თანამედროვე ცხოვრების სწრაფი ტემპი, არარეგულარული სამუშაო გრაფიკი და მუდმივი სტრესი პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, რაც ხშირად კვებისა და ძილის რეჟიმის დარღვევით გამოიხატება. როგორ უმკლავდებიან ამ გამოწვევებს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი მოზარდები, რა როლს ასრულებს ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ემოციური კვების დროს და რა პრაქტიკული მეთოდებით არის შესაძლებელი წონის კონტროლი რთული გრაფიკის პირობებში - თემებზე გადაცემაში "იმუნიტეტი" ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა და ფსიქოლოგი ნანიკო შონია საუბრობენ:
ნანიკო შონია: - რა თქმა უნდა, არეული ცხოვრების სტილი ჩვენს ძილზე აისახება. თუმცა, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანთან ფსიქოლოგიური მუშაობისას? ეს არის მხარდაჭერა და ემპათიის განცდა. ხშირად ხდება, რომ გვიან ღამით გვირეკავენ ან გვწერენ და ჩვენ, როდესაც ხელმისაწვდომები ვართ, ყოველთვის ვუწევთ თუნდაც სატელეფონო კონსულტაციას. მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, რასაც ჩვენც ვგრძნობთ.
ნატა გაგუა: - უკუკავშირის გარდა, ვითხოვ, რომ სატელეფონო საუბრები იყოს ყოველდღიური. ვაწარმოებთ ე.წ. კვების დღიურს, სადაც გზადაგზა განვიხილავთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებს - მაგალითად, ფრენის დროს ან რაიმე შეფერხებისას. ჩვენ წინასწარ ვგეგმავთ სხვადასხვა ვარიანტს. თუ ადამიანი ვერ ახერხებს თანმიმდევრულ კვებას და, ვთქვათ, ღამის სამ საათზე აღმოჩნდა სადღაც ქალაქში, როცა მისთვის უკვე სადილობის დროა, ის მაინც მიირთმევს, ოღონდ უკვე იცის და დაკვალიანებულია სწორ თანაფარდობაზე - ცილა მწვანე ფერის ბოსტნეულთან ან იმ სუფრიდან ყველაზე სასარგებლო პროდუქტის შერჩევა. ასე წინასწარ გვაქვს სცენარით გათამაშებული სიტუაციები. თუ ადამიანი ამ ცოდნას გამოიყენებს, ის მოგზაურობის დროს წონაში არასოდეს მოიმატებს. ჩემი პაციენტების 40 პროცენტი მუდმივად გზაშია. მათ ისეთი პროფესიები აქვთ, რომ ზოგჯერ მუშაობას ღამის თორმეტ საათზე ასრულებენ. ასეთ ადამიანს ვერასოდეს ვეტყვი, რომ ექვსის მერე აღარ ივახშმოს ან დილის რვაზე გაიღვიძოს. ცხოვრება ისეთია, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა.
ნანიკო შონია: - რა თქმა უნდა, ემოციური კვება ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი საკითხია. როდესაც ადამიანი მუდმივად ან კონკრეტულ მომენტში დისტრესშია, სისხლში კორტიზოლის დონე იწევს. ავტომატურად გვინდება ისეთი საკვები, რომელიც "მარტივი დოფამინია" - ხშირ შემთხვევაში ეს არის ნახშირწყლები, ტკბილეული ან ცომეული. სტრესი განაპირობებს იმას, რომ ასეთ დროს საკუთარი თავის გაკონტროლება ძალიან გვიჭირს.
ნანიკო შონია: - გააჩნია დროის მონაკვეთს. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს საღამოობით ძალიან უჭირთ და თვითკონტროლი უქვეითდებათ. ნერვული სისტემა ხდება ლაბილური, მერყევი, რასაც შეიძლება, დაემატოს ძილის დარღვევა და სხვა ფაქტორები. საბოლოოდ, ეს ყველაფერი გვიბიძგებს, რომ საღამოს საათებში მაცივარი გამოვაღოთ. ამ დროს ვურჩევთ ხოლმე: თუ საღამოა, უმჯობესია დალიოთ ერთი ჭიქა წყალი და დაიძინოთ. თუ ეს არ გამოდის და გვიანი ღამე არ არის, ძალიან კარგი საშუალებაა სწრაფი ნაბიჯით სიარული. ხშირად ვამბობ: "დალიე წყალი და ორი-სამი წუთი დააკვირდი შენს თავს, ნამდვილად გშია თუ არა". ორგანიზმი ხშირად გვატყუებს და წყურვილის გრძნობა შიმშილში გვერევა. თუ არც ამან უშველა, ნატაც და მეც ასეთ რეკომენდაციას ვაძლევთ: ნუ მიიღებთ მაშინვე მარტივ ნახშირწყლებს. დაიწყეთ ჯერ სალათით, შეჭამეთ მწვანე ფოთლები, მერე მიიღეთ ცილა და ბოლოს - ტკბილეული, თუ მაინცდამაინც გინდათ. ეს ჯერ ერთი, განაყრებთ, მეორეც - კუჭში იქმნება შესაბამისი გარემო და ის ტორტის ნაჭერი თუ შოკოლადი უკვე ნაკლებად დამაზიანებელია.
ნატა გაგუა: - ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მარტივი, ხუთწუთიანი სუნთქვითი ვარჯიში დიაფრაგმის მეშვეობით. ამით კუჭსაც "ვეხებით" და ვაგუსის ნერვიც მშვიდდება - ჩასუნთქვა, სუნთქვის შეკავება და ამოსუნთქვა. ამ დროს დიაფრაგმის მეშვეობით კუჭს ვამუშავებთ. სუნთქვას ვიკავებთ რამდენ ხანსაც შეძლებთ, სასიამოვნო მოთენთილობამდე. ადამიანი ცოტათი უნდა მოდუნდეს, მცირე ჰიპოქსია იწყება... ვისაც ცეკვა უყვარს, ძალიან კარგია მუსიკის ჩართვა და ცეკვაც . არსებობს ასეთი მიმდინარეობა Oxycise, რომელიც ამბობს, რომ ამ ვარჯიშის სისტემატური შესრულებით ულუფები ბუნებრივად მცირდება. ესეც ჰორმონალური ბალანსითაა განპირობებული.