"თავიდანვე ნუ დავტვირთავთ ორგანიზმს ცხიმიანი პროდუქტებით, დიდი რაოდენობით ხორცითა და რძის ნაწარმით​..." - როგორ დავუბრუნდეთ კვების ჩვეულ რეჟიმს მარხვის შემდეგ - მშობლები

"თავიდანვე ნუ დავტვირთავთ ორგანიზმს ცხიმიანი პროდუქტებით, დიდი რაოდენობით ხორცითა და რძის ნაწარმით​..." - როგორ დავუბრუნდეთ კვების ჩვეულ რეჟიმს მარხვის შემდეგ

2026-04-16 10:03:05+04:00

​მარხვის დასრულება და სადღესასწაულო სუფრა ორგანიზმისთვის ხშირად დიდ დატვირთვასთანაა დაკავშირებული. რაციონის მკვეთრი ცვლილება, ალკოჰოლი და პროდუქტების არასწორი კომბინაცია ხშირად მონელების დარღვევასა და საერთო დისკომფორტს იწვევს.

როგორ ვიკვებოთ მარხვის დასრულების შემდეგ და რა გავითვალისწინოთ რაციონის შედგენისას - თემაზე ნუტრიციოლოგი რუსკა ღვამიჩავა გადაცემაში "ახალი დღე" საუბრობს:

-​ როგორც კი მარხვა სრულდება და აღდგომას აღვნიშნავთ, ჩვენს ორგანიზმს არ აქვს ავტომატური ღილაკი, რომ პირდაპირ გადაერთოს სრულფასოვანი კვების რეჟიმზე. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის, ამიტომ აუცილებლად სჭირდება გარკვეული დრო ადაპტაციისთვის. ​ნამდვილად არ იქნება სწორი, სუფრაზე მისხდომისთანავე ყველაფერი ერთად მივირთვათ, რაც ხშირად დიდ დისკომფორტს იწვევს. ამას ემატება ალკოჰოლიც, რომელიც ქართულ სუფრაზე, განსაკუთრებით დღესასწაულებზე, დიდი რაოდენობით მოიხმარება. ​აღდგომის დღეები წლის სრული დღეების რამდენიმე პროცენტია. ამიტომ, იმაზე უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ ვიკვებებით აღდგომიდან აღდგომამდე, ვიდრე მხოლოდ იმ რამდენიმე დღეზე. ეს არ უნდა გახდეს შფოთვისა და ნერვიულობის მიზეზი.

მნიშვნელოვანია კვება დავიწყოთ ნელ-ნელა. როდესაც სამსახურს ვუბრუნდებით, რაციონში ცვლილებები თანდათანობით უნდა შევიტანოთ: ​თავიდანვე ნუ დავტვირთავთ ორგანიზმს ცხიმიანი პროდუქტებით, დიდი რაოდენობით ხორცითა და რძის ნაწარმით. ​შევეცადოთ, პირველ კვირაში, ერთ კვებაზე, მაგალითად, სადილზე, ეს ყველაფერი ერთდროულად არ გვქონდეს. ​დოზებს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯანსაღი კვების დროს ადამიანს ყველაფრის მირთმევა შეუძლია, უბრალოდ გარკვეულ საკვებს თავისი ადგილი და რაოდენობა სჭირდება. ​

​მარხვის დროს ბევრისთვის კვება არ არის მრავალფეროვანი. თუ აქცენტი მხოლოდ ნახშირწყლებზეა - ლობიანი, პური, ცომეული, მარხვა მსუბუქი აღარ გამოდის. ჩვენს ორგანიზმს ცილები ენატრება, რადგან ცილა კუნთებისთვის მთავარი საშენი მასალაა. მიუხედავად იმისა, რომ ხორცი ორგანიზმისთვის საჭიროა, მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა და მისი ერთჯერადად, დიდი რაოდენობით მიღებისგან თავის შეკავება. ხშირად ამ დროს ადამიანები მომნელებელ ფერმენტებსა და სხვა საშუალებებსაც იყენებენ.

​გაზაფხულზე ყველაზე აქტუალური სიტყვა "დეტოქსია", განსაკუთრებით დღესასწაულების შემდეგ. "დეტოქსი" ჩემთვის უფრო კარგი მარკეტინგული სიტყვაა, ვიდრე რეალობა. ორგანიზმს დეტოქსს ვერაფრით გაუკეთებთ. საუკეთესო გზაა, ხელი შევუწყოთ ღვიძლის მუშაობას, რომელიც დეტოქსიკაციის მთავარი "დირიჟორია". ​აუცილებელია დიდი რაოდენობით წყლის მიღება, თუმცა აქაც გადაჭარბების გარეშე. ​საშუალო ნორმაა 1.5-დან 2 ლიტრამდე, სიცხის მატებასთან ერთად კი რაოდენობაც უნდა გაიზარდოს. ​წყალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ალკოჰოლს იღებდა, რადგან ალკოჰოლი იწვევს დეჰიდრატაციას, რაც კანზე, ენერგიასა და ნაბახუსევზე აისახება. ​

​ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს საჭმლის მონელების გაადვილებას და პერისტალტიკას. ეს გვეხმარება, რომ თავიდან ავიცილოთ ისეთი დისკომფორტი, როგორიცაა ყაბზობა ან შებერილობა. თუნდაც დატვირთული კვების შემდეგ, ათწუთიანი ფეხით გასეირნება ძალიან ეხმარება მონელებასა და შაქრის დონის რეგულაციას. ​ ​

რადგან მარხვა რეალურად ვეგანური, მცენარეული კვებაა, არსებობს გარკვეული რისკ-ჯგუფები: ​მარხვამ შესაძლოა კიდევ უფრო გაამძაფროს რკინადეფიციტური ანემია. ​თუ ადამიანს ამისკენ მიდრეკილება აქვს, აუცილებლად უნდა შემოწმდეს ფერიტინი და B12 ვიტამინი. ​სურვილის მიუხედავად, ჯანმრთელობა არ გვინდა, რომ დავაზარალოთ. ​მარხვის დროს მნიშვნელოვანია რკინით მდიდარი პროდუქტების - პარკოსნების, ლობიოს, ისპანახის მიღება. კვება არ უნდა იყოს მხოლოდ ცომეულზე დაფუძნებული. მცენარეული საკვები, რომლებიც ქართულ სამზარეულოში წარმოდგენილი, მაქსიმალურად მივიღოთ და გადავანაწილოთ.

ძალიან კარგი დეტოქსია, მადასაც აქვეითებს და აჯანსაღებს... ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად ვსვამთ. რამდენიმე დღეც რომ გამოიყენოთ, შვებას იგრძნობთ... - ნატა გაგუა
თუ ბავშვი მხოლოდ ერთი სახეობის ფაფას ჭამს, პრობლემა არ არის - სიმართლე ფაფებზე, თევზის ცხიმზე და სუპერსასარგებლო საკვებზე
საბჭოური კვებითი ჩვევები, რომლებიც დღემდე შემოგვრჩა და ახლაც სწორი გვგონია