უკვე 25 წელზე მეტია, დევიდ ბექჰემისა და ვიქტორია ბექჰემის ურთიერთობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად რჩება. წყვილმა ერთად ბევრი სირთულე გადაიტანა — ტაბლოიდების მუდმივი ყურადღებიდან დაწყებული, ოჯახური კონფლიქტებითა და სერიოზული ურთიერთობის კრიზისებით დასრულებული. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს მათი კავშირი ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ და მყარ ურთიერთობად ითვლება.
2 მაისს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ნახევარმცველს 51 წელი შეუსრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით, მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელში რომანტიკული მილოცვა გამოაქვეყნა და პირადი არქივიდან ფოტოებიც გააზიარა.

„შენ ხარ ჩვენი სამყარო, ჩვენი ყველაფერი. ჩვენ ძალიან გვიყვარხარ. გილოცავ დაბადების დღეს — საუკეთესო ქმარს, მამას, შვილს, ძმასა და მეგობარს. ყველაზე კეთილი და გულუხვი სულის მქონე ადამიანს. მთელი დღე გაგანებივრებთ, რადგან ამას შენზე მეტად არავინ იმსახურებს“, — მიმართა დიზაინერმა მეუღლეს.

თავიანთ კარიერაში მიღწეული წარმატებების გარდა, კიდევ რით გახდა ცნობილი ბექჰემების წყვილი:
2002 წელს დიდ ბრიტანეთში პოლიციამ გახსნა შეთქმულება, რომლის მიზანიც ვიქტორია ბექჰემისა და მისი შვილების გატაცება იყო. დამნაშავეები დევიდისგან, რომელიც იმ დროს კარიერის პიკში იყო, 5 მილიონი ფუნტის გამოსასყიდის მიღებას გეგმავდნენ. პოლიციამ დააკავა ცხრა ადამიანი (რუმინული და ალბანური წარმოშობის), რომლებიც ლონდონში ბექჰემების სახლს უთვალთვალებდნენ.
დევიდსა და ვიქტორიას ოთხი შვილი ჰყავთ: სამი ვაჟი — ბრუკლინი, რომეო და კრუზი, და ერთი ქალიშვილი — ჰარპერი.


2003 წელს ბექჰემების ოჯახი კვლავ კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ამჯერად მიზეზი ფეხბურთელის ღალატი იყო. დევიდმა, რომელიც იმ პერიოდში მადრიდის „რეალის“ მოთამაშე იყო, ურთიერთობა თავის ასისტენტთან, რებეკა ლუსთან დაიწყო. ამ დროს ვიქტორია დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა და ორ შვილს ზრდიდა.
შემდგომში დევიდს სხვა სავარაუდო რომანებიც მიაწერეს, მათ შორის მოდელ სარა მარბეკთან. ერთ-ერთ ინტერვიუში ვიქტორიამ აღიარა, რომ ქმრის ღალატის მიღება ძალიან გაუჭირდა, თუმცა წყვილმა მაინც გადაწყვიტა ოჯახის შენარჩუნება. „ყოველ დილით, როცა ვიღვიძებდით, ვგრძნობდით, რომ ჩვენს შორის რაღაც კიდევ არსებობდა. იმ დროს გვეგონა, რომ უბრალოდ არ ვკარგავდით ერთმანეთს — თითქოს ვიძირებოდით. გულწრფელად რომ ვთქვა, დღემდე არ მესმის, როგორ გადავიტანეთ ეს ყველაფერი“, — ამბობდა ბექჰემი.

დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგაც დევიდ ბექჰემი თავისი სახელით ათობით მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ეს შემოსავალი არა მხოლოდ ოჯახის შენახვას ჰყოფნის, არამედ ვიქტორიას ბიზნესის განვითარებასაც უწყობს ხელს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში წამგებიანი იყო.
დევიდსაც აქვს საკუთარი კომპანია — Footwork Productions, რომელიც მის სარეკლამო კონტრაქტებსა და სახელზე არსებულ საავტორო უფლებებს მართავს. დღეს ბექჰემი ცნობილია როგორც საფეხბურთო კლუბების მფლობელი, იუნისეფის ელჩი და ინვესტორი. მისი მთავარი აქტივია MLS-ის კლუბი „ინტერ მაიამი“.
დოკუმენტურ ფილმში ვიქტორია ბექჰემმა ისაუბრა კვებითი აშლილობის წინააღმდეგ ბრძოლაზე. მისი თქმით, პირველი შვილის, ბრუკლინის დაბადების შემდეგ, საზოგადოება მის სხეულს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა და ძალიან ძლიერ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა. „როდესაც ბრუკლინი ექვსი თვის იყო, ეროვნულ ტელევიზიაში საჯაროდ განმიხილავდნენ. დავიწყე საკუთარი თავის ეჭვქვეშ დაყენება და საკუთარი თავის შეძულება, რადგან ამ ყველაფერმა ჩემზე იმოქმედა. სარკეში ვეღარ ვხედავდი რეალობას“, — განაცხადა მან.
მისი ფიგურის განხილვამ ინტერნეტში ვიქტორია მკაცრ დიეტაზე და ინტენსიურ ვარჯიშზე გადაიყვანა. შედეგად, ის ძალიან გახდა, რაც დაცინვის ახალ ტალღას იწვევდა. ერთ-ერთმა პიცერიამ გამოიყენა მისი კარიკატურული გამოსახულება სლოგანით: „ჩვენი პიცა უფრო თხელია, ვიდრე ვიქტორია ბექჰემი“. ეს კამპანია შეურაცხმყოფლად შეფასდა და საქმე სასამართლომდე მივიდა.

დღეს დიზაინერი უფრო პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ჯანმრთელობას — ჰყავს პირადი შეფ-მზარეული და კვების სპეციალისტი, რომლებიც მის დიეტას აკონტროლებენ.
ბექჰემების უმცროსი ქალიშვილი ჰარპერი პრესის ყურადღების ქვეშ ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში მოექცა. მიზეზი ის იყო, რომ ინტერნეტმომხმარებლებს თვალში მისი წონა მოხვდათ. „არ შეუძლია დედას, რომ ქალიშვილის ჯანსაღ კვებაზეც იზრუნოს? ჭარბი წონის მოშორება მოგვიანებით გაუჭირდება!“ - აღშფოთებულნი წერდნენ ინტერნეტმომხმარებლები.
და მიუხედავად იმისა, რომ ჰარპერმა წონაში დაიკლო და ეს ძალიან მოუხდა, ინტერნეტში ამ ფაქტს თითქმის არავინ მიაქცია ყურადღება, სამაგიეროდ ახლა განხილვის თემა მისი ჩაცმულობა გახდა. ვიქტორიას შოუზე ჰარპერი ძალიან ქალური სამოსით გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ კაბა ძალიან უხდებოდა, საზოგადოება ძირითადად, მის შეუფერებლობაზე ალაპარაკდა. ეს სამოსი ისეთი ქალური და სექსუალური აღმოჩნდა, რომ სკოლის ასაკის ბავშვისთვის ბევრს გადაჭარბებული მოეჩვენა. ვიქტორიას ბრალი დასდეს, რომ მან ქალიშვილის სექსუალურ იმიჯს დროზე ადრე შეუწყო ხელი.

ბოლო თვეებში ბექჰემების ოჯახში ახალმა სკანდალმა იფეთქა. მათი უფროსი შვილი, ბრუკლინი, რომელიც ახლა 27 წლისაა, მშობლებთან აღარ ურთიერთობს. მან ოჯახი დაადანაშაულა იმაში, რომ ცდილობდნენ მას მეუღლესთან, ნიკოლა პელტცთან ურთიერთბა გაფუჭებოდა.
ბრუკლინის თქმით, ოჯახში მთავარი ღირებულება პიარია: „ბავშვობიდან მეუბნებოდნენ — იჩქარე ჩვენებაზე, გადაიღე ფოტო, ატვირთე. ბრენდის პოპულარიზაცია მთავარი იყო. სიყვარული იზომებოდა იმით, რამდენად ხშირად დებ ფოტოებს და რამდენად სწრაფად ტოვებ საქმეს, რომ ოჯახურ ფოტოზე გამოჩნდე“.
ვიქტორიამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ ისინი შვილებს ძალიან უყვართ და ყოველთვის ცდილობდნენ კარგი მშობლები ყოფილიყვნენ: „უკვე 30 წელზე მეტია საჯარო სივრცეში ვართ და ყოველთვის ვცდილობდით მხოლოდ ერთი რამ — ჩვენი შვილების დაცვას და სიყვარულს. ეს არის ყველაფერი, რაც ამ თემაზე მინდა ვთქვა“, — განაცხადა მან.
