"თავისი ასაკის ქალმა შეიძლება შვილი ვერ გაუჩინოს, მე კი შვილიშვილი მინდა. ამიტომ ახალგაზრდა რძალი უნდა მომიყვანოს" - მშობლები

"თავისი ასაკის ქალმა შეიძლება შვილი ვერ გაუჩინოს, მე კი შვილიშვილი მინდა. ამიტომ ახალგაზრდა რძალი უნდა მომიყვანოს"

2022-08-18 17:38:37+04:00


ონლაინრომანი "ნაადრევი ენძელები"
ავტორი: კვარაცხელია

იხილეთ რომანის დასაწყისი


კვირა ისე გავიდა, არც ზურა შეხმიანებია ნუკის და არც გია. ეს უკანასკნელი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერ გაიგო. და საერთოდაც, აოცებდა მისი უცნაურობები. მაშინ გამოჩნდებოდა, როცა თვითონ მოესურვებოდა. ერთი წამითაც არ უფიქრდებოდა იმას, რას განიცდიდა ამ დროს გოგონა, როგორ ნერვიულობდა, როგორ ელოდებოდა მისგან თუნდაც ერთ მესიჯს. ნუკიმ პირობა მისცა თავის თავს, არამც და არამც არ შეხმიანებოდა, სანამ თვითონ არ გამოჩნდებოდა. დაიღალა უკვე. ის შეიძლება მიჩვეულია ქალებისგან ისტერიკებს, ტირილს, თხოვნას, იქნებ თავი აქვს გაბეზრებული მათი ზარებისგან, მესიჯებისგან. ნუკი მათ არასდროს დაემსგავსება. არავის შესახვეწი არაფერი სჭირს. 17 წლის გოგო ხომ არ არის, ჭირვეულობა დაიწყოს. კეთილი ინებოს და თავად მოიკითხოს, შეიწუხოს თავი. თუ არადა, ჯანდაბამდე გზა ჰქონია. ნუკი წამითაც არ შეეხვეწება, თავს არ დაიმცირებს მის წინაშე. თუკი მასთან ურთიერთობით შეცდომა დაუშვა, ამასაც გადახარშავს. ვერაფერს იზამ... ქალია და შეცდომისგან არ არის დაზღვეული... როგორც ყველა სხვა ქალი... ამას კი ფიქრობდა, მაგრამ გული ტკივილით ჰქონდა სავსე. აღიზიანებდა მამაკაცის საქციელი. ვერც თავი გაუგო მის პიროვნებას და ვერც ბოლო. გულუბრყვილოდ წამოეგო მის ანკესზე. ახია მასზე! დაეჯერებინა ნელისთვის და ამ დღეში არ ჩავარდებოდა.
არა, ახლა რომც გამოჩნდეს, ასე უსაყვედუროდ არ დატოვებს ამ ამბავს. ყველაფერს პირში მიახლის და კატეგორიულად მოსთხოვს, რაღაც სახელი დაარქვას მათ ურთიერთობას. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ან ერთხელ და სამუდამოდ უთხრას, რას წარმოადგენს ნუკი მისთვის, ან არადა, საერთოდ გაქრეს მისი ცხოვრებიდან.
ოჰ, ოჰ, ოჰ! რომ უთხრას, საყვარლად მინდიხარო? მაშინ სად მიდის? დათანხმდება ამაზე? კი, როგორ არა! ამაზე ოცნებობდა მთელი ცხოვრება! არამც და არამც! ამას არ დაუშვებს! ურჩევნია, ყველაფერი სანანებელი გაუხდეს და მთელი ცხოვრება ვერ აპატიოს თავის თავს მასთან გატარებული ორი ღამე, ვიდრე წლების განმავლობაში მისი საყვარელი იყოს. ნუკის ქმარი უნდა ჰყავდეს, ოჯახი შექმნას, შვილები გააჩინოს... მისი სურვილი ჩვეულებრივი სურვილია, ცოტათი ძნელი განსახორციელებელი, მაგრამ აუცილებელი და საჭირო. საყვარელი რომ ნდომებოდა, როგორმე აქამდეც მოახერხებდა. აჰა! ახლა როგორ აჭიკჭიკდა. რატომ ადრე არ იფიქრა ამაზე? მაშინ რატომ არ მოიშველია ეს "ფილოსოფიური" აზრები, ლოგინში რომ უწვებოდა? იმიტომ, რომ... ალბათ იმიტომ, რომ მის გრძნობებში ეჭვი წამითაც არ შეჰპარვია. ახლა თავის მართლებას აზრი არა აქვს. ან იქნებ არც არაფერი სჭირს თავის სამართლებელი? ხომ შეიძლება, ტყუილად გოდებდეს? იქნებ რაღაც საქმეები აქვს მისი ოცნების მამაკაცს და მალე გამოჩნდება? განა პირველად გადაიკარგა? ადრეც ხომ ყოფილა მსგავსი შემთხვევა... ერთხელ... ორჯერ... მაგრამ ბოლოს მაინც მოვიდა. ჰოდა, მოვა კიდევ... დარწმუნებულია, რომ მოვა, ტყუილად იღლის გონებას ფიქრით.
* * *
ზურას გამგზავრების დროც მოვიდა. ნუკიმ თავისი ბარგი ჩაალაგა და ესტუმრა. მამაკაცი უკვე ელოდებოდა.
- აი, ამ ფულს გიტოვებ, - ზურამ მუჭში რამდენიმე ასლარიანი ჩაუდო, - არაფერი მოიკლო, იცოდე. დედა ხვალ გამოვა. ამაღამ უნდა გაგვაცილოს, თავი გაიგიჟა.
- რად მინდა ფული, მაქვს. ეს შენ წაიღე, დაგჭირდება.
- გამომართვი, რომ გაძლევ! - ძალით ჩაუდო მუჭში მამაკაცმა კუპიურები, - და შენ იცი, საღამოობით შინ იყავი ხოლმე, როცა ირმა დაგირეკავს, კარგი? ჩემი გულისთვის როგორმე გაიჭირვე ათიოდე დღე.
- აუცილებლად. აბა რას ვიზამ, დარდი არ გქონდეს, ზურა, - დამაჯერებლად უპასუხა გოგონამ.
და სწორედ ამ დროს, მამაკაცმა ხელი მოხვია და ყელზე დაეკონა... ნუკიმ იცოდა, ზურა რომ აკოცებდა, ამიტომ თვითონაც მთელი სხეულით მიეკრა. ერთხანს ასე ჩახვეულები იდგნენ და ერთმანეთის გულისცემა ესმოდათ...
- დაგვირეკე, როგორც კი ჩახვალთ, - ჩურჩულით წარმოთქვა.
- ჰო, - თქვა მამაკაცმა, ხოლო მზერით უფრო მეტი უთხრა: "მიყვარხარ... ვიცი, შენ ეს არაფერში გჭირდება, მაგრამ თუკი სიყვარული რამეში გშველის, იცოდე, რომ მთელი ჩემი სიყვარული შენთანაა"...

ქალბატონი მანანა მეორე დღესვე გადმოვიდა შვილის ბინაში. ნუკი, რა თქმა უნდა, მთელი დღე შინ იჯდა და ზურას დედის გამოჩენას ელოდებოდა. ქალი საჭიროზე თბილად შეხვდა გოგონას.
- გენაცვალე... როგორ გალამაზებულხარ... - თაფლად დაიღვარა მანანა, - ჩემს შვილს კი ვერ დავაცდევინე, როგორია გარეგნულად-მეთქი, რომ ვკითხე. კარგი გოგოაო, მორჩა და გათავდა... რა სიტყვაძუნწია ის საძაგელი! ამისთანა ანგელოზს მიმალავდა? როგორ შეცვლილხარ, შვილო. რამდენი წელია, არ მინახავხარ, აბა, რას გიცნობდი, სადმე რომ შემხვედროდი? გამიხარდა ძალიან შენი ნახვა, - მერე ხმას ისე დაუწია, ლამის ჩურჩულზე გადავიდა და, თითქოს დიდი საიდუმლო ყოფილიყო, ისე შეეკითხა, - დედაშენის არაფერი ისმის?
- კი, როგორ არა, ბოლო დროს გამოჩნდა.
- რას მელაპარაკები! მერე? რაო ხუტამ, მიიღო?
- ხუტასთან არა, მე დამიკავშირდა... ტელეფონით.
- ახ! ეს რა მითხარი! კარგია, შვილო, კარგი. რაც უნდა იყოს, მაინც დედაა. ყველაფერი ხდება ქვეყანაზე, უნდა აპატიო, აბა როგორ! სხვანაირად არც შეიძლება. იმიტომ უყვარხარ ჩემს შვილს ასე ძალიან, მართლა კარგი გოგო ყოფილხარ შენ! ტყუილად არ გაქებს.
ნუკის ღაწვები შეეფაკლა. როდის ელაპარაკა ზურა დედამისს მასზე? გამგზავრების წინ თუ უფრო ადრე? ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო, თუმცა კითხვის დასმა არ დასჭირვებია, ქალმა "ნებაყოფლობით" გააგრძელა, - გამოგვიჭედა მე და მამამისს შენზე ლაპარაკით ყურები! ამდენჯერ არასდროს უხსენებია სხვა გოგოების სახელი და ამდენი არ ულაპარაკია. რაც მამიდამისისგან ჩამოვიდა, პირზე სულ შენი სახელი აკერია. გაიხარე, შვილო, იქნებ ახლა მაინც მოვიდეს ჭკუაზე და იფიქროს ოჯახის შექმნაზე. რა უჭირს, ცოტა ახალგაზრდა რომ ხარ? აბა, ბებერი და ასაკოვანი რად უნდა? მაგნაირმა შეიძლება შვილი სულაც ვერ გაუჩინოს, ბატონო! მე კი შვილიშვილი მინდა. ამიტომ რძალიც ახალგაზრდა უნდა იყოს.  აგერ, მამამისიც სიკვდილის პირასაა მისული. ღმერთმა ნუ მომასწროს მაგ დღეს, მაგრამ... ისე რატომ უნდა წავიდეს ამქვეყნიდან, შვილიშვილს ვერ მოესწროს?
ნუკი ნაწილობრივ უსმენდა მანანას. მისი ფიქრები ამწუთას მხოლოდ იმ სიტყვების გარშემო ტრიალებდა, რომელმაც "აუწყა", რომ თურმე ზურა დიდი ხანია, დედასთან მასზე "ჭორაობდა". გამოდის, ნუკი მისთვის მართლა ღირებული ყოფილა. მაშინ რატომ უფრო არ იაქტიურა? რატომ მეტი არ მოითხოვა მისგან? რას მიაწეროს მისი ასეთი თავშეკავება?..
ნეტავ რას ჩაუღრმავდა ამ ამბავს? აინტერესებს კი, ზურა მასზე ფიქრობს თუ არა? არ იცის... იქნებ აინტერესებს და თავს არ უტყდება ამაში? იქნებ, ეს უბრალოდ, ხავსია მისთვის, ბოლო წამს რომ უნდა მოეჭიდოს? რადგან გიამ ხელი აიღო მასზე, სასწრაფოდ შემცვლელი იპოვოს? ამის გაფიქრებაზე ისე შეკრთა, თითქოს რაღაც საშინელებაში გამოუტყდა თავის თავსო. შავბნელი აზრები სწრაფად მოიშორა თავიდან და მანანას მორიდებით შეჰღიმა.
- გეშიებათ... ჩახოხბილი გავაკეთე, გაგიცხელებთ...
- არა, შვილო, დიდი მადლობა. ახლა ლუკმა არ გადამივა ყელში, ისე ვნერვიულობ, - ისეთი სახე მიიღო მანანამ, თითქოს ამბობდა, "ჭირი ჭამოს ჩემმა პირმაო", როგორც ჩვევიათ ხოლმე ასაკოვან ქალებს, - როგორ ჩავიდნენ, როგორ მოეწყვნენ... ყოველ წამს ზარს ველი, როდის დამირეკავენ. ამომხდა სული ლოდინში.
- დარეკავენ, ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად იქნება. მოდით, ერთად ვისადილოთ.
ნუკი ქალის პასუხს არ დაელოდა, სამზარეულოში გავიდა და დაფაცურდა...
***
ზურამ გვიან ღამით დარეკა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მშვენივრად მოვეწყვეთ და პროფესორიც ვნახეთო. ხვალ ანალიზებს გაუკეთებენ და ოპერაციასაც დანიშნავენ, სავარაუდოდ, ზეგისთვისო. ქალბატონ მანანას ცრემლები მოერია და მოჰყვა ვიშვიშს. ნუკი მის დამშვიდებას შეეცადა, თუმცა კი ნერვებს უშლიდა ამგვარი რამეები. ვერ იტანდა, როცა ქალები უაზროდ მოჰყვებოდნენ ხოლმე თავში ხელების ცემას და წინასწარ გამოიტირებდნენ ავადმყოფ ადამიანს. ბიცოლამისმა იცოდა ხოლმე ასე წუწუნი, ერთი ვაი-უშველებელს ატეხავდა, როცა ხუტას რამე წამოსტკივდებოდა. წყლული ჰქონდა ნუკის ბიძას და ხშირად ემართებოდა შეტევები. ერთხელ სისხლდენაც კი დაეწყო. აი, მაშინ ატეხა თამარამ, თუ ატეხა! მეზობლები ხომ შეყარა, ისეთი კივილი მორთო და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში რომ გააქანეს მისი ქმარი, მთლად მოთქმით დაიტირა, თითქოს უკვე გარდაცვლილი იყო საწყალი ხუტა და "ზალაში" ესვენა.
ნუკი შეეცადა, სხვა რამეზე გადაერთო ქალბატონი მანანა და მოკრძალებით ჰკითხა, როგორ გაიცანით თქვენ და თქვენმა მეუღლემ ერთმანეთიო. მანანამ ერთი ღრმად ამოიოხრა, ცოტა ხნით ჩაფიქრდა და მერე სევდიანად დაიწყო თავისი ახალგაზრდობის ამბების მოყოლა...
ორივე ქალი (ხანდაზმული და ახალგაზრდა) გვიან ღამემდე კარგი დაქალებივით უშლიდნენ გულს ერთმანეთს...
***
ნუკი ადვილად შეეწყო მანანას. თითქოს მთელი ცხოვრება ერთად გაეტარებინოთ, ისე შეეწყვნენ ერთმანეთს. ქალი საქმის გაკეთებას არ ანებებდა გოგონას, როგორც კი ნუკი რამეს ხელს შეავლებდა, ეგრევე გამოსტაცებდა ხელიდან, შენ დაისვენე, მე აქ რისთვის ვარ, შენ რატომ უნდა შეგაწუხოო. საბოლოოდ ისე გამოდიოდა, რომ ნუკი მთელი დღე უსაქმურობაში ატარებდა დროს. სამაგიეროდ, კომპიუტერი ჰქონდა ჩართული. შემძვრალი იყო სოცქსელში და გიას გამოჩენას ელოდებოდა... ამაოდ. მამაკაცი არც ერთხელ არ ანთებულა საიტზე. ბოღმა და ბრაზი ახრჩობდა. უნდოდა დაერეკა, მაგრამ რამდენჯერაც ხელი წაუცდა დასარეკად, იმდენჯერ გადაიფიქრა. ვერ დაძლია სიამაყე. იქნებ მართლა უჭირს რამე? ხომ არ მოიკითხოს? იქნებ დაუმესიჯოს მაინც? შეტყობინების გაგზავნით რა დაშავდება? ალბათ არც არაფერი. მაინც იკავებდა თავს...
იმ დღეს კი, ბარბარობას, საბაბიც მიეცა, ბოლოს და ბოლოს, საეკლესიო დღესასწაული იყო. ჰოდა, ამით ისარგებლა. ისეთი, ზოგადი ტექსტი დაწერა, ყველას რომ "მოერგებოდა" და გაუგზავნა... პასუხი არ მიუღია. არადა, წერილი ადრესატამდე ახლაც დროულად მივიდა. რადგან ტელეფონი ჩართული აქვს, ესე იგი, ცოცხალია. თუ ცოცხალია, ესე იგი, წაიკითხავდა და თუკი წაიკითხავდა, თუ რამედ უღირს ნუკი, პასუხიც უნდა მოეწერა. რადგან არ მოსწერა, ესე იგი, არ უღირს... აი, აქ არის ძაღლის თავი დამარხული... გული შეეკუმშა. ინანა, რატომ ავჩქარდი და გავუგზავნეო... ისე ანერვიულდა, გაბრაზებულმა კომპიუტერი გამორთო და მას შემდეგ აღარ ჩაურთავს. სამაგიეროდ, სხვა რამეზე გადაერთო. წამოიღო სამკერვალოდან შეკვეთები და მათ გამოჭრა-დაბლანდვას შეუდგა, რათა წინ წაეწია საქმე, სანამ ზურა ჩამოვიდოდა...
ზურას მდივანი ყოველ საღამოს ურეკავდა და "ანგარიშს აბარებდა". ნუკიც "კეთილად და პატიოსნად" იწერდა ირმას ნალაპარაკევს და მერე ზურას უკითხავდა თავის ჩანაწერებს...
ასე გაგრძელდა ათი დღე. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, დარჩენილი დღეები პაციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ამყოფეს და როცა საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო, მამა-შვილი თბილისში ჩამოფრინდა...
***
მანანა წავიდა, ნუკი კვლავ მარტო დარჩა. ზურა ორი დღე არ გამოჩენილა. ამით ისარგებლა გოგონამ და სამკერვალოში დაბრუნდა, იფიქრა, მეტად აღარ ვჭირდები ზურასო... შეცდა. ორი დღის შემდეგ მამაკაცმა დაურეკა და სთხოვა, საღამოს ჩემთან გამოდი, აუცილებელი საქმე მაქვსო. ნუკის უცნაურად შეუფრთხიალდა გული. ვერ მიხვდა, გაუხარდა, თუ შეეშინდა. ისე დააბნია მოსალოდნელმა შეხვედრამ, მთელი დღე გული ვერ დაუდო სამუშაოს. ის კი არა, ქვედატანს რომ ბლანდავდა, ნემსიც კი შეერჭო რამდენჯერმე თითში.
საღამოს გამოიპრანჭა, ერთხანს იტრიალა სარკის წინ და გულის ფანცქალით გაეშურა მისი ბინისკენ.
ზურა უცნაურად გამოიყურებოდა, თითქოს უციმციმებდა თვალები. ნუკი შეეცადა, არ შეემჩნია მისთვის აქამდე უცნობი მზერა, ამიტომ ჩვეულებრივად მიესალმა გვერდი აუარა და ოთახში შევიდა.
- არ მაკოცებ? - გზაში დაეწია ნაცნობი ხმა.
- როგორ არის მამა? - ისე იკითხა "მამაო", თითქოს თავის მამას გულისხმობდა.
- მგონი, საშიშროება არ გვემუქრება.
- დიდი ჭრილობა აქვს? - ნუკი სავარძელში ჩაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- არა, რა ჭრილობა, ერთი ნახვრეტი აქვს მხოლოდ. ეგ ოპერაცია სხვანაირად კეთდება, გაჭრა არ ხდება.
- ააა! ეგ არ ვიცოდი, - წამოწითლდა ნუკი, შერცხვა თავისი უცოდინარობის.
ზურა ტახტზე მოკალათდა და ხელები საზურგეზე გარდიგარდმო გადააწყო, თან ღრმად ამოიხვნეშა.
- კარგად ხარ? რატომ ოხრავ? - თვალი თვალში გამომცდელად გაუყარა გოგონამ.
მამაკაცმა დანისლული მზერა ესროლა. მისი ხმა ძალიან ნაზი და ბავშვური იყო, რაც სრულიად არ ესადაგებოდა მისი ტემპერამენტის ქალს, თვალებიდან ვნებას რომ ასხივებდა, განსაკუთრებით იქ, ქობულეთში, ზღვის სანაპიროზე. თვალწინ დაუდგა მისი ლამაზი ტერფები და კბილი კბილს დააჭირა, იმხელა სიამოვნება მოჰგვარა ამ გახსენებამ.
- ისეთი არაფერი. ჯობია, დაწვე და დაიძინო!
- რა? - ისეთი ტონით იკითხა გოგონამ, თითქოს მოესმაო, - დასაძინებლად დამიბარე აქ? - გამკაცრდა ხმა.
- რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე.
- რისი თქმა გინდოდა? - ნუკი კვლავ დაიძაბა.
- მადლობის... დედა ძალიან კმაყოფილია.
- მე ისეთი არაფერი გამიკეთებია. უბრალოდ, ერთად ვიცხოვრეთ რამდენიმე დღე და მორჩა.
- ვიცი, მაგრამ ჩემთვის სწორედ ეს იყო მნიშვნელოვანი. არ მინდოდა მისი მარტო დატოვება. თან მეც მეხმარებოდი ჩემს საქმეებში.
- ეგ რა დახმარება იყო, ზურა, რაღაც სისულელეებს რომ ვჯღაბნიდი და მერე შენ გიკითხავდი? - სიცილი აუტყდა ნუკის.
მამაკაცს სწორედ მისი ეს სიცილი აგიჟებდა, ადამბლავებდა... ყრუდ დაიკვნესა მოულოდნელად და თავზე წაივლო ორივე ხელი.
- აუ, შენ რაღაც გჭირს... არ გინდა, მითხრა? თავი გტკივა? მითხარი!
- არა, რა თავი... ეს სხვა ტკივილია... - ყრუდ უპასუხა მან, - რომელზეც შენ წარმოდგენა არ გაქვს! - დაასრულა, თავი ასწია და დაჟინებით მიაშტერდა.
- იქნებ შემიძლია, რამით დაგეხმარო?
არა, ამის ატანა შეუძლებელი იყო! ზურას "ცოდვიანმა" აზრებმა დარია ხელი. ახლა მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა, ჩახუტებოდა თავის საოცარ მირანდას და მოფერებოდა. სწორედ ამიტომ დალია ამ საღამოს ამდენი ღვინო.
- მთვრალი ვარ...
- მთვრალი? იმიტომაც გამოიყურები ასე, არა?
- როგორ ასე?
- რაღაც სხვანაირი ხარ... ვერ ავხსნი...
- პირველად მნახე მთვრალი?
- მთვრალი კი... ნასვამი ბევრჯერ ყოფილხარ, მაგრამ მთვრალი არასდროს.
- ცუდად ვარ... - ძალიან ხმადაბლა წარმოთქვა
- რა გავაკეთო? რით დაგეხმარო? შემიძლია რამე? მითხარი.
- მგონი, შეგიძლია, - უეცრად ხმა გაებზარა ზურას, - მოდი, აქ გადმოჯექი!
- სად, აქ? - ნუკი თრთოლვამ აიტანა.
- აი, აქ! - უპასუხა მამაკაცმა და ხელისგული მის გვერდით, ცარიელ ადგილს მოუთათუნა.
გოგონამ ჩიხში მომწყვდეული თვალებით გახედა, მაგრამ მაინც ადგა.
- მოდი და განახვებ, სად მტკივა... ხელი დამადე მტკივან ადგილას, იქნებ მეშველოს...
"არ მჯერა, რომ ეს მე ვთქვი!" - გაიფიქრა გულში მამაკაცმა, - "ნუთუ სასმელმა გამათამამა? თუ მისი დაკარგვის შიშმა?"
ნუკი მიუახლოვდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ საშიშროების ნიშნების პირველივე გამოვლინებაზე მზად იყო, უკან დაეხია.
- აბა, სად გტკივა? - ფრთხილად ჰკითხა და კიდევ ორი ნაბიჯით მიუახლოვდა.
ნუთუ ეს მან უთხრა? და ვის, ნუკის? დაუჯერებელია! როგორ მოახერხა? - გოგონას გული ხმაურით უცემდა. ან ძალიან გალეშილია, ან ძალიან დიდი ნაძირალაა და აქამდე არ ავლენდა! არა, არა... არც ერთია მართალი და არც მეორე! აი, როგორ გაუღიმა... თბილად, საყვარლად... ნაძირალა ნამდვილად არ არის. მთვრალი? შეიძლება მთვრალია, მაგრამ გალეშილი არ არის...
და აი, სწორედ ამ მომენტში დაუშვა შეცდომა... გვერდით დაუჯდა მამაკაცს და მხარზე შეეხო... მერე თავი ასწია და თვალებში შეაჩერდა, რომ გაეგო, რა აწუხებდა "პაციენტს".
- სანამ შანსი გქონდა, უნდა გაქცეულიყავი, - დახშული ხმით ამოთქვა ზურამ, მერე უეცრად მკლავი მოხვია და მის ტუჩებს დაეწაფა...
"ყოველ შემთხვევაში," - უთხრა მოგვიანებით ზურამ თავის თავს, - "იმდენი გონი მაინც მეყო, რომ საწოლისკენ არ გავაქანე". ის, რაც მოხდა, მოხდა შემთხვევით, დაუგეგმავად. კარგად ხანს არჩევდა საჭირო სიტყვას გუნებაში მამაკაცი. რა მოხდა მერე, აკოცა და მოეფერა, მეტი ხომ არაფერი? ამით დიდად არ დაუშავებია.
ადრეც უკოცნია მისთვის. ეს არ იყო პირველი. უბრალოდ, ახლა უფრო თამამად მოქმედებდა, უფრო მომთხოვნად. აქამდე თითქოს "უცოდველად" გამოსდიოდა, უმწიკვლოდ. ადრე ისეთი კოცნები იყო, რომელსაც ზიანის მოტანა არ შეეძლო ნუკისთვის და არ დამუქრებია სხვა, უფრო უმართავ პროცესში გადასვლა, რადგან მკაცრად აკონტროლებდა თავის თავს და გრძნობებსაც.
ახლა კი... ახლა გადამთვრალი იყო... აქედან გამომდინარე - უფრო საშიშიც. იმდენი ჰქონდა ღვინო დალეული, სრულიად საკმარისი იყო, საღად აზროვნების უნარი დაეკარგა. ახლა შეიძლებოდა დიდი შეცდომა დაეშვა და... დაუშვა კიდეც!..
მისი სუნთქვა გოგონას ხმამაღალ სუნთქვას ერწყმოდა. თავდაპირველად თითქოს ნუკიც აჰყვა ცდუნებას, რამდენიმე კოცნაზე კოცნით უპასუხა, მაგრამ შემდეგ, როცა მამაკაცმა მისი მკერდი ჩაბღუჯა, ხელი ჰკრა და წამოხტა.
- გაწყენინე? - სევდით სავსე თვალები მიაპყრო ზურამ.
- არა... არც ისე... არ ვიცი, - ალუღლუღდა აცახცახებული გოგონა.
- მაპატიე... სასმლის ბრალია ყველაფერი...
- ვიცი.
- ყალბი თავის მართლებაა, ამაზე უარესის მოფიქრება შეუძლებელია...
- ვიცი.
- იმისთვის არ მითხოვია მოსვლა, რომ ეს გამეკეთებინა, გეფიცები...
- ვიცი.
- მერე?
- არ გინდა, ნუ იმართლებ თავს... არ გამოგდის, ხომ ხედავ? - შემცბარმა გაღიმება სცადა.
- შენ ყველაფერი იცი მოკლედ... ყველაფერი იცი და მაინც...
- რა მაინც?
- მაინც არ მაძლევ საშუალებას, ბოლომდე გავიხსნა.
- მაბრალებ... მე შენთვის არაფერი დამიშლია, - თავი გააქნია ნუკიმ და ფეხი მოინაცვლა.
- დაჯექი, ხელს არ გახლებ, პირობას ვიძლევი.
- არ მინდა, ფეხზე დგომა მირჩევნია, - არ ენდო მის პირობას.
- გეშინია?
- არ მეშინია. რაც უნდა მოხდეს, ამით არაფერს დავკარგავ. ქალიშვილი დიდი ხანია, არ ვარ.
- ვიცი.
- იცი? საიდან? - ნუკის თვალები გაუფართოვდა.
- რა მნიშვნელობა აქვს? ასეთი რამეები არ იმალება.
- მერე?
- რა მერე?
- ეს შენთვის რამეს ნიშნავს? - ეს სწორედ ის შეკითხვა იყო, რომელიც ამას წინათ გიას დაუსვა.
- აბსოლუტურად არაფერს. შენს წარსულთან მე რა ხელი მაქვს... ჩემთვის შენ ხარ მთავარი, სხვა არ მაინტერესებს.
ნუკიმ პასუხი არ გასცა. სასიამოვნო მოთენთილობამ შეიპყრო. არ ეგონა, ზურას თუ ასეთი შეხედულება ექნებოდა "არაქალიშვილებზე".
- რატომ მითხარი, სანამ გქონდა შანსი, უნდა გაქცეულიყავიო?
- მე გითხარი? - წარბები აზიდა მამაკაცმა, - მართლა მე ვთქვი ეს სისულელე?
- ჰო, თანაც სულ რამდენიმე წუთის წინ... - ირონიულად შენიშნა გოგონამ.
- აი, რას ნიშნავს სიმთვრალე... აღარ მახსოვს... - ჩაიცინა, - არა, მახსოვს... მართალი ხარ... გამახსენდა... მართლა ვთქვი.
არ შეეძლო თავისი სიტყვების უკან წაღება. არადა, უკვე ნანობდა თავის საქციელს. ხომ იცოდა, რომ ნუკის არ უყვარდა, რატომ მოიქცა ასე? რას მოელოდა მისგან? რატომ ეგონა, რომ მის ნებას დაჰყვებოდა? არ უნდა დაერეკა! არ უნდა მოეყვანა აქ! არ უნდა დანახვებოდა ამ მდგომარეობაში. თავი გასცა, თან ტყუილად. არაფერი გამოვიდა მაინც. მას ზურა არ სჭირდება.
"შენ რა გჭირდება, ზურა?" - თავის თავს დაუსვა "საჭირბოროტო" შეკითხვა. "არ მკითხო!" - სწრაფადვე გაუპასუხა გონებას.
ნუკი შეირხა. დაიღალა ერთ ადგილას დგომით, მაგრამ დაჯდომას ვერ ბედავდა. ვერც წასვლა გადაეწყვიტა. მამაკაცმა ახედა... რა ლამაზია მისი ნუკი (თუ მირანდა)... თან ნამდვილი, თან გამოგონილი... მიწიერიც და არამიწიერიც ერთდროულად... ფიზიკურად აქ არის, მის წინ დგას, მაგრამ თან არ არის... მასთან არ არის... სხვაგან დაფრინავს სადღაც, მიუწვდომელია მისთვის...
"შენ რა გჭირდება, ზურა?" - კვლავ გაუმეორა თავის თავს გულში კითხვა... რომც უყვარდეს ნუკის, არის კი მზად, ცოლად შეირთოს? უნდა კი ოჯახური უღელი დაიდგას? არ იცის... თითქოს უნდა, თითქოს არც უნდა... იქნებ იმიტომ არ უნდა, რომ დარწმუნებულია, რომც მოითხოვოს, უარს მიიღებს? იქნებ ამიტომ იმშვიდებს თავს? მთლად აირია... თავგზა აუბნია ამ ნახევრად ნამდვილმა და ნახევრად მეტაფიზიკურმა ნუკი-მირანდამ. არა, მხოლოდ ეს არ არის მიზეზი. ის ყველაზე მეტად ამქვეყნად თავისუფლებას აფასებს. ამიტომაც გაუსხლტა მშობლებს და გაემგზავრა შორეულ ამერიკაში. რათა მისთვის ხელი არავის შეეშალა, რათა თავად ემართა თავისი ცხოვრება. ნუკისაც ხომ იგივე სურს? განა ასე არ უთხრა ამას წინათ? მინდა, თავად ვმართო ჩემი ცხოვრებაო? დამოუკიდებელი მინდა ვიყოო? მერედა, ის ვიღაც? დაიჯეროს, რომ იმასაც იგივეს ეუბნება? ჰო, მართლა... "ის" ახლაღა გაახსენდა.
- შენი რომანის ამბავი როგორ მიდის? - მოულონელად დასვა შეკითხვა...
იმდენად მოულოდნელად, რომ ნუკის გააჟრჟოლა. მზერა აარიდა მამაკაცს.
- არანაირი რომანი არ ყოფილა, - ჩაილაპარაკა გოგონამ და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, სავარძლისკენ, აღარ შეეძლო ფეხზე დგომა, მით უმეტეს, ამ საშინელი შეკითხვის შემდეგ.
- ნუთუ?
- არ გჯერა? - ნიშნის მოგებით გახედა გოგონამ, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და სავარძელში ჩაეშვა, - ნუ გჯერა... როგორც გინდა.
- რაღაც მცდელობა ხომ გქონდა-თ! - ბოლო ბგერას მახვილი დაასვა მამაკაცმა.
- თითქოს, - გაურკვეველი პასუხი გასცა ნუკიმ და ფეხზე შემოდებული ფეხი ააქანავა.
- აღარ დაფრინავ, ესე იგი, ღრუბლებში? დაეშვი მიწაზე?
- არც არასდროს დავფრინავდი! - ცივად მოუჭრა, - ამისთვის დამიბარე?
- არა, ამისთვის არა. უბრალოდ, საჩუქარი ჩამოგიტანე და მინდოდა გადმომეცა, - შემრიგებლური ღიმილით დააჯილდოვა.
- საჩუქარი? რა საჩუქარი? რა საჭირო იყო? - დაიბნა გოგონა.
- შენ ძალიან დამეხმარე. მე კი არ მინდოდა, ვალში დავრჩენილიყავი. გარდა ამისა, დედაჩემსაც უნდოდა, შენთვის რამე კარგი ჩამომეტანა.
- დედაშენს? რას ამბობ!
- რასაც ვამბობ. დედას ძალიან მოსწონხარ. რამდენჯერაც ველაპარაკე, იმდენჯერ შენზე ჩამომიგდო საუბარი. რა ჩემია ბრალია, თუკი რძლად მოსწონხარ?
"შენ კი არ მოგწონვარ?" - კინაღამ წამოცდა, თუმცა დროზე დააჭირა ენას კბილი.
- და მეც მომწონხარ... თუმცა, არა მგონია, შენთვის ეს რამეს ნიშნავდეს.
- ტყუილად გგონია, - მისდა უნებურად ხმამაღლა წამოსცდა ნაფიქრი, ამჯერად ვერ დაიმორჩილა ენა.
- როგოოორ?! - წარბები შეჭმუხნა მამაკაცმა და მზერით გაბურღა.
ნუკი მიხვდა, უკან დახევას აზრი არ ჰქონდა.
- როგორ და... ტყუილად გგონია, რომ ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მსიამოვნებს, რომ მოგწონვარ. ყველა ქალს სიამოვნებს, როცა მამაკაცს მოსწონს... - "გამოასწორა" შეცდომით წამოსროლილი ფრაზა.
- სულ ეგ იყო, რაც უნდა გეთქვა? - მწარედ გაეღიმა ზურას.
- ჰო... წავალ ახლა მე, თუკი საჩუქარს მომცემ. რახან ჩამომიტანე, სხვა გზა არ მაქვს, უნდა გამოგართვა, არ მინდა, უმადურობაში ჩამეთვალოს.
- არსადაც არ წახვალ. დარჩი აქ და შენს ოთახში დაიძინე! - მკაცრად გაისმა მისი ხმა.
- მაინცდამაინც კარგი აზრი არ მგონია ეგ! - ჯიუტად გადააქნია თავი ნუკიმ და ფეხები ერთად შეატყუპა, თითქოს საშიშროების მოახლოება იგრძნო და გასაქცევი პოზიცია უნდა დაიკავოსო.
- მე კი პირიქით მგონია. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომც მთხოვო, მაინც ვერაფერს შევძლებ. ჰა-ჰა, ერთი-ორჯერ გაკოცო მხოლოდ და მორჩა! თუმცა, არც მაგას ვაპირებ. წადი, დაწექი, მეც დავწვები და დავიძინებ. საჩუქარს კი ხვალ მოგცემ, დილით.
ნუკის სახე მოეღუშა. ვერ გადაეწყვიტა, წასვლა აეჩემებინა, თუ დარჩენილიყო.
- დარჩი-მეთქი, ვთქვი მე! - ახლა უკვე ძალიან მკაცრად წარმოთქვა მამაკაცმა, რადგან მიხვდა, ნუკი რომ ყოყმანობდა.
- კარგი, დავრჩები... ჩემგან კიდევ გინდა რამე?
- ბარემ კი მინდა, მაგრამ... - ეშმაკურად ჩაიცინა ზურამ, მის სითამამეს საზღვარი აღარ ჰქონდა, - ამაღამ მხოლოდ "ბორჯომს" დავჯერდები. თუ არ შეწუხდები, გამომიტანე, სამზარეულოს მაგიდაზე დევს გაუხსნელი ბოთლი.
- ახლავე, - ნუკი მკვირცხლად წამოხტა, გახარებული, რომ ოთახიდან გასვლამ მოუწია და სამზარეულოში შევარდა.
როცა ბოთლით ხელში უკან შემობრუნდა, ზურა ვიღაცას ტელეფონზე ელაპარაკებოდა და თითით ანიშნა, ახლოს მოდიო.
- თამარაა, შენთან ლაპარაკი უნდა, - თქვა და მობილური გოგონას მიაწოდა.
ნუკი დაიბნა. საიდან გაახსენდა თამარას? რა უნდა? რა იცოდა, ზურასთან რომ იყო? ათასმა კითხვამ გაუელვა თავში.
დაბნეულმა გამოართვა მამაკაცს ტელეფონი და ყურთან ფრთხილად მიიდო.
- ალო!
- ნუკი. შვილო, როგორ ხარ? ძლივს მოგაგენი, მოკლედ. რატომ გაქვს ტელეფონი გამორთული? კიდევ კარგი, ზურასთან დავრეკე. ვიფიქრე, მაგას ეცოდინება, როგორ გიპოვო-მეთქი. ძალიან ცუდად გამოვიდა მაშინ ყველაფერი. მე რომ ვყოფილიყავი სახლში, ის ამბავი არ მოხდებოდა, ჩემო გოგო. ეკამ რა იცოდა, იმ მეტიჩარას აღებული თუ იყო...
ნუკი აღარ უსმენდა ბიცოლას. ზურას მისჩერებოდა ირონიული ღიმილით, თითქოს ეუბნებოდა, ამასთან ლაპარაკის თავი არ მაქვსო. მოულოდნელად მამაკაცი ზეზე წამოიჭრა, მობილური ხელიდან გამოსტაცა და გათიშა.
- ვითომ დაჯდა ბატარეა... არ მიყვარს ასეთი სიყალბე... ეკამ ყველაფერი იცოდა, ზუსტად ვიცი! - კბილებში გამოცრა გაბრაზებულმა.
- რატომ დარეკა? - გაოგნებულმა ნუკიმ მხრები აიჩეჩა.
- იმიტომ, რომ ბიძაშენი აპირებს ხვალ ჩამოსვლას და ამიტომ სჭირდება, შენ თავის მოქონვა, რომ ეკაზე გაგულისებულმა არ ილაპარაკო. იცის ხუტას ამბავი, თავზე დაამხობს მაგათ ყველაფერს.
- არც ვაპირებდი არაფრის თქმას. უკვე აღარ მადარდებს ეგ ამბავი. პირიქით, მადლობელიც კი ვარ ეკასი, იმ ტყვეობიდან რომ გამათავისუფლა... და კიდევ შენი.
- ჩემიც? რა კარგია! - მხიარულად შესძახა ზურამ, - მაშინ, სანამ ჩემი ლოგინისკენ ავიღებ გეზს, ერთი სამადლობელი კოცნა მაჩუქე... ხომ უნდა დავიჯერო, რომ გულწრფელი ხარ?
ნუკიმ ღიმილი ვერ შეიკავა. ისე საწყალობლად მისჩერებოდა მამაკაცი, აუცილებლობადაც კი ჩათვალა, ერთი ლამაზი კოცნით დაეჯილდოებინა.
თვალები ეშმაკურად მოწკურა, ბორჯომის ბოთლი მკერდზე მიიხუტა და თავაღერებული გაემართა ტახტზე გვერდულად მიწოლილი მამაკაცისკენ...
გაგრძელება