თითქმის ერთი კვირა მანჰეტენი ბოლივუდად გადაიქცა. თუმცა, ყველა არ იყო კმაყოფილი ზეიმის მასშტაბურობით და ახლა ამერიკელები ახალდაქორწინებულთა დეპორტაციას ითხოვენ...
ნიუ-იორკში ისეთი ზეიმი იყო, როგორიც წლების განმავლობაში არ უნახავთ. ინდოელ-ამერიკელმა წყვილმა - 30 წლის ავიშ ჯაინმა და 33 წლის პანკტი დოშიმ - ქორწილი ჰოლივუდურ ბლოკბასტერს დაამსგავსეს. ხუთი დღე, ხუთი ადგილი, ასობით სტუმარი და, რაც მთავარია, დახურული მეხუთე ავენიუ. ზოგი აღფრთოვანებული იყო დიდებულებით, ზოგი კი სოციალურ მედიაში წყვილისგან „მშვიდობის დარღვევისთვის“ და დეპორტაციისთვისაც ფულს ითხოვდა.
სანამ მათ სახელებს მსოფლიო გაიგებდა, დოში და ჯაინი მხოლოდ ვიწრო წრეებში იყვნენ ცნობილი. პანკტი წარმოშობით სან-ფრანცისკოდანაა. დღისით ის გენეტიკურ კონსულტანტად მუშაობს, ღამით კი საკუთარი კომპანიისთვის ღონისძიებებს გეგმავს. ზოგიერთმა ნიუიორკელმა ის სამხრეთ აზიის მუსიკალური ფესტივალის, Masaala Mixtape-ის ორგანიზატორის სახითაც გაიცნო.
ავიში წარმოშობით ნიუ-ჯერსიდანაა. ორ თვეში ენდოკრინოლოგის სპეციალობას დაამთავრებს. თუმცა, ამ ეტაპზე მისი შემოსავლის მთავარი წყარო ოჯახური ბიზნესია: ის მესამე თაობის მომღერალი და მოცეკვავეა და რეგულარულად გამოდის ბოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად.
მომავალი მეუღლეები ერთმანეთს 2023 წლის ნოემბერში, პანკტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე შეხვდნენ. ავიში და მისი ჯგუფი გამოსვლაზე მიიწვიეს. მეორე პაემანზე ჯაინი დოშის დაჰპირდა, რომ დაქორწინდებოდნენ. წელიწად-ნახევრის შემდეგ ხელი სთხოვა.
ქორწილი წუთობრივად დაიგეგმა ხუთი დღის განმავლობაში. წყვილმა ხუთი ადგილი იქირავა, ექვსი დიჯეი, 10 ქორეოგრაფი და 16 დიზაინერი. მინიმუმ 8000 ყვავილი შეუკვეთეს.
ზეიმი დაიწყო Somewhere Nowhere NYC-ში, ღამის კლუბში, რომელიც ცათამბჯენის 38-ე და 39-ე სართულებზეა განთავსებული და ღია აუზი აქვს. სწორედ აქ შეხვდა წყვილი პირველად. ასეთი ადგილის დაქირავება ღამეში დაახლოებით 30,000 დოლარი ჯდება, თუმცა დეკორაციებითა და წარმოდგენებით, საბოლოო ფასი შეიძლებოდა გაცილებით მაღალი ყოფილიყო.
მეორე დღე ტრადიციულ ინდურ ჰალდის ცერემონიას დაეთმო. ახლო ნათესავები კურკუმას პასტას ადებენ პატარძლისა და საქმროს სახეზე, ხელებსა და ფეხებზე, რაც სიმბოლურად გამოხატავს წმენდას ცხოვრების ახალი ეტაპისთვის. რიტუალის შემდეგ სტუმრები დილამდე ხალხურ ცეკვებს ცეკვავდნენ.



მესამე დღე იყო სანგიტი, გრანდიოზული მუსიკალური საღამო, რომელსაც პატარძლისა და საქმროს ოჯახები მასპინძლობდნენ. წყვილმა გადაწყვიტა, რომ ეს საღამო ბროდვეის მიუზიკლად გადაექციათ, რომელიც მათი სიყვარულის ისტორიას ეძღვნებოდა. მათ ახსოვდათ, რომ პირველ პაემანზე „მულენ რუჟში“ იყვნენ წასულები. თუმცა, თეატრის დაქირავება რთული აღმოჩნდა. მხოლოდ ბრუკლინში მდებარე პოლონსკის შექსპირის ცენტრმა მისცა თანხმობა.
მეოთხე დღე იყო ბარაატი. ბარაატი არის საქორწილო მსვლელობა, რომელშიც, როგორც წესი, საქმრო ცხენზე ან სპილოზე ამხედრებული მიჰყვება პატარძლის უკან. მაგრამ ავიშს და პანკტის სურდათ „რაღაც უჩვეულოს“ გაკეთება და მეხუთე ავენიუ დაკეტეს.



წყვილს ეს იდეა ქორწილამდე ექვსი თვით ადრე გაუჩნდა. მათ დიდი დრო დახარჯეს პოლიციასთან მის კოორდინაციაზე, მაგრამ საბოლოოდ ნებართვა მიიღეს. ერთი საათის განმავლობაში, დილის 10-დან 11 საათამდე, მეხუთე ავენიუზე მოძრაობა მართლაც შეჩერებული იყო. ამ „სანახაობისთვის“ გზაზე 400 სტუმარი გამოვიდა. პატარძალი და სიძე ქუჩაში უზარმაზარ პლატფორმაზე გადაადგილდებოდნენ, რომელიც ბორბლებზე შედგმულ სცენას მოგაგონებდათ, და 2000-იანი წლების ბოლივუდურ ჰიტებს ასრულებდნენ.
ასეთი ახირების ზუსტი ღირებულება უცნობია, მაგრამ ჟურნალისტებმა გამოთვალეს, რომ მეხუთე ავენიუს ერთი საათით დაკეტვა შეიძლება 3000-დან 66000 დოლარამდე ღირდეს. პლუს დამატებითი უსაფრთხოების დეპოზიტები.




ქორწილის ცერემონია მეხუთე დღეს გაიმართა. ახალდაქორწინებულებმა ფიცი გაცვალეს Radio City Music Hall-ის სახურავზე. იქიდან მთელი მანჰეტენის ხედი იშლება. დარბაზის რვასაათიანი ქირაობა 35 000 დოლარიდან იწყება.
პატარძალი საკურთხეველზე დედის წითელი სარით მივიდა, რომელიც მისი მშობლების 25-ე ქორწინების წლისთავისთვის იყო შეკერილი. ამ მომენტისთვის მოსამზადებლად, ავიშმა პანკტისთვის სიმღერა დაწერა, რომელიც მან საკურთხეველზე მიმავალმა შეასრულა. მღვდელმა ცერემონია ინგლისურად ჩაატარა, თუმცა რიტუალებისთვის სანსკრიტი, გუჯარათი და ჰინდი გამოიყენა.
ქორწილი დასრულდა, სტუმრები სახლში წავიდნენ და წყვილი თაფლობის თვის გასატარებლად საფრანგეთში გაემგზავრა. ერთ-ერთმა სტუმარმა სოციალურ ქსელში ამ ღონისძიების შესახებ კომენტარის გაკეთებისას ხუმრობით თქვა: „ამ ტიპის რამ მხოლოდ ბოლივუდურ ფილმებში გვინახავს. მაგრამ მეხუთე ავენიუზე პირდაპირ ეთერში რომ მოხდა, ეს ძვირადღირებული მუსიკალური ვიდეოს გადაღებას ჰგავდა. გულწრფელად რომ ვთქვა, ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ეს რეალური იყო და არა სიზმარი“.
ბუნებრივია, ქორწილი აქტიურად განიხილება ონლაინ. ზოგი აღფრთოვანებულია ახალდაქორწინებულებით და წერს ქება-დიდებას. თუმცა, სხვები აღშფოთებულნი იყვნენ იმით, რომ ახალდაქორწინებულებმა მეხუთე ავენიუ გადაკეტეს. როდესაც აღლუმის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა, კომენტარები სულ უფრო მკაცრი გახდა.
„კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ფულით კარგი მანერები არ იყიდება...“, „ეს ნიუიორკელების მიმართ უპატივცემულობის პიკია. გააძევეთ ისინი ქვეყნიდან“, „რატომ სურთ მდიდრებს ყოველთვის ვინმესთვის რაღაცის დამტკიცება? სრული სისულელეა“, - წერენ ონლაინ მომხმარებლები.
თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც იცავდა ახალდაქორწინებულებს: „ეს მათი კანონიერი უფლებაა. მათ გადაიხადეს ნებართვისთვის; ეს კერძო ღონისძიებაა. უბრალოდ, შური თქვენთვის შეინახეთ“.