ები ჰენსელი და ბრიტანი ჰენსელი დღეს, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სიამის ტყუპია. მათკენ ბავშვობიდანვე იყო მიმართული საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება. თუმცა წლების შემდეგ მათი ცხოვრება სულ უფრო მეტად დაემსგავსა ჩვეულებრივი ქალების ყოველდღიურობას — ისინი მართავენ ავტომობილს, მუშაობენ, აშენებენ პირად ცხოვრებას და როგორც ყვითელი პრესა წერს, შვილსაც კი ზრდიან.
როგორც ცნობილია, 2021 წელს ები ჰენსელი საიდუმლოდ დაქორწინდა აშშ-ის არმიის ვეტერან ჯოშ ბოულინგზე. წყვილმა ქორწილი მალულად გადაიხადა, რადგან ზედმეტი ყურადღება თავიდან აეცილებინათ. მხოლოდ სამი წლის შემდეგ, 2024-ში, გადაწყვიტეს ეს ამბავი საჯაროდ გაეხადათ და სოციალური ქსელებში ქორწილის ფოტოები გააზიარეს. მოგვიანებით გავრცელდა ების განცხადებაც, რომ დედობას გეგმავდა.
2025-ის სექტემბერში კი უამრავმა გამოცემამ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც დები ჩვილ ბავშვთან ერთად იყვნენ აღბეჭდილნი. ამის შესახებ ტყუპმა განმარტების გაკეთება არ ისურვა. ბავშვის შესახებ ინფორმაციას ოჯახი არც ადასტურებს და არც უარყოფს.

ები და ბრიტანი 1990 წლის 7 მარტს, მინესოტაში დაიბადნენ. ორსულობის პერიოდში არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ გოგონები იშვიათი ფორმის — დიცეფალიური პარაპაგუსის — სიამის ტყუპებად მოვიდოდნენ სამყაროში. სამედიცინო სტატისტიკა უმოწყალო იყო: მსგავსი შემთხვევის წარმატებით დასრულების შანსი დაახლოებით 30 მილიონში ერთს შეადგენს. ექიმებმა მშობლები გააფრთხილეს, რომ პირველი 24 საათი გადამწყვეტი იქნებოდა, თუმცა გოგონებმა არა მხოლოდ გადარჩენა შეძლეს, არამედ სწრაფი განვითარებაც დაიწყეს და გარშემომყოფები არაერთხელ გააოცეს.

მათი მშობლები — პეტი და მაიკ ჰენსელები — რთულ, მაგრამ გონივრულ გადაწყვეტილებას იღებენ: ისინი არ მალავენ შვილებს საზოგადოებისგან და არ თანხმდებიან გაყოფის ოპერაციას, რომელიც დიდი ალბათობით ერთ-ერთი ან ორივე გოგონას სიცოცხლეს შეიწირავდა. ამის ნაცვლად, ისინი ებისა და ბრიტანის აღზრდას ორი დამოუკიდებელი პიროვნების პრინციპით იწყებენ და აძლევენ შესაძლებლობას, მაქსიმალურად ჩვეულებრივი ცხოვრება ჰქონდეთ.
ჰენსელი დების ანატომია უნიკალური და რთულია. თითოეულს აქვს საკუთარი თავი, კისერი, ხერხემალი, გული, კუჭი, ფილტვების წყვილი და ზურგის ტვინი. მათი სხეული ერთ მთლიან ორგანიზმად არის შეერთებული მკერდის დონიდან ქვემოთ. მათ აქვთ საერთო ღვიძლი, სისხლის მიმოქცევის სისტემა, ნაწლავები, შარდის ბუშტი და ერთი რეპროდუქციული სისტემა.
ამასთან, თითოეული და აკონტროლებს სხეულის მხოლოდ საკუთარ ნახევარს: ები — მარჯვენა ხელსა და ფეხს, ბრიტანი — მარცხენას. ისინი ერთმანეთის შეხებას ვერ გრძნობენ, თუმცა ძლიერი ნებისყოფისა და მრავალწლიანი ვარჯიშის შედეგად იდეალურად ასინქრონებენ მოძრაობებს. დები არა მხოლოდ დადიან, არამედ დარბიან, ცურავენ, ფორტეპიანოზე უკრავენ და ავტომობილსაც მართავენ.

განსხვავებები მათ შორის მხოლოდ ანატომიით არ შემოიფარგლება. ები ბრიტანიზე დაახლოებით 10 სანტიმეტრით მაღალია, მათ განსხვავებული გემოვნებაც აქვთ და სხეულის ტემპერატურაც კი სხვადასხვაა. ხასიათით ები უფრო პირდაპირი და მტკიცეა, ბრიტანი კი — მშვიდი და ჩაფიქრებული. ბავშვობიდანვე მათ ჩამოაყალიბეს მთავარი წესი: ყველა უთანხმოება უნდა გადაწყდეს დიალოგით, კომპრომისითა და ერთმანეთის სურვილების პატივისცემით.
ეს წესი მათ სკოლაში არსებული სირთულეების გადალახვაში დაეხმარა და უნივერსიტეტიც წარმატებით დაამთავრებინა. პედაგოგის დიპლომების მიღების შემდეგ, 2013 წლიდან ები და ბრიტანი დაწყებითი კლასების მასწავლებლებად მუშაობენ მინესოტის ქალაქ ნიუ-ბრაიტონში. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულს აქვს ცალკე დიპლომი და ლიცენზია, ისინი ერთ ხელფასს იღებენ, რადგან ფაქტობრივად ერთი მასწავლებლის სამუშაოს ასრულებენ. გაკვეთილებზე მოვალეობებს უნაწილებენ: სანამ ერთი მასალას ხსნის, მეორე მოსწავლეებს ეხმარება.
დების პირადი ცხოვრება დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა. 2024 წელს გახდა ცნობილი, რომ ები სამი წლის წინ ფარულად დაქორწინდა. მისი მეუღლეა ჯოშ ბოულინგი - მედძმა და აშშ-ის არმიის ვეტერანი, რომელსაც ები საავადმყოფოში შეხვდა. ქორწილი თბილ და ოჯახურ გარემოში გაიმართა. ბუნებრივია, ამ ქორწინებამ მრავალი კითხვა გააჩინა, თუმცა მონაწილეებმა დეტალების გამხელა არ ისურვეს და პირადი ცხოვრების დაცვა არჩიეს.

2025 წელს კი მოხდა ის, რაც მსოფლიო მედიის ყურადღება კვლავ ჰენსელებისკენ მიმართა. აგვისტოში პაპარაცებმა ები და ბრიტანი ახალშობილთან ერთად შენიშნეს - საბავშვო სავარძელში მოთავსებული ბავშვი მათ მანქანაში ჩასვეს. ფოტოები სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში. ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში ბრიტანიმ თქვა: „ჩვენ დედები ვიქნებით“. როგორც ჩანს, ეს ოცნება რეალობად იქცა.
დღეს ები, ბრიტანი და ჯოშ ბოულინგი მინესოტის ქალაქ სენტ-პოლში ცხოვრობენ, დიდ სახლში, ხუთი საძინებლითა და ოთხი სააბაზანოთი. დები აქტიურ ცხოვრებას აგრძელებენ. ჯერ-ჯერობით არ იჩენენ თავად სურვილს, რომ შვილის გაჩენის შესახებ გულშემატკივრებს უფრო მკაფიო პასუხი გასცენ.