„მე შენს ასაკში უკვე საჭმელებს ვაკეთებდი, შენ კი გაცხელებაც არ შეგიძლია“ - ხშირად გვგონია, რომ ასეთი ფრაზები მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცისთვისაა დამახასიათებელი. თუმცა, რეალობა სხვაგვარია: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მშობლები ერთსა და იმავე კითხვას სვამენ - თანამედროვე ბავშვები ზედმეტად განებივრებულები და მოუმზადებლები ხომ არ არიან რეალური ცხოვრებისათვის?
ამ თემაზე საუბარი ამერიკელმა მომხმარებელმა Reddit-ზე წამოჭრა. ქალი ამბობს, რომ თავად და მისი მეუღლე სიღარიბეში გაიზარდნენ: მშობლები ემიგრანტები იყვნენ, ბევრს მუშაობდნენ და ხშირად სახლში არ იყვნენ.
ახლა კი, როგორც ფრილანსერი, ის თითქმის ყოველთვის ბავშვებთანაა — აკითხავს სკოლაში, დაჰყავს წრეებზე, დასასვენებლად. მისი შვილები კომფორტულად ცხოვრობენ, თუმცა დედას მაინც უჩნდება შფოთვა:
ბავშვები ვერ იტანენ მცირე დისკომფორტსაც კი. თუ დედა 5 წუთით დააგვიანებს მათ სკოლიდან გამოყვანას, ეს მათთვის უკვე „კატასტროფაა“. თუ გასართობად წასვლა გადაიდო, ისინი ძალიან განიცდიან.
მისი თქმით, ბავშვებს არასოდეს განუცდიათ სერიოზული სირთულეები, მაგალითად, ბულინგი, არ დაუკარგავთ ახლობელი, არ უცხოვრიათ გაჭირვებაში, არ აკეთებენ საოჯახო საქმეებს და თავად ირჩევენ აქტივობებს.
ქალი სვამს კითხვას: უნდა შევუქმნა თუ არა ბავშვებს ხელოვნურად სირთულეები, რათა უკეთ მოერგონ ცხოვრებას?
მომხმარებლების უმრავლესობამ დედა „განებივრებული ბავშვების გაზრდისთვის“ არ განსაჯა. პირიქით, ბევრი უზიარებდა საკუთარ გამოცდილებას და ამშვიდებდა.
ერთ-ერთმა ქალმა მაგალითი მოიყვანა: მისი ძმა ბავშვობაში სკანდალს აწყობდა, როცა ოჯახი ეკონომკლასით მიფრინავდა. თუმცა, წლების შემდეგ ის შრომისმოყვარე, პრაქტიკული და წარმატებული ადამიანი გახდა.მთავარი დასკვნა ის იყო, რომ ბავშვობის ქცევები ყოველთვის არ განსაზღვრავს მომავალს.
კომენტარებში გამოკვეთილი ძირითადი აზრი ასეთია: სირთულეების ხელოვნურად შექმნა აუცილებელი არ არის.მნიშვნელოვანია სხვა უნარების განვითარება:
ნუ გადაჭრით ბავშვების ყველა პრობლემას მათ ნაცვლად. მიეცით ჯიბის ფული და ასწავლეთ მართვა. აცადეთ, თავად შეხვდნენ იმედგაცრუებას და ისწავლონ დაგეგმვა.
ფსიქიატრები ყოევლთვის აღნიშნავენ, რომ ადამიანის ხასიათის მხოლოდ 20–30% განისაზღვრება გენეტიკით, დანარჩენი გარემოსა და აღზრდაზეა დამოკიდებული.
კომფორტი არ არის პრობლემა. პირიქით, ის ქმნის უსაფრთხოების საფუძველს.კვლევები აჩვენებს, რომ: ბავშვები, რომლებიც თბილ და სტაბილურ გარემოში იზრდებიან, უკეთ აკონტროლებენ ემოციებს, ნაკლებად იტანჯებიან შფოთვით და ხშირად აღწევენ წარმატებას ცხოვრებაში.
პრობლემა უფრო ხშირად არის ჰიპერმზრუნველობა — როცა მშობელი ყველაფერს თავად წყვეტს და აკეთებს ბავშვის ნაცვლად.
ექსპერტები გვთავაზობენ ე.წ. „კონტროლირებადი დისკომფორტის“ კონცეფციას:
ეს ეხმარება ბავშვებს განვითარდნენ ისე, რომ უსაფრთხოების შეგრძნება არ დაკარგონ.
მნიშვნელოვანია პირველ რიგში ემოციური ინტელექტი — საკუთარი და სხვისი გრძნობების ამოცნობა. ასევე ადაპტაცია, რაც წარუმატებლობასთან გამკლავებაშიც დაეხმარება და ცვალებად გარემოში ორიენტაციაშიც. სოციალური უნარები, რათა საზოგადოებაში თავის დამკვოდრება შეძლოს.
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ზედმეტი ყურადღება არ მივაქციოთ იდეალურ ნიშნებს. ნურც ზედმეტი პასუხისმგებლობებით დავტვირთავთ და სხვა ბავშვებსაც არასდროს შევადაროთ ჩვენი შვილები.
კომფორტული ბავშვობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ ბავშვი აუცილებლად ნებიერა და უსუსური გაიზრდება. პირიქით, სწორი ბალანსის შემთხვევაში, ეს ძლიერ, სტაბილურ და წარმატებულ პიროვნებას განაპირობებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ერთ უნარზე მუშაობა: რეზილიენტობა — უნარი, გაუმკლავდე სირთულეებს და აღდგე წარუმატებლობის შემდეგ.
დაიწყეთ მარტივად: დაფიქრდით თქვენი ბავშვის სამ ძლიერ მხარეზე და დაგეგმეთ მათი განვითარება.