მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ფიზიკოსს, ალბერტ აინშტაინს, პირველი მეუღლისგან, მილევა მარიჩისგან, სამი შვილი ჰყავდა. იგი შვილებზე ზრუნავდა, თავისუფალ დროს მათთან ატარებდა, მეუღლესთან განქორწინების შემდეგ კი, მათ ფინანსურადაც ეხმარებოდა და მათი წარმატებებით ყოველთვის ამაყობდა.
მიუხედავად ამისა, მის ურთიერთობას უფროს ვაჟთანაც კი, რომელიც განსაკუთრებით უყვარდა, იდეალურად არ მოიხსენიებდნენ. უმცროს ვაჟთან ურთიერთობა მან შიზოფრენიის დიაგნოზის დასმის შემდეგ საერთოდ შეწყვიტა, ქალიშვილის არსებობის შესახებ კი საზოგადოებისთვის მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ ოცდაათი წლის შემდეგ გახდა ცნობილი…
მომავალმა მეცნიერმა მილევა მარიჩი 1896 წელს, ციურიხის შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, სტუდენტობისას გაიცნო. ისინი ფიზიკასა და მათემატიკას ერთად სწავლობდნენ. მილევა მათ ჯგუფში ერთადერთი გოგონა იყო, რომელიც გამორჩეული ნიჭითა და მაღალი ინტელექტით აინშტაინის ყურადღებას მალევე მიიპყრობდა. მათი მეგობრობა მალე რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდა და 1903 წელს ისინი დაქორწინდნენ.
ერთი წლით ადრე, ოფიციალურ ქორწინებამდე, მათ ქალიშვილი ლიზერლი შეეძინათ, რომლის ბედიც დღემდე ბურუსითაა მოცული. მეორე შვილი, ჰანს ალბერტი, ქალიშვილის დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ დაიბადა და მოგვიანებით ცნობილი ჰიდრავლიკოს-ინჟინერი გახდა. მესამე შვილი, ედუარდი, 1910 წელს მოევლინა ქვეყანას. იგი არაჩვეულებრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული, თუმცა მისი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. ბიჭი მძიმე ფსიქიკური დაავადებით იტანჯებოდა. ცნობილ მამას ორივე ვაჟთან რთული ურთიერთობა ჰქონდა. მართალია, მეუღლესთან განქორწინების შემდეგ აინშტაინს შვილები არ მიუტოვებია, მათ ხშირად აკითხავდა, მოგზაურობებში თან დაჰყავდა და ურთიერთობის შენარჩუნებასაც ცდილობდა, თუმცა, სხვადასხვა მიზეზთა გამო, კარგი ურთიერთობის შენარჩუნება მაინც ვერ ხერხდებოდა.
მისი ყოფილი ცოლის თქმით, ამის მიზეზი ის იყო, რომ აინშტაინი მეცნიერებას ყოველთვის ოჯახზე წინ აყენებდა. უმცროსი ვაჟის დასნეულების შემდეგ კი, მან შვილთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა…
1986 წლამდე, ვიდრე ალბერტ აინშტაინისა და მისი მომავალი მეუღლის, მილევა მარიჩის პირადი მიმოწერა გასაჯაროვდებოდა, მათი ქალიშვილის არსებობის შესახებ არავინ იცოდა. ქორწინებამდე გაგზავნილ წერილებში გოგონას სახელი "ლიზერლი" ფიგურირებს. სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ლიზერლი ქორწინების გარეშე დაიბადა, მის არსებობას საიდუმლოდ ინახავდნენ და ახლო მეგობრებსაც კი არ უმხელდნენ.
მიმოწერიდან ირკვევა, რომ გოგონა 1902 წლის იანვარში, სავარაუდოდ, მილევას მშობლების სახლში დაიბადა. იმ პერიოდში აინშტაინი ბერნში იმყოფებოდა და შვეიცარიის საპატენტო ბიუროში მუშაობდა. მილევასადმი მიწერილ წერილებში იგი ბავშვის ჯანმრთელობით ინტერესდებოდა. კითხულობდა, თუ როგორ გაატარეს გოგონა რეგისტრაციაში, რადგან მის მომავალზე ძალიან წუხდა.
1903 წლის შემდეგ ლიზერლი მათი მიმოწერიდან უბრალოდ გაქრა. მილევა ბერნში საცხოვრებლად უკვე ბავშვის გარეშე გადავიდა. გოგონას სახელი მათ ცხოვრებაში მეტჯერ აღარ უხსენებიათ. ამ ფაქტმა მრავალი თეორია წარმოშვა. ერთ-ერთი ვერსიით, ბავშვი საიმედო ოჯახს მიაშვილეს, სხვა ვერსიით კი, ლიზერლი ჩვილობაშივე ქუნთრუშათი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევა მშობლებისთვის უდიდესი ტრავმა იქნებოდა, რაც მათ ამ თემაზე დუმილს აიძულებდა.
ალბერტ აინშტაინის უფროსი ვაჟი 1904 წელს, ბერნში დაიბადა. მას ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა და მშობლების მზრუნველობა არასდროს აკლდა. მიუხედავად საპატენტო ბიუროში მუშაობისა, აინშტაინი სამეცნიერო თეორიებზე სახლშიც ბევრს მუშაობდა, ამიტომ შვილისთვის დროის გამონახვას ყოველთვის ახერხებდა. მილევას მოგონებების თანახმად, იგი ბიჭუნასთან ერთად ბევრს თამაშობდა, ასეირნებდა და მას სამყაროს შესახებ ბევრ საინტერესო ამბავს უყვებოდა.
ჰანს ალბერტი განვითარებული, ერუდირებული და ცნობისმოყვარე ბავშვი იყო. მშობლებისგან მან მეცნიერებისადმი მიდრეკილება და მუსიკის სიყვარული მემკვიდრეობით მიიღო. მისთვის ბერლინში გადასვლის შემდეგ მშობლების განქორწინება და დედასთან ერთად შვეიცარიაში დაბრუნება უდიდესი დარტყმა აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მამა მათ ციურიხში ხშირად აკითხავდა, ბიჭს იგი ძალიან ენატრებოდა.
შვეიცარიის ტექნიკურ ინსტიტუტში განათლების მიღების შემდეგ, ჰანს ალბერტმა მუშაობა ინდუსტრიულ სფეროში დაიწყო, თუმცა მალე აკადემიურ წრეებში გადაინაცვლა და ინჟინერ-მკვლევარი გახდა. მან ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მოიპოვა და მოგვიანებით მეორე მეუღლესთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში აღიარება მოიპოვა და საპატიო პროფესორის წოდებაც დაიმსახურა.
ჰანს ალბერტის ურთიერთობა მამასთან ყოველთვის რთული იყო. იგი უკიდურესად აღაშფოთა აინშტაინის მცდელობამ, შვეიცარიის სასამართლოებისთვის დაემალა ის ფული, რომელიც განქორწინების შემდეგ დედამისს ეკუთვნოდა. ჰანს ალბერტს მამისათვის ეს ნაბიჯი, განსაკუთრებით კი საკუთარი ძმის ავადმყოფობის ფონზე, არასოდეს უპატიებია. მას გული აინშტაინის იმ მძაფრმა წინააღმდეგობამაც ატკინა, რომელსაც მეცნიერი ვაჟის ფრიდა კნეხტზე ქორწინების გამო გამოხატავდა. აინშტაინი რძალზე აგდებულად საუბრობდა და იმასაც კი აცხადებდა, რომ მასთან შვილების გაჩენა "დანაშაული" იქნებოდა...
ჰანს ალბერტს 4 შვილი შეეძინა. მათგან ერთმა, ბერნჰარდ ცეზარ აინშტაინმა, მამისა და პაპის გზა აირჩია, ფიზიკოსი გახდა და მოღვაწეობა ღამის ხედვის ხელსაწყოებისთვის სინათლის გამაძლიერებელ მოწყობილობებს დაუკავშირა.
ალბერტ აინშტაინის უმცროსი ვაჟი, ედუარდი, 1910 წელს ციურიხში დაიბადა. იგი სუსტი და ავადმყოფი ბავშვი იყო. ედუარდმა ნიჭიერება და მრავალმხრივი ერუდიცია ადრეულ ასაკშივე გამოავლინა. ნიჭიერი პიანისტი იყო, აღმერთებდა ლიტერატურას, პოეზიასა და ხელოვნებას, აინტერესებდა მეცნიერება და ფსიქოლოგია, ხოლო ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ედუარდმა ციურიხის უნივერსიტეტში ფსიქიატრიის შესწავლა დაიწყო, თუმცა მისი კარიერა, რომელიც, სავარაუდოდ, წარმატებული უნდა ყოფილიყო, სულ დასაწყისშივე შეწყდა. ოცი წლის ასაკში ბიჭს ერთი გოგონა თავდავიწყებით შეუყვარდა. თუმცა, მისი რომანი ხანმოკლე და უიღბლო აღმოჩნდა, რამაც იგი მძიმე დეპრესიამდე და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა.
დედა იძულებული გახდა, შვილი ციურიხის უნივერსიტეტთან არსებულ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოეთავსებინა, სადაც მას 21 წლის ასაკში შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს. მშობლებმა საუკეთესო ექიმები მოიწვიეს, თუმცა მკურნალობის მაშინდელმა მეთოდებმა მის ჯანმრთელობას სარგებელზე მეტი ზიანი მოუტანა. ამან გავლენა მოახდინა მის მეტყველებაზე, კოგნიტურ უნარებზე და ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად გააუარესა. ედუარდზე სიცოცხლის ბოლომდე დედა ზრუნავდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მეურვეობა ოჯახის ძველმა მეგობარმა გადაიბარა.
ცნობილმა მამამ შვილთან ურთიერთობა დიაგნოზის დასმისთანავე შეწყვიტა. მან ვაჟი კლინიკაში მხოლოდ ერთხელ მოინახულა, ამერიკაში ემიგრაციის შემდეგ კი აღარასოდეს შეხვედრია, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე ფინანსურად ეხმარებოდა. ედუარდმა მამაზე 10 წლით მეტხანს იცოცხლა და 55 წლის ასაკში, ფსიქიატრიულ კლინიკაში, სრულიად მარტო გარდაიცვალა.