კორეელი სიძე, რომელმაც ქორწილში ქართულად იმღერა და თავისი გულწრფელობით საზოგადოების განსაკუთრებული კეთილგანწყობა მოიპოვა - მარიამ თედორაძისა და იუუ სუნგმინის სიყვარულის ისტორიის შესახებ სიუჟეტი "დღის პოსტმა" მოამზადა და წყვილი საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნო:
მარიამი: ჩინურს ვსწავლობდი, თუმცა უცხოელებთან ვსაუბრობდი. გადავწყვიტე, კორეელებთანაც მქონოდა კავშირი. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე სუნგმინი. "მომეცი შენი ინსტაგრამიო", მითხრა, მეც ავდექი და მივეცი. პირველად მე მივწერე: "ო, აჯაში". "აჯაში" კორეულად ასაკოვან კაცს ნიშნავს. უფროს ადამიანებს მიმართავენ ხოლმე ამ სიტყვით და მეც ასე ვუთხარი - შენ "აჯაში" ხარ-მეთქი. მერე ის მეძახდა "მარიაჯომას" და ვუთხარი, რომ ასე არ გამოვიდოდა. მოკლედ, პირველივე წამიდან ფლირტი დაიწყო. მითხრა, სხვა ქვექნებში მოგზაურობა მინდა და ჩამოგაკითხავო. მე კი ვუთხარი, თუ ჩამოდიხარ, ჩამოდი-მეთქი.
იუუ სუნგმინ: პირველად აპრილში შევხედე ჩემს გოგოს და ვიფიქრე - ოჰ, რა პატარა და ლამაზია-მეთქი.
მარიამი: ჩემს დაბადების დღეზე ჩამოვიდა და ხელიც მაშინ მთხოვა. ონლაინ მინიმუმ შვიდი-რვა თვე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს და მერვე თვეს ჩამოვიდა. უფრო დიდი მეგონა. მამაჩემს შოკი ჰქონდა. ეგონა, რომ ცოლად ქართველს გავყვებოდი, თუმცა ახლა სუნგმინი ჩემზე მეტადაც კი უყვარს.
სხვათა შორის, დედამთილთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ორივეს გვიყვარს ცეკვა, ოღონდ ის პროფესიონალი მოცეკვავეა. მე და მამამთილი კი გიტარაზე ვუკრავთ ხოლმე ხანდახან.

იუუ სუნგმინ: საქართველოში ქორწილი დილის რვა საათზე დაიწყო და საღამოს 12 საათამდე გაგრძელდა. კორეაში კი ორ საათში მთავრდება. ღვინო ცოტა დავლიე, ძალიან გემრიელია.
მარიამი: ჩემს დაბადების დღეზე მთელი ბათუმის დათვალიერებას ვაპირებდით, მაგრამ სუნგმინმა აიჩემა – ბაბუას სასაფლაოზე მინდა წასვლაო. გზის მხარეს შემატრიალა და როცა მოვტრიალდი, ბეჭედი დავინახე. ბაბუას სასაფლაოზე მთხოვა ხელი.
იუუ სუნგმინ: მარიმ მითხრა: "ახლა? აქ?". სახეზე გაბრაზება დაეტყო, მე კი ვკითხე: "გინდა თუ არ გინდა-მეთქი?". მარის ყველაფერს მივცემ…
მარიამი: სხვათა შორის, დაქალებთან ერთად გარეთ რომ გავდივარ, მალევე მბეზრდება და სახლში დაბრუნება მინდება. არანაირი შეზღუდვა არ მაქვს, რასაც მინდა იმას ვაკეთებ და სადაც მინდა იქ მივდივარ. ჩემთვის ყველაზე კომფორტული ისაა, რომ პატივს მცემს და მენდობა. სიყვარული თავგანწირვაა… ვფიქრობ, დედობისთვის ჯერ მზად არ ვარ, მომავალი ჯერ კიდევ წინ მაქვს.
მეც კი არ ვიცოდი, რომ ქორწილში სიმღერას აპირებდა. სუნგმინი მართლა პირველი კორეელია, ვინც საქართველოში ქართულად იმღერა.