"როდის დაიწყებენ წიგნებისა და ადამიანების დაწვას?" - ქსენია სობჩაკი ქვეყანაში არსებულ ცენზურაზე - მშობლები

"როდის დაიწყებენ წიგნებისა და ადამიანების დაწვას?" - ქსენია სობჩაკი ქვეყანაში არსებულ ცენზურაზე

2026-04-22 11:13:56+04:00

ქსენია სობჩაკმა რუსეთში წიგნის ინდუსტრიაზე საკანონმდებლო ზეწოლის ბოლოდროინდელი გაძლიერება შეაფასა. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში გაყიდვებიდან და ბიბლიოთეკებიდან ასობით წიგნი ამოიღეს, კიდევ უფრო მეტმა კი სპეციალური მარკირება მიიღო. ათობით გამომცემლობა დაიხურა, ხოლო მათ ხელმძღვანელებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ჟურნალისტმა მიანიშნა, რომ მიმდინარე მოვლენებს აბსურდულად და გაუმართლებლად მიიჩნევს.

"ბიბლიოთეკებიდან წიგნების ამოღება უკვე დაიწყეს, მაღაზიებში გაყიდვიდანაც ამოიღეს. არასასურველი ლიტერატურის გამო დაპატიმრება - ინებეთ. როდისღა დაიწყებენ წვას? წიგნებისაც და ადამიანებისაც. არ გამიკვირდება, თუ ყველაფერი მალე ასეც იქნება," - დაწერა ტელეწამყვანმა თავის ტელეგრამ-არხზე.

სობჩაკის ეს განცხადება გამომცემლობა "ექსმოს" გენერალური დირექტორის, ევგენი კაპიევის დაკავების ფონზე გაჟღერდა. ერთი წლით ადრე, ექსტრემიზმის მუხლით აღძრული საქმის ფარგლებში, ლგბტ პროპაგანდის ბრალდებით "ექსმოსგან" გამომცემლობა "Popcorn Books"-ის წიგნები ამოიღეს. მაშინ "ექსმოს" სადისტრიბუციო დირექტორი ანატოლი ნოროვიატკინი და კიდევ ათამდე ადამიანი დააკავეს. ამ მოვლენებიდან მალევე "Popcorn Books"-ის დახურვის შესახებ გამოქვეყნდა ინფორმაცია.

ksenia-sobchaki-1-1776842382.jpg
ქსენია სობჩაკი

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ სააგენტო "ტასმა", სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ "Popcorn Books"-ის ყოფილმა დირექტორმა, დიმიტრი პროტოპოპოვმა, გამოძიებასთან გარიგება გააფორმა. სააგენტოს მონაცემებით, "ექსმოს" დაკავებული ტოპ-მენეჯერების წინააღმდეგ ჩვენება სწორედ გამომცემლობის ყოფილმა თანამშრომლებმა მისცეს.

მანამდე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ბასტრიკინმა, მწერალ გრიგორი ოსტერის წიგნების შემოწმების განკარგულება გასცა, რათა დადგინდეს, შეიცავს თუ არა ისინი "პედაგოგიური თვალსაზრისით საეჭვო მიდგომებს".

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს რუსეთის პრეზიდენტს კიდევ ერთმა ცნობილმა ტელეწამყვანმა და ბლოგერმა, ვიქტორია ბონიამ, მიმართა და ის გააკრიტიკა.

ვიქტორია ბონია თავის მიმართვაში რამდენიმე მწვავე და სენსიტიურ თემას შეეხო, რამაც საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენებში პოვა გამოძახილი.

მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში ადამიანები ვერ ბედავენ პრობლემებზე საუბარს, რადგან დასჯის ეშინიათ. ბლოგერმა ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტამდე რეალური ინფორმაცია არ მიდის. მისი თქმით, ჩინოვნიკები მას მხოლოდ "ლამაზ სურათს" უჩვენებენ, სინამდვილეში კი ქვეყანაში ბევრი რამ ინგრევა.

ასევე ისაუბრა პენსიონერებზე, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ და დედებზე, რომლებსაც შვილების გამოსაკვებად ელემენტარული სახსრები არ გააჩნიათ. "ჩვენ გვაქვს უმდიდრესი ქვეყანა, მაგრამ ხალხი მათხოვრულად ცხოვრობს", - განაცხადა ბონიამ.

ბონიამ გამოიყენა კლასიკური რიტორიკა - მან პუტინს უწოდა ძლიერი ლიდერი, რომელსაც გარემოცვა ღალატობს. მოუწოდა პრეზიდენტს, "გაახილოს თვალები" იმ უწესრიგობაზე, რაც რეგიონებში ხდება.

ხალხს თქვენი ეშინია... ჩვენ გვაქვს უმდიდრესი ქვეყანა, მაგრამ ხალხი მათხოვრულად ცხოვრობს“ - რუსი ტელეწამყვანის სკანდალური მიმართვა პუტინს, რომელსაც 23 მილიონზე მეტი ნახვა აქვს: მას კრემლში უპასუხეს
პუტინისგან ჯილდოს მიღების შემდეგ თინა კანდელაკი ქართველებისთვის ვიდეომიმართვას ავრცელებს - ჩემო ქართველებო...