ონლაინრომანი "ნაადრევი ენძელები"
ავტორი: კვარაცხელია
იხილეთ რომანის დასაწყისიზურას ბოლო ხანებში სულაც არ მოსწონდა ნუკის საქციელი, მაგრამ ვერაფერს ეუბნებოდა. თითქოს ინტუიციით გრძნობდა, გოგონა რომ რაღაცას მალავდა, თუმცა რას, მისთვის ჯერჯერობით გაურკვეველი იყო. ბოლო დღეებია, სახეზე კმაყოფილი დაბნეულობა ახატია, ასეთი ოცნებააშლილი ჯერ არ უნახავს იგი...
მამაკაცმა ღრმად ამოიხვნეშა და სააბაზანოში შევიდა, სახე ცივ წყალს შეუშვირა. საშინლად იყო გაღიზიანებული. ხვდებოდა, რომ მისი სანუკვარი "მირანდა" ხელიდან უსხლტებოდა. სწორედ ამის ეშინოდა, ეშინოდა და გამართლდა კიდეც მისი შიში. ალბათ ვიღაც გაიცნო... ვიღაც შეუყვარდა... მისი ტოლი, მისი სწორი... ზურა დაამარცხა საკუთარმა გაუბედაობამ, მოსპო, გაანადგურა. სარკეში ჩაიხედა და თავისმა გამომეტყველებამ გააოცა: განადგურებულის არაფერი ეტყობოდა, არაფერი ჰქონდა საერთო იმ ნანგრევებთან, რომელზეც მისი უბადრუკი სული ესვენა. არა, ეს არ იყო დამარცხებულის სახე, მასზე მხოლოდ დაღლილობა იკითხებოდა, მაგრამ თვალების სიღრმეში, ძალიან ღრმად, რაღაც მსგავსი შეინიშნებოდა. რა იყო ის რაღაც? ბედს შეგუება? თუ ფარული კმაყოფილება, რომ, ბოლოს და ბოლოს, აღარ გადაექცეოდა ტანჯვად, ამოეთქვა გულისნადები. განდობოდა თუ არა ჯონ უოტერჰაუსის გაცოცხლებულ ოცნებას...
ღმერთმა ხელი მოუმართოს. მან თავისი საქმე გააკეთა - უძრაობიდან გამოიყვანა ნუკი და გზა უჩვენა. დანარჩენი თვითონ იცის, დანარჩენი მისი საქმეა... ჰო, სწორად მიხვდა. ეს სწორედ ის იყო... სიკეთე, რისი დამარცხებაც შეუძლებელია. ადამიანებს რატომღაც ავიწყდებათ, რომ თუკი სიკეთეს თესავ, ცხოვრება - მთელი თავისი დაბრკოლებებით - მაინც მშვენიერია.
ენით აუწერელი განცდაა: დაეხმარო სხვას, როცა თავად საჭიროებ შველას. გაეცინა... არადა, სწორედ იმიტომ გაუწოდა ხელი, რომ თავისად დაიგულა. წამოიყვანა, თავშესაფარი მიუჩინა და შემდეგ... შემდეგ ყოყმანი დაიწყო, როგორც ჩვიდმეტი წლის ბიჭმა - ვუთხრა, არ ვუთხრა, ვუთხრა, არ ვუთხრა... თურმე ჭაღარას, გამოცდილებას, შეცდომებს და წლებს მნიშვნელობა არ ჰქონია. ყოველ ჯერზე, როცა ნუკი შინ არ დახვდებოდა, ყმაწვილივით გულაჩქროლებული ელოდა მის დაბრუნებას. ის მოვა, მოვა, მოვა... მოვა და ეტყვის... ყოველ წუთს არწმუნებდა თავის თავს... მაგრამ ის მოვიდოდა და კვლავ უკან იხევდა. ასაკი ბოჭავდა ყველაზე მეტად. ოჰ, ეს ასაკი! მას კარგი აღზრდა ჰქონდა მიღებული, რასაც შემდგომში ევროპული ეთიკის წესების ცოდნა დაემატა... ეს კი ისე კედელივით აღიმართ მათ შორის, ნორმიდან ამოვარდნის უფლებას არ აძლევდა. სწორედ ამან აიძულა, უკან დაეხია და მთავარი სათქმელი გულში ჩაეტოვებინა...
არა უშავს, დრო გავა და დამშვიდდება, სინანული ხინჯად აღარ დარჩება გულში. რა თქმა უნდა, ყველაფერი არ გაივლის, ცოტა რაღაც დარჩება, იცოცხლობს მოგონებებში, მაგრამ გახსენება ისე მტკივნეულად არ აუტოკებს გულს, როგორც ახლა. ასეა, როცა ყველაფერი გაივლის, ეგუები არსებულ ვითარებას და აგრძელებ ხვალინდელი დღის რწმენას...
ამ ფიქრებით გულდამძიმებულმა ვერც გაიგო, როდის შემოვიდა ნუკი.
- არ წახვედი? - გაოცებული მზერა მიაპყრო გოგონას.
- კი, როგორ არა, ვიყავი და მოვბრუნდი, - ნუკიმ ამოიოხრა და ჩანთა ტახტზე მიაგდო.
- რატომ?
- თათული გასვენებაში წავიდა, მე კი საქმე არაფერი მქონდა. მარტო მომბეზრდა ყოფნა. თანაც, დღეს შაბათია და...
- მერედა, შაბათს მეტი ალბათობა არ არის, რომ კლიენტი მოგადგეთ? ვფიქრობ, აჯობებდა, რომელიმე მაინც ყოფილიყავით იქ, - შენიშნა მამაკაცმა.
- არ აჯობებდა. ვიცი, რაც ჯობია, - თავდაჯერება გაისმა მის ხმაში, - გშია?
- არა, - უკმაყოფილოდ გადააქნია მამაკაცმა თავი, - მაინც არ მესმის თქვენი... ჯერ წესიერად მუშაობა არც დაგიწყიათ და უკვე...
- დამშვიდდი, ზურა, - გულგრილად გააწყვეტინა გოგონამ, - რამდენიმე დღეც და აღარ შეგაწუხებ ჩემი აქ ყოფნით.
- ეგ რა შუაშია? - თვალები გაუფართოვდა მამაკაცს.
- ვიცი, რაც გაწუხებს... წარამარა ფეხებში რომ გედები. მალე გადავალ, - უპასუხა გოგონამ და თითქოს მოცახცახე ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე.
რა სულელია! საიდან მოიტანა? არა, სულაც არ არის ეგრე! ზურას მართლა არ უნდა, ნუკიმ აქაურობა დატოვოს. ასე ადვილად ვერ შეელევა მას. ის იმდენად განსაკუთრებულია, იმდენად არაჩვეულებრივი, რომ... რომ... ბროლის პეპელას ჰგავს - ხელი თუ შეუშვი, დავარდება და ნამსხვრევებად იქცევა.
რა ემართება? რამდენჯერაც თვალებში შეხედავს ამ საოცრებას, იმდენჯერ სურვილი უჩნდება, მკლავები მოხვიოს და გულში ჩაიკრას. რა მოხდება, ასე რომ მოიქცეს? ახლა, ამწუთას? მაგრამ თავი რომ ვერ შეიკავოს? მაგრამ მხოლოდ გულში ჩაკვრით რომ არ დამთავრდეს ეს მკლავების მოხვევა? ამის წარმოდგენაც კი საკმარისი გახდა, აღგზნებულიყო. სხეული აუმხედრდა თითქოს, მთელი არსებით ნუკისკენ იწევდა... ფრთხილად, ყმაწვილო! - შეუძახა თავის თავს, - ჯენტლმენური ზრდილობის წესები ხომ არ დაგავიწყდა? დაოკდი, ზურიკ!
- მოდი, არ იჩქარო გადასვლა, კარგი? - რაც შეიძლებოდა, დაყვავებით უთხრა, - მე არაფერში მეშლება ხელი. არც გაიფიქრო მსგავსი რამ. პირიქით, ისე შეგეჩვიე, ვერც წარმომიდგენია, უშენოდ როგორ უნდა ვიცხოვრო მარტო, - სწრაფად მიაყარა წინადადებები ერთმანეთს და როცა დაამთავრა, თავადაც გაუკვირდა, როგორ შეძლო ასე გონივრულად მოეყარა თავი სათქმელისთვის.
- ასე მგონია, ამირანივით გულში მღერი: "ჭრელო პეპელა, ნურც მოფრინდები, ნურც გაფრინდები", - დამცინავად გაიღიმა ნუკიმ და ენა ხმაურიანად გაატკლაცუნა და ზურამ ყურადღებით შეხედა მის პრიალა ტუჩებს... რამდენი დღეა, არ უკოცნია? სამი? ოთხი? იქნებ რვა ან ცხრა?..
და წარმოიდგინა როგორ ხარბად დააკვდებოდა ამწუთას სხეულის ამ ყველაზე მოძრავ ნაწილს. ამის გაფიქრებამ ოდნავ დაუამა თავის ტკივილი, რომელიც წუხანდელი ღამის შემდეგ არ განელებია. ამის გამო დღეს სამსახურშიც არ წავიდა. მორჩა, აღარაფერი ეშველება... ყურებამდეა ჩაფლული ამ სასიამოვნო გაუგებრობაში. ახლა მხოლოდ იმაზე უნდა იფიქროს, რაც შეიძლება, ნაკლები "დანაკარგის" გარეშე დაიძვრინოს თავი ამ ულამაზო ისტორიიდან. უნდა დაიძვრინოს, მაგრამ...
- მაოცებ... - მხოლოდ ეს წარმოთქვა და ისეთი გამჭოლი მზერა ესროლა გოგონას, ეს უკანასკნელი ადგილს მიელურსმნა.
კარგა ხანს მისჩერებოდნენ ერთმანეთს და არც ერთი ხმის ამოღებას არ აპირებდა. ისევ ზურამ სცადა ჯიუტი (თუ უხერხული) დუმილის დარღვევა.
- დიდხანს უნდა ვიყოთ ასე?
- როგორ ასე? - აგდებული ტონით იკითხა ნუკიმ.
- საჩხუბრად გამზადებული მამლებივით, - გაღიმება სცადა.
- სულაც არ გეჩხუბები, - მხრები უდარდელად აიჩეჩა გოგონამ, აშკარად გრძნობდა უპირატესობას.
- მაშინ კრიჭაში რატომ მიდგახარ?
- არც კრიჭაში გიდგავარ. უბრალოდ, ჩემი სათქმელი გითხარი. ვიცი, რაც გაწუხ...
- არაფერი შენ არ იცი! - მისდა უნებურად, დაიყვირა ზურამ და თვალები რისხვით აენთო, - და ნუ თამაშობ ჩემს ნერვებზე, - საჭიროზე მეტი სიმშვიდით დაამატა ბოლოს.
ნუკისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მამაკაცის ასეთი უეცარი გარდასახვა. შენელებული კადრით რომ შეეხედა ამწუთას მისთვის ვინმეს, ნათლად შეამჩნევდა, როგორ გაუფართოვდა გოგონას გუგები და ამავდროულად, გაოგნებისგან ტუჩებიც გაეპო. სწორედ ამ დროს ნუკის მობილური ტელეფონი აწკრიალდა. გოგონამ თვალებით ჩანთას დაუწყო ძებნა. დაბნეული მივარდა ტახტზე მიგდებულ ჩანთას და ანერვიულებულმა კარგა ხანს ეძება ტელეფონი. როგორც კი ამოიღო და ეკრანს დახედა, ალმურმა აკრა სახეზე - დისპლეიზე დაწერილი ნომერი პლუს 7-ით იწყებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ გია ურეკავდა. ლამის სირბილით შევარდა საძინებელში, სასწრაფოდ გამოაღო ფანჯარა და რაფას ნახევარი ტანით გადაეკიდა, რომ მისი ხმა მაქსიმალურად გარეთ გასულიყო, სივრცეში და ზურას არ გაეგონა.
- გისმენთ, - ამოთქვა სუნთქვაშეგუბებულმა.
- აბა? სადა ვართ და როგორ ვართო? - სითბოდ ჩაეღვარა სხეულში მამაკაცის ბუბუნა ხმა.
- რომელი ხარ? - ყასიდად მაინც ჰკითხა, გაიკეკლუცა.
- გია ვარ, გოგო, რა გჭირს!
- გია, შე-ენ? როგორ გამახარე, რომ იცოდე! არ ველოდებოდი შენს ზარს.
- არ ელოდებოდი? ვითომ რატომ? ხომ გითხარი, ჩავალ და დაგირეკავ-მეთქი.
- უკვე რამდენი დღეა, ჩახვედი, მაგრამ დღემდე არ დამირეკე. მეგონა, დამიმესიჯებდი მაინც, არც ეს გააკეთე..
- მაგასაც ვიზამ, როცა საჭიროდ ჩავთვლი. როგორ ხარ-მეთქი, - გიამ "დაურეკაობის" ახსნა-განმარტებას ოსტატურად აარიდა თავი.
- კარგად, ახლა ძალიან კარგად ვარ.
- ახლა? აქამდე რა გჭირდა?
- ახლა შენი ხმა გავიგონე და იმიტომ ვარ კარგად.
- აჰა... ეგ კარგია. სად ხარ?
- აქ ვარ.
- სად აქ?
- შენთან, შენ გელაპარაკები.
- გენაცალეო მე შენ! - ენამოჩლექით გამოთქვა მამაკაცმა და აბუბუნდა, - როგორი ეშმაკი მყავხარ.
- შენ როგორ ხარ?
- მეც არა მიშავს რა. ჯერჯერობით ვზვერავ სიტუაციას.
- მოაგვარე საქმეები?
- ვაგვარებ ნელ-ნელა. ხვალ მაქვს შეხვედრა, დილის 11 საათზე.
- რა ხმაური ისმის? - ნუკის არეული ხმები ესმოდა მობილურიდან.
- ბარში ვართ ბიჭები, ლუდს ვსვამთ, სიხ.
- ააა! ესე იგი, ცელქობ.
- არა, რას ვცელქობ, ვლუდაობთ ცოტას. ისე გოგოები კი გვაბამენ შორიდან. - მისებურად გაიცინა გიამ.
- მერე შეები შენც, რას კარგავ? - აყვა ხუმრობაში გოგონა.
- აბა, კი! მეტი საქმე არა მაქვს, ახლა ამათთვის დავხარჯო დრო და ენერგია.
- რატომ?
- როცა შენნაირი მელოდება თბილისში, ესენი რა ჭირად მინდა, ნუუკ. ჩემი სიცოცხლე ხარ შენ.
ნუკი სიამოვნებისაგან დაიღვენთა, თან შებოჭილად გრძნობდა თავს, ასე ეგონა, ზურა კარს იყო მოყურადებული და მის საუბარს ისმენდა.
- შენ კი ჩემი, - ვერ მოითმინა თვითონაც.
- გენაცვალე მაგ ლამაზ გულში. წავედი ახლა და ჭკვიანად იყავი. იცოდე, არ გამაბრაზო.
- რამდენ ხანში ჩამოხვალ? - დაიწუწუნა გოგონამ.
- მალე, ნუუკ, მალე ჩამოვალ. დამელოდე და არ იცელქო იცოდე, იქ, - კვლავ გაიცინა გიამ.
- თუ მალე ჩამოხვალ, არ ვიცელქებ, თუ არადა, ვერ შეგპირდები, - კიდევ უფრო აკეკლუცდა გულანთებული.
- ნუ მაბრაზებ, თორემ მოგხვდება ერთ ადგილას, იცოდე! - შორიდან მიესიყვარულა გია, - აბა, წავედი და ჭკვიანად, სიცოცხლევ!
- გკოცნი უთვალავს.
- მეც გკოცნი ბევრზე ბევრს... დაგიმესიჯებ.
ნუკი გონზე არ იყო. თითქოს ფრთები შეესხა. უცნაურად ამსუბუქებულმა (და აღტყინებულმა) ფანჯარა მიხურა, ტელეფონი საწოლზე დაუდევრად მიაგდო და თვითონაც გარდიგარდმო გადაემხო არაბულ ტახტზე, საბანში ცხვირპირჩარგული. უყვარს, უყვარს, უყვაააარს! რა კარგი გრძნობაა, ღმერთო, რა სასიამოვნო! სად იყო აქამდე? უნდოდა ემღერა, ეცეკვა, ეყვირა, ციბრუტივით ეტრიალა, ოღონდ კი დაეხარჯა ეს სიხარული, ოღონდ კი გაეზიარებინა ვინმესთვის, მაგრამ... სამწუხაროდ, ერთი ადამიანი არ ჰყავდა გვერდით ისეთი, ვისაც თავის განცდებს გაუზიარებდა. აქ კი ჩაფიქრდა. ნუთუ მართლა არავინაა მის გარშემო ასეთი? ნელი? არა, ნელის ვერა, ნელი ვერ გაიგებს ამას. მას მხოლოდ მაშინ გაანდობს, როცა საქმე სერიოზულ ურთიერთობამდე მივა. აი, მაშინ კი დააყენებს მეგობარს ფაქტის წინაშე. ზურას ხომ ვერ ეტყვის და ვერა. სხვა კი მართლა არავინ ჰყავს. აი, ეკას რომ არ დაშორებოდა, მას გადაუშლიდა გულს (თანაც როგორი სიამოვნებით). რა ქნას აბა, მისი სიფრიფანა გული ვერ იტევს ამხელა სიხარულს მარტო. ვიღაცას უნდა გაუზიაროს იგი. ამას წინათ კი შეეხმიანა ეკა, მისწერა, მოიკითხა, ბოდიშიც მოუხადა, მაპატიე, რომ უნებლიეთ დაგწამე ცილიო. ნუკი ამას ნამდვილად არ ელოდა მისგან. ის კი არა, ისე გაუხარდა, ეკამ რომ მოსწერა, რომ სანამ ბოდიშს მოუხდიდა, ლამის იქამდე აპატია შეურაცხყოფა, ისეთი აღტაცებით შეხვდა. სულ კოცნები და გულები უგზავნა. ახლოს მაინც იყოს. მოუყვებოდა თავის ამბავს. იქნებ ჯერ არ ღირს? წამით დაფიქრდა. ზედმეტად ხომ არ არის აცეტებული?
მოულოდნელად მესიჯის სიგნალი გაისმა. "აჰა, უკვე მომწერა! ვეღარ ითმენს ისიც. რა კარგია ხანდახან სიშორე, ძლიერი მონატრება იცის", - გაიფიქრა ყურებამდე გაღიმებულმა და ტელეფონს სტაცა ხელი. ამჯერად შეცდა, თუმცა არანაკლებ სასიხარულო წერილი მოუვიდა. რატი იყო, მისი ახალგამოჩენილი ძმა, ლამაზხმიანი უმცროსი ძამიკო.
"ნუკი, როგორ ხარ? გვენატრები ძალიან. როდის გვინახულებ? დედამ შემჭამა, მას შემდეგ, რაც დაგირეკე, სულ ტირის, ისე უნდა შენი ნახვა. მეც ძალიან მინდა ეს", - წერდა ბიჭი.
"ჩემო სიხარულო, არ იცი, მეც როგორ მინდა შენი გაცნობა. ძალიან მაინტერესებს, როგორი ხარ. ცოტაც მაცალე და აუცილებლად ჩამოვალ. აი, ნახავ. სულ ცოტა ხანი მაცალე, კარგი?" - გაუგზავნა პასუხი და თვალები ცრემლით აევსო, თუმცა დედა მაინც არ მოიკითხა, არც კი ახსენა. არადა, ვინ იცის, როგორ ელოდებოდა ჯულიეტა შვილისგან სწორედ ამ მოკითხვას. დედის ხსენება კი არა, მხოლოდ რატის გარშემო იტრიალა მისმა დაწერილმა სიტყვებმა.
რა კარგია, ძმა რომ ჰყავს. მალე გაიცნობს და ყველაფერს უამბობს. ის გახდება ნუკის მესაიდუმლე. ვინ იცის, იქნებ დედაც... ნეტავ როგორ გამოიყურება დედამისი? თავის დროზე ძალიან ლამაზი ყოფილა, ნუკიზე ლამაზიც კი. თავს არ უტყდება, თორემ ძალიანაც აინტერესებს, როგორი ქალია დედამისი, როგორ გამოიყურება. არა უშავს, სადაც აქამდე ითმინა, ცოტას კიდევ მოითმენს. ერთხელაც დაურეკავს რატის, მოვდივარო, ეტყვის და გაემგზავრება. წამით წარმოიდგინა, როგორ დახვდებოდნენ სადგურზე დიდი ხნის უნახავ დას (და შვილს) ძმა და დედა... იქნებ მეზობლებიც? მთელი უბანი (და ნათესაობაც) რომ გამოვიდეს მის დასახვედრად. გასაკვირი არაფერია.
8 8 8
კვირას ზურას არ უწევდა მუშაობა, მაგრამ მაინც წავიდა ოფისში. ეს ბევრად უსაფრთხო იყო, ვიდრე მთელი დღე შინ ჯდომა, ნუკისთან სიახლოვეს. იგი მაქსიმალურად გაურბოდა ამას. თუმცა, შუადღე მოახლოვდა თუ არა, თავისი თავი დაიჭირა იმაში, რომ სამსახურშიც ვერ ძლებდა, იქაც აუტანელი გამხდარიყო ყოფნა... ადგა და წამოვიდა. როგორც კი ბინის კარი შეაღო, უთომომარჯვებული ნუკი შეამჩნია სასტუმრო ოთახში, რომელიც მის პერანგებს აუთოებდა.
- დღე მშვიდობისა! - მხიარულად შესძახა მან, როგორც კი ზურა დაინახა, - ასე ადრე არ გელოდი.
მამაკაცმა უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და საყვედურით სავსე ტონით მიმართა.
- რა დღეში ხარ, ნუკი? იმისთვის კი არ წამოგიყვანე მცხეთიდან, რომ ჩემთვის იმუშაო. მე თვითონ მივხედავდი მაგას.
- ვერ ამჩნევ, რომ ბოლო ხანებში ძალიან ჯუჯღუნა გახდი? ადრე ასეთი არ იყავი. ასე ძალიან გიშლი ხელს? - გოგონას წეღანდელი მხიარული ტონი სადღაც გამქრალიყო.
ზურამ პერანგის საყელო შეიხსნა და სავარძელში ჩაჯდა.
- როდის ადრე? - ინტერესით შეეკითხა.
- ნუ... იცი შენ... როდის.
- არა, არ ვიცი. რატომ არ გინდა მითხრა?
- რა თქმა გინდა? არც ქობულეთში იყავი ასეთი და არც მცხეთაში. რაც აქ ჩამოვედით, მთლიანად შეიცვალე.
- აჰა... მთლიანად, ესე იგი, არა? და როგორ გგონია, რამ შემცვალა?
- ეგ შენ უნდა იცოდე, მე რას მეკითხები.
"შენმა სიახლოვემ", - გაიფიქრა მამაკაცმა და ღრმად ამოიხვნეშა, თქმით არაფერი უთქვამს.
- ნუკი, - შეცვლილი ხმით დაიწყო უცებ, თითქოს რაღაც მოაგონდაო, - რაღაც მინდა გკითხო, ოღონდ გულწრფელად მიპასუხე, კარგი?
- კარგი. მკითხე.
- მაშინ, ბავშვობაში, მოგწონდი?
გოგონა არ ელოდა ამ შეკითხვას და დაბნეულმა უაზროდ ააფახულა წამწამები. ერთხანს ფიქრობდა, სიმართლე ეთქვა, თუ მოეტყუებინა. ზურა დაჟინებით უყურებდა, თვალს არ აცილებდა დაბნეულს.
- თუ სიმართლე გაინტერესებს, ცოტას ვეჭვიანობდი კიდეც სხვა გოგოებზე, - აღიარა ბოლოს წამოჭარხლებულმა, - მინდოდა, ცოტათი უფროსი ვყოფილიყავი ასაკით და ცოტათი უფრო ლამაზიც, რომ შენ შეგემჩნიე.
- მე შენ ყოველთვის გამჩნევდი, - შენიშნა ზურამ.
- მატყუებ. ერთხელ გამიღიმე ადამიანურად და მკითხე, როგორ ხარო. ეგ იყო სულ.
- და შენ რა მიპასუხე? - ფართოდ გაეღიმა მამაკაცს.
- რა უნდა მეპასუხა? შემრცხვა და გავიქეცი, - ნუკისაც გაეღიმა.
- მაგრამ მე სულ კიკინებზე გექაჩებოდი. ასე არ იყო? როგორ გგონია, რატომ? მეც მომწონდი და იმიტომ.
ნუკიმ თავი ასწია, თმა უკან გადაიყარა და გამჭოლი მზერა ესროლა. მამაკაცმა მრავლისმეტყველად გაუღიმა.
- რა, არ გჯერა?
- კი, როგორ არა, - ირონია გაისმა მის პასუხში.
- შენ რატომ არ წახვედი სამუშაოზე? - სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი ზურამ.
- თათულიმ მითხრა, დღეს მე დავრჩებიო. აწი ასე გავაკეთებთ, შაბათ-კვირას მორიგეობით დავრჩებით, რომ კვირაში თითო დღე დავისვენოთ, სანამ საბოლოოდ გადავალ იქ, - ბოლო წინადადება ხაზგასმით წარმოთქვა.
- შენც შეიცვალე ბოლო ხანებში, - შესამჩნევად ხმადაბლა გამოუვიდა მამაკაცს, როცა მისთვის საჭირბოროტო თემას შეეხო.
- მე-ე? - კვლავ წამოჭარხლდა ნუკი, - რატომ? რაში მეტყობა?
- ყველაფერში... რაღაცნაირი გახდი.
- რანაირი რაღაცნაირი?
- შენ უკეთ გეცოდინება, - მხრები აიჩეჩა ზურამ, სამზარეულოში გავიდა, რათა პირგამშრალს (ნერვიულობისგან) წყალი დაელია და რამდენიმე წუთში კვლავ შემობრუნდა (უკვე შესამჩნევად დამშვიდებული).
რა ემართება? შემთხვევით, ხომ არ შეუყვარდა ეს ძნელად მოსარჯულებელი გოგო? ფაქტია, ეჭვიანობს. თუ ეჭვიანობს, ესე იგი, ცუდად არის საქმე. არა, არ უნდა მიიყვანოს სიყვარულამდე ეს ურთიერთობა, თორემ თავის მთავარ (მამოძრავებელ) პრინციპს გადაუხვევს - არასდროს დავქორწინდებიო. რაში სჭირდება ცოლი? არ ღირს გარისკვად. ზედმეტი საზრუნავია (უფრო პასუხისმგებლობა) მისთვის. ცხოვრობს კომფორტულად (და თავისუფლად), ტვინს არავინ უბურღავს, აქვს საინტერესო სამუშაო... წრე, რომელშიც ტრიალებს, სრულიად მისაღებია მისთვის და არც სათავგადასავლო (თუ სასიყვარულო) ისტორიები (თუმცა ხანმოკლე) აკლია. რამდენი წელი დასჭირდა, ამ ყველაფრისთვის მიეღწია და ახლა, ამ ასაკში საკუთარი ნებით გაჰყოს თავი ყულფში? არავითარ შემთხვევაში!
მაგრამ... მაგრამ ადრე მსგავსი რამ არც განუცდია. მას არასდროს უცხოვრია სახლში, სადაც, სამსახურიდან დაბრუნებულს, სიმყუდროვე, ცხელი სადილი და ვნებიანი ქალი დახვდებოდა. ესეც ხომ კარგია? უნდა აღიაროს, რომ კარგია (უფრო მეტიც, არაჩვეულებრივი). საინტერესოა, რომ სცოდნოდა, ასეთ დღეში ჩავარდებოდა, წამოიყვანდა ნუკის თავისთან? ასე მორჩილად გაებმებოდა თავსსავე დაგებულ მახეში?.. დაფიქრებული მზერა მიაპყრო გოგონას, რომელიც დაუოთებულ პერანგს საგულდაგულოდ კეცავდა... ალბათ (უეჭველად) წამოიყვანდა. თუ აღიარებაა, აღიარება იყოს.
- იცი, ასე რატომ შევიცვალე? - ზურასთვის მოულოდნელად ალაპარაკდა ნუკი.
მამაკაცმა წარბები აზიდა, არ მოელოდა.
- არ ვიცი, - შეეცადა, რაც შეიძლებოდა, მშვიდად წარმოეთქვა.
- ამას წინათ ჩემი ძმა გავიცანი, - გააგრძელა ნუკიმ, თითები იქვე მდგარ წყლიან ჯამში დაისველა და შემდეგი პერანგის დანამვას შეუდგა.
- ძმაა? აბა, ძმა! შენ რა, დედმამიშვილიც გყავს?
- მყოლია თურმე... მეც არ ვიცოდი.
- და საიდან გაიცანი? ვინ გითხრა, რომ შენი ძმაა?
ნუკიმ რატის ამბავი უამბო. გაოცებული ზურა მდუმარედ უსმენდა, სანამ გოგონა სათქმელს დაამთავრებდა.
- ახლა რას აპირებ?
- რა ვიცი... წავალ ალბათ.
- ეს კარგი ამბავია... ძალიან კარგი, - დაბნეული ალაპარაკდა მამაკაცი, - უნდა წახვიდე, აბა რა... გინდა, მეც წამოგყვე?
- შე-ენ?
- ჰო, მანქანით წავიდეთ. რატომ უნდა იარო ავტობუსით ან მატარებლით... წავალთ და წამოვალთ, თუკი ეს შენთვის....
- არა, რატომ... კარგი აზრია, ძალიან კარგი. წავიდეთ ერთხელაც. როცა... როცა...
- რა როცა? - ვერ მიუხვდა.
- როცა ცოტა ფულს მოვაგროვებ. ხელცარიელი ხომ ვერ ჩავალ, - მზერა აარიდა გოგონამ და მთელი ძალით გაუსვა უთო თეთრ პერანგს.
- გასაგებია. შენ, მთავარია იცოდე, რომ მე მზად ვარ. თუ რამეში დაგჭირდე, ყველაფერში დაგეხმარები... ფულითაც კი, სხვათა შორის, - შეაპარა ბოლოს და მალულად გახედა.
- ვიცი. დიდი მადლობა, ისედაც დავალებული ვარ შენგან. მოვიფიქრებ, ჯერ ცოტათი დაბნეული ვარ.
- ეგ სასიამოვნო დაბნეულობაა, ბედნიერი ხარ, ძმა რომ გამოგიჩნდა. მეც ვინატრებდი შენს ადგილას ყოფნას, - თბილად გაუღიმა მამაკაცმა და როცა გააანალიზა, რომ ნუკის ბოლოდროინდელი "ოცნებააშლილობა" სიყვარულის სამკუთხედს არ უკავშირდებოდა, შვებით ამოისუნთქა, ოღონდ ისე, რომ ნუკის არ შეემჩნია.
ოქტომბერი უფრო თბილი გამოდგა, ვიდრე შემოდგომას "ეკადრებოდა". ნუკიმ უკვე აუღო ალღო სამუშაოს. გაუმრავლდათ ქალებს შეკვეთები. საქმე თავზე საყრელად დაუგროვდათ. გოგონა ხშირ შემთხვევაში გვიანობამდე რჩებოდა სამკერვალოში, ხანდახან ღამითაც კი. ზურა თითქოს შეეჩვია კიდეც მის ასეთ გრაფიკს. ნუკის საქციელში ბოლო ხანებში საეჭვოს ვერაფერს ხედავდა. ასე რომ, "მესამე ზედმეტის" არსებობა უკვე გამორიცხა.
არადა, ნუკი გიასთან ურთიერთობას მესიჯებით აგვარებდა. დღე არ გავიდოდა, მამაკაცს თავი არ შეეხსენებინა. ხანდახან მთელი ღამე მესიჯობდნენ, სანამ რომელიმე მათგანს არ ჩაეძინებოდა. მეორე დღეს კი ამაზე ერთმანეთს დასცინოდნენ. აი, გუშინწინაც დიდხანს აგზავნეს წინ და უკან შეტყობინებები. მამაკაცი ჰპირდებოდა, მალე ჩამოვალო, მაგრამ ეს "მალე" არა და არ დგებოდა.
გოგონა თან ფიქრობდა, თან გამალებული კერავდა. ხვალ დილით უნდა ჩაებარებინა კლიენტისთვის საღამოს კაბა და მოსწრებაზე იყო. მუშაობა მობილურის ზარმა გააწყვეტინა. უნებურად შეწყვიტა კერვა და მიაყურადა. ხომ არ მოეჩვენა? გიას აქაურ ნომერზე განსხვავებული ზარი ეყენა. უცხოეთის ნომერი კი ცალკე ჰქონდა ჩანიშნული, როგორც დროებითი. ახლა კი ზარი აშკარად ქართული ნომრიდან შემოდიოდა. ნუთუ ჩამოვიდა? ლამის გაუჩერდა გული...
- გისმენთ! - ჩასძახა ტელეფონში და როცა მისი ხმა გაიგონა, სიამოვნებისაგან ძალაწართმეული კინაღამ ჩაიკეცა.
- შენ შემოგევლოს ჩემი სიცოცხლე. აბა, როგორ მყავხარ?
- გია!.. შენ ხარ? ჩამოხვედი? - ნუკი ძლივს იკავებდა თავს, სიხარულისგან არ დაეყვირა.
- სულ რაღაც ორი საათია, ჩამოვედი, სიცოცხლე, ჩამოვედი და ახლა პირდაპირ შენთან მოვდივარ. სამსახურში ხარ?
- ჰო, აბა სად ვიქნები.
- მალე მოვალ, დამელოდე, ნუუკ. ვერ ვითმენ, არ გნახო.
- გელოდები, - გოგონამ ახლაღა შეამჩნია, როგორ უცახცახებდა თითები.
რა სიუპრიზი მოუწყო! არც კი გააფრთხილა, რომ ჩამოდიოდა. არადა, გუშინწინ ელაპარაკა. რა საოცარი ვინმეა, როგორ აგიჟებს. რა მოხდება ამაღამ? ფაქტია, ეს ღამე ჩვეულებრივად არ ჩაივლის. ის კაცია, თავისას მოითხოვს. ნუკი ქალია, ან "ჰო" უნდა უთხრას, ან "არა"... არის კი ამისთვის მზად? არ იცის. არც ღირს ამაზე წინასწარ ფიქრი. აჯობებს, მოსახდენი თავისით მოხდეს. სიტუაცია აჩვენებს ყველაფერს.
ნახევარი საათი გავიდა, თუმცა ნუკის მოეჩვენა, რომ მოლოდინში დღეები გავიდა. როცა მესიჯი მიიღო, აქ ვარო, თავპირისმტვრევით გავარდა გარეთ.
გია მანქანანიდან გადმოსულიყო და მის გამოჩენას ელოდა. ნუკი ლამის გარბოდა. არ ახსოვს, როგორ ჩაეხუტა მამაკაცს ვეება მკერდში და როგორ შემოხვია მკლავები.
- გენაცვალეო მე შენ, - ჩურჩულებდა გია, - ხომ გითხარი, მალე ჩამოვალ-მეთქი, ხომ შეგისრულე პირობა, - ეუბნებოდა და ძლიერად იხუტებდა აცახცახებულ გოგონას.
- არ იცი, რა დამემართა, როცა დამირეკე, სიზმარში მეგონა თავი. რატომ არ გამაფრთხილე?
- მიყვარს მოულოდნელობები. ასე ხომ უფრო გაგიხარდა?
- ჰო, მაგრამ...
- ჰოდა, წავიდეთ ახლა. რესტორანში უნდა დაგპატიჟო.
- არ გვინდა რესტორანში, წყნარად მინდა შენთან სადმე დავჯდე.
- მე კი მინდა კარგი დრო გატარებინო და უარი არ მითხრა, გასაგებია? ვიცი, რასაც ვამბობ, სიხარულო, დამიჯერე.
- კარგი, რადგან ასეა, ასე იყოს, - უპასუხა ნუკიმ, თუმცა იგრძნო, რომ რაღაც ნაპერწკალი ჩაუქრა გულშიც და თვალებშიც, თითქოს იმედი გაუცრუვდა.
- 5 დღით ვარ ჩამოსული, სამშაბათ დილით უკან უნდა დავბრუნდე. ჩამოვედი და ეგრევე შენკენ გამოვეშურე, შენი უნახაობა არ შემეძლო.
- 5 დღით რატომ?
- ძმაკაცს ხვალ ქორწილი აქვს. მეჯვარე ვარ. აბა, რა უნდა მექნა?
- ესე იგი, წასვლამდე რომ მნახო, ნაკლები შანსია, არა?
- რატომ, სიხ, რატომ. კვირას ან ორშაბათს აუცილებლად გნახავ. ისე როგორ წავალ?
ამასობაში გიამ რომელიღაც რესტორანს მიაყენა მანქანა.
- დღეს ბევრი უნდა ვიცეკვოთ მე და შენ.
ნუკიმ დაიმორცხვა. ისე იყო აფორიაქებული, ახლა ცეკვის თავი ნამდვილად არ ჰქონდა და არც რესტორანში ყოფნა ეხატებოდა დიდად გულზე, მაგრამ ეს მის სურვილზე არ იყო დამოკიდებული. როგორც კი შიგნით შევიდნენ, პუტკუნა ოფიციანტი გოგონა მათკენ გამოეშურა, გიას ძველი ნაცნობივით გაუღიმა და უთხრა.
- თქვენი მაგიდა უკვე გაშლილია, - და ხელით დარბაზის შუაგულისკენ ანიშნა წყვილს.
ნუკი მიხვდა, რომ მამაკაცს თადარიგი წინასწარ ჰქონდა დაჭერილი. გოგონამ სუფრა შეათვალიერა და წარბები ცნობისმოყვარედ აზიდა. მაგიდა ოთხ ადამიანზე იყო გაშლილი.
- კიდევ ველოდებით ვინმეს? - აშკარა უკმაყოფილება დაეტყო ხმაში.
- ჩემი ორი მეგობარი შემოგვიერთდება მხოლოდ. სხვანაირად არ შემეძლო... მინდოდა, მეთქვა, მაგრამ... იმედია, შენთვის უხერხული არ იქნება, - თითქოს მოუბოდიშასავით გიამ.
გოგონამ ნაძალადევი ღიმილი ფარივით აიფარა სახეზე. უხმოდ მიუჯდა სუფრას და მამაკაცს დაკვირვებით შეხედა... ის მის წინ იჯდა და მთისფერი თვალებით უყურებდა. თავადაც მთას ჰგავდა - ახოვანი, მხარბეჭიანი, თვალუწვდენელი მინდორივით გაშლილი გულმკერდით. თხელი, მაგრამ მგრძნობიარე ტუჩებით მრავლისმეტყველად იღიმოდა, თან მოუსვენრად ატრიალებდა თვალებს და ყველას მზერას ერთდროულად იჭერდა, განსაკუთრებით ქალებისას, თითქოს არ უნდოდა, რომელიმე გამოპარვოდა. ძალიან ლამაზი იყო, უფრო მეტიც, მას უმწიკვლო საყვარლის გარეგნობა ჰქონდა. თუმცა რაღაც აკლდა მის გამოხედვას, რაღაც მარცვალი, რაც არსებითად შეცვლიდა მის გამომეტყველებას. მან იცოდა, რომ მოსწონდათ გარშემომყოფებს და ამავე დროს, თითქოს ბოდიშსაც იხდიდა ამის გამო. ცოტა ხანში მიკროფონის გამაყრუებელი წუილის ხმა გაისმა. მომღერლები მორიგი ნომრისთვის ემზადებოდნენ.
ამ დროს დარბაზში ორი ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა და ღიმილით გიასკენ გამოემართა, თან ცალი თვალით ნუკის დაუწყეს თვალიერება. გოგონამ უხერხულად იგრძნო თავი. ნამდვილად არ უნდოდა, ეს საღამო უცხო ადამიანების გარემოცვაში გაეტარებინა, მიუხედავად იმისა, რომ მის გვერდით მისი ოცნების მამაკაციც იმყოფებოდა.
გიამ მოსულები გადაკოცნა და ნუკი გააცნო. გივი და ვასო (ასე ერქვათ გიას მეგობრებს) თბილად მიესალმნენ გოგონას და ჩამოსხდნენ. ერთხანს უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, უნიჭოდ ნამღერი "სულ ზევით, ზევით" ისმოდა მხოლოდ. თამადობა ვასომ ითავა.
- ქალბატონი ნუკი ალბათ საქმის კურსშია და იცის, ჩემო გია, რომ დღეს დაბადების დღე გაქვს, - დაიწყო ვასომ, - ჰოდა, შენ გაგიმარჯოს, ძმაო, მაგარი კაცი ხარ და ღმერთმა კარგად გამყოფოს, სიკეთე და სიხარული არ მოგაკლოს გამჩენმა.
ამის გაგონებაზე ნუკის თვალთ დაუბნელდა. როგორ თუ დაბადების დღე? "ოდნოებში" რატომ არ გამოჩნდა, თუკი დაბადების დღე ჰქონდა? ნუთუ არ მიაქცია ყურადღება?
არ შეიმჩნია, რომ არ იცოდა. შერცხვა, ახლა რომ იგებდა ამის შესახებ. აი, თურმე რატომ წამოიყვანა რესტორანში და არა იმიტომ, რომ მას ასიამოვნოს. ხასიათი გაუფუჭდა, თუმცა მხოლოდ "არ იცოდა" არ იყო ამის მიზეზი. "დამშვიდდი, გოგონი", - გაიმხნევა თავი, - "შარზე რატომ ხარ? ადამიანს უნდა, პატივი გცეს, ჩამოვიდა თუ არა, შენკენ გამოეშურა, შენ გამო ფულს ხარჯავს, შენ კი უკმაყოფილო ხარ? არ გეკადრება!" - ფიქრობდა თავისთვის და ცდილობდა, ბუნებრივად გაეღიმა, თუმცა კი სულაც არ ეღიმებოდა.
მამაკაცები მალე შეზარხოშდნენ. აბა, რა მოუვიდოდათ, ეგრევე (ზედიზედ) განსხვავებული სასმისები შესვეს. ნუკი ზედმეტად გრძნობდა თავს, ვერა და ვერ მოიხსნა დაძაბულობა, თუმცა არ აკლდა ყურადღება, სამივე ზედ დაჰფოფინებდა. ვერა, ვერ გამხიარულდა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო იკეტებოდა თავის თავში. წვეთი არ დაულევია, არც არაფერი უჭამია, იჯდა და მდუმარედ შეჰყურებდა მოქეიფეებს. უკვე ზომიერად შემთვრალი გია მუსიკოსებს შეკვეთას შეკვეთაზე აძლევდა და ხან რა სიმღერას ითხოვდა და ხან რას. თითო შეკვეთაში 20 ლარს ატანდა ოფიციანტს. უკვირდა ნუკის, ნუთუ ასეთია, თუ ამწუთას თავს იწონებს მის წინაშე? უნდა აგრძნობინოს, რომ ბევრი ფული აქვს და ხელგაშლილია? თუ ასე ჩვევია ყოველთვის?
- წამო, ვიცეკვოთ, - თქვა უეცრად გიამ, დაავლო ხელი გოგონას და სცენისკენ წაიყვანა.
გაძალიანება სცადა, მაგრამ მიხვდა, არ გამოუვიდოდა და მორჩილად დაჰყვა მის ნებას... შემდეგ იგრძნო, როგორ აიყვანეს ხელში, სწორედ ისე, როგორც ბავშვობაში და დააბზრიალეს. იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ეს ჟესტი, რომ, როგორც კი ჰაერში აღმოჩნდა, ერთი ცივად წამოიკივლა და მხრებში ჩააფრინდა მამაკაცს.
- ნუ ხარ ეგრე, ძალიან გთხოვ, გაიღიმე ცოტა, გესმის? - ტუჩები ყურთან მიუტანა გიამ, ფრთხილად ჩამოსვა ძირს და ყვრიმალთან აკოცა.
აილეწა გოგონა. მოზღვავებული სიამოვნებისგან თვალები დახუჭა და მამაკაცის მკლავებს ბრმად მიენდო. ისე თავისუფლად ცეკვავდა გია, თითქოს მთელი ცხოვრება მეტი არაფერი ეკეთებინოს. ისიც აიყოლია. როგორც იქნა, პირველი ბუნებრივი ღიმილი გაკრთა მის ტუჩებზე, თვალები გაუბრწყინდა მოზღვავებული გრძნობისგან და რიტმშიც თავისუფლად აჰყვა მამაკაცს. მუსიკა რომ დამთავრდა, ორივეს არაქათი ჰქონდა გამოცლილი.
- ვაა! თქვენ რა მაგრები ყოფილხართ, ძმაო, რა სერიოზულად ცეკვავდით, - ხელები გაშალა ვასომ და მოახლოებულ გოგონას შუბლზე აკოცა, - მშურს შენი, გია, ძმაო, ასეთი ანგელოზი რომ გყავს გვერდით. შენ რა დაგაბერებს!
- ჩემი გოგოა ეს, - საჩვენებელი თითი ღიმილით გაფშიკა გიამ, - და არაფერი შეგეშალოთ, იცოდეთ! - მისი სიტყვები მუქარას უფრო ჰგავდა, ვიდრე ხუმრობანარევ გაფრთხილებას.
- გეკადრება, ბიჭო, შენ ჩვენ ვინ გგონივართ! - გივი კარგა შემთვრალი ჩანდა და ნუკი მიხვდა, დროზე უნდა გაცლოდა აქაურობას.
- მე წავალ, გვიანაა უკვე, - ხმადაბლა გადაულაპარაკა გიას.
- მოიცა ცოტა ხანს, ერთად გავიდეთ, - სთხოვა მამაკაცმა.
- არა, პირველი დაიწყო, უნდა წავიდე! - ჯიუტად გაიმეორა გოგონამ და წამოდგა.
გიამ ბიჭებს ბოდიში მოუხადა, ცოტა ხნით დაგტოვებთო და მასთან ერთად ქუჩაში გამოვიდა.
ნუკის გასაოცრად, მამაკაცმა იქვე მდგარ ტაქსის მძღოლს ხელით ანიშნა, ახლოს მოდიო. გოგონა გაშრა. როგორ! თვითონ არ წაიყვანს სახლში? აქ რჩება? ამ დეგენერატებთან? გული შეეკუმშა. იქნებ თვითონაც გამოჰყვეს? ჰო, ალბათ ასე მოიქცევა. ნასვამი ხომ ვერ დაჯდება საჭესთან!
გიამ უკანა სალონის კარი გამოაღო. ის იყო, ნუკიმ ჩაჯდომა დააპირა, რომ მამაკაცმა მკლავში ჩაავლო ხელი, თავისკენ მოიზიდა და ტუჩებზე დააცხრა. დიდხანს, ძალიან დიდხანს კოცნიდნენ ერთმანეთს. გოგონას სიამოვნებისგან თავბრუ ეხვეოდა, თუმცა ამავდროულად, უხმო ტკივილსაც გრძნობდა, რადგან მიხვდა, გია მასთან ერთად წამოსვლას არ აპირებდა.
- ხვალ დაგირეკავ, - ხმადაბლა წარმოთქვა და ჩაჯდა თუ არა ნუკი, ჯიბეზე გაიკრა ხელი, - ეს ქალბატონი უვნებლად მიმიყვანე სახლამდე, მეგობარო! - მერე ნუკის მიუბრუნდა, - შემატყობინე, როგორც კი მიხვალ, კარგი?
ნუკიმ თავი დაუბნია. როგორც კი ტაქსი დაიძრა, თვალები ცრემლით აევსო. ესეც შენი სანუკვარი შეხვედრა. რატომ მოხდა ასე? ნუთუ ძმაკაცებთან ქეიფი არჩია მასთან განმარტოებას? თუ ნუკის უფრთხილდება? რა მხრივ? რა სჭირს მოსაფრთხილებელი? ხომ ყველაფერი გარკვეულია მათ შორის? რატომ აჭიანურებს? თან კმაყოფილი იყო, მამაკაცი რომ არ ჩქარობდა უფრო მეტად დაახლოებას, თან ბრაზი ერეოდა, რა საჭიროა ასეთი გაჯანჯლებაო.
სამკერვალო ძლივს გააღო თვალცრემლიანმა. საჭიროდ არ ჩათვალა, დაერეკე გიასთვის და ეთქვა, შინ მშვიდობით დავბრუნდიო. ბოღმა ახრჩობდა. მამაკაცმა თვითონ დაურეკა.
- რატომ მანერვიულებ? - ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდა გია.
- რატომ განერვიულებ? - არ შეიმჩნია ნუკიმ.
- ხომ გთხოვე, როგორც კი მიხვალ, დამირეკე-მეთქი?
- ამწუთას მოვედი, ახლა ვაპირებდი დარეკვას.
- გენაცვალე ლამაზ ცხვირპ-პირში. ნუ მიბრაზდები, სიცოცხლე და ერთი რამ იცოდე, რომ მე შენ ძალიან მჭირდები. გასაგებია? - ესიყვარულებოდა მამაკაცი.
- მეც მჭირდები, - სლუკუნით უპასუხა გოგონამ და თვალები აატრიალა, რომ კვლავ არ ატირებულიყო.
- გნახავ წასვლამდე. გაკოცე ბევრი.
"გაკოცე ბევრი"... ეს უშველის ნუკის? მხოლოდ სიტყვები? და რა ჰგონია გიას, მისმა ამ ფორმით გამოჩენამ ბედნიერება მოუტანა მას? უარესად ააფორიაქა და მეტი არაფერი. სამაგიეროდ, როგორ აკოცა? არა უშავს, რაც მოხდა, მოხდა. ის კაცია, მეგობრებს ვერ გადაახტებოდა. მთავარია, რომ ნუკის გარეშე არ "იდაბადებისდღევა". არადა, შეეძლო ასე მოქცეულიყო. რომ არ დაერეკა, ნუკი ვერც გაიგებდა, ჩამოსული იყო თუ არა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის გიასთვის ღირებული ქალია. მე შენ მჭირდებიო... ამ სიტყვებს რა დაავიწყებს. ასე მისთვის არასდროს არავის უთქვამს. კიდევ კარგი, ზურა გააფრთხილა, ამაღამ სამკერვალოში ვრჩებიო, თორემ მის რისხვას ვერ ასცდებოდა. რა ქნას ახლა? ეს კაბა დილამდე როგორმე უნდა დაამთავროს, თორემ მისი კლიენტი ხვალ წვეულებაზე მიდის და რომ ვერ მოუსწროს, უსიამოვნება არ აცდება. არადა, როგორ არ არის ამწუთას მუშაობის განწყობაზე. რა ქნას, თუკი ისევ მასთან უნდა ყოფნა? ახლაც გრძნობს მისი ტუჩების ცხელ შეხებას... რა მოითმენს ხვალამდე. არა, რა ხვალამდე. ხვალ გია ქორწილში მიდის, ზეგაც იქ იქნება ალბათ. გამოდის, ორშაბათამდე ვერ ნახავს. თანაც, ორშაბათს, გამთენიისას ისევ მიდის... რა საშინელებაა! როდისღა მოიცლის ნუკისთვის? ასე თუ გაგრძელდა მათი შეხვედრები, ნამდვილად მოკვდება. მისი გული ვერ გადაიტანს ამდენს!
გაგრძელება