"ასმაგად მაქვს მის მიმართ პატივისცემა, რადგან ყველაფერი ისწავლა, თავისი თავისგან იდეალურთან მიახლოებული ვერსია გამოიყვანა... არ წარმოგიდგენიათ, სარკესთან რამდენ ხანს ატარებს..." - ნატალია ქუთათელაძე ნანი ბრეგვაძის სტილის საიდუმლოებებზე - მშობლები

"ასმაგად მაქვს მის მიმართ პატივისცემა, რადგან ყველაფერი ისწავლა, თავისი თავისგან იდეალურთან მიახლოებული ვერსია გამოიყვანა... არ წარმოგიდგენიათ, სარკესთან რამდენ ხანს ატარებს..." - ნატალია ქუთათელაძე ნანი ბრეგვაძის სტილის საიდუმლოებებზე

2026-04-23 11:22:10+04:00

მომღერალი ნატალია ქუთათელაძე ცნობილი ბებიის, 89 წლის ლეგენდის, ნანი ბრეგვაძის, სილამაზისა და სტილის საიდუმლოებებზე Beauty Talks-ის ახალ ეპიზოდში საუბრობს:

- ნანი ძალიან დიდი შეგნებისა და კულტურის ადამიანია. ასეთი ჩვევებით არავინ იბადება. ასმაგად იმიტომ მაქვს მის მიმართ პატივისცემა, რომ ყველაფერი ისწავლა, ყველაფერზე იშრომა და თავისი თავისგან იდეალურთან მიახლოებული ვერსია გამოიყვანა - ვარცხნილობით, მაკიაჟით, ჩაცმულობით. თქვენ არ წარმოგიდგენიათ, სარკესთან რამდენ ხანს ატარებს, რომ ისეთი დეტალები დამალოს, რომლებსაც ვერავინ მიხვდება. ალბათ, მერე ყველას ამიტომაც უფრო მოსწონს იმიტომ, რომ იმ რაღაც ნაკლებს იდეალურად მალავს. იცით, რამდენი ქინძისთავი აქვს ტანსაცმელში შერჭობილი?

ცოტა ხნის წინ, პოდკასტში "მერე"-ში სტუმრობისას ნატალიამ ისაუბრა, თავადაც რამდენს შრომობს სრულყოფისთვის და როგორ აფასებს ასეთი ნიჭიერი ადამიანების ოჯახში დაბადებას:

- რაც თავი მახსოვს, ბუნებრივად მოხდა ისე, რომ უნდა მემღერა. არავის არასდროს არ უკითხავს, მინდოდა თუ არა. 30 წლის ასაკში ვკითხე კიდეც საკუთარ თავს, ნამდვილად მინდოდა? ახლა მინდა? ეს კითხვა გამიჩნდა განსაკუთრებით მას მერე, რაც შვილი გამიჩნდა. როცა გაჩნდა სხვა პრიორიტეტი და აღმოჩნდა, რომ შენი საქმის გარდა, არის სხვა რამ არანაკლებ მნიშვნელოვანი, იქნება ეს შვილი, ქმარი, ოჯახი და ა.შ. არასდროს გავზრდილვარ კარიერისტად, ყველაფერზე წამსვლელად კარიერის გამო. ნანიც და ეკაც ისე გაიზარდნენ, რომ თუნდაც ამ სიმღერას იღებდნენ, როგორც თავისთავადს, ბუნებრივს. ჰო, მღერი და არაფრით არ ხარ არავისზე განსაკუთრებული. მაგრამ ეგ რამდენადმე დამაზიანებელიც აღმოჩნდა ჩემი თავდაჯერებისთვის, დღესაც არ მაქვს განცდა, რომ რაღაც სუპერძალა მაქვს, რომ ვმღერი. მაგრამ რეალურად მართლა სუპერძალაა...

nani.jpgnatalia1.jpg

მერე დავსვი ბევი შეკითხვა, ფსიქოლოგთანაც, მინდოდა კი ეს ყველაფერი? შემდეგ გავაცნობიერე, რომ კი, მინდა და ყველაფრით მადლობელი ვარ, რაც მაქვს, პროფესია იქნება, თმის ფერი და ა.შ. მივიღე საკუთარი თავი და თავდაჯერების პრობლემებიც დარჩა წარსულში. თუმცა ამ გაცნობიერების მერე, რაღაც თამასა, რომ იყო ტოპ, ჩამოვწიე. შეიძლება ეს კარიერულად ცუდია და შეიძლება ვინანო, მაგრამ ახლა ამ ეტაპზე ვარ. მინდა ორივე იყოს, პროფესიაც და ოჯახიც და თუ შევძლებ ჰარმონიულად თანაცხოვრებას ამ ორთან ერთად, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება. ჯერჯერობით ვახერხებ.

არ ვიშურებ ენერგიას, რომ იდეალური კი არ ვიყო, ძალიან ბევრი შეცდომა არ დავუშვა, როგორც დედამ. არ ვიყო უცოდინარი დედა. ესეც ასაკმა მოიტანა. მგონია, რომ უნდა იცოდე შვილის გაზრდა. გარდა იმ ინსტინქტებისა, რაც ისედაც გაქვს, როცა მშობელი ხდები, გადარჩენის, მზრუნველობის, პასუხისმგებლობის და ა.შ., ჯობს, კიდევ რაღაცებში გათვითცნობიერებული იყო. უფრო ნაკლებ შეცდომას დაუშვებ და უფრო ნაკლებად გადავარდები ხრამში შენს შვილთან ერთად. ასე ბევრად მიადვილდება და შფოთი, რაც მაქვს და ყველა მშობელს აქვს, კი არ მინელდება, უფრო იმედი მიჩნდება, რომ არა უშავს. ბევრს ვკითხულობ, ვუსმენ და ვიცი, რომ თუ რაღაცას ახლა ვერ ვერევი, არსებობს გამოცდილება, სტატისტიკა, მეცნიერებებმა გასცეს პასუხები. ამისთვის მართლა ბევრს ვშრომობ, მეც, ჩემი ქმარიც და ყველა მეხმარება. ბაღიც ასეთი ავარჩიე. მეგობრებს მე ვერ ავურჩევ, მაგრამ ვეცდები ისეთი ცნობიერი ჩამოვუყალიბო, რომ მერე შესაბამისი, კარგი გარემოც თვითონ აირჩიოს. როგორც ყველას გვინდა ჩვენი შვილისთვის.

როგორ ვახერხებ ორივეს ერთად? როცა რაღაცა ძალიან გინდა და ძალიან გიყვარს, აუცილებლად აკეთებ, აუცილებლად გამოვა.

გათხოვებამდე სოფიკო ჭიაურელის ძმა მიყვარდა. ქმართან გაშორების შემდეგ, ერთადერთი ნამდვილი სიყვარული მქონდა - ნანი ბრეგვაძე პირად გრძნობებზე საუბრობს

ძალიან ბევრს ვშრომობ, რომ არ ვიყო უცოდინარი დედა და ნაკლები შეცდომა დავუშვა... მგონია, რომ უნდა იცოდე შვილის გაზრდა. გარდა იმ ინსტინქტებისა, რაც ისედაც გაქვს, როცა მშობელი ხდები... - ნატალია ქუთათელაძე
ნატალია ქუთათელაძე იშვიათ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - ყველაფერი ლამაზიც და მტკივნეულიც...