ორშაბათს რომ უკვე დაღლილი იღვიძებთ, ეს შესაძლოა მხოლოდ მძიმე კვირის დასაწყისის ბრალი არ იყოს. ბევრი ახალგაზრდისგან მოისმენთ, რომ დედა, ბებია, დედამთილი უფრო ენერგიულია და მეტი შეუძლია, ვიდრე მას. სპეციალისტები ამბობენ, რომ მუდმივი მოთენთილობა, ენერგიის ნაკლებობა და განცდა, თითქოს დასვენებაც აღარ გშველით, ხშირად იმის ნიშანია, რომ სხეული სრულფასოვან აღდგენას ვეღარ ასწრებს. ზოგ შემთხვევაში კი ეს მდგომარეობა შესაძლოა ქრონიკული დაღლილობის სინდრომთანაც იყოს დაკავშირებული.
ამ თემაზე ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი,მარი მალაზონია, გადაცემაში"პირადი ექიმი მარი მალაზონია"საუბრობს
„მოთენთილობა, დაღლილობის შეგრძნება - შეიძლება იყოს თუ არა დაკავშირებული, მაგალითად, ფიზიკურ აქტივობასთან? რასაკვირველია, შეიძლება იყოს და ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა, არამედ თუნდაც ჩვენთვის უკიდურესად სასარგებლო და ძალიან კარგად დაგეგმილი ფიზიკური აქტივობა, რომელიც დაღლილობას აღძრავს ჩვენში.
როდესაც საერთოდ არ ვიტვირთებით ფიზიკურად, პირიქით, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი გვაქვს ჰიპოდინამიის სახით ან სრულიად მოწყვეტილი ვართ ფიზიკურ აქტივობას — ადინამიაა ჩვენი ყოველდღიურობა. ასეთ შემთხვევაშიც, როგორც კვლევები ადასტურებს, ადამიანებს მიუხედავად ფიზიკური აქტივობის არქონისა, მათ აქვთ დაღლილობის შეგრძნება. დიახ, ეს არის მდგომარეობა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნებისმიერი კიდურა მდგომარეობა — უკიდურესი სიჭარბე, ანუ დატვირთვა ფიზიკური აქტივობით და ფიზიკური აქტივობის სრული არქონა, ანუ არარსებობა — არის ორივე თანაბრად რისკ-ფაქტორი იმისა, რომ ადამიანი მოთენთილად და დაღლილად გრძნობდეს თავს.
მიაქციეთ ყურადღება ძილთან დაღლილობის კავშირს და მე ვფიქრობ, ამას ჩემი ახსნაც არ სჭირდება და არც ჩემი შეხსენება — ძილის ნაკლებობა იწვევს დაღლილობის შეგრძნებას. მაგრამ როგორც კვლევები ადასტურებს და ძალიან ბევრი ადამიანის გამოცდილება, გადაჭარბებული ძილიც, ზედმეტი ძილიც შეიძლება იყოს მოთენთილობის და დაღლილობის წინაპირობა. სხვათა შორის, შაბათ-კვირას რომ ცდილობს ადამიანთა გარკვეული კატეგორია გამოძინებას და თითქოს დანაკარგის აღდგენას, სწორედ შაბათ-კვირას შეიძლება ვერ მოიკრიფოს ძალა, იმიტომ რომ სწორედ ამ დღეებში გადაჭარბებული ძილის გამო ადამიანებმა უფრო მეტად იგრძნონ მოთენთილობა და დაღლილობა და ეს განცდა გაჰყვეთ უკვე სამუშაო კვირის განმავლობაში.
განსაკუთრებით საყურადღებოა მისი კიდურა მდგომარეობები და მდგომარეობა, როდესაც ჭარბი წონა და სიმსუქნე აღძრავს მოთენთილობას და დაღლილობას და წონის დეფიციტიც აღძრავს მოთენთილობას და დაღლილობას. მე აი ამ კანონზომიერებას გავყვები — ნებისმიერი სიჭარბე და ნებისმიერი ნაკლებობა. საყურადღებოა დაღლილობის კონტექსტში და ორივე ასეთ კიდურა მდგომარეობას მივყავართ დაღლილობასთან ძილის შემთხვევაში, ფიზიკური აქტივობის შემთხვევაში, წონის შემთხვევაში.
მიაქციეთ ყურადღება, რომ ნებისმიერი გადაჭარბება ან ნაკლებობა რეჟიმთან მიმართებაში, ჩვენს ყოველდღიურ რუტინას როდესაც ვგულისხმობთ, საყურადღებოა კვებასთან მიმართებაში — საკვების ნაკლებობაც, საკვების სიჭარბეც არის საყურადღებო. გასათვალისწინებელია წყალთან დამოკიდებულება, როდესაც წყლის ნაკლებობა და წყლის სიჭარბე ორივე შეიძლება გახდეს დაღლილობის და მოთენთილობის წინაპირობა. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია, ერთ საათის განმავლობაში ლიტრნახევარზე მეტი წყალი თუ მივიღეთ, ეს შეიძლება იყოს ნატრიუმის მკვეთრად დაქვეითების წინაპირობა და მოთენთილობის, დაღლილობის და სხვა სიმპტომების გაჩენის წინაპირობა, ისევე როგორც არასაკმარისი მომარაგების შემთხვევაში, ანუ წყლის არასაკმარისი მოხმარების დროს ასევე გვექნება მოთენთილობა და დაღლილობა.
მისი არარაციონალური მოხმარება იწვევს ადამიანში დაღლილობას, მოთენთილობას, მოწყვეტილობას. რა თქმა უნდა, როგორც მისი სიჭარბე, ასევე მისი გამოზარხოშება — ანუ როდესაც ადამიანი გარკვეული პერიოდი იღებდა ალკოჰოლის გარკვეულ რაოდენობას და შემდეგ იწყება აბსტინენცია, ანუ გამოზარხოშება. როდესაც ორგანიზმი მოთხოვნილებას ვერ იკმაყოფილებს და აი ასეთ შემთხვევაში დეფიციტი ალკოჰოლისა, რომელიც უნებურად ჩამოყალიბდა, ქმნის სამედიცინო მდგომარეობას, რომელიც მრავალ სხვა სიმპტომთან ერთად გამოირჩევა მოთენთილობით და დაღლილობით, ზოგჯერ პირიქით აგზნებითაც კი.
ასეთ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, მაგალითად, მოთენთილობისა და დაღლილობის განცდა, რომელიც შეიძლება გვქონდეს და ხშირად არის გაზიანი ტკბილი სასმელების გამოყენებისას, როდესაც სისტემატურად მოვიხმართ ამ პროდუქტებს. ენერგეტიკული სასმელების მოხმარებისას მიაქციეთ ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ტონუსის გამაძლიერებელია, სასიცოცხლო ძალების მომგვრელია ეს პროდუქტები, საპირისპირო განცდებს აღძრავს, როდესაც არარაციონალურად, გადაჭარბებით მოვიხმართ.
ტკბილეული და ტკბილი პროდუქტების, განსაკუთრებით ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლების შაქრებით დატვირთვა ადამიანებში აღძრავს მოთენთილობას და დაღლილობას, ისევე როგორც გლუკოზის დონის მკვეთრი ვარდნა სისხლში. აი ამიტომ გლიკემია, ანუ გლუკოზის მაჩვენებელი სისხლში — სტაბილური მაჩვენებელი — არის სწორედ საუკეთესო წინაპირობა იმისა, რომ მოთენთილობა და დაღლილობა ნებისმიერი უკიდურესობისაგან დაცვის საშუალებას გვაძლევს.
კოფეინის გამოყენება და კოფეინშემცველი პროდუქტების გამოყენება — მიუხედავად იმისა, რომ მათ მასტიმულირებელი, ტონუსის ამწევი ეფექტი აქვთ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ დოზა. და არის მდგომარეობები, როდესაც ამ პროდუქტების გადაჭარბებული მოხმარება პირიქით, მოთენთილობისა და დაღლილობის განცდას აღძრავს, ისევე როგორც იმ ადამიანებში, ვინც გარკვეულწილად რიტუალურად დაკავშირებულია ამ პროდუქტების მოხმარებასთან — სანამ არ მიიღებს ამ პროდუქტს, გრძნობს დაღლილობას, მოთენთილობას და თითქოს ძალების მოკრება უჭირს.
თქვენ იფიქრებთ, რა შუაშია ცხიმების მოხმარება, მარილის მოხმარება და მოთენთილობა-დაღლილობა. მარილის მოხმარება არარაციონალურად — ეს არის სითხის შეკავება, ეს არის წნევის მერყეობა, ეს არის გარკვეული ბალანსის დარღვევა უჯრედის შიგნით და უჯრედის გარეთ სითხისა, რაც აღძრავს ადამიანში მოთენთილობას და დაღლილობას. ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული პროცესირებული პროდუქტების, ანუ გადამუშავებული პროდუქტების ტრანს-ცხიმების გამოყენება, რომელიც აღძრავს ადამიანებში მოთენთილობას და დაღლილობას, თუნდაც იმით, რომ ეს დაკავშირებულია ანთებასთან.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აქ უნდა გავითვალისწინოთ ზოგადად მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მოთენთილობასა და დაღლილობაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ის უხილავი სამყარო და წონასწორობა ნაწლავში — ნაწლავსა და ნებისმიერ სხვა სისტემასთან. დიახ, როგორია მდგომარეობა ნაწლავში? როგორია მიკრობიოტა და მიკრობიომი? როგორია ცხოველქმედების პროდუქტების გავლენა ადამიანის ორგანიზმსა და ჯანმრთელობაზე? როგორ აისახება, მაგალითად, ეს ნაწლავ-ტვინის ღერძზე? ამან შეიძლება ჩვენში აღძრას მოთენთილობის და დაღლილობის შეგრძნება. ამიტომ ნაწლავის გამართული მუშაობა არის უმნიშვნელოვანესი საიდუმლო.
შემდეგი საიდუმლო — ეს გახლავთ წონასწორობა, რომელიც, რა თქმა უნდა, ნაწლავზე საუბრისას ჩვენ აუცილებლად გვაქვს გათვალისწინებული, მაგრამ როდესაც სასწორს წარმოვიდგენთ, სადაც არა მარტო მიღებული და დახარჯული ენერგიაა გასათვალისწინებელი, არამედ გასათვალისწინებელია ყველა იმ ფაქტორთან მიმართებაში წონასწორობა, რომელიც მე უკვე დავასახელე: ძილი, ფიზიკური აქტივობა, წონა, მაგალითად წყლის მოხმარება, ალკოჰოლის მოხმარება, სხვადასხვა საკვები ნივთიერების მოხმარება.
ამ წონასწორობაში არ უნდა დაგვავიწყდეს — რა იქნებოდა ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მართვის უკეთესი შესაძლებლობა და რა დაგვეხმარებოდა დაღლილობის შეგრძნების დაძლევაში? ნაწლავის მოწესრიგებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ყოველდღიური კვების დარეგულირება მცირე ულუფებით, ყოველდღიურად ისე გადანაწილება ყველა აუცილებელი ჯგუფის პროდუქტებისა, რომ კვებათა შორის ინტერვალი არ იყოს ხანგრძლივი. გავითვალისწინოთ, რომ საკვები დიდი ულუფით კი არ მივაწოდოთ, მივაწოდოთ მაღალი სიმკვრივით საკვები ნივთიერებებისა, ანუ საკვები ნივთიერებებით უნდა იყოს დატვირთული პროდუქტები და არა დიდი მოცულობით. და ასეთ შემთხვევაში ხუთი ჯგუფის ხუთი ფერის პროდუქტები, კიდევ უფრო მეტი მათი მრავალფეროვნება გვაძლევს საშუალებას უკეთ ვმართოთ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და ზოგადად ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობა.
როდესაც ერთ-ერთი სიმპტომი დაღლილობაა, არ უნდა დაგვავიწყდეს განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც მე ვახსენე წეღან საუბარში და რომელიც არის საფუძველი — უხილავი საფუძველი — ეს არის ანთება. და ანთებასთან მიმართებაში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ კვების ისეთი მოდელები, რომელიც ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა. ეს არის საკვები პროდუქტები — ამ შემთხვევაში ჰარვარდის სკალაა კლასიკურად წარმოდგენილი, სადაც პომიდორი, მწვანეფოთლოვანი მცენარეები, სხვადასხვა სახის თხილეული, ციტრუსი, კენკროვანები და სწორად შერჩეული ცხიმები გვაძლევს საშუალებას ზეითუნის ზეთსა და თევზის გამოყენებასთან ერთად არა მარტო ანთება ვმართოთ, არამედ მისი დამსახურებით განვითარებული დაღლილობა ავიცილოთ თავიდან ან დავძლიოთ.
ხოლო როდესაც შეაფასეს კვების მოდელები, რომელიც ყველაზე კარგად მუშაობს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის თავიდან ასაცილებლად ან არსებული სინდრომის მართვისათვის, აღმოჩნდა, რომ ასეთი მოდელი, ისევე როგორც მრავალი სხვა დაავადების დროს, არის ხმელთაშუა ზღვის კვების მოდელი, რომელიც გამოირჩევა სწორედ ჩემს მიერ დასახელებული პროდუქტების მრავალფეროვნებით, ანთების საწინააღმდეგო საკვების ფართო გამოყენებით. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია — ისეთი კომპონენტით, როგორიც გახლავთ სოციალური კომუნიკაცია, სწორი პროდუქტების სწორ კომბინაციასთან ერთად. და ასეთ შემთხვევაში ჩვენ არა მარტო ფიზიკურ, არამედ მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობაზე ვზრუნავთ, ისევე როგორც ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე და იმის გააზრებაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ.“