ონლაინრომანი "ნაადრევი ენძელები"
ავტორი: კვარაცხელია
იხილეთ რომანის დასაწყისიროცა ვნება დაცხრა, ზურა გონს მოეგო და სინანული იგრძნო (სინდისის ქენჯნაც), დანაშაულიც, დაბნეულობაც - ყველაფერი ერთად. რატომღაც ასე მოეჩვენა. შუქი მაინც ჩაექრო, ასე უკეთ დაემალებოდა ქალის თვალებს...
თაათული წამოდგა, ტანსაცმელი სწრაფად გადაიცვა, სავარძელში ჩაჯდა და მოიკუნტა. ნიკაპი მუხლებზე ჩამოდო და მამაკაცს შეხედა. ზურას უსიამოვნოდ გააჟრჟოლა... ჯერ არც ერთ ქალს არ შეუხედავს მისთვის ასეთი ზიზღით...
- მაპატიე... - ზურამ თავი ვალდებულად მიიჩნია, რაღაც მსგავსი ეთქვა.
ქალი ერთხანს დუმდა, დამცინავად ჩაიცინა მხოლოდ. მერე თავი გვერდზე გადასწია, წარბები აზიდა და კიდევ უფრო დამცინავი გამოხედვით ამოთქვა.
- შენი საცოდავი "მამაკაცური უმანკოება", იგი უკვე ყელში მიჭერს, იცი?
მამაკაცი გაშრა. იგრძნო, როგორ დაასხა ცივმა ოფლმა.
- გგონია, ვერ ვხვდები, მასზე რომ ხარ შეყვარებული? - მოულოდნელად მშრალი ხმით ალაპარაკდა თათული, - მაგრამ ეს სიყვარული შენ ვერაფერს მოგიტანს, ზურა. იგი განწირულია. იმიტომ კი არა, რომ ის ცუდი გოგოა და ცოლობას ვერ გაგიწევს ან ასაკით არ შეგეფერება. იმიტომ, რომ ის შენ აღარ გეკუთვნის უკვე. ის დიდი ხანია, სხვისია... შენ კი არ გინდა ეს გაიგო თუ დაიჯერო... ალბათ თავადაც მშვენივრად ხვდები, რომ ასეა, თუმცა... სადღაც, სულის ბნელ კუნჭულში ალბათ რაღაცის რწმენა მაინც შემოგრჩა.
აქ კი ვეღარ მოითმინა ზურამ, იმდენად შეურაცხმყოფელი იყო მისთვის ქალის სიტყვები, ტაში შენელებულად დაუკრა და თავშეუკავებლად ამოისისინა.
- ღირს მოსმენა. უკანასკნელი სიტყვაა. ბოლო სიტყვა სამყაროს არსებობის მანძილზე.
- არა, ჩემო კარგო, მე მშვენივრად მესმის, რომ რწმენას მთების გადადგმა შეუძლია, მაგრამ ამით იგი ვერაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ მთებს დაძრავს.
- იქნებ ცდები და შენ რომ გგონია, იმაზე სულაც არ ვფიქრობ? იქნებ შენ მოგიაზრებ იმ ქალად, ვისაც ჩემი სიმარტოვის ამოვსება შეუძლია? - მამაკაცი იბრძოდა, იქნებ როგორმე გადაერჩინა თავისი საიდუმლო გამჟღავნებას და ამწუთას ყველაფერზე მიდიოდა, ოღონდ კი ქალის ეჭვები გაეფანტა.
- მე-ე? ჰმ... გგონია, ასეთი მიამიტი ვარ? რა მნიშვნელობა აქვს, რას იტყვი... მთავარია, შენი თვალები რას ამბობენ... ჩაიხედე სარკეში და თავად მიხვდები, ვის დააკისრე ეს მისია...
- რომელი მისია? არ მესმის, რისი თქმა გინდა...
- ქალის მისია - ბოლოს და ბოლოს, რა აკისრია მას? დაეხმაროს მამაკაცს ცხოვრებაში. შენ გაურბი, სიმართლეს თვალებში შეხედო... გაურბი საკუთარ გრძნობებზე ჩემთან ლაპარაკს, რათა გული არ მატკინო. იმას კი ვერ ხვდები, რასაც ახლა ამბობ, ეს უფრო რომ მტკენს გულს... ნუ ნერვიულობ. მე არ ვარ ის ქალი, ვისაც შენი დახმარება შეუძლია. მე არა მაქვს ამის მოწოდება. მე აქეთ მჭირდება დახმარება...
- და მიუხედავად ამისა, მაინც აქ ხარ, ჩემთან და შენ სცადე ეს...
- რა იცი, იქნებ მეც ვცდილობ, დავივიწყო?
- რა?
- იმედგაცრუება, გაწბილება, უარყოფა... სწორედ ისეთებისგან, როგორიც შენ ხარ.
- შენ არ იცი, მე როგორი ვარ.
- თქვენ, მამაკაცები, ყველანი ერთნაირები ხართ და არ შემედავო ამაში. ვხვდები, რომ ნუკისთან ლოგინი არ გქონია, შიშველ მზერაზე გეტყობა ეგ, მშიერზე, მოუსვენარზე... ეგ რომ მომხდარიყო, ისიც ისეთივე სულერთია გახდებოდა შენთვის, როგორიც მე ვარ ამ წუთებში... სინდისის ქენჯნამ შეგაწუხა? მერედა, რაში მჭირდება ეგ ქენჯნაატეხილი სინდისი მე? შვებას მომგვრის? გამაბედნიერებს? გამახალისებს?
- მე შენთვის არაფერი დამიძალებია, თათული... ეს თავადაც კარგად იცი.
- ჰო, რა თქმა უნდა... შენ რაღაც ურთიერთდახმარებაზე ჩურჩულებდი წეღან, ჩემო კარგო. მე გავიგე, რისი თქმაც გსურდა და მივიღე შენი წინადადება. ჩვენ ერთმანეთთან "არ შეიძლება" გვაკავშირებს და ამიტომაც ვერაფერს შევცვლით. უფრო მეტიც, წარმომიდგენია, როგორ გეზიზღები ახლა, როცა შენი ვნებები დაიკმაყოფილე.
- ცდები. ამაში არ ხარ მართალი. პირიქით, შენ თვითონაც არ იცი, რამხელა რაღაც გააკეთე ჩემთვის. არ ვიცი, რა მეშველებოდა უშენოდ უკანასკნელი რამდენიმე საათის განმავლობაში. შენ მე ისე ღრმად არ მიცნობ, რომ გაიგო, ვინ ვარ, რას ვფიქრობ, როგორ ვფიქრობ, რა ხდება ჩემს სულში... იქნებ...
- არანაირი სურვილი არ მაქვს, ასეთ რამეებში ღრმად გავერკვე. შენი ფიქრები შენ გეკუთვნის და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს იგი. მე შენთვის არაფერი მიკითხავს და არც გკითხავ, ჩემთვის დიდი ხანია, ცხოვრება დამთავრდა, სხვისაში კი არ ვიქექები.
- ჩემთვის სულერთია, მკითხავ თუ არა. სიცოცხლის დასასრული მხოლოდ შენთვის არ არის. ის ყველა ჩვენთაგანისთვისაა. მე სხვა რამ მინდოდა მეთქვა.
- არ გინდა... ისედაც ნათელია ყველაფერი. ხანდახან მგონია, ჩემში ალქაჯმა დასადგურა. არაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ შევცვალო ჩემი მომავალი. ალბათ ჯერ კიდევ არ მსურს, ბედნიერი ვიყო. რა თქმა უნდა, საშინლად დავიღალე, ნერვებმა მიმტყუნა, მოთმინების ფიალაც ამევსო, და კიდევ... შენ. შენ მამუხრუჭებდი ამდენი ხანი. მე უკვე აღარ ვიცი, რა არის ქალურობა. იქნებ ეს ერთ-ერთი საშუალებაა, ვიყო მამაკაცი. შეიძლება ამიტომაც გავხდი ასეთი უხეში ბოლო წლებში... კაცის როლიც მე ვიტვირთე...
- მაპატიე, თუკი გული გატკინე.
- ნუ იდანაშაულებ თავს, არ გინდა, ზურა. ჩემი სურვილი რომ არ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა. მეც მინდოდა ეს. მინდოდა, ერთხელ მაინც გამომეცადა ის, რაზეც ამდენ ხანს მხოლოდ ვოცნებობდი. ჩავთვლი, რომ ქუჩაში ვიპოვე გონწასული მამაკაცი, დავეხმარე მას დაბინავებაში, შემდეგ კი მივატოვე. მეც შემიძლია შემთხვევითობებით ვიცხოვრო და დინების მიმართულებით ვიცურო. სწორედ ამიტომ დავყევი შენს სურვილს. რატომ გიძნელდება აღიარო, რომ წუთიერებამ ჩაგვითრია მხოლოდ? კარგია, რომ სწორედ ახლა მოხდა, ამ დროს, ამ ადგილას... მაშინ, როცა შენ ყველაზე ძალიან გჭირდებოდა ქალი... ვფიქრობ, დიდი ხანია, ასეთი ვნებიანი არ ყოფილხარ... მაპატიე ასეთი სითამამე, მაგრამ სიმართლე სიმართლეა და მას თვალი უნდა გავუსწოროთ. რა საჭიროა ერთმანეთს დავუმალოთ ის, რასაც ორივე თვალნათლივ ვხედავთ.
- შენი აზრით, მას... - ზურას აღარ სიამოვნებდა თათულის ტკივილიანი მონოლოგი (თუ აღსარება) და ნუკის გადაწვდა, იქნებ მისგან ახალი გაეგო რამე.
- სამწუხაროდ, ვერაფრით განუგეშებ. მას სხვა უყვარს... არ ვიცი, იქნებ ვცდები და არც უყვარს... იქნებ არც იცის, რა არის სიყვარული. რეალობა ერთია - მას მამაკაცი სჭირდება, ალერსს მოწყურებული ქალია, რომელსაც ხორციელი ვნება დიდი ხანია, არ განუცდია. ამასთან, გამოუცდელია, ამიტომაც ვინც "უკეთესად", უფრო "ნიჭიერად" მოსთხოვა, იმისკენ გაუწია გულმაც და სხეულმაც... სცადე მაინც, იქნებ ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან?
- მე მას ვაკონტროლებ. ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ის... ის არავის ხვდება.
- იქნებ ის ვიღაც ამჟამად თბილისში არ იმყოფება? მის ტელეფონსაც აკონტროლებ? - თვალები მოჭუტა ქალმა და ურწმუნო მზერით ახედა ფეხზე მდგარ მამაკაცს.
ზურას კვლავ გაუფითრდა სახე. ეს სწორედ ის იყო, რაზეც მას არ უფიქრია...
- ჰოდა, იფიქრე... ამაზეც იფიქრე ხანდახან... - მიუხვდა ქალი, - მაპატიე, წავალ ახლა და ერთი თხოვნა მექნება შენთან... - თათული წამით შეყოყმანდა, ფეხზე ამდგარმა კაბა თეძოებზე შეისწორა, მერე თავი ასწია და თვალი თვალში გაუყარა მამაკაცს, - არასდროს, არასდროს ახსენო ეს ღამე... არც ჩემთან და არც სხვა ვინმესთან... ეს ჩვენი ღამე იყო და მინდა, ჩვენთან ერთად მოკვდეს. მპირდები?
ზურამ ჩამქრალი თვალები მოაცილა ქალს, თავი უღონოდ ჩაჰკიდა და ოდნავ გასაგონად ჩაილუღლუღა.
- გპირდები...
ნუკიმ მეორე დღესვე შეატყო თათულის უგუნებობა. ქალს დანა პირს არ უხსნიდა. გოგონას მიზეზი არ უკითხავს. მიაჩნდა, რომ პარტნიორი თავად მოუყვებოდა უხასიათობის მიზეზს, თუკი ამის სურვილი გაუჩნდებოდა.
თათული მთელი დღე თავაუღებლად მუშაობდა. შიგადაშიგ თავს ასწევდა, მზერას სივრცეს გაუშტერებდა (უაზროდ) და რაღაცაზე მწარედ ჩაფიქრდებოდა. საღამო ისე მოახლოვდა, სულ ორჯერ თუ დაელაპარაკნენ ერთმანეთს.
ნუკიც თავის დარდებში იყო ჩაფლული. გამუდმებით გია ედგა თვალწინ და მასთან მოსალოდნელ შეხვედრაზე ფიქრობდა.
- მე რომ ერთი-ორი დღით დავისვენო, შენ ხომ არ იქნები წინააღმდეგი? - დღის ბოლოს, თათულიმ, როგორც იყო, "ენა ამოიდგა".
გოგონამ გაოცებული მზერა მიაპყრო.
- როგორც გინდა... - მხრები აიჩეჩა და გაუღიმა.
- გაწვდები მარტო საქმეს? - მიმქრალი ხმით ლაპარაკობდა ქალი.
- მგონი, კი. თუ ვერ მოვასწრებ, არ იქნება პრობლემა, ხომ არ დაგვახრჩობენ... - კვლავ გაიღიმა.
- ჰო რა, მე რაღაც ვერ ვარ კარგად. ცოტა თუ არ დავისვენე, ადამიანად ვეღარ ვივარგებ.
- მოხდა რამე? - ფრთხილად შეეკითხა ნუკი და თანაგრძნობით სავსე მზერა მიაპყრო.
- ისეთი არაფერი. ცოტა დავლიე წუხელ და... თან რაღაც ამბავი გავიგე, ჩემთვის უსიამოვნო, - უფრო ხმადაბლა დააყოლა, - წავალ მაშინ, ღამდება უკვე.
- წადი, თათული, ყველაფერს გავაკეთებ, სხვა რა საქმე მაქვს. კარგად დაისვენე და არაფერზე იფიქრო, - მზრუნველობა გაურია ხმაში ნუკიმ და სიყვარულით შესცინა ქალს.
თათულიმ ერთი ღრმად ამოიოხრა, დაემშვიდობა და მძიმე ნაბიჯებით გავიდა სამკერვალოდან. ნუკი შეფიქრიანდა. რა მოხდა? იქნებ მართლა რაღაც ხდება მათ შორის? ხომ არ იჩხუბეს? ზურა ცოტა რთული ადამიანია, თავის თავში ჩაკეტილი... თათულისნაირ მხიარულ ქალს გაუჭირდება მასთან ურთიერთობა. თვითონაც ხომ უჭირს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მასთან დასახლდა. რაღაცნაირია... უცნაური... ცოტა ეჭვიანიც... არადა, რომ გაიცნო, როგორი რბილი მოეჩვენა.
როგორც იქნა, ლურჯი პიჯაკი დაამთავრა და ის იყო, კლიენტთან დარეკვას აპირებდა, რომ კარზე კაკუნი გაისმა. ნუკი სწრაფი ნაბიჯებით გაემართა შემოსასვლელისკენ, ამწუთას არავის ელოდებოდა...
ზღურბლთან შუბლშეჭმუხნილი ზურა იდგა.
- შეიძლება? - მამაკაცს წარბი არ გაუხსნია.
- მოდი, - ნუკი განზე გადგა და სტუმარი გამოატარა.
ზურამ ყურადღებით გაიხედ-გამოიხედა, თითქოს ვიღაცას) ეძებსო, მერე მზერა ნუკიზე გადაიტანა.
- თათული სად არის?
- წავიდა... ვერ იყო კარგად.
- რატომო, არ უთქვამს? - გოგონასთვის შეუმჩნეველმა ჩრდილმა გადაურბინა მამაკაცს სახეზე.
- არა, - მოკლედ მოჭრა ნუკიმ და კარი მიხურა, - ყავა მოგიდუღო?
- არა, არ მინდა, გმადლობ. საქმე მაქვს შენთან... - თითქოს ტონი გაუმკაცრდა ზურას.
გოგონას გულმა რეჩხი უყო. რაღაც უსიამოვნოდ მოხვდა ყურში ნათქვამი. წამით სიწითლემ გადაუარა ღაწვებზე. ახლა რომ ისევ ცოლობაზე ჩამოუგდოს ლაპარაკი... რა უნდა უთხრას? უარისთვისაც რომ არ ემეტება? მაგრამ ჰოსაც რომ ვერ ეტყვის?
ორ ცეცხლს შუა იწვოდა. თან სიამოვნებდა მამაკაცის ყურადღება, თან აღიზიანებდა... არადა, არც გიასთან ჰქონდა ბოლომდე გარკვეული ურთიერთობა. მისდა გასაკვირად, ზურამ სულ სხვა თემაზე ჩამოაგდო ლაპარაკი.
- ვიცი, რომ ბევრის უფლება არ მაქვს, მაგრამ გარკვეულ ასპექტში პასუხისმგებლობას ვგრძნობ შენ წინაშე... - არც ისე შორიდან დაუწყო ზურამ შემოვლა, - პირველ რიგში, მე წამოგიყვანე იქიდან, მე დაგაბინავე და... რა ვიცი, ამწუთას ამას შეიძლება დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ ალბათ რაღაც ვალდებულება მაინც მაკისრია... თან ასაკიც ხელს მიწყობს, ზოგი რამით დავინტერესდე.
- ვერ გავიგე? - კოპები შეკრა ნუკიმ, ვრ მიხვდა, საითკენ მიჰყავდა მამაკაცს საუბარი.
- ძალიან გავწელე, არა? - შეიშმუშნა ზურა, შუბლიდან ოფლი მოიწმინდა, გოგონას თვალი აარიდა და გააგრძელა, - შენ შეყვარებული ხარ?
ო! როგორ აილეწა! ყველაფერს ელოდა და ამ შეკითხვას ნამდვილად არა. ისე დაიბნა, უაზროდ ააფახულა წამწამები, რითაც ადვილად გასცა თავისი თავი. მისი ეს ჟესტი მამაკაცს უკვე კარგად ჰქონდა შესწავლილი. "ხაფანგში მოემწყვდა მეტაფიზიკური მირანდა, როგორც ჩანს, პირდაპირ მოვარტყი მიზანში", - უსიამოვნოდ გაივლო გულში, თვალები დახუჭა და საჩვენებელი და ცერა თითი ცხვირის კეხზე მოიჭირა.
- რატომ მეკითხები? - ალუღლუღდა ნუკი, - საიდან დაასკვენი, რომ... ვინმემ რამე გითხრა? - რა კითხვაც ენაზე მოადგა, ყველა ამოთქვა.
- არავინ, ვის უნდა ეთქვა... უბრალოდ, ბოლო ხანებში შეყვარებულივით იქცევი... მეჩვენება, რომ საიდუმლო გაგიჩნდა.
გოგონა წამით დაფიქრდა. ეთქვა სიმართლე, თუ უარზე წასულიყო? რომელი აჯობებდა? არადა, როგორ არ არის მიჩვეული სიცრუეს... თან როგორ არ გამოსდის, როცა იტყუება... ან კი რატომ მალავს? ზურა მისი არც შეყვარებულია და არც საქმრო. რა მოხდა, თუკი ვინმე გამოჩნდა მის ცხოვრებაში? პატარა გოგოა, თუ რა? დრო არ არის, თუ?
რამდენიმე წუთით შეყოყმანდა. თითები ერთმანეთში გადახლართა, გადაატკაცუნ-გადმოატკაცუნა და არცთუ "რიხიანად" წარმოთქვა.
- შეყვარებული არ ვარ, მაგრამ... არის ერთი, ვინც მომწონს... - და როგორც კი დაამთავრა სათქმელი, მუხლებში ძალაწართმეული სავარძელში ჩაესვენა. ერთიანად დაეჭიმა სხეული.
- მდააა... - ზურამ ლოყები გამობერა, თითქოს წაიფრუტუნასავით, მერე კვლავ მიიხედ-მოიხედა ირგვლივ და თვითონაც მის მოპირდაპირე მხარეს დაჯდა, - მეტყვი, ვინ არის?.. თუ საიდუმლო არ არის...
ნუკიმ წარბზე გადაისვა თითი, ჯერ იატაკს დახედა, მერე კედლებს მოავლო არაფრისმთქმელი მზერა და ბოლოს ზურას მიაშტერდა.
- ეს აუცილებელია?
- არა, აუცილებელი სულაც არ არის. მე მხოლოდ ის მაინტერესებს, რამდენად ღირებული ადამიანია შენთვის... - გულგრილად შენიშნა მამაკაცმა.
- ვფიქრობ, რომ ღირებულია... - მთლად დამაჯერებლად არ ჟღერდა ნუკის ხმა.
- ვინ არის? - ცივად დაეკითხა ზურა, ისეთი ტონით, თითქოს კატეგორიულად მოითხოვდა პასუხს.
ნუკიმ ისე ამოიოხრა, ლამის გული ამოაყოლა. ხელები მომუჭა და ყრუდ ჩაილაპარაკა.
- ნელის მეგობარია... - ეს საუკეთესო გამოსავალი იყო ამწუთას.
- ნელის მეგობარი? - ირიბად გამოხედა მამაკაცმა, - მერე?
- მერე არაფერი... ჯერ ისეთი არაფერი... ჯერ მხოლოდ ვეცნობით ერთმანეთს.
- ხვდები?
- ეს დაკითხვაა?
- შენ როგორ ფიქრობ, დაკითხვაა?
- მგონი, - აიმრიზა ნუკი.
- კარგი, ჩათვალე, რომ დაკითხვაა. ხვდები?
- იშვიათად...
- რატომ? - უცნაური ინტონაციით დასვა მომდევნო შეკითხვა ზურამ.
- იმიტომ, რომ თბილისში არ არის.
- აჰა... და როდის ჩამოდის?
- მალე, - უპასუხა და ძალაუნებურად გაეღიმა, რადგან მისი "მალე" ძალიან ჰგავდა გიას დაზეპირებულ "მალეს".
- არ ვიცი, ახლა რასაც გეტყვი, რამდენად სასიამოვნო იქნება შენთვის, მაგრამ იქნებ შემახვედრო იმ შენს "ღირებულ" ადამიანს, - ბოლოსწინა სიტყვას დამცინავად ხაზი გაუსვა.
- ეგ რა საჭიროა? - გოგონა გაღიზიანდა.
- როგორ აგიხსნა... ხომ გითხარი, ერთგვარ პასუხისმგებლობას ვგრძნობ-მეთქი... კაცი კაცს რომ დაელაპარაკება, მგონი, უპრიანი არ უნდა იყოს. იცოდეს, რომ უპატრონო არ ხარ...
- როგორმე მე თვითონ მოვაგვარებ ჩემს პირად ცხოვრებას, - უკმეხად გასცა პასუხი, - შუამავლები არ მჭირდება!
- მესმის, მაგრამ...
- არ გვინდა ეს "მაგრამ" და ამგვარი რამეები. გთხოვ... ვიძაბები, როცა ასე მელაპარაკები... შენც ხომ ამჩნევ, რომ ამწუთას ჩვენ შორის "ბრწყინვალე დაძაბულობას" აქვს ადგილი? მე დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და ვიცი, რასაც ვაკეთებ. რა საჭიროა ასეთი ცერემონიები? რამე სერიოზული რომ იყოს, კიდევ მესმის. ჯერ არაფერია გარკვეული. უბრალოდ, მოგვწონს ერთმანეთი და ეგ არის. რა ვუთხრა, ჩემი ახლობელი შენთან საქმის გარჩევას აპირებს-მეთქი? ეგ ხომ აბსურდია?
ზურამ თავი გადააქნია. მიხვდა, ნუკისთან ლაპარაკი წყლის ნაყვას ჰგავდა. შეიძლება, თავის მხრივ, მართალიც იყო მისი "მირანდა". იქნებ ეს მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი მსუბუქი ფლირტია და სხვა არაფერი? რა საჭიროა სიტუაციის ასეთი დრამატიზება? ტყუილად შეაშინა თათულიმ. მართალია, ნუკი გამოუცდელი ჩანს მამაკაცებთან ურთიერთობაში, მაგრამ არც ისეთი მიამიტია, კარგი და ცუდი ერთმანეთისგან ვერ გაარჩიოს.
მერედა, თუ ასეა, ზურა რატომ ვერ შეამჩნია? დაიჯეროს, რომ ის ვიღაც ზურაზე უკეთესია? იქნებ მაინც ასაკია გადამწყვეტი?
- რამდენი წლისაა? - მისდა უნებურად ხმამაღლა გამოუვიდა ნაფიქრი, თორემ ამ კითხვის დასმას არც აპირებდა... იკითხა და ინანა კიდეც.
- შენზე ახალგაზრდაა... ბევრად, - თითქოს ნიშნის მოგებით გამოუვიდა ცალწარბაზიდულს.
ამის თქმა და ზურას წამოხტომა ერთი იყო. თითქოს მდუღარე წყალი სახეში შეასხესო... სიბრაზისგან ნესტოები დაებერა, სახე წამოუჭარხლდა და ცუდი რომ არაფერი წამოცდენოდა, სასწრაფოდ გასასვლელისკენ დაიძრა.
- მიდიხარ? - მსწრაფლ დაუთბა გოგონას ხმა, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა, მხოლოდ თვალი გააყოლა მიმავალს.
ზურა შედგა. თავი შემოაბრუნა და ცივად ჩაილაპარაკა.
- შენ მართალი ხარ... როგორც ყოველთვის... შენ დამოუკიდებელი ადამიანი ხარ და იცი, რასაც აკეთებ... იმედია, მაპატიებ, ცხვირი უდიერად რომ ჩავყავი შენს პირად ცხოვრებაში.
- მე ეს არ მითქვამს...
- მაგრამ იგულისხმე, - მამაკაცი მთელი ტანით მისკენ შეტრიალდა და მზერით გაბურღა.
- როგორც ჩანს, შენ სხვანაირად გაიგე... საქმე ის არის, რომ მთელი ეს წლები სხვები განაგებდნენ ჩემს ცხოვრებას... უნდა მოვქცეულიყავი ისე, როგორც იმ სხვებს მოესურვებოდათ. უნდა მეკეთებინა ის, რაც სხვებს სიამოვნებდათ და ჩემზე ამ დროს არავინ ფიქრობდა. ახლა ასე აღარ არის და, ბოლოს და ბოლოს, მინდა დავუმტკიცო ჩემს თავს, რომ შემიძლია, ვიყო თავისუფალი, ჩემით მივიღო გადაწყვეტილება და თვითონვე ვმართო ჩემი პირადი ცხოვრება. დამოუკიდებლობა მინდა, გესმის? მგონი, მაქვს ამის უფლება. ასე არ არის?
- ასეა... გაქვს... აბა, შენ იცი... ერთი რამ იცოდე მუდამ... მე შენი მხოლოდ კარგი გამიხარდება და თუ რამეში დაგჭირდე, შენ გვერდით ვარ...
- ვიცი... და დიდი მადლობა ამისთვის.
- ჰო... წავედი, - თავისთვის წაიდუდუნა ნირწამხდარმა მამაკაცმა და კარი უხმაუროდ გაიხურა...
ნუკიმ მისდა უნებურად ამოისუნთქა... თითქოს შვებით... თითქოს არც... რაღაც მძიმედ აწვა გულზე, რაღაც დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება (თუ შებოჭილობა) დაეუფლა... თავადაც არ იცოდა, რა აწუხებდა, უბრალოდ, ხვდებოდა, რომ ყველაფერი ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო... რა იყო ეს? ზურას ვერ ელეოდა? არც ამას გამორიცხავდა... იქნებ მართლა შეცდომას უშვებდა? ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დაფიქრებულიყო ამაზე ცივი გონებით? რამდენად მართებულია, გიასთან რომ გააბა რომანი? რას მოუტანს ეს ურთიერთობა? მიიღო სიამოვნება მამაკაცისგან, რომელსაც თითქმის არ იცნობ, ნევრასთენიაა მხოლოდ, ისტერიკა. ამაზე უფიქრია? არა, არასდროს. რა იცის მის შესახებ? თითქმის არაფერი. მერე? მერე... მერე... ამის იქით ნუკის ფიქრი ვერ მიდიოდა... მის გულში ახლა სრულ ქაოსს დაესადგურებინა...
ზურა გამძვინვარებული მიუყვებოდა ქუჩას. კიდევ კარგი, უმანქანოდ წამოვიდა, თორემ ალბათ სადღაც მიალეწავდა კიდეც, ასეთი გაშმაგებული რომ მიჯდომოდა საჭეს. შუბლი სუსხიან ნიავს შეუშვირა. ესიამოვნა ცივი ჰაერი... "როცა ხვდები, რომ ყველაფერი დამთავრებულია, როცა ერთადერთ სიყვარულს კარგავ, ეს იმას ნიშნავს, რომ სათანადოდ არ გყვარებია", - გამალებით ფიქრობდა და სწრაფი ნაბიჯით მიიწევდა წინ, - "რატომღაც, მგონია, რომ მას არაფერი გამოუვა და ბოლოს აუცილებლად დამიბრუნდება. ჩემი ბრალია, მე გავაფუჭე ყველაფერი, ჩემმა სიმარტოვეს შეჩვეულმა ცხოვრებამ, ჩემმა გაზარმაცებულმა სულმა... დამოუკიდებლობა, დამოუკიდებლობა! მამაკაცები, ქალები, ქვეყნები - ჩვენ ყველას ისე შეგვეყარა დამოუკიდებლობის სენი, რომ ვერ გავხდით დამოუკიდებელნი. უბრალოდ, მარტივად გავიძახით ამას, ეგ არის და ეგ! როცა უფრთხილდები ამ დამოუკიდებლობას მხოლოდ და მხოლოდ შენთვის, განწირული ხარ სიმარტოვისთვის. რა სულელური, ასე ვთქვათ, "ტექნიკური მიზეზების" გამო დავკარგე საოცნებო ადამიანი... საკმარისი იყო, თავის დროზე ცოტა მეაქტიურა, ცოტა, სულ ცოტა და... ყველაფერი კარგად იქნებოდა..."
ზურამ მწარედ ჩაიცინა და ხელი აიქნია. მიხვდა, რომ თავს იცავდა. ცხოვრებაში პირველად იგრძნო, რა იყო სიყვარული და იმაზეც უარის თქმა უწევდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ვიღაცამ გული ამოაცალა... ადრე ამაზე არასდროს დაფიქრებულა. ნუთუ ტკივილი ცხოვრების ნორმად უნდა ექცეს? და მარტოსულობაც? ნუთუ არ ეყოფა ამდენი სიმარტოვე? ნუთუ თავიდან უნდა დაიწყოს ყველაფრის შენება? ეს ხომ ძალიან დამღლელია...
ალბათ ასეა საჭირო. ყველა ადამიანის ბედი ხომ ზეცაში წყდება... ალბათ ასე უნდა მომხდარიყო... უკეთესი იქნება, დაივიწყოს ბანალური აზრი მეორე ნახევრის პოვნის შესახებ, რომელსაც მარტო მყოფი ადამიანი მთელი ცხოვრება ეძებს... ორი გულის შეკავშირებისას ძნელია განსაზღვრო, რომელია მზე და რომელი - მთვარე. ეს სხვა სამყაროს არსებებია. შეიძლება ნუკიმ ზურა უარყოს, მაგრამ ზოგიერთი რამ მათი ნაცნობობიდან ღრმად ჩაეჭედება გონებაში და ვერასდროს წაშლის. მერე კი, წლების მერე, მოვა დრო, ყველაფერს გაიხსენებს და მწარედ ინანებს... იქნებ ამას არც კი დასჭირდეს წლები და ყველაფერი სულ რამდენიმე დღეში ან კვირაში მოხდეს? დაელოდება... თვალს მიადევნებს, რა მოხდება და როგორ. ხელს არ შეუშლის. თუკი ნუკი მიიჩნევს, რომ იმ სხვასთან უფრო ბედნიერი იქნება, დაე, ასე იყოს. ზურას სულაც არ სურს, მისგან ბედნიერება ვალად დაიდოს. ზრდასრული ქალია და თავად გადაწყვიტოს თავისი ბედი!
ნოემბერი წვიმებით დაიწყო. სამი დღე გადაუღებლად წვიმდა და წვიმდა. უჟმურმა ამინდმა ნუკის გუნება-განწყობილება წაუხდინა. ვერც სამუშაოს უდებდა გულს. ამ ყველაფერს თათულის დაუმთავრებელი დეპრესია დაერთო. ქალი ყოველ დილით თვალებდასივებული მოდიოდა სამკერვალოში. გეგონებოდათ, მთელი ღამე ტირილში გაატარაო. შეიძლება ასეც იყო, ნუკი ამას საიდან გაიგებდა, როცა ქალი ხმას არ იღებდა, რაღაც ძალიან დიდ ტკივილს უხმოდ ინახავდა გულში.
გიასგან კვლავ არაფერი ისმოდა. ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერ გაარკვია. არც საიტზე გამოჩენილა, არც მესიჯებს წერდა. ის კი არა, იქაური ნომერი ბოლო დღეებში სულ გამორთული ჰქონდა. ბოლოს, როცა იმედი თითქმის (სრულიად) გადაეწურა, გადაწყვიტა, ნელისთან გასულიყო, იქნებ მისგან მაინც გაეგო რამე. ან სულაც, ყველაფერი არ მოეყოლა დაქალისთვის... ან გაამხნევებდა, ან დატუქსავდა. მეტს რას უზამდა? ისე იყო დამძიმებული ამ გაურკვევლობით, უარესი რაღა უნდა დაემატებინა მეგობარს?
არადა, ამ თავსხმა წვიმაში როგორი იყო გარეთ გასვლა? ძალიან ეზარებოდა. ტელეფონით არ ღირდა ასეთ "საჭირბოროტო" თემაზე საუბარი. მაინც წასვლა გადაწყვიტა. ტაქსი გამოიძახა და ნახევარ საათში უკვე დაქალთან იყო.
- ვა! რა ქარმა გადმოგაგდო? - ნელის გაუხარდა მისი დანახვა, - კარგ დროს მოხვედი, ყავას ვადუღებდი, ხომ დალევ?
- დავლევ, რა ვიცი, ოღონდ მსუბუქი გამიკეთე, ნახევარი კოვზი ჩამიყარე, კარგი?
- კარგი... როგორ ხარ? რას შვრება შენი რომანი? - ნელი თან საქმიანობდა, თან ნუკის ელაპარაკებოდა.
- რომელი რომანი? - გაწითლდა გოგონა.
- ზურა როგორ გყავს?
- ოო! რა რომანი, კარგი რა. არის თავისთვის. მაგას ქალი და, მით უმეტეს, ცოლი არ სჭირდება. უკვე მივედი მაგ დასკვნამდე.
- რას მელაპარაკები! აკი ყველაფერი კარგად იყო?
- ოოჰ, მოიცა რა! ის მარტოობასაა მიჩვეული და ასე ურჩევნია. ხომ იცი, მაგ ასაკში კაცებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. შენ ის მითხარი... ის რას შვრება... რა ჰქვია?.. გია, მგონი, ხომ? ძალიან სიმპათიური რომ გვყავს მე და შენ მეგობრებში.
- "კრასავჩიკ ჯორჯი"? რა ვიცი, არის რა. გუშინწინ ვნახე, სადღაც გარბოდა. ორი წუთით ძლივს გავაჩერე ქუჩაში. რატომ მეკითხები?
ნუკიმ იგრძნო, როგორ მისდიოდა ფერი... თითქოს მოეყინა თითები... თვალებზე ლიბრი ნელ-ნელა გადაეკრა, დაბრმავდა თითქოს...
- არაფერი, ისე... - ძლივს ჩაილაპარაკა ლამის გონდაკარგულმა და დანაღვლიანებულმა ფანჯარაში გაიხედა.
რა საშინლად უცემდა გული... წამითაც არ ემორჩილებოდა ნუკის... თითქოს თავისთვის "მიერეკებოდა", თითქოს ეჩქარებოდა სადღაც... ამ სიჩქარეში კი ხანდახან ისე წაიბორძიკებდა, საცაა, საგულიდან ამოვარდება და მიწას დაასკდებაო... რა ურჩია ხანდახან გული...
- მამამისი როგორ არის? - ჩაესმა ნელის ხმა.
- ვინ მამამისი?
- ზურას მამაზე გეკითხები! - ნელიმ ამასობაში სუფრა გააწყო და ნუკი მაგიდისკენ გამოემართა.
- რა ვიცი, არის რა... აგროვებს ინფარქტების კოლექციას.
- კიდევ გაუმეორა?
- ჰო, უკვე მესამედ ჰქონდა და მაინც გადარჩა.
- კოსმონავტის გული ჰქონია, - ნუკის თითქოს შორიდან ჩაესმოდა ნელის ხმა, სრულიად სხვაგან ქროდა მისი გონება.
მეგობარი დიდხანს ლაპარაკობდა რაღაცაზე (თუ ვიღაცაზე). ნუკი უაზროდ იღიმოდა, ერთი სიტყვაც არ გაუგია მისი მონაყოლიდან.
- სადღაც სხვაგან ხარ... რა გჭირს? - გაშლილი ხელი ფსიქიატრივით გაუქნია ცხვირწინ დაქალმა.
- არაფერი. გადავიღალე ამდენი მუშაობით.
- გაგიცივდა ჩაი. შენ ხომ არ გიყვარს თბილი ჩაი, თუ შეეჩვიე? - ქვემოდან დაკვირვებით ახედა ნელიმ.
- უნდა წავიდე... - ჩაიჩურჩულა მოულოდნელად ნუკიმ, წამოდგა და აჩქარებით გაემართა კარისკენ.
- მოიცა, სად მიდიხარ? რა გეტაკა? ნუკი, რა გჭირს? - გაოგნებული ნელი ფეხდაფეხ გაეკიდა.
- მერე მოგიყვები, მაპატიე, ახლა უნდა წავიდე. არაფერი მკითხო, გთხოვ, - ცრემლიანი თვალები მიანათა მეგობარს გოგონამ და კისრისტეხით დაეშვა კიბეზე.
წვიმა (ქარიც) სახეში სცემდა. ქუჩაში კანტიკუნტად თუ შეხვდებოდა ვინმეს... ახლა შეეძლო თავისუფლად და ხმამაღლა ეტირა, ვერავინ შეამჩნევდა კოკისპირულ წვიმაში მის ცრემლებს... იტირა კიდეც. მიდიოდა და გულამოსკვნით ტიროდა, არავის (და არაფერს) აქცევდა ყურადღებას. უეცრად შედგა, თითქოს რაღაც მოაფიქრდაო. ჩანთაში ჩაყო ხელი და მობილური ტელეფონი მოიძია. იქვე, სადარბაზოს შეაფარა თავი და მესიჯის აკრება დაიწყო: "ნეტავ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?" - და გიას ნომერზე გააგზავნა ისე, რომ არც შეუმოწმებია, მამაკაცს ჩართული ჰქონდა თუ არა ტელეფონი. იმწამსვე მოუვიდა შეტყობინება, რომ წერილი ადრესატამდე "მშვიდობით" მივიდა. ესეც ასე! გაიგოს, რომ მისი ჩამოსვლის ამბავი უკვე იცის. მატყუარა, საზიზღარი! ვინ ჰგონია თავი, რას ეთამაშება? ერთხანს დაელოდა, იქნებ პასუხი მომწეროსო, მაგრამ მესიჯი იგვიანებდა...
კვლავ გააგრძელა გზა. გადაწყვიტა, სამკერვალომდე ფეხით მისულიყო... მიდიოდა... მიდიოდა... დიდხანს, ძალიან დიდხანს... გზა არ დაილია... არც მისი სევდა...
გაგრძელება