პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის წესი შეიცვალა - ამის შესახებ გადაცემაში "ახალი დღე" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ზურა ოშხნელი და კოლეჯ "მოდუსის" დირექტორი, ნინო ქავთარაძე ვრცლად საუბრობენ:
ზურა ოშხნელი: - კოლეჯებში, უპირატესად სახელმწიფო კოლეჯებში, მეოთხე და მეხუთე დონის პროგრამებზე რეგისტრაცია და გამოცდები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მეშვეობით ჩატარდება. განმარტებას საჭიროებს, თუ რას ნიშნავს მეოთხე და მეხუთე დონის პროგრამები.
მეოთხე დონის პროგრამები - ეს უპირატესად ერთწლიანი კურსებია, რომლებიც სახელმწიფო დიპლომით დასტურდება, 100%-ით ფინანსდება და სამხედრო სამსახურის გადავადების უფლებას იძლევა.
მეხუთე დონის პროგრამებს უმაღლეს პროფესიულ პროგრამებსაც უწოდებენ. ისინი, ძირითადად, ორწლიანია, ასევე სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, დიპლომით დასტურდება და სამხედრო სამსახურის გადავადებას ითვალისწინებს. მეხუთე დონის ყველა პროგრამაზე რეგისტრაცია და გამოცდების ჩატარება გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა იტვირთა. მეოთხე დონის ზოგიერთ პროგრამაზეც პასუხისმგებელი გამოცდების ეროვნული ცენტრია, იმის მიხედვით, თუ რამდენად მიანდო კოლეჯმა ამ დონის პროგრამის გამოცდები ცენტრს. ზოგიერთი კოლეჯი ასეთ გამოცდებს თავად ჩაატარებს. ჩვენს კოლეჯს, მაგალითად, ექვსი პროგრამა აქვს. აქედან ხუთი მეხუთე დონისაა, ხოლო ერთი - მეოთხე დონის. ხარჯთეფექტურობიდან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ მეოთხე დონის პროგრამაც (ერთწლიანი ფოტოგრაფია) გამოცდების ეროვნულ ცენტრს უნდა მივანდოთ. შესაბამისად, ყველამ, ვინც ახლა კოლეჯების მიერ რეგისტრაციის გამოცხადებას ელოდება, უნდა იცოდეს, რომ ეს ტრადიციული ფორმით არ მოხდება.
აპლიკანტებმა 11 მაისის 18:00 საათამდე გამოცდების ეროვნულ ცენტრში დარეგისტრირება უნდა მოასწრონ. თუმცა, ერთი გამოცდის საფასური - 10 ლარი 6 მაისის 18:00 საათამდე უნდა გადაიხადონ, რათა სასურველი პროგრამის არჩევა და იმ საგნის ჩაბარება შეძლონ, რომელიც კონკრეტული პროგრამისთვისაა განსაზღვრული. მაგალითად, თუ სტუდენტს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯში "მულტიმედია რეპორტიორობაზე" სწავლა სურს (რაც მეხუთე დონის პროგრამაა), ამისთვის სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ლიტერატურა, მათემატიკა ან ისტორიაა განსაზღვრული. ამ ხუთიდან ერთ-ერთს აირჩევს და მისი ჩაბარების შემთხვევაში კოლეჯში ჩაირიცხება. ყველა კოლეჯის ყველა პროგრამას სამი, ოთხი ან ხუთი საგანი აქვს განსაზღვრული და არჩევანიც იქიდან კეთდება.
საინტერესო ის არის, რომ აბიტურიენტს, რომელიც აკადემიურ (საბაკალავრო) პროგრამაზე აბარებს, კანონი პროფესიულ პროგრამაზე პარალელურად სწავლის უფლებასაც აძლევს. შესაბამისად, მათ, ვინც წელს სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე რეგისტრირდება, კოლეჯის პროგრამის პარალელურად არჩევაც შეუძლიათ. თუმცა, ერთი რამ უნდა გაითვალისწინონ: საბაკალავრო პროგრამისთვის არჩეული მესამე საგანი იმ პროფესიულ პროგრამას უნდა შეუსაბამონ, რომელიც მათ სურთ. ნებისმიერი საგნის არჩევა არ ნიშნავს, რომ სასურველ პროგრამაზე ავტომატურად ჩაირიცხებიან. მაგალითად, ფოტოგრაფიის სწავლის სურვილის შემთხვევაში, მესამე საგნად მათემატიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან ისტორია უნდა აირჩიონ. ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი, "ერთი ფანჯრის პრინციპის" მსგავსი სისტემაა. პროცესი ერთ სივრცეში, გამოცდების ეროვნული ცენტრის მეშვეობით უნდა ხდებოდეს. რადგან ეს წელს სიახლეა, სტატისტიკას რომ გადავხედე, მონაცემები წინა წლების მაჩვენებლებს არ შეესაბამება. სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ეს საკითხი დამატებით განმარტებას საჭიროებდა.
ნინო ქავთარაძე: - რეგისტრაციის წესის ცვლილებამ დამატებითი შესაძლებლობები გააჩინა. აქამდე ეროვნულ და პროფესიულ გამოცდებზე რეგისტრაციის თარიღებს შორის განსხვავება იყო. წელს აბიტურიენტებს არჩევანის გაკეთება უნივერსიტეტებთან ერთად, პროფესიულ სასწავლებლებშიც შეუძლიათ. ეს მათ საშუალებას აძლევს, რომ განათლების სისტემის მიღმა არ დარჩნენ. მეტიც, ეს კარიერული დაგეგმვისთვის უკეთესიც შეიძლება იყოს, რადგან ხშირად სკოლადამთავრებულები პროფესიის არჩევისას ბოლომდე ჩამოყალიბებულები არ არიან. პროფესიული სასწავლებლები კარგი შანსია, რომ ახალგაზრდამ გარკვეული ეტაპი გაიაროს, საკუთარ თავში გაერკვეს და შემდეგ უნივერსიტეტში სწავლა უფრო გააზრებულად განაგრძოს. გარდა ამისა, როგორც ბატონმა ზურამ აღნიშნა, პროფესიულ პროგრამებზე მოსახვედრად მხოლოდ არჩევითი (მესამე) საგნის ქულაა განმსაზღვრელი. ჩვენთან მინიმალური ბარიერი შედარებით დაბალია, რაც ახალგაზრდების ჩარიცხვის შანსებს ზრდის. სამხედრო ვალდებულების გადავადებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, რაც მათ აინტერესებთ. ვფიქრობ, უნივერსიტეტების პარალელურად პროფესიული სასწავლებლების მონიშვნის უფლება ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ, აპლიკანტებმა არჩევითი საგანი სწორად უნდა შეარჩიონ. მაგალითად, ჩვენი კოლეჯი "მოდუსი" მულტიპროფილურია. მიღება გვაქვს უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე, როგორიცაა ბუღალტერია ან აღმზრდელის პროგრამა (მაგალითად, მარნეულში). ასევე გვაქვს საინჟინრო მიმართულება - შედუღება, რომელიც უკვე ახალ საფეხურზე ავიდა.
არსებობს გზამკვლევები, სადაც აბიტურიენტებს იმის ნახვა შეუძლიათ, თუ რომელი საგანია მათთვის პრიორიტეტული. კოლეჯებში აპლიკანტებს კონსულტაციებსაც ვუწევთ. თითოეული კოლეჯი მობილიზებულია მათ მხარდასაჭერად. ასე რომ, 11 მაისამდე აბიტურიენტებსა და ზრდასრულ მსურველებს ველოდებით.