2026-2027 სასწავლო წლიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის ფორმის ტარება სავალდებულო იქნება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი, გადაცემაში "იმედის დილა" ამ თემის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, ვინ ისარგებლებს შეღავათებით, დაახლოებით, რა დაჯდება ფორმის შეკერვა და რამდენად მოესწრება ახალი სასწავლო წლისთვის:
- ძალიან ლამაზი ვიზუალი აქვს და ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ვიფიქრეთ. ეს არ იყო სპონტანური გადაწყვეტილება. პროცესს თვეები უძღოდა წინ - საქონელმცოდნეებიდან დაწყებული, დიზაინერებით გაგრძელებული… ვმსჯელობდით, რისგან უნდა შემდგარიყო თვითონ ფორმა, რა მასალა აგვერჩია. გამოვიყენეთ საერთაშორისო გამოცდილება და ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ჩვენი პროფესიული სასწავლებლები. თითოეული ნაჭრის უკან, რომლითაც ახლა ფორმაა წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, უდიდესი კვლევა დგას.
პირველ რიგში, ხარისხი და კომფორტი მნიშვნელოვანია. როგორც გითხარით, გავიზიარეთ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გამოცდილება. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამ ნაჭრის უკან შვიდი თუ რვა სერტიფიკატია მოთხოვნილი, ანტიალერგიულობის ჩათვლით. ფორმა არა მხოლოდ კომფორტული უნდა იყოს, არამედ ყველა დეტალი და ნიუანსი, ანტიალერგიულობით დასრულებული, არის გაზომილი, აწონილი და გათვალისწინებული. ჩვენ ველოდებით, რომ დაინტერესება მაღალი იქნება.
თუ მკითხავთ ფასზე, ჯერჯერობით პასუხი არ მაქვს, რადგან ბაზრის კვლევა არ დასრულებულა, თუმცა ერთი რამის თქმა შემიძლია: დამაზუსტებელი კითხვებით უკვე იმდენი პრეტენდენტი შემოვიდა (რაც ხდება ხოლმე ბაზრის კვლევის გამოცხადებისას), რომ ეს გვაძლევს იმედს - დაინტერესება ძალიან დიდი იქნება, მათ შორის ადგილობრივი წარმოების მხრიდანაც.
ერთი მხარეა კომფორტი და ყველა ის მდგენელი, რომელიც სასკოლო ფორმას უნდა ახლდეს, ხოლო მეორე, რასაკვირველია, იყო ის, რომ ფორმა ყოფილიყო ხელმისაწვდომი, მათ შორის - ფინანსურად. არასწორი ვიქნები, ახლა რომ ვთქვა, რა იქნება მინიმალური ფასი, სანამ კომპანიები ბაზრის კვლევაში მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა ერთი რამ ვიცი - ვიცი, სახელმწიფოს მიდგომა ამ საკითხისადმი და ის არ დაუშვებს, რომ ფასი გაიზარდოს. თუ დასჭირდა, სახელმწიფო აუცილებლად დაასუბსიდირებს. ფორმა აუცილებლად იქნება ხელმისაწვდომი და უფრო იაფიც, ვიდრე აქამდე გვიჯდებოდა ბავშვის სკოლისთვის მომზადება.
- რაც შეეხება კონკრეტულ სეგმენტსა და სუბსიდირებას, როგორც მინისტრმა უკვე ისაუბრა, სოციალურად დაუცველებს, ვისაც 60 000 ქულაზე ნაკლები აქვს, სახელმწიფო სასკოლო ფორმით უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.
- ეს ყველაფერი გააზრებული და გაწერილი გვაქვს. რეგიონებში გაჩნდება კონკრეტული ლოკაციები და შესაძლებლობები. მანამდე მთელი პროცესი გვაქვს გასავლელი: ჯერ გამოცხადდა ბაზრის კვლევა, მონიტორინგი კი ძალიან სერიოზული თემაა...
- ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, პროცესს მივყვებით ისე, როგორც საჭიროა. რეგიონების მიხედვით, გვექნება კონკრეტული ლოკაციები, სადაც ფორმის შეძენას შეძლებენ. ასე რომ, ნუ ღელავთ.
- მოდი ასე გეტყვით: ეს ხომ არ არის ჩვენი სიახლე, ეს არის ის, რაც მსოფლიოს აქვს. ეს არის სკოლასთან მიკუთვნებულობის განცდა, დისციპლინისა და კულტურის ჩამოყალიბება. ვიზუალი ამ პროცესზე ყოველთვის მოქმედებს. ამიტომ, რაც უკვე აპრობირებულია, იმას მივყვებით. უკუკავშირს ვადევნებთ თვალს და მინდა გითხრათ, რომ მიმღებლობა საკმაოდ მაღალია. რა თქმა უნდა, არის გამონაკლისებიც, როდესაც ამბობენ, რომ თავისუფალი სტილის ნაწილში მათ შვილს აღარ ეძლევა შესაძლებლობა, სკოლაში რაც უნდა, ის ჩაიცვას. ალბათ, მიაქციეთ ყურადღება, რომ ჯერ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ვიწყებთ. სწორედ ამაზე გავამახვილეთ ყურადღება. როდესაც ბავშვი ამ კლასებში ფორმის კულტურას იგრძნობს, ამას მეშვიდე კლასშიც გადაჰყვება და დარწმუნებული ვარ, მაღალ კლასებშიც აუცილებლად იქნება. კულტურა, დისციპლინა და იმის განცდა, რომ მე მივდივარ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ქცევასა და დამოკიდებულებაზე აისახება. ამას მოჰყვება მობილურების შენახვის წესიც.
ხარისხიან განათლებაზე საუბრისას, შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ მხოლოდ ფორმითა და მობილურით შემოვიფარგლებით, თუმცა ამას შინაარსობრივი ნაწილიც მოჰყვება. განწყობისა და დამოკიდებულების თვალსაზრისით კი ფორმა მნიშვნელოვანი ატრიბუტია და უმრავლესობა ამას მიესალმება. მშობლების უკუკავშირს თუ დააკვირდებით, უმრავლესობა მხარს უჭერს. გოგოებთან დაკავშირებით არჩევანი მათზეა - იქნება ეს გრძელი ქვედაბოლო, მოკლე თუ შარვალი. ზოგი მოკლეს იყიდის, ზოგი გრძელს, ზოგიც შარვალს...
არჩევანი მშობლისა და ბავშვისაა. ბიჭებისთვის კი არის პიჯაკი და შარვალი.
ჩაცმის გამო სკოლაში შეიძლება იყოს ფარული ან გაცხადებული ბულინგი, რაც საბოლოოდ ოჯახურ ურთიერთობებზეც აისახება და ბავშვის ფსიქიკას აზიანებს. შესაბამისად, ფორმები მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ ვიწყებთ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით. იყო კითხვები - რატომ მხოლოდ მეექვსე კლასამდე? მოსახლეობას ვპირდებით, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ პროცესს ბოლომდე მივყვებით.