი ერთი ბეწო ჩანდა, მკერდამდე ძლივს წვდებოდა.
მამაკაცმა მკლავები მოხვია და გულზე მიიხუტა. გოგონა გრძნობდა, როგორ უცახცახებდა მას ხელები. მერე გიამ თავი აუწია. როგორც ჩვეოდა, თვალებში ჩახედა და ნაზად, ძალიან ნაზად აკოცა ტუჩებში... საოცარი განცდა დაეუფლა ნუკის... მისთვის არასდროს არავის უკოცნია ასე... საერთოდ კი უკოცნია ვინმეს მისთვის? კი, ერთი-ორჯერ... ამას წინათ ზურამაც ხომ აკოცა... მაგრამ ეს სხვა კოცნა იყო... სხვა გემო "ჩაატანა" გოგონამ. აშკარად ჩანდა, ამ ტუჩებს კარგი გამოცდილება რომ ჰქონდათ მიღებული. გია არ ჩქარობდა. ნელა, ძალიან ნელა კოცნიდა, თითქოს ფრთხილობდა, არაფერი ტკენოდა ნუკის ლამაზ, "დაბანტულ" ბაგეებს.
- იცი, რამდენს ვოცნებობდი ამ წუთებზე? - უჩურჩულა მამაკაცმა, - ვერ წარმოიდგენ. წუხელ სიზმარშიც კი გნახე.
- სიზმარში? - ჩურჩულითვე შეეკითხა ნუკი, - როგორ?
- ოოო! მაგას ვერ მოგიყვები, - ეშმაკურად გაუღიმა მამაკაცმა და კვლავ წაეტანა საკოცნელად.
ამჯერად უფრო გაბედულად აკოცა, უფრო დაჟინებით (იქნებ უხეშადაც), თითქოს საპასუხო კოცნას ითხოვდა, ისეთივე ვნებიანს და მოწყურებულს, როგორც მისი იყო. ვეღარ მოითმინა გოგონამ. თვითონაც მოხვია მკლავები მამაკაცს, ფეხის წვერებზე აიწია და კვნესით "ჩაუვარდა" ტუჩებში მის ტუჩებს. ვნება უფრო და უფრო ერეოდა... ყველაფერი გადაავიწყდა ამქვეყნად, მათ შორის ისიც, სად იმყოფებოდა. მერე გახელებული გადავიდა მამაკაცის ყელზე, მოხერხებულად ჩარგო ცხვირ-პირი საოცარი სურნელით გაჟღენთილ მის ყელში და... ნეტარებით "იხეტიალა"... მისმა ქმედებამ გიაც გაათამამა. მის ტუჩ-ყელს აღარ დასჯერდა და დახარბებული ტუჩებით გოგონას მკერდს მიადგა... მოღეღილ საკინძეში ადვილად მიაგნო... მისი გაწაფული ტუჩები საამოდ ელამუნებოდა ნუკის სავსე, მზით გარუჯულ მკერდს.
- მეორემ რა დააშავა, - თქვა ცოტა ხნის შემდეგ მამაკაცმა და ახლა მეორე მხარეს გადაინაცვლა... მეორც ადვილად იპოვეს მისმა გახურებულმა (და გახელებულმა) ტუჩებმა.
- გვეყოფა, - როგორც იქნა, ამოთქვა გოგონამ, როცა იგრძნო, რომ ღვთაებრივი მოთენთილობისგან ფეხზე ვეღარ დგებოდა.
გია მაშინვე შეეშვა. მერე კვლავ ჩახედა თვალებში, ახლა უფრო ალერსიანად (უფრო ჟინიანადაც) და მხარზე გადახვია ხელი, გულზე ძლიერად მიიხუტა. ნუკის მისი გულის უსწრაფესი ბაგაბუგი ესმოდა.
- როგორ გიცემს გული, - ვერ მოითმინა, არ ეთქვა.
- შენნაირი ქალის გვერდით კიდევ კარგადაა ეგ საცოდავი, - ხმამაღლა წარმოთქვა მამაკაცმა და გაიცინა თავისი ლამაზი, ხავერდოვანი ხმით და საოცარი სიცილით.
- წავედით, არ დაგაგვიანდეს, - მორცხვად ახედა გოგონამ.
- წავედით, - მორჩილად დაეთანხმა გია და მანქანისკენ გაემართნენ ასე, ერთმანეთს მიხუტებულნი.
მთელი გზა ისე გაიარეს, არც ერთს კრინტი არ დაუძრავს. მაგნიტოფონი იყო მხოლოდ ჩართული და ვიღაც ახალგაზრდა მომღერალი ბიჭი სევდიანი ხმით მღეროდა: "შენმა სურვილმა დამლიააა, შენზე ფიქრმა და სევდამააა... შორს წასვლააამ, ხშირად გაყრამაააა, გულის თვალებით ხედვამააა..."
- ჩვენ გვიძღვნიან ამ სიმღერას, - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა მამაკაცმა.
ნუკიმ გაიღიმა, არაფერი უთქვამს. ზედმეტი იყო სიტყვები. ასე ეგონა, მთელი სამყაროს ბედნიერება ამწუთას აქ, მანქანის ამ პატარა სალონში იყო მოქცეული. "მგონი, დაიქოქა ჩემი ბედნიერება", - გაიფიქრა სახეგაბადრულმა, ოდნავ დაბლა ჩაცურდა, თავი სავარძლის საზურგეს მიადო და ნებიერად გადაწვა.
- მე მალე დავბრუნდები, ნუუკ, - თქვა უეცრად გიამ და კვლავ ჩაბღუჯა მისი თითები, კვლავ ვნებიანად მოუჭირა.
- მე დაგელოდები, - აჩურჩულდა ნუკი, - ოღონდ ძალიან არ დააგვიანო.
- უნდა დამელოდო, - დაეთანხმა მამაკაცი.
ღმერთო, როგორი თბილია, როგორი საყვარელი... ნუთუ მართლა უყვარს ნუკი? ალბათ უყვარს, თორემ მხოლოდ მოფერებას არ დასჯერდებოდა. ხომ შეეძლო, სადმე წაეყვანა, სასტუმროში, ბინაში და იქ... რა, უარს ეტყოდა? ვერ (არ) ეტყოდა. ის კი არ მოიქცა ასე. ეს იმას ნიშნავს, რომ გამორჩენის მიზნით არ ხვდება მას... რა ბედნიერებაა!
- აქ გამიჩერე! - წამოიძახა, როგორც კი ზურას კორპუსი გამოჩნდა.
- ა-აქ? თუ ცოტა წინ? - დაამუხრუჭა მამაკაცმა.
- არა, აქ! მაღაზიაში უნდა შევიარო, - იცრუა.
- კი ბატონო, აქ იყოს, - ღიმილით თქვა და ნახევარი ტანით გოგონასკენ მიტრიალდა.
- აბა, კეთილი მგზავრობა, - მეტი ვერაფერი მოიფიქრა.
- დიდი მადლობა, ნუუკ... მადლობა ყველაფრისთვის.
- რა ყველაფრისთვის, რა გავაკეთე ისეთი...
- ის, რაც მე ასე ძალიან მჭირდებოდა, - იყო პასუხი, - შენ მე ის მომეცი, რაც დიდი ხანია, არ მქონია.
- კარგი რა, შენნაირ მამაკაცს ეგ არ გაუჭირდება, - შეაპარა გოგონამ.
- ჩემნაირს? განა როგორია ეს "შენნაირი"?
- ზესიმპათიური.
- ოჰ, ოჰ, ოჰ! თქვა ახლა რაღაც! დაცინვას კაცი არ მოუკლავს.
- მე არ დაგცინი. არ მეგულება ქალი, რომელიც შენთან ურთიერთობაზე უარს იტყვის.
- არ გინდა ახლა! ჯერ ერთი, სულაც არ არის ასე... და მეორეც - არავისთან ურთიერთობა არ მიზიდავს.
- არც ჩემთან?
- შენ სხვა ხარ... შენ სხვებს არ ჰგავხარ.
- და რა იცი? ჯერ ხომ ძალიან ცოტა ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ.
- ვიცი. შენი თვალები მეუბნება ყველაფერს. შენ ისეთ სითბოს გამოსცემ, ამის სიტყვებით გადმოცემა გამიჭირდება...
- შენც აჭარბებ... - კინაღამ დააყოლა, ჩემსავითო.
- არ ვაჭარბებ, ფაქტების აფიშირებას ვახდენ.
- ოჰ, ფაქტების! - აკისკისდა.
- ასეა, ასე.
- კარგი, წავედი, აღარ გაგაცდენ. ვინ იცის, კიდევ რამდენი რამ გაქვს მოსაგვარებელი.
- წავალ. აუცილებლად დაგირეკავ, გაიგე? არ გამორთო ტელეფონი, ხო?
- ჰო.
- აკრძალვის საათები მაქვს?
- რა აკრძალვის საათები?
- აი... იქნებ დროის რაღაც მონაკვეთებში არ მაქვს უფლება, დაგირეკო ან დაგიმესიჯო.
- შეგიძლია ნებისმიერ დროს შემეხმიანო. თუნდაც შუაღამეს...
- ძალიან კარგი, მიხარია, - მამაკაცი გადმოიხარა, მგზნებარედ აკოცა ტუჩებში და გოგონა გადავიდა თუ არა მანქანიდან, ჰაეროვანი კოცნაც მიაყოლა.
8 8 8
ნუკის ზურა შინ არ დახვდა. როგორ გაუხარდა... ახლა ისე იყო აღტყინებული, აშკარად ვერ შეძლებდა ემოციების დამალვას. ნეტავ სად არის? მშობლებთან? თუ თათულისთან? რაში აინტერესებს... მისთვის ახლა სულერთია, ვისთან გაათენებს ზურა ღამეს. მას უკვე თავისი ოცნების მამაკაცი ჰყავს. არ უნდოდა ზურას მასთან? ჰოდა, იყოს ახლა ეგრე! დაღალა მისმა დუმილმა...
მოულოდნელად შემოსასვლელში ხმაური მოისმა, წამსვე კარი გაიღო და ზურა შემოვიდა. ნუკი შეკრთა. არ ელოდა მის გამოჩენას. შეეცადა, მშვიდი სახე მიეღო.
მამაკაცი მძიმე ნაბიჯებით გამოემართა სასტუმრო ოთახისკენ და ზღურბლთან შეჩერდა. მზერაც დამძიმებოდა თითქოს, სახე ჩამოგრძელებოდა... ამწუთას ადვილად დაითვლიდა ადამიანი მის შუბლზე საიდანღაც უცებ გაჩენილ ნაოჭებს...
- პაემანზე იყავი? - ისეთი სინანულნარევი ხმით შეეკითხა მამაკაცი, ნუკის ისარივით მოხვდა გულზე.
- არა, რა პაემანზე, - არ დაიბნა და ჯიქურ გაუსწორა თვალი მის გამომცდელ (თან პირქუშ) მზერას.
- აბა, ასე რა გიხარია? არ მინდა კადნიერებაში ჩამომართვა, მაგრამ იქნებ არსებობს შენი სიხარულის ისეთი მიზეზი, რომელიც ჩემთვის უცნობია?
გოგონა შეკრთა. ნუთუ ჩასაფრებული იყო? ნუთუ უთვალთვალებდა? რაღაც არ მოეწონა მის ნათქვამში, რაღაც არასწორი (ალბათ დაუმსახურებელი) იყო მის სიტყვებში... ისეთი, რომლის უფლებაც მას ნუკისთან არ მოუპოვებია...
- არ ვყოფილვარ პაემანზე... - მაინც გაებზარა ხმა.
- რატომ, პატარა აღარ ხარ უკვე... დროა, პაემანზე იარო, - ისეთი ტონით ელაპარაკებოდა ზურა, თითქოს იცოდა, გოგონა სადაც იმყოფებოდა ბოლო ერთი (მეტიც, ორი) საათის განმავლობაში.
- თუ წავალ, აუცილებლად გაგაფრთხილებ, - ნიშნის მოგებით აზიდა წარბები და გაგულისებული თავის ოთახში შევიდა...
ვერა და ვერ დაიძინა... ფანჯარასთან მთვარის შუქზე აცეკვებული ხის ტოტის ლანდი დიდხანს ქანაობდა. ნეტავ რომელ საათზეა ფრენა? იქნებ უკვე თვითმფრინავშია? რას აკეთებს ამწუთას? მასზე თუ ფიქრობს? - გონება ძილის საშუალებას არ აძლევდა ნუკის. "უნდა დამელოდო", - წამდაუწუმ ჩაესმოდა (თან ცხადად) ყურში მამაკაცის ხმა.
დიდხანს ბორგავდა (თან წრიალებდა), ვერა და ვერ მოხუჭა თვალი. ლანდად მოლიცლიცე ხის ტოტიც ნერვებს უშლიდა, თითქოს დასცინოდა, ხომ დაგიფრთხეთ ძილი მე და გიამო...
ლამის თავზე დაათენდა... მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა ოცნებებით გადაღლილს, სწორედ მაშინ, როცა მთვარემ ნაფეხურები დატოვა ფანჯარაზე და ცის სიღრმეში მიიმალა...