ონლაინრომანი "ნაადრევი ენძელები"
ავტორი: კვარაცხელია
იხილეთ რომანის დასაწყისი
გიამ მხოლოდ მეორე საღამოს დაურეკა. ნუკი უკვე აღარ ელოდა მისგან მესიჯს,ზარს, მით უმეტეს. მამაკაცი უგუნებოდ ჩანდა. იქნებ არც იყო უგუნებოდ და პასუხის დაგვიანების გამო აჩვენებდა თავს უხასიათოდ? არც ეგ იყო გამორიცხული. საყვედურის თქმაც ვერ მოასწრო, რომ გიამ მიაყარა და მიაყარა.
- მაპატიე, ნუკი, ვეღარ შეგეხმიანე. ვიცი, გაბრაზებული ხარ, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის, სიხარულო. ერთი კვირაა ჩამოვედი, მაგრამ მაშინვე ბათუმში მომიწია გამგზავრებამ. პრობლემები შეგვექმნა საქმეში. ვიფიქრე, როცა ყველაფერს მოვაგვარებ, მერე შევხვდები, მშვიდ ატმოსფეროში-მეთქი. სიგიჟემდე მინდა შენი ნახვა. რომ მოვიდე, წამოხვალ ჩემთან?
სასოწარკვეთამდე მისული გოგონა უეცრად მოლბა, გიას ხმამ ყველა წყენა დაავიწყა და მსწრაფლ დათანხმდა. ოღონდ კი ენახა და აღარაფერს დაეძებდა.
- მაგრამ ჩემთან უნდა დარჩე ამაღამ, კარგი?
- ვნახოთ, არ ვიცი... - მაინც დაიზღვია თავი გოგონამ.
...ერთი საათის შემდეგ ნუკი უკვე გიას მანქანაში იჯდა...
რომელიღაც კორპუსის რომელიღაც სადარბაზოსთან დაამუხრუჭა მამაკაცმა. არც ერთი ხმას არ იღებდა. მხოლოდ ერთხელ მოხედა გიამ და იდუმალი ღიმილი ესროლა. ნუკიმ "გაატარა" მისი ღიმილი, ნაკვთი არ შერხევია, თითქოს სახე გაქვავებოდა. რომ არ დასველებულიყვნენ, სირბილით შევარდნენ სადარბაზოში. მამაკაცმა ლიფტი გამოიძახა და როცა კაბინაში შევიდნენ, თითი მეხუთე სართულის ღილაკს მიაჭირა...
- აი, უკვე ადგილზე ვართ. არ ვიცი, რას იფიქრებ ჩემზე, ალბათ, ძალიან სასტიკი მოგეჩვენები, მაგრამ დროა, გავიცნოთ ერთმანეთი. მე გიორგი მქვია, წარმოშობით მთიული ვარ, ვცხოვრობ თბილისში. ვარ ბიზნესმენი, თუმცა არცთუ მდიდარი, სიმაღლით - მეტრი და ოთხმოცდათორმეტი, ოცდაცამეტი წლის და მოცემულ მომენტში ვდგავარ საბურთალოზე მდებარე ერთი კორპუსის მეხუთე სართულის მოედანზე, ერთი ქალის გვერდით, რომელიც ასევე არსებობს სინამდვილეში. არაფერი განსაკუთრებული მიზეზი არ გამაჩნია, ამწუთას სწორედ ამ ადგილას ვიმყოფებოდე და არა სადმე სხვაგან. ეს ის არის, რასაც შექმნილ ვითარებას უწოდებენ: შემთხვევით შევხვდით, შემთხვევით გავუწოდეთ ერთმანეთს ხელი და ვცდილობთ, ერთმანეთს ბედნიერება ვაჩუქოთ... რას იტყვი, კარგად გამომივიდა? - მისმა საოცარმა სიცილმა და ბუბუნა ხმამ სიამოვნების ჟრუანტელი მოჰგვარა ნუკის, თავბრუს მამაკაცის სიახლოვეც ახვევდა.
ბინაში შესულმა ცნობისმოყვარე მზერა მოავლო იქაურობას. სასტუმრო ოთახი ძალიან ნათელი იყო. ფანჯრიდან აკაციის ნახევრად გაძარცვული ხეები მოჩანდა. ლარნაკში გამხმარი ყვავილები ეწყო, თუმცა ძნელი მისახვედრი იყო, საიდან უნდა მოხვედრილიყო უქალო ბინაში ერთ დროს ცოცხალი ყვავილები. იქნებ სხვა ქალისთვის იყიდა და იმას დარჩა? ამის გაფიქრებაზე ძრწოლამ აიტანა. გიამ ტელევიზორი ჩართო. ოთახში ფლეიტის მელოდია დაიღვარა, რომელიც თითქოს ერწყმოდა ოთახში დასადგურებულ სიმარტოვეს. მამაკაცმა ლაბადა ჩამოართვა გოგონას, ჩანთაც, ქუდიც და სადღაც წაიღო.
კვლავ მიმოიხედა ნუკიმ. არეული იყო იქაურობა. იგრძნობოდა, რომ ამ სახლში ქალი არ ცხოვრობდა. მუქმწვანე ნაჭრის სავარძელში ჩაჯდა და მოკუნტული დაელოდა, რა მოხდებოდა შემდეგ. გია დაბრუნდა, მაგრამ არ დამჯდარა.
- გშია? - ჰკითხა გოგონას, მის წინ ჩაიმუხლა და ხელები წელზე მოხვია.
- არა, - ჩამწყდარი ხმით უპასუხა ნუკიმ და შეეცადა, შუმჩნევლად გადაეყლაპა ყელთან გაჩხერილი ნერწყვი. მთელი სხეული ციებიანივით უთრთოდა.
- მოდი, ჩამეხუტე, - ყრუ ხმით წარმოთქვა მამაკაცმა, ვეება მკლავები მძლავრად მოხვია და აკანკალებულმა მკერდზე მიიკრა სიფრიფანა სხეული, - როგორ მომნატრებიხარ, რომ იცოდე, როგორ მომნატრებიხარ... - ვნებიანად ჩურჩულებდა იგი და ხარბად კოცნიდა ქალის ყელს...
ნუკი ხმაურმა გამოაღვიძა. თავი წამოსწია და მიიხედ-მოიხედა... ერთხანს გაოგნებული იყურებოდა იქით-აქეთ, ვერ გამოერკვა, სად იმყოფებოდა. უეცრად სააბაზანოს კარი გაიღო და გია გამოვიდა. გოგონას სუნთქვა გაუჩერდა მამაკაცის დანახვაზე. კიდევ კარგი, ჩაცმული იყო, თორემ ალბათ გულიც წაუვიდოდა. მისდა უნებურად, სახეზე საბანი აიფარა.
- გაიღვიძე? - ისეთი ტონით ჰკითხა, თითქოს მათ შორის წუხელ არაფერი მომხდარიყო.
- ჰო, - ყრუდ უპასუხა გოგონამ, წამოიწია და თვალებით ტანსაცმელს დაუწყო ძებნა.
ვაი, სირცხვილო! მისი ტანსაცმელი იატაკზე უწესრიგოდ ეყარა! სასწრაფოდ წამოხტა და გამალებით შეუდგა ჩაცმას.
გიამ ტელევიზორი ჩართო. ნუკიმ თავი მოიწესრიგა და ოთახში გავიდა. გია გულგრილად იჯდა სავარძელში და ეკრანს მისჩერებოდა.
- ყავას დალევ? - გაუბედავად ჰკითხა გოგონამ.
- კი, დავლევ. იქ არის, სამზარეულოშია ყველაფერი.
ნუკი სამზარეულოში გავიდა და ყავის მოდუღებას შეუდგა, თან წუხანდელი ღამის აღდგენას ცდილობდა გონებაში... რაღაც ახსოვდა, რაღაც არა... მთავარი ის იყო, რომ ვერაფრით მიხვდა, ამ ერთმა ღამემ სიამოვნება მიანიჭა თუ უსიამოვნება... ყველაფერი ნაჩქარევად მოხდა... მიუჩვეველი იყო მამაკაცთან ყოფნას, მით უმეტეს - ერთ საწოლში, მით უმეტეს - მოფერებას...
ამ დროს გია შემოვიდა.
- რატომ ხარ ასე ჩუმად? - ჰკითხა და თმაში შეუცურა თითები.
გოგონას ჟრუანტელმა დაუარა.
- რა ვიცი... რა უნდა ვთქვა?
- არ გინდა, შთაბეჭდილებები გამიზიარო? - იდუმალი ხმით ჩაეკითხა მამაკაცი.
ნუკიმ მხრები აიჩეჩა მხოლოდ.
- ეგ არის შენი პასუხი? - გიამ თავისკენ მოაბრუნა და თვალებში ჩახედა.
გოგონამ მზერა აარიდა.
- თვალებში შემომხედე! - ნიკაპი დაუჭირა მამაკაცმა.
- ყველაფერი ძალიან კარგი იყო, - ჩურჩულით ამოთქვა ნუკიმ.
- ჰო-ო? მართალი მითხარი.
- ჰო. უბრალოდ, ცოტა დავიძაბე და... მიჭირს იმის აღქმა, რაც წუხელ იყო... დიდი ხანია, ასე არ ყოფილა.
- მე უარესს ველოდი, რომ იცოდე.
- უარესს? რას, უარესს?
- მეგონა, ქალიშვილი იყავი.
- მე ეგ შენთვის არასდროს მითქვამს, - თვალი თვალში გაუყარა ნუკიმ.
- მაგრამ არც ის გითქვამს, არ ვარო, - გაიღიმა გიამ.
- და შენთვის ეს პრობლემას წარმოადგენს? - ცივად შეეკითხა.
- არა, რა თქმა უნდა. ისე ვთქვი, უბრალოდ...
- შაქარი რამდენი ჩაგიყარო?
- 2 კოვზი.
ნუკიმ ზურგი შეაქცია მამაკაცს და საქმე გააგრძელა. გია ოთახში გავიდა და კვლავ სავარძელში ჩაჯდა.
ყავა ისე დალიეს, არც ერთს ხმა არ ამოუღია. მერე ნუკიმ მაგიდა აალაგა და ჭურჭელი დარეცხა. გია ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა, ალბათ მესიჯებს თუ კითხულობდა.
- მე წავალ, - ჩამქრალი ხმით თქვა გოგონამ.
- გაგაცილებ...
- არ მინდა! არ გამაცილო! - ისე იუარა, მამაკაცმა გაკვირვებით შეხედა.
- მოხდა რამე?
- არა, არაფერი. წავალ მე.
- დაგირეკავ, ნუუკ. არ ინერვიულო. გგონია, ვერ ვხვდები, რაც გაწუხებს? არ იფიქრო არაფერზე. მე შენს მიტოვებას არ ვაპირებ. გესმის? ამ დღეებში შეგეხმიანები, - მხარზე ხელი გადახვია მამაკაცმა, კარამდე მიაცილა, ერთი გემრიელად აკოცა და იქამდე გაჰყურებდა გოგონას, სანამ იგი ლიფტში შევიდოდა...
მთელი კვირის კვირის განმავლობაში გიას ერთხელაც არ მოუკითხავს ნუკი. არც ზარი, არც მესიჯი... არაფერი, არაფერი... ვერაფერს აკეთებდა, თავზარდაცემული და ნირწამხდარი დადიოდა წინ და უკან... აღარაფერი ახარებდა. თათულის არ გამოჰპარვია მისი ხასიათის ცვალებადობა. უნდოდა, ეკითხა, რა გემართებაო, მაგრამ თავს იკავებდა, თვითონაც ხომ არაფერს უყვებოდა თავისი პირადის, მით უმეტეს, ზურას, შესახებ. ამიტომ ამჯობინა, არაფერი ეკითხა. თუ ასე გაგრძელდებოდა, იქამდე მივიდოდა საქმე, რომ მუშაობის გაგრძელებას ვერც ერთი შეძლებდა და სამკერვალოსაც დახურვა დაემუქრებოდა. რაღაც უნდა ეღონა ან ერთს, ან მეორეს, რომ სიტუაცია როგორმე გამოესწორებინა. ამის უნარი კი, ჯერჯერობით, არც ერთს არ ჰქონდა.
ზუსტად ერთი კვირის თავზე, გვიან ღამით, ნუკის მობილურზე სასურველი მელოდიის ხმა გაისმა. გოგონას სუნთქვა შეუგუბდა, ხელის კანკალით აიღო ტუმბოზე დადებული ტელეფონი და საოცრად სევდიანი ხმით უპასუხა სასურველ მამაკაცს. გია შეხვედრას თხოვდა, მინდა, ოცნებები ბოლომდე აგისრულოო. იმდენად მაცდუნებელი იყო მამაკაცის წინადადება, ნუკი ხმას ვერ იღებდა, სიბნელეში წამწამებს ახამხამებდა მხოლოდ, როგორც ჩვეოდა დაბნეულობისას. ახლავე გამოგივლი და ჩემთან წამოდიო, სთხოვდა გია. აბა, როგორ ეტყოდა ასეთ რამეზე უარს? მაშინვე წამოხტა და ჩაცმას შეუდგა...
მერე გიას მთელი გზა ჩაბღუჯული ჰქონდა მისი ხელი. შიგადაშიგ ტუჩებთან მიიტანდა გოგონას ხელის ზურგს და ნაზად კოცნიდა. ნუკის ციებიანივით გააჟრიალებდა ხოლმე - ხან წამოხურდებოდა, ხანაც კანკალი აიტანდა.
- ძლივს გავძელი ერთი კვირა, ძლივს, ძლივს, - ვნებამორეული აჩურჩულდა მამაკაცი, როგორც კი ოთახში შევიდნენ და მოეხვია...
შუქის ანთებაც კი არ უცდია, ისე წაეტანა გოგონას. ჩქარობდა... ჩქარობდა მამაკაცი, მისი თითები მოუთმენლად ხდიდნენ ნუკის ტანსაცმელს, თითქოს ერთი სული ჰქონდა, რაც შეიძლება, ჩქარა ეხილა ქალის სხეული და შეხებოდა მას... თან წარამარა იკრავდა გულში, ძლიერად, უფრო ძლიერად, თუმცა ამაზე ძლიერად ალბათ შეუძლებელიც იყო...
ნუკის გული ბუდიდან ამოხტომას ლამობდა, უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ ენა არ ემორჩილებოდა... უნდოდა, კოცნაზე კოცნით ეპასუხა, მაგრამ ვერ ახერხებდა... მამაკაცის თავბრუდამხვევ სურნელს ისრუტავდა მხოლოდ, ჩუმად, მალულად და თანდათან ისე ბრუვდებოდა, თითქოს ძლიერმოქმედი ნარკოტიკის მოქმედების ქვეშ ყოფილიყო...
პირველ შეხვედრაზე ვერ აღიქვა, რა ხდებოდა მის თავს. ახლა კი... თითქოს გაორმაგებული ვნებიანობით გრძნობდა, საყვარელი მამაკაცი რომ ეფერებოდა. სუნთქვაგახშირებული მთელი სხეულით მიიწევდა მისკენ. ჰო, ეს ნამდვილად ის იყო, რაც მას სურდა. ყველა ის ქალური საწყისი, რაც მასში იყო, ამ მამაკაცის სიღრმისეულ ენერგიას უერთდებოდა...
- ეს ის არის, რისთვისაც ვართ შექმნილი, - უჩურჩულა გიამ, - ეს ის არის, რაც უნდა იყოს ჩვენ შორის. მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, რას მოგვიტანს ეს ურთიერთობა. არჩევანი შენ უნდა გააკეთო.
ნუკი დაიძაბა. რატომ ეუბნება ამას? ნუთუ ვერ ხედავს, რა ემართება მისი შეხებისას? ნუთუ ვერ გრძნობს? მეტი რაღა უნდა გააკეთოს? რას მოითხოვს მისგან სხვას? რამე განსაკუთრებულად უნდა მოიქცეს? დაბნეულმა არ იცოდა, რა მოემოქმედა. ხმას არ იღებდა, ღონემიხდილი სახეს და ყელს უშვერდა აღგზნებულ მამაკაცს და აცახცახებული ემორჩილებოდა მისი მომთხოვნი მკლავების ყველა სურვილს...
საოცარი ღამე იყო... ნუკი მეორე დღეს გაბრუებული დადიოდა. როგორც იქნა, ბოლოს და ბოლოს, სრულყოფილ ქალად იგრძნო თავი. ისეთი ლამაზი ღამე იყო, ისეთი, ისეთი... გაუჭირდება ამის სიტყვებით გადმოცემა. განსაკუთრებით ის დიალოგი, შუაღამისას რომ გაიმართა მათ შორის.
- რაზე ფიქრობ, ნუუკ? - ჰკითხა გიამ და მკლავი ძლიერად მოხვია შიშველ მხარზე.
- რა ვიცი... ჩემს ხვალინდელ დღეზე.
- და რას ხედავ შენს ხვალინდელ დღეში?
- უშენობას, - სევდიანად უპასუხა გოგონამ.
- რატომ ფიქრობ ასე? საიდან დაასკვენი, რომ ხვალ ერთად არ ვიქნებით?
- გული მიგრძნობს. ასე მგონია, რომ ხვალ სხვასთან გაიქცევი.
- რა სულელი მყავხარ, - გაიცინა მამაკაცმა, - რატომ უნდა წავიდე სხვასთან, როცა შენთან ყველაფერი მაქვს? იცი? არსებობს ასეთი ინგლისური ტერმინი - სხეულის ენა.
- ვიცი, მეც მისწავლია ეგ ფსიქოლოგიაში.
- ჰოდა, აბა რაღა გინდა? ჩემმა სხეულმა ისე შეიგრძნო შენი სხეული, როგორც არასდროს არავისი. ასეთი რამ იშვიათად მემართება. არ ვაპირებ შენთან ურთიერთობის გაწყვეტას, ეს იცოდე. არასდროს ისე არ დავმშვიდებულვარ არავისთან, როგორც შენთან ვმშვიდდები. შენ მე ყველანაირად მავსებ. ამიტომ ეგ შტერული ვარაუდები ამოიგდე თავიდან.
აი, ასეთი რამეები უთხრა წუხელ გიამ. და მის არც ერთ სიტყვაში, არც ხმაში, არც ინტონაციაში სიყალბე არ შეინიშნებოდა. როგორ არ უნდა დაუჯეროს? მაგრამ რატომ ეშინია ასე? რატომ არ ენდობა მის სიტყვებს? ამაზე პასუხის გაცემა უჭირს. არ იცის, რატომ... რატომღაც... თუმცა, ახლა კარგ ხასიათზეა. ამიტომაც ფრთაშესხმული დადის და გულიანად მუშაობს. თათულიც კი გააოცა, ისე მსუბუქად დაქრის აქეთ-იქით.
- ნუკი! - სწორედ ამ დროს გაისმა მისი ხმა.
- რაო, თათული? - ისე თბილად გამოეპასუხა, თითქოს გუშინდელი და იმის წინანდელი უღიმღამო დღეები არც ყოფილა.
- მე რომ წავიდე, შენ მარტო გაართმევ თავს აქაურობას? - რაღაცნაირი დახშული ხმით ჰკითხა თათულიმ.
- წადი, თუ გინდა, რა პრობლემაა, დარდი არ გქონდეს, ყველაფერს მოვასწრებ, - თბილი ღიმილით დააიმედა ქალი.
- დღეს კი არა, საერთოდ რომ წავიდე... სულ, - იმავე ტონით გააგრძელა თათულიმ.
ნუკიმ წარბები აზიდა გაკვირვების ნიშნად. გამომცდელი მზერა შეავლო ქალს.
- ვერ გავიგე?
- გულს ვერ ვუდებ ამ კერვას. მყავს ერთი ახლობელი, რომელიც ძალიან კარგად კერავს და იმას მოვიყვან ჩემ მაგივრად, - გააგრძელა თათულიმ.
- და შენ სად მიდიხარ? - ნუკი ყურებს არ უჯერებდა.
- ჯერჯერობით არსად... მერე ვნახოთ. ეს ჩემი საქმე არ არის, იცი? ეს სხვა სამყაროა, რომელიც საერთოდ უცხოა ჩემთვის. აქამდე იმიტომ არ წავედი, რომ მინდოდა, შენ დაგხმარებოდი, ხელი წამეკრა... ახლა უკვე აღარ გჭირდები, თავადაც მშვენივრად უძღვები საქმეს. უკვე შეეჩვიე ყველაფერს და აღარ გაგიჭირდება.
- კი მაგრამ... - ნუკი დაიბნა, არ იცოდა, საიდან მოევლო სათქმელისთვის.
- ვიცი, რაც გაწუხებს და მაგაზე არ იფიქრო. იცხოვრე აქ, სანამ გაგიხარდება. მე მაინც არაფერში მჭირდება ეს ფართი. არც ქირა მინდა და არც არაფერი.
- არა, ასე არ გამოვა, თათი, - კატეგორიულად იუარა გოგონამ, - რას ნიშნავს, არ გჭირდება? ეგრე არ არის. აქამდე პარტნიორები ვიყავით და შემოსულ მოგებას შუაზე ვიყოფდით. ახლა უცებ ყველაფერზე უარს ამბობ. ეგ როგორ? არ გინდა, მითხრა, რა ხდება? იქნებ შემიძლია რამით დაგეხმარო?
- არაფერიც არ ხდება. განა აუცილებელია, რამე ხდებოდეს? მე სხვა გეგმები მაქვს, არ ვარ მიჩვეული ასეთ სამუშაოს. სიმართლე გითხრა, სხვანაირი სამსახური მინდა დავიწყო. აი, ისეთი, სადაც არსებობს დირექტორი, მოადგილე, კადრები, მდივანი, თანამშრომლები და რა ვიცი... შემპირდა ერთი მეზობელი, მერიაში მოგაწყობო. ეგ მირჩევნია. მე არსად მეჩქარება, გესმის? აიწყვე შენ შენი საქმე. მოაგროვე ფული, გააფართოვე ეს ბიზნესი და მერე ვნახოთ. რამდენიმე თვე არაფერს მოგთხოვ. დანარჩენზე შემდეგ ვილაპარაკოთ. მეტი არაფერი მითხრა, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს, გასაგებია? - უთხრა თათულიმ და აღარც ალაპარაკა მეტი.
ნუკის ცნობისმოყვარეობა კლავდა, ვერაფრით მიმხვდარიყო, რა მოხდა ამისთანა, რამ შეცვალა ეს სიცოცხლით სავსე ქალი ბოლო დღეების განმავლობაში. რა მოხდა ისეთი იმ საღამოს, როცა ის და ზურა დაბადების დღეზე წავიდნენ? ზურას თითქოს არაფერი დატყობია. იქნებ ის სულაც არ იყო თათულის დასევდიანების მიზეზი? იქნებ გულწრფელია და რასაც ამბობს, სრული სიმართლეა? ყველა ერთნაირი ხომ არ არის? მართლაც და, რა სასიამოვნოა, მთელი დღე გამოჯდეს ნუკისთან ერთად და ვიღაცებისთვის ტანსაცმელი კეროს? რატომ უნდა დაითხაროს თვალები? მით უმეტეს, არ უჭირს მატერიალურად. აქამდე თუ ეხმარებოდა, ალბათ ზურას ხათრით. ალბათ მას ვერ უთხრა დახმარებაზე უარი.
- როგორც გინდა, თათული. შენი საქმისა შენ იცი. მადლობის მეტი რა მეთქმის. ვალში ვარ შენთან. ძალიან ბევრი რამ გააკეთე ჩემთვის და ამას არასდროს დაგივიწყებ. ძალიან მიყვარხარ და მინდა, ბედნიერი იყო.
- იცი? მას შემდეგ, რაც ქმარი გარდამეცვალა, გამუდმებით ვცდილობ, დავუმტკიცო ჩემს თავს, რომ ბედნიერებას არ ვიმსახურებ. აქედან გამომდინარე, სიამოვნების მიღების უფლება არა მაქვს, - მოულოდნელად დაიწყო მან, - ყველა მამაკაცი უარვყავი, ვინც კი ჩემთან დაახლოება გადაწყვიტა. ახლა ცოტა შემეცვალა შეხედულება ჩემს ცხოვრებაზე. რატომაც არა? ჯერ არც ისე ბებერი ვარ, ქალად არ ვვარგოდე, - სიმწრით გაიღიმა, - ჯერ კიდევ მაქვს მცირე იმედი იმისა, რომ ვიღაცა შემამჩნევს, ვიღაცას დავჭირდები. იქნებ ღირდეს ცხოვრების თავიდან დაწყება?
- მაგას კითხვა რად უნდა ან დაფიქრება? - გაუხარდა ნუკის, თათული რომ ალაპარაკდა, - საკუთარი თავის მიმართ უმოწყალო არასდროს უნდა იყოს ადამიანი. მით უმეტეს, შენისთანა ლამაზი ქალი. ვინ იცის, რამდენი ნატრობს შენ გვერდით ყოფნას.
ქალს სიცილი აუტყდა.
- კარგი რა, ნუკი, შენ რაღა დაგემართა? ნატრობს არა!.. ისეთი ქალები დადიან ირგვლივ, მე ვის რაში ვჭირდები. თუმცა, ალხანას თავისი ჩალხანა არ დაელევაო, ნათქვამია. მეც ვეცდები. ვნახოთ, რა გამოვა...
კიდევ დიდხანს ილაპარაკეს, თუმცა თათულის თავის წარსულზე სიტყვა არ დასცდენია. არც ზურასთან ურთიერთობას შეხებია. ერთხელ ახსენა მხოლოდ, იმდენად კარგი ადამიანია და იმდენი გაუკეთებია ჩემთვის, მინდა კარგი ქალი შეხვდეს და ბედნიერი იყოსო...
ეს ნუკისაც უნდოდა, თუმცა იმ სხვა ქალში ვერავის მოიაზრებდა... თვით თათულისაც კი... ნუთუ ასეთი ეგოისტია?..
ზურა საშინელ ხასიათზე იყო. მამამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. აუცილებელი გახდა მისი საზღვარგარეთ წაყვანა სამკურნალოდ. გერმანიაში. უკვე ყველაფერი მოაგვარა. კვირის ბოლოს უნდა გაემგზავროს მამა-შვილი. აქ კი... როგორღაც ისე უნდა მოახერხოს, რომ ნუკი თავის ბინაში დატოვოს. უკვე მოიფიქრა, რაც უნდა უთხრას. მას ვიღაც გადამთიელს ვერ ჩაუგდებს ხახაში. თან დედამისსაც ხომ უნდა მიხედვა?
რა ცუდ დროს მოხდა ეს ყველაფერი. როგორ არ უნდოდა ახლა ნუკის მარტო დატოვება. ჯერ კიდევ არ კარგავდა იმედს, რომ გოგონას იმ ახალგამომცხვარ თაყვანისმცემელთან არაფერი გამოუვიდოდა და მას დაუბრუნდებოდა. ჰმ... დაუბრუნდებოდა. განა ოდესმე იყო კი მასთან? ოდესმე რამეს განიცდიდა მის მიმართ? თუნდაც მცირე მოწონებას მაინც? თან იყო ამაში დარწმუნებული, თან არა. ხანდახან ისეთი რამეები ახსენდებოდა, რაც იმედს უნერგავდა, ხანაც უიმედოდ გადააქნევდა თავს. მირანდა მას არასდროს ეკუთვნოდა. შეიძლება ეჩვენებოდა რაღაც-რაღაცები, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდი იყო, რათა როგორმე გაემართლებინა თავისი სიყვარული მის მიმართ.
ცოტა მისი ბრალიცაა, ასე რომ შეტრიალდა სიტუაცია. თავიდან გოგონა ისე აღიქვა, როგორც ბავშვი. დაუცველი, საწყალი, დაჩაგრული, ამავდროულად, ძალიან საყვარელი და სიცოცხლით სავსე ბავშვი... რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა იმაზე, თუ რამდენად კარგი იყო. იმაზე, რომ საოცრად მიმზიდველი არსება გახლდათ, სექსუალური, ვნებიანი, ალერსს მოწყურებული, რომელსაც საიმედო, ძლიერი ხელი და ზურგი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ცხოვრება აეწყო...
ვერა, ვერ გაქაჩა ზურამ. გამბედაობა არ ეყო. არ იყო შეჩვეული სერიოზულ ურთიერთობებს ქალებთან. ამიტომაც დაიბნა, ამიტომაც ვერ გაბედა. და აი, ახლა იმკის შედეგს... მწარეს.
ამ ფიქრებში იყო ზურა, რომ მოულოდნელად ნუკი ესტუმრა, თითქოს გულმა უგრძნო, რომ მამაკაცს მისი ნახვა უნდოდა.
- კარგ დროს მოხვედი, - ნაღვლიანი ღიმილი გამოესახა მამაკაცს ტუჩებზე, - ახლა მე თვითონ ვაპირებდი შენთან გამოსვლას.
- ხომ მშვიდობაა? - შეშფოთება დაეტყო გოგონას.
- მთლად მშვიდობას ვერ ვიტყოდი ჯერ. მამა მიმყავს გერმანიაში. ცუდადაა ძალიან. შენი დახმარება დამჭირდება.
- ჩემი? მეც უნდა წამოვიდე? - თვალები გაუფართოვდა ნუკის.
ისეთი გულუბრყვილო გამომეტყველება აღებეჭდა სახეზე, ზურამ სიცილი ვერ შეიკავა.
- არა, შენ არ უნდა წამოხვიდე. შენ აქ მჭირდები.
- აა! კი ბატონო, თუკი შემიძლია... რა უნდა გავაკეთო?
- პირველ რიგში ის, რომ აქ უნდა იცხოვრო. დედას მიმიხედო, ძალიან ნერვიულობს და არ მინდა მარტო დარჩეს, გესმის?
- ეგ არ არის პრობლემა. ვიქნებით ერთად, სანამ ჩამოხვალ, - მორჩილად დაუქნია თავი.
- და კიდევ... ჩემი მდივანი დაგირეკავს ხოლმე და სამსახურიდან ცნობებს მოგაწვდის, რა როგორ... დაწვრილებით უნდა ჩაიწერო ყველაფერი და როცა მე დაგირეკავ, თავიდან ბოლომდე წამიკითხო. თუ რამე შენიშვნა მექნება, მერე შენ იმას გადასცემ და ასე...
- მაგრამ... შენ რომ დაგირეკოს, არ შეიძლება?
ზურას გაეღიმა. ელოდა მისგან ამ შეკითხვას, ამიტომაც პასუხიც წინასწარ ჰქონდა მომზადებული.
- არ მინდა გაიგონ, საქართველოდან რომ მივდივარ. ხომ გესმის... როცა სხვაგან დამიგულებენ, შეიძლება თავი აიშვან და არც იარონ სამსახურში. იციან, რომ მამაჩემს უნდა მივხედო და დაახლოებით ათი დღე მის გვერდით უნდა ვიყო საავადმყოფოში. ხანდახან შემოგივლით-მეთქი, მივანიშნე თან. რაც კი რამ მნიშვნელოვანი იქნება, სახლში დარეკეთ და ჩემს ნათესავს ჩააწერინეთ-მეთქი. ასე რომ, გაფრთხილებული მყავს ირმა, ჩემი მდივანი. რაც შეეხება სამკერვალოს, მე თათულის დაველაპარაკები და დროებით სხვას დაიხმარს ვინმეს.
- თათული? იცი რა? თათული წავიდა... აღარ მუშაობს დღეიდან.
- რას ნიშნავს წავიდა? - შუბლი შეიჭმუხნა ზურამ. აშკარად შეეტყო, რომ არ ესიამოვნა ახალი ამბავი.
- მგონი, მერიაში იწყებს მუშაობას. თვითონაც მითხრა, სხვას მოვიყვან ჩემს ადგილზეო. თუმცა, ეგ არ არის პრობლემა. სულ არ ვიმუშავებ ათი დღე, მერე რა? ან აქ მოვიტან ერთ მანქანას და აქ ვიმუშავებ.
- არც ეგ არის ცუდი აზრი. თათულის ამბავი კი გამიკვირდა... ჩემთვის არაფერი უთქვამს.
- ჰო, ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო. ბოლო ხანებში სულ დაღონებულია. როგორც ჩანს, რაღაც პრობლემა აქვს. არაფერს მეუბნება, მაგრამ ვგრძნობ.
- კარგი, ვნახავ ხვალ და გავიგებ, რა ხდება... დარჩები ამაღამ?
- არა, აჯობებს წავიდე.
- მაშინ გაგაცილებ.
- როდის მიემგზავრებით?
- კვირის ბოლოს. გნახავ იქამდე.
- ჰო, რა თქმა უნდა, - უხერხულად გაიღიმა ნუკიმ და თვალი აარიდა მის გამჭოლ მზერას.
გაგრძელება