ცნობილმა ბლოგერმა და ინფლუენსერმა ნინორე გიორგობიანმა ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში თავის ქორწინებაზე, დედობაზე და ცხოვრების საინტერესო ეტაპზე ისაუბრა. ის 10 წლის წინ ათი წლით უმცროს მამაკაცზე დაქორწინდა და საკმაოდ დიდი წნეხის გადატანა მოუხდა. შვილი 40 წლის ასაკში გააჩინა და გარკვეული პერიოდი უშვილობის პრობლემასაც ებრძოდა.
„ჩვენ უკვე ათი წელია ერთად ვართ და ათი წლის წინ ეს საკითხი კიდევ უფრო რთულად აღიქმებოდა. გარკვეულ ეტაპზე ჩემს ოჯახსაც და ჩემი მეუღლის ახლობლებსაც ჰქონდათ განცდა, რომ ასაკობრივი სხვაობის გამო ჩვენი ურთიერთობა სტაბილური ვერ იქნებოდა და დროებითი იყო.
ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ჩემი მეუღლე მაშინ ოცდასამი წლის იყო. მაშინ მე ოცდათორმეტის ვიყავი და ის მართლაც ძალიან პატარა ჩანდა. ამიტომ ბევრს ეჭვი ჰქონდა — თითქოს ჯერ არ იცოდა, რა უნდოდა და რამდენად მზად იყო ასეთი პასუხისმგებლობისთვის.

ალექსის მხრიდან კი უფრო სხვა დამოკიდებულება იყო — ამბობდნენ, უკვე შემდგარი ქალია და რატომ არის შენთან, ხომ არ სჭირდება რაღაც დროებითო. თუმცა საბოლოოდ, როცა დარწმუნდნენ, რომ ჩვენს ურთიერთობაში ანგარება და სხვა მოტივაცია არ არსებობდა, ყველაფერი შეიცვალა...“ - ამბობს ნინორე გიორგობიანი. მისი თქმით, ტიკ ტოკზე მშობიარობის შემდეგ დარეგისტრირდა, სადაც ვიდეობს უშვილობის თემაზეც აქვეყნებდა.
„მშობიარობის შემდეგ, როცა გარეთ თითქმის ვეღარ გავდიოდი და სულ სახლში ვიყავი, ეს პერიოდი საკმაოდ მძიმედ გადავიტანე. ჩემმა ქმარმა მითხრა, დარეგისტრირდი სოციალურ ქსელში, ცოტას გაერთობი, დეპრესიასაც დაძლევ და საკუთარ თავსაც ისევ იპოვიო. მართლაც, მინდოდა სოციუმთან კავშირი მქონოდა და ასე დავიწყე ვიდეოების გადაღება.
ძირითადად ბავშვის ვიდეოებს ვდებდი, ხშირად უშვილობის თემაზეც ვსაუბრობდი, რადგან ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გამოცდილება იყო. წლების განმავლობაში ბავშვს ველოდებოდი. ხელოვნური განაყოფიერების ერთი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, ხოლო მეორე პროცედურისთვის მომზადების დროს სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ბუნებრივად ვიყავი ორსულად.
ორსულობაც საკმაოდ რთული მქონდა. შემდეგ უკვე დედობასთან დაკავშირებული შფოთვები იწყება — თითქოს მეგობრებთან ყავის დასალევად გასვლაც კი გაშინებს და თავს დამნაშავედ გრძნობ, რადგან ამდენი წელი ბავშვს ელოდებოდი.

ამ ყველაფრის ფონზე ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ვიყავი. სოციალური ქსელები ერთგვარ გასართობად და დეპრესიიდან თავის დასაღწევად დავიწყე. თავიდან კომენტარები გამორთული მქონდა და არც ვიცოდი. მითხრეს, კომენტარები გამორთული გაქვსო. ჩავრთე და ერთ ღამეში უამრავი დაგროვილი კომენტარი წავიკითხე. იმდენი ბულინგი და სიძულვილი იყო, თითქოს ცივი შხაპი გადამასხეს. გაოგნებული ვიყავი — საერთოდ რა უნდა ქნა ასეთ დროს? ამ ყველაფერს მიჩვეული არ ვიყავი.“ - ამბობს ნონორე გიორგობიანი და აღნიშნავს, რომ ყველაზე რთული მაინც დედობასთან დაკავშირებული კრიტიკა იყო.
„ყველაზე მტკივნეული მაინც ის კომენტარები იყო, რომლებიც ჩემს დედობას ეხებოდა. ალბათ დედების უმეტესობას აქვს შინაგანი შიში, რომ საკმარისად კარგი დედა არ არის და სწორედ ამაზე გაკეთებული კომენტარები განსაკუთრებით მოქმედებს.
მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ბავშვების „გაპრანჭვას“ ვიდეოებისთვის. მგონია, რომ ეს ხშირად ბავშვის უფლებებსაც არღვევს. ამიტომ ჩემი შვილის ვიდეოები ბუნებრივია — ხან თმა აქვს აჩეჩილი, ხან ნაჭამია და პირი აქვს დასვრილი. თუ რაიმე საყვარელს აკეთებს, არ ვფიქრობ იმაზე, როგორი კადრი გამოვა.
სწორედ ამაზე მოდიოდა ყველაზე მეტი კრიტიკა — რომ ბავშვს არ ვუვლიდი, ცუდად დამყავდა და ასე შემდეგ. ბავშვს საერთოდ არ უვლი დაბანე დავარცხნე რანაირად დაგყავს, როგორ დაგყავს... დედობასთან დაკავშირებული შეფასებები ყველაზე მეტად მაღიზიანებდა, თუმცა დროთა განმავლობაში ესეც გადავლახე.“ - აღნიშნავს ნინორე და ამბობს, რომ ახლა ორმოცდაორი წლისაა და ძალიან კარგი ეტაპი აქვს ცხოვრებაში. მან 55 კილოგრამი დაიკლო.

„ასეთი ვიზუალი საკუთარი თავის არასოდეს მახსოვს და ამით ბედნიერი ვარ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ადრე საკუთარი თავი არ მიყვარდა. როცა ძველ ვიდეოებს ვუყურებ, ვხვდები, რამდენად დიდი ვიყავი, მაგრამ მაშინ ამას ასე არ აღვიქვამდი, რადგან საკუთარი თავი მიღებული მქონდა.
თუმცა საკუთარი თავის სიყვარული არ ნიშნავს, რომ ყველაფრით კმაყოფილი ხარ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს განსხვავება. თუ ვამბობდი, რომ საკუთარი თავი მიყვარდა, ეს არ ნიშნავდა, რომ ბედნიერი ვიყავი იმ მდგომარეობით, რომელშიც ვიყავი. ადამიანს აქვს უფლება, საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გახდეს.
ბავშვის გაჩენის შემდეგ სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. ახლა ჩემს შვილთან ერთად თავიდან ვსწავლობ ცხოვრებას. თავიდან ძალიან გამიჭირდა, რადგან რეალური დედობა სულ სხვა აღმოჩნდა. გვგონია, რომ ყველაფერი ლამაზად და მარტივად იქნება, მაგრამ სინამდვილეში უამრავი პასუხისმგებლობა მოდის.
ბავშვმა ჩვენს ურთიერთობაშიც ბევრი რამ შეცვალა. თავიდან მთელი ყურადღება მასზე გადავიდა და თითქოს ერთმანეთი ცოტა დავკარგეთ კიდეც. თუმცა მგონია, ეს თითქმის ყველა ახალ მშობელს ემართება და დროთა განმავლობაში ყველაფერი ისევ ლაგდება.“