საბავშვო ბაღებში მასწავლებლები შემეცნებით აქტივობებსა და ღონისძიებებს ხშირად გეგმავენ. თუმცა, ამავდროულად, სოციალურ ქსელებში ბაღის ზეიმებთან დაკავშირებით აზრთასხვადასხვაობა თითქმის ყოველ წელსაა. ზოგიერთი მშობელი აღნიშნავს, რომ ბაღის ზეიმები, კონკრეტული კოსტიუმების შეძენა, შეკერვა ან ქირაობა, სხვადასხვა აქსესუარის მოძიება დიდი თანხა ჯდება და მათთვის ეს დამატებითი ტვირთია.
თუმცა, ადრეული განათლების კურიკულუმის მიხედვით, ბავშვის პიროვნება, მისი საჭიროებები, ინტერესები და უნარები მთავარი პრიორიტეტია.
განახლებულ კურიკულუმში წერია, რომ ბავშვისადმი პატივისცემა ყველაზე უკეთ ზეიმების იმ ფორმებში ჩანს, რომელსაც საბავშვო ბაღი აორგანიზებს ხოლმე საახალწლოდ, წელიწადის დასასრულს ან ბაღის დამთავრებისას.
"იმ ტრადიციული ზეიმების მიზანი, რომელიც ჩვენს ბაღებში ჯერ კიდევ არის გავრცელებული, არ არის ბავშვის პატივისცემა, მისი ემოციებისა და ინტერესების გათვალისწინება. ასეთი ზეიმები ბავშვებისთვის ემოციურად დამთრგუნველია, ის სილაღის ნაცვლად ხელოვნურობასთან ასოცირდება და მასში ბავშვი უფრო ღონისძიების მოსაწყობ ინსტრუმენტად მოიაზრება, ვიდრე პიროვნებად. ზეიმის თანამედროვე კონცეფციის ცენტრში ბავშვი და მისი სილაღეა, ზეიმი ბავშვისთვის განსაკუთრებული სიხარულისა და სიამოვნების წყარო უნდა იყოს, ის ბავშვებთან ერთად, მათი სურვილებისა და იდეების გათვალისწინებით უნდა იგეგმებოდეს და ხორციელდებოდეს“, - წერია განახლებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოში.
როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გვითხრეს, ბაღებში ზეიმები ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იმართება.
"ბაგა-ბაღებში ღონისძიებები იმართება არსებული კურიკულუმის შესაბამისად, რაც გულისხმობს იმას, რომ აქტივობა უნდა იყოს სახალისო, ბავშვის ინტერესებსა და ასაკზე მორგებული. ღონისძიება არ უნდა იყოს დამღლელი და სტრესული“, - აღნიშნეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
საბავშვო ბაღებში თანხის აგროვებაც აკრძალულია.
ახალ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოში, გარდა ზეიმებისა, მთელი რიგი სხვადასხვა საკითხია გათვალისწინებული და კიდევ მეტად გააქტიურებული. მაგალითად, აღნიშნული, რა მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის მხრიდან ბავშვთან გულისხმიერ კომუნიკაციას, როგორ შეიძლება, ფიქრსა და აზროვნებას აღმზრდელმა ხელი შეუწყოს და როგორი აქტივობები უნდა დაგეგმოს სხვადასხვა უნარის გასავითარებლად.
აქვე შეგახსენებთ, რომ განათლების სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება უფლებამოსილია, თავად შეარჩიოს/შექმნას კურიკულუმი, რომლითაც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას.
ავტორიზებული დაწესებულება ვალდებულია, კურიკულუმის ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილების შესახებ აცნობოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ცვლილების განხორციელების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემიდან/ფაქტის დადგომიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და წარუდგინოს მას შესაბამისი დასაბუთება და მტკიცებულებები.
შენიშვნა: სტატიაში გამოყენებული ფოტო ხელოვნური ინტელექტითაა დაგენერირებული.
თამარ იაკობაშვილი