"ვუყურებდი, დედა როგორ კვდებოდა და ვერაფერს ვაკეთებდი... მე არ ვიყავი კარგი შვილი, ძალიან ცივი ვიყავი... ახლა საჯაროდ ვუხდი მას ბოდიშს..." - კახა მიქიაშვილი - მშობლები

"ვუყურებდი, დედა როგორ კვდებოდა და ვერაფერს ვაკეთებდი... მე არ ვიყავი კარგი შვილი, ძალიან ცივი ვიყავი... ახლა საჯაროდ ვუხდი მას ბოდიშს..." - კახა მიქიაშვილი

2026-04-27 10:28:15+04:00

მსახიობი კახა მიქიაშვილი გადაცემაში "ნოესთან" დედის გარდაცვალებას იხსენებს და საკუთარი ემოციების შესახებ საუბრობს:

- დედა სიმსივნით გარდაიცვალა, ძალიან უცბად. ძალიან აქტიური, სხვა ენერგიის ადამიანი იყო. პირველად ვყვები, არასდროს მილაპარაკია ამ თემაზე. ​თავიდან მხარი ასტკივდა და ეგონა, რომ ჩვეულებრივი ტკივილი იყო. მივიდა ექიმთან და გაიგო, რომ მძიმე ფორმის სიმსივნე ჰქონდა. იბრძოლა, ძალიან იბრძოლა, მაგრამ მალე დამარცხდა. ძალიან ცნობიერი შეგრძნება იყო ეს ყველაფერი. მე ზოგადად ისეთი ვარ, რომ მსგავს ამბებს თითქოს ცივად ვხვდები - პანიკა არ მემართება. ექიმს ცალკე ვკითხე და რომ მითხრა, ალბათ, აღარაფერი ეშველებაო, ძალიან რაციონალურად მივიღე, არ დამთრგუნა, ვხვდებოდი, რომ ასეთი იყო მოცემულობა. ​თუმცა, გარდაცვალების წინა დღე ძალიან რთული აღმოჩნდა. უყურებ, რომ ადამიანი გარდაიცვლება და ვერაფერს შვრები. საერთოდ ვერაფერს. გავედი ცალკე და ექიმს დავურეკე - კიდევ ერთხელ ვკითხე, ყველანაირი თანხა რომ ვიშოვო, რომელიმე ქვეყანაში რამე თუ მეშველება-თქო? მითხრა, რომ ვერაფერი.

​ვუყურებდი, დედა როგორ კვდებოდა და ვერაფერს ვაკეთებდი... უცებ ხვდები, რომ ღმერთთან და სიკვდილთან არაფერი ხარ. იმ მომენტში მსოფლიოს იმპერატორიც რომ ვყოფილიყავი, ვერაფერს შევცვლიდი. უბრალოდ ვუყურებდი, როდის დადგებოდა დრო, როცა მისი სუნთქვა გაჩერდებოდა. საბედნიეროდ, დიდხანს არ იწვალა და მეორე დილას გარდაიცვალა. ძალიან გაგვიმართლა, რომ ისეთ დროს მოხდა, როცა ყველა სახლში ვიყავით. ჩემს დებს დავუძახე საწოლთან, ვუყურებდი და თვალები მე დავუხუჭე. ​ერთი ის მიხარია, რომ სანამ გონს დაკარგავდა, უცნაური რამ მოხდა: მითხრა, მღვდელი მინდაო და კონკრეტულად მამა შალვა მთხოვა. მივიყვანე. საერთოდ, თუ ადამიანი გონზე არ არის, მისი ზიარება არ შეიძლება, რადგან აღსარება უნდა თქვას. მან აღსარება ჩააბარა, ეზიარა და მერე გაითიშა, ვეღარ ლაპარაკობდა. მეორე დილას კი გარდაიცვალა. ეს ამბავი არავისთვის მომიყოლია, ახლობლებისთვისაც კი. ..

დედის წასვლამ ბევრ რამეზე დამაფიქრა. ეს მომენტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა დედას უყურებ... დედა ყველასთვის ძვირფასია, ხომ? მაგრამ მე არ ვიყავი კარგი შვილი, ძალიან ცივი ვიყავი. არ ვიცი, რატომ... ახლა საჯაროდ ვუხდი მას ბოდიშს. დედაჩემი ძალიან თბილი, კონტაქტური და აქტიური იყო. ვინც იცნობდა, ყველამ იცის მისი ენერგია. ექიმიც კი გაკვირვებული იყო. ქიმიას გაიკეთებდა, მოვიდოდა და სახლის დალაგებას იწყებდა, ვერაფერს შეატყობდი. ბოლომდე უყვარდა გაპრანჭვა და მოწესრიგება. სანამ ფიზიკურად არ ჩაწვა ბოლო ორი დღე, მანამდე სულ იპრანჭებოდა. ​ამ ყველაფერმა დამანახა, რომ სიკვდილთან უძლური ხარ. სულ მესმოდა სხვებისგან, დედას გაუფრთხილდი, სანამ არისო, მაგრამ სანამ არ დაკარგავ, ვერ აფასებ. ძალიან ცივი შვილი ვიყავი - არ ვაფერებინებდი, არ ვაკოცნინებდი, ვაბრაზებდი, ვეუხეშებოდი და უაზროდ ვეხუმრებოდი. იმ მომენტში ვერ ხვდები, რომ მერე დადგება დრო და ინანებ. ​სანამ გარდაიცვლებოდა, სანამ მეგონა, რომ ესმოდა - ბოდიში მაშინ მოვუხადე. მერე საფლავზეც, მაგრამ სანამ ცოცხალი და კარგად იყო - არა. ეს ძალიან ცუდი შემთხვევა იყო.

ნოე სულაბერიძის და ეკა სამხარაძის ქალიშვილი 18 წლის გახდა - როგორ ულოცავენ ცნობილი მშობლები
შეიძლება თუ არა პატრიარქის ნათლულებს შორის ქორწინება და რა უნდა გააკეთონ ნათლულებმა გარდაცვლილი ნათლიისთვის?