ჰუმანური პედაგოგიკის დამფუძნებელი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი სალომე კასრაძის პოდკასტში საუბრობს, როგორ უნდა ჩამოაყალიბოს მამამ შვილთან თბილი და მეგობრული ურთიერთობა:
- ბავშვს გამგები მამა სჭირდება. შვილი შინაგან ცხოვრებას მამას უმალავს. მამაც არ უხსნის თავის შინაგან ცხოვრებას. ორივე დაკეტილია. ამიტომ, მამა მარტო ჭკუას არიგებს. ეუბნება: "არ წახვიდე", "არ მოხვიდე", "გააკეთე", "ასე ნუ იქცევი"... ესეც გადაირია იმიტომ, რომ ზრდა და თავისუფლება უნდა. მაგრამ, აბა მამა გაიხსნას, წაიყვანოს შვილი თავის სამუშაოზე, წავიდეს მასთან ერთად მივლინებაში, უამბოს, როგორ შეუყვარდა ქალი, ახლაც როგორ უყვარს ის, უამბოს, რა სიძნელეები აქვს სამსახურში, როგორი უფროსი ჰყავს ან თვითონ როგორ უფროსობს, გაუხსნას გული. ამ დროს დავინახავთ, რომ ბავშვიც ნელ-ნელა იხსნება და მამას უახლოვდება. სულის ერთობა ხდება. ასეთ ერთობაში მამის ნახევარი სიტყვა კანონი იქნება ბავშვისთვის.
შალვა ამონაშვილი ამავე პოდკასტში საუბრობს, რა ხდება, ძირითადად, ოჯახების დანგრევის მიზეზი:
- საქართველოში ოჯახების ნახევარი ირღვევა. დარღვევამდე რა ხდებოდა? ჩხუბი და ყაყანი ოჯახში... ამრიგად, მივმართავ დედებსაც და მამებსაც - გინდათ, რომ საუკეთესო შვილები გყავდეთ? თავად გახდით საუკეთესო დედები და მამები, საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო მეზობელი, თქვენს მშობლებს ეცით პატივი, რომ ბავშვმა დაინახოს ეს. მეზობელს, გამვლელს ეცით პატივი, რომ ბავშვმა დაგინახოთ. ზრუნვა გამოიჩინეთ ქვეყანაზე, რომ ბავშვმა გკითხოთ, მამა არავინ გიყურებდა და რატომ აკეთებდი ამასო. თუ ასეთ საქციელებს ჩავიდენთ და ეს საქციელი ბევრი იქნება, ბავშვი თვალსა და ხელს შუა გაგვეზრდება საუკეთესო.
მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ ხდებიან ბავშვები აგრესიულები და რატომ იზრდება კრიმინალი ბავშვების ხარჯზე:
- ბავშვი, რომელიც მანამდე იყოს საყვარელი, ბუნჩულა, კეთილი - რა ხდება ამ მოზარდობისას? რაღაცა მოხდა ჩვენი უყურადღებობით, ბავშვს ბიძგი მიეცა, სადღაც ერთ ადგილას გაირღვა რაღაც და იქ მერე ბევრი სხვა ცუდიც გამოჩნდა. მაგრამ აი, ერთი მთავარი კანონი რაშია: როცა ბავშვს დიდობა უნდა და ეს იწყება უკვე ექვსი წლის ასაკიდან, მას ვიღაცა დიდი უნდა. იმიტომ, რომ თუ დიდი მეგობარი არა ჰყავს, დიდი ვერ გახდება - კანონია ეს, ტოლებში დიდი ვერ გახდება. მეხუთეკლასელს უნდა, მეცხრეკლასელი მეგობარი ჰყავდეს... ამ დროს მშობელს შეუძლია იყოს ეს მეგობარი. მაგრამ მამას არ უნდა, დიდი მეგობარი გახდეს შვილისთვის, არ სცალია. დედამ არც იცი იცის ეს კანონი და არც ის, რომ დედა დობილიც უნდა იყოს თავისი შვილისა, პირველი დობილი. მაგრამ ვინ დედა დობილობს შვილთან. არც მამა ემეგობრება თავის შვილს და მეგობარი კი არ არის, არის რაღაცა მამალივით, უნდა იბუხუნოს, იმუქრებოდეს, უნდა ეშინოდეს ოჯახს... ბევრი მამა ეგეთი არ არის, რა თქმა უნდა, ყველა ასეთი რომ გვყავდეს. დავიღუპებოდით...
ბავშვი ვერ პოულობს დიდს, რომელსაც თავისი სულით უნდა მიეყრდნოს. ბავშვს სჭირდება ჭკვიანი, ბრძენი, პატარა, დიდი მამა. ჭკვიანი ბრძენი, პატარა, რომ ბავშვმა თავისი თავი დაინახოს დიდში, მაშინ მიენდობა იმიტომ, რომ ტოლს ვერ ენდობა. ტოლიც უნდა იყოს და დიდიც უნდა იყოს და ეს ხომ ბუნებრივია მოზარდობის ასაკში, რომ ბავშვი ასე უჯანყდება მშობლებს. მშობელი როცა მბრძანებელია, ბავშვი მორჩილია, რასაკვირველია, აჯანყდება იმიტომ, რომ უკვე ვეღარ უძლებს თავისუფლების აღკვეთას. 12-წლიანი სწავლება გვაქვს ხომ ახლა საქართველოში, 12 წელიწადი ციხეში ზის, ოჯახშიც და სკოლაშიც. პატიმარს უფლება აქვს ადრე გამოვიდეს ციხიდან, დაიმსახუროს და ერთ სამ-ხუთ წელიწადს მიუტევებენ, მაგრამ ბავშვს მისჯილი აქვს 12 წელიწადი სკოლაში. იქაც ყაყანი, ჩხუბი ვითომ კარგი მასწავლებლები ვართ და სინამდვილეში - ადექი, დაჯექი, მომიტანე, წაიღე. შე შტერო და ეგეთი რაღაცებიც მესმის ქართულ სკოლაში. მე არ ვამრავლებ ამას, მაგრამ არც ვშლი იმიტომ, რომ არის ეს და თუ ეს არის, რა მოუვა ბავშვს? წავა და ამ მასწავლებელს კი არ მიეყრდნობა, აი ქუჩაში რომ ვიღაცა დაუდგა და რაღაცა შესთავაზა, იმან მოხიბლა და გაჰყვა იმას. ის კიდევ ცუდ გზაზეა, ფულის გამოძალვა ასწავლა, მოპარვაც ასწავლა, რაღაცა კიდევ სხვა და გაჩნდა ახალი კრიმინალი. საიდან მდიდრდება კრიმინალი საქართველოში? ბავშვების ხარჯზე...