ალერგია თუ „უსასრულო გაციება“? როგორ გავმიჯნოთ სიმპტომები? - ალერგოლოგ ნინო მჭედლიშვილის რეკომენდაციები - მშობლები

ალერგია თუ „უსასრულო გაციება“? როგორ გავმიჯნოთ სიმპტომები? - ალერგოლოგ ნინო მჭედლიშვილის რეკომენდაციები

2026-04-29 13:53:24+04:00

რატომ არის „თბილისური მტვერი“ უფრო აგრესიული და მართლა ჭადარია თუ არა ყველაფერში დამნაშავე? - ნინო მჭედლიშვილის ინტერვიუ ურბანულ ალერგიასა და მცენარეთა მავნე გავლენაზე

გენეტიკური ფაქტორი, სახლის მტვრის ტკიპა და ყვავილობის სეზონი - როგორ დავიცვათ თავი და ჩვენი შვილები? გვესაუბრება ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო მჭედლიშვილი

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ათასობით ადამიანი ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს: კვირების განმავლობაში მკურნალობენ ე.წ. „უსასრულო გაციებას“, სინამდვილეში კი ორგანიზმი სულ სხვა რამეზე - სეზონურ ალერგიაზე მიგვანიშნებს. რატომ ხდება „თბილისური მტვერი“ უფრო აგრესიული, ვიდრე სხვაგან, მართლა ჭადარია თუ არა ჩვენი მთავარი მტერი და როგორ შეიძლება ჩვეულებრივმა ატამმა ან ვაშლმა ალერგიული შოკი გამოიწვიოს? ამ და სხვა აქტუალურ თემებზეალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო მჭედლიშვილიგვესაუბრება

- ქალბატონო ნინო, ხშირად ადამიანები კვირების განმავლობაში მკურნალობენ "უსასრულო გაციებას", სინამდვილეში კი ეს ალერგიაა. რა არის ის 3 მთავარი ნიშანი, რითაც მკითხველმა შეუძლია სახლის პირობებში განასხვაოს ალერგიული რინიტი ვირუსული ინფექციისგან?

- ალერგიული რინიტისა და ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის სიმპტომები ხშირად მსგავსია, თუმცა არის რამდენიმე სასიგნალო ნიშანი რითაც შეგვიძლია განვასხვაოთ ერთმანეთისგან.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია ქავილი (ცხვირის, თვალების, სასის), რომელიც ალერგიული ანთებისთვის დამახასიათებელი სიმპტომია და პრაქტიკულად არ გვხვდება ვირუსული ინფექციების დროს.

მეორე არის გამონადენის ხასიათი და ცემინების ტიპი - ალერგიული რინიტისთვის ტიპურია უხვი, წყლისებური რინორეა და გახშირებული ცემინება.

მესამე კრიტერიუმია სიმპტომების ხანგრძლივობა და გამომწვევ ფაქტორებთან კონტაქტი - თუ ჩივილები გრძელდება 10 დღეზე მეტხანს, უკავშირდება გარემო ფაქტორებს (მაგ., გარეთ ყოფნა, სეზონურობა), უფრო სავარაუდოა ალერგიული ეტიოლოგია.

ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის დროს უხშირესად გამოხატულია შემცივნების შეგრძნება, თავის და კუნთების ტკივილი, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირიდან მოყვითალო-მომწვანო გამონადენი, სიმპტომები უმჯობესდება 10 დღემდე.

- ახასიათებს თუ არა ალერგიას „დაბალი სიცხეები" და რამდენად მნიშვნელოვანი სიმპტომია თვალების ან სასის ქავილი დიაგნოზისთვის?

- ალერგიულ დაავადებებს სხეულის ტემპერატურის მატება ნაკლებად ახასიათებს. თუ პაციენტს აქვს ცხელება, განსაკუთრებით განმეორებით ან რამდენიმე დღე, უფრო უნდა ვიფიქროთ ინფექციურ დაავადებებზე, სინუსიტზე ან სხვა პროცესზე. თუმცა, სეზონური ალერგიის მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში, შესაძლებელია პაციენტს ჰქონდეს შემცივნების შეგრძნება, დაბალი ტემპერატურაც კი. ასევე, არსებობს მედიკამენტური ალერგიის რამდენიმე ფორმა, რა დროსაც მაღალი ცხელებაც კი შეიძლება ჰქონდეს პაციენტს.

თვალების, ცხვირის ან სასის ქავილი ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია - ეს ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია ალერგიული რინიტისთვის.

- რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს სეზონური ალერგიის სიმპტომები და როდის ხდება მდგომარეობა საგანგაშო?

- სეზონური ალერგია შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე, იმის მიხედვით, რომელი მცენარის მტვერზეა პაციენტი ალერგიული. მაგალითად, კვიპაროსის ხის ყვავილობა საქართველოში აქტუალურია დაახლოებით თებერვლის შუა რიცხვებიდან აპრილის ბოლომდე; შემდეგ მოდის ბალახების ყვავილობის სეზონი, ხოლო ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომაზე - სარეველები ყვავილობენ. თუ პაციენტს ალერგია აქვს ე.წ. კარშიდა ალერგენებზე: ოთახის მტვრის ტკიპებზე, ნესტის სოკოს სპორებზე, ცხოველებზე, ალერგიული სიმპტომები შესაძლოა გაგრძელდეს მთელი წლის განმავლობაში.

სპეციალისტთან მიმართვა აუცილებელია, თუ აღინიშნება:

  • სიმპტომების საშუალო ან მძიმე ინტენსივობა
  • ძილის დარღვევა და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი დაქვეითება
  • ქვედა სასუნთქი გზების ჩართულობა (ხველა, მსტვინავი სუნთქვა)
  • უშედეგო მკურნალობა
  • გართულებების ეჭვი (სინუსიტი, ოტიტი) განაგრძეთ კითხვა

საგანგაშო ინფორმაცია პროცედურაზე, რომელსაც ქალები ხშირად მიმართავენ - სიმსივნურ პროცესებს უწყობს ხელს, ზოგჯერ ახასიათებს თმის გაძლიერებული ცვენა, ალერგია, თვალების გაღიზიანება, ღებინება
E ვიტამინით ტუჩის აუგმენტაცია დაუშვებელია… ვეტერინარიაში გამოყენებადი პრეპარატით პროცედურა მთელ სახეზე იყო ჩატარებული - ბიძინა კულუმბეგოვი საგანგაშო ტენდენციაზე
როგორ უნდა გამოვიყენოთ ადრენალინი ანაფილაქსიის დროს და რა სიახლეა ამ კუთხით მსოფლიოში - ბიძინა კულუმბეგოვის რჩევა და გაფრთხილება პაციენტებს