46 წლის ქალი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან შვილებთან ერთად გადახტა. შემთხვევა ღამით იტალიის ქალაქ კატანძაროში მოხდა, კალაბრიის რეგიონში. დედა, ანა დემოკრიტო, და ორი ბავშვი, 4 თვის ნიკოლა და 4 წლის ჯუზეპე ადგილზე დაიღუპნენ. მესამე შვილი, 6 წლის გოგონა, მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული.
გამოძიების პირველადი ვერსიით, 46 წლის ქალმა ბავშვები აივნდან გადააგდო და შემდეგ თავადაც გადახტა. ამ ეტაპზე კრიმინალური პოლიცია განიხილავს მკვლელობა-თვითმკვლელობის ვერსიას. მიმდინარეობს ქალის პირადი ცხოვრების დეტალების შესწავლაც, განსაკუთრებით იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა მას დეპრესიული მდგომარეობები.პარალელურად, სამართალდამცველები ცდილობენ სრულად გამორიცხონ მესამე პირების შესაძლო მონაწილეობა.
მომხდარის ზუსტი გარემოებების დასადგენად გამომძიებლები ასევე სწავლობენ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, სამეცნიერო პოლიციასთან ერთად, უკვე ჩაატარეს შემთხვევის ადგილისა და იმ ბინის დათვალიერება, სადაც ქალი ცხოვრობდა.
შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა ქალის მეუღლეც და ეძინა. არსებული ინფორმაციით, ის მომხდარის შედეგად გამოწვეულმა ხმაურმა გააღვიძა. ქუჩაში ჩასვლის შემდეგ, სადაც ხალხი იყო მოგროვილი, მან ბავშვებისთვის პირველადი დახმარების გაწევა და რეანიმაცია სცადა სასწრაფო დახმარების მისვლამდე.
მეზობლების თქმით, ოჯახი მშვიდად ცხოვრობდა, თუმცა წარსულში ქალს გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა გამოვლენილი.
გადარჩენილი 6 წლის გოგონა მარია ლუჩე, უმძიმეს მდგომარეობაშია.
გამოძიებამ მოგვიანებით დაადგინა, რომ დედა და სამივე შვილი ერთდროულად დაეცა. სავარაუდოდ, ერთ-ერთის ცხედარმა დაიცვა პატარა მარია ლუჩე.
შემთხვევა 22 აპრილს მოხდა. გარდაცვლილები 25 აპრილს დაკრძალეს.
ამ ეტაპზე გამოძიებას ჯერ არ აქვს გამოცხადებული საბოლოო და ერთმნიშვნელოვანი მოტივი, თუმცა ყველაზე დამაჯერებლად ქალის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა განიხილება. გამომძიებლები შეისწავლიან, ჰქონდა თუ არა დეპრესიული ეპიზოდები ან მშობიარობის შემდგომი ფსიქიკური პრობლემები, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ახლად დაბადებული ჩვილი ჰყავდა. ასეთ მდგომარეობებში ადამიანს შეიძლება მნიშვნელოვნად დაერღვეს რეალობის აღქმა, ემოციური სტაბილურობა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
მეზობლებისა და ახლობლების ჩვენებებით, გარედან ოჯახი მშვიდად და ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, თუმცა ქალის ემოციური არასტაბილუროის გარკვეული ნიშნები მაინც არსებობდა.
ამ დროისთვის ყველაზე რეალისტურ ვერსიად რჩება ფსიქოლოგიური კრიზისის უკიდურესი ფორმა, თუმცა საბოლოო დასკვნა მხოლოდ სრულყოფილი გამოძიებისა და ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.