გაუჩინარებული პრინცესა: მაროკოს მმართველის მეუღლე 2017 წლის შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა - მშობლები

გაუჩინარებული დედოფალი: მაროკოს მმართველის მეუღლე 2017 წლის შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა

2026-05-11 11:07:12+04:00

ცხრა წელი სიჩუმეში - სწორედ ასე შეიძლება ეწოდოს მაროკოს მმართველის ცოლის, ლალა სალმას ისტორიას, რომელიც 2017 წლის შემდეგ აღარავის უნახავს. გავრცელდა ხმები, თითქოს, რამდენიმე წლის წინ იგი შვილებთან ერთად საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე შენიშნეს, თუმცა ამის დამადასტურებელი არც ფოტო და არც ვიდეომასალა არ არსებობს. იდუმალებით მოცულ ამბავს კი მედიაში ხშირად იხსენებენ.

მაროკოს მეფის ოფიციალური წარმომადგენლები ყოველგვარ კომენტარზე უარს აცხადებენ, რაც მედიას სხვადასხვა თეორიისა და ფანტაზიებისთვის დიდ სივრცეს უტოვებს. ასე მაგალითად, 2018 წელს ესპანურმა პრესამ გაავრცელა ხმა, რომ ლალა სალმა და მუჰამედ VI განქორწინდნენ - პრინცესას გაუჩინარებაც, რომელიც ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდა, სწორედ ამით აიხსნება. თუმცა თავად მეფეს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია, რაც კიდევ უფრო მეტ ეჭვს ბადებს: მაროკოში სალმას გაუჩინარება უბრალოდ იგნორირებულია.

lala-salma-2-1778483358.jpg
პრინცესა ბოლოს საჯაროდ 2017 წელს გამოჩნდა

პრინცესა ხალხიდან

სალმა ბენანი (მუჰამედ VI-ის მეუღლის სახელი ქორწინებამდე) 1978 წლის 10 მაისს, მაროკოს ქალაქ ფესში, პედაგოგის ოჯახში დაიბადა. 1981 წელს გოგონას დედა გარდაეცვალა, რის შემდეგაც მისი აღზრდა ბებიამ ითავა.

განათლება სალმამ მაროკოს დედაქალაქ რაბათში მიიღო. იქ იგი ჯერ ლიცეუმში სწავლობდა, შემდეგ კი ENSIAS-ის უნივერსიტეტში, რომლის დასრულების შემდეგაც საინფორმაციო სისტემების ინჟინერიის დიპლომი აიღო. ამის შემდეგ მეფის მომავალი მეუღლე რამდენიმე თვის განმავლობაში ONA Group-ში (რომელსაც, სხვათა შორის, სამეფო ოჯახი აკონტროლებს) პროფესიით მუშაობდა. ბენანი, ალბათ, ბრწყინვალე კარიერის შექმნას შეძლებდა - ამისთვის მას ნიჭიც და შეუპოვრობაც ჰქონდა, ბედს იგი მუჰამედ VI-სთან რომ არ დაეკავშირებინა.

lala-salma-1-1778483480.jpg
ლალა სალმა

ცნობილია, რომ მომავალმა მეუღლეებმა ერთმანეთი 1999 წელს, დახურულ ღონისძიებაზე გაიცნეს. მათი ურთიერთობის განვითარების შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა ის ფაქტი, რომ მუჰამედ VI-მ თავისი რჩეულის ვინაობა ქვეშევრდომებს არ დაუმალა, მაროკოსთვის უდიდესი მოვლენა გახდა. საქმე ისაა, რომ მანამდე მონარქები ცოლების უცხო თვალისგან მოშორებით ყოლას ამჯობინებდნენ. ეს ქალები საჯარო პირები არ იყვნენ, ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ მონაწილეობდნენ და სამეფო ტიტულსაც არ ატარებდნენ. ქვეშევრდომებმა მათი სახეებიც კი არ იცოდნენ. სალმამ მაროკოს ისტორიის ეს ფურცელი გადაშალა და ახლის - საკუთარი ისტორიის წერა დაიწყო.

lala-salma-3-1778483504.jpg
მუჰამედ VI და ლალა სალმა

2002 წლის 21 მარტს მუჰამედ VI-მ თავის რჩეულზე იქორწინა. საქორწინო ცერემონია მედიით გაშუქდა, რის შემდეგაც სალმა დასავლური პრესის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. მან მისი სამეფო უდიდებულესობის, პრინცესა ლალა სალმას ტიტული მიიღო და გახდა მაროკოს მეფის პირველი მეუღლე, ვისთვისაც ასეთი გამონაკლისი დაუშვეს. თუმცა, ეს ერთადერთი სიახლე არ ყოფილა - წინამორბედებისგან (მათ შორის მამამისისგან) განსხვავებით, მუჰამედ VI-მ მრავალცოლიანობის უფლებაზე უარი თქვა და ამით რეფორმატორის რეპუტაცია განიმტკიცა. ლალა სალმა მისი პირველი და ერთადერთი მეუღლე, ასევე მისი შვილების - მულაი ჰასანისა და ლალა ხადიჯას დედა გახდა, რომლებიც ახლა, შესაბამისად, 23 და 19 წლისანი არიან.

ხალხის რჩეული

ქორწინების შემდეგ ლალა სალმამ სასახლის ფუფუნებაში წყნარ ცხოვრებაზე უარი თქვა და საზოგადოებრივ მოღვაწეობას აქტიურად შეუდგა. იგი ხშირად ესწრებოდა საქველმოქმედო ღონისძიებებს და სამედიცინო ორგანიზაციებს კურირებდა. 2005 წელს პრინცესამ ონკოლოგიასთან ბრძოლის საკუთარი ფონდი - Lalla Salma Foundation დააფუძნა. თავისი საქმიანობისთვის მაროკოს მეფის მეუღლემ რამდენიმე ჯილდო, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგანაც მიიღო. მისმა გულღიაობამ და სხვების დახმარების სურვილმა მაროკოს მცხოვრებთა გულებში სიყვარული სწრაფად დაიმსახურა - ადგილობრივ პრესაში მშვენიერ სალმას ხალხის რჩეულს უწოდებენ.

lala-salma-4-1778483537.jpg
მუჰამედ VI და ლალა სალმა შვილთან ერთად

თუმცა მაროკოელი პრინცესა მხოლოდ სამშობლოში არ უყვარდათ. იგი ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ, საერთაშორისო ღონისძიებებზე ქმარს წარადგენდა და სხვა სახელმწიფოთა ლიდერებსა და მათ მეუღლეებს ხვდებოდა. ასე მაგალითად, 2011 წელს ლალა სალმა პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილის საპატიო სტუმარი იყო. აღმოსავლურ სტილში მდიდრულად მორთულ კაბაში გამოწყობილი მაროკოს პრინცესა დასავლურმა გლამურულმა გამოცემებმა შეამჩნიეს და თანამედროვე სამეფო ოჯახების ყველაზე ლამაზ და ელეგანტურ წარმომადგენელთა შორის დაასახელეს.

lala-salma-5-1778483572.jpg
ლალა სალმა

მუჰამედ VI-ის მეუღლე ასევე ხვდებოდა დედოფალ რანიას, მიშელ ობამას, ბრიჟიტ მაკრონსა და დედოფალ ლეტიციას. ჟურნალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ უკანასკნელთან პრინცესას საკმაოდ თბილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა - მათ ერთად მაროკოს რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია მოინახულეს და ერთმანეთთან ურთიერთობით კმაყოფილნი დარჩნენ.

lala-salma-6-1778483599.jpg
მუჰამედ VI და ლალა სალმა ესპანეთის სამეფო ოჯახთან ერთად
lala-salma-8-1778483692.jpg
ლალა სალმა და ბრიჯიტ მაკრონი

სხვათა შორის, სწორედ მას შემდეგ, რაც 2019 წლის დასაწყისში ლალა სალმამ ესპანეთის მეფისა და მისი მეუღლის რაბათში ვიზიტთან დაკავშირებული ღონისძიებები გამოტოვა, მრავალმა მედიასაშუალებამ განგაში ატეხა. იმ დროისთვის მუჰამედის მეუღლე უკვე თითქმის ორი წელი აღარავის ენახა.

კითხვები პასუხების გარეშე

მართალია, მაროკოს მეფე ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი მმართველი, რომელმაც საზოგადოებას ცოლი წარუდგინა, თუმცა საკუთარ პირად ცხოვრებას იგი გამალებით იცავს. ყველასთვის მათი ქორწინება იდეალური ჩანდა: მუდამ უზადო და მომხიბვლელი ლალა სალმა, თავისი მომნუსხველი ღიმილით, ძვირფასი მეუღლის გვერდით საზოგადოებაში ხშირად გამოდიოდა. მედიაში სამეფო წყვილის პრობლემების შესახებ ინფორმაციას არასოდეს გაუჟონავს. ბოლო წლების მოვლენები რომ არა, სამყაროს კვლავაც ეჯერებოდა, რომ შეყვარებულები სრულ ჰარმონიაში ცხოვრობენ.

lala-salma-10-1778483771.jpg
ლალა სალმა

ლალა სალმას გაუჩინარების ირგვლივ უამრავი სპეკულაციური თეორია არსებობს, რომელთა უმეტესობაც კრიტიკას ვერ უძლებს: დაწყებული პრინცესას წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციით, დამთავრებული მისი მეუღლის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციით. ყველაზე გონივრული ჩანს ესპანური ყოველკვირეული გამოცემა Hola!-ს ვარაუდები, რომელმაც სამეფო ოჯახში განქორწინების შესახებ პირველმა ისაუბრა. ამ ვერსიას სხვა დასავლური მედიასაშუალებებიც იზიარებენ, თუმცა ამაზე ეჭვნარევი ტონით წერენ, რადგან ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს.

lala-salma-11-1778483871.jpg
ლალა სალმა

ზოგიერთი მონაცემით, ლალა სალმა შვილებთან ერთად იტალიაში ნახეს. სხვა წყაროები ვარაუდობენ, რომ პრინცესა ახლა საბერძნეთში იმყოფება ან მაროკოში სადმე საიმედოდაა დამალული. როგორც ჩანს, მუჰამედ VI-ის პროგრესულ შეხედულებებს მაინც გარკვეული საზღვრები აქვს. დადის ხმები, რომ სტატუსი მეფეს განქორწინების ოფიციალურად გამოცხადების უფლებას არ აძლევს, ამიტომ მან დამთრგუნველი, ამოწურული ურთიერთობიდან გამოსავალი იპოვა - ცოლს მშვიდობიანად განცალკევება და შვილების ნახვის შესაძლებლობა შესთავაზა. ზოგიერთი წყარო ვარაუდობს, რომ მეფემ ერთადერთი ცოლის ერთგულებაზე უბრალოდ გადაიფიქრა და ძველი ტრადიციისამებრ მორჩილი ფავორიტი ქალების ჯგუფი გაიჩინა. თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს.

ქალი, რომელიც ქვეყნის სოციალურ ცხოვრებაში აქტიურად იყო ჩართული, 2017 წლის შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა და დადასტურებული ინფორმაცია, თუ რას საქმიანობს ლალა სალმა ახლა, არავინ იცის. კიდევ ერთი გავრცელებული ვერსიით, მაროკოს მეფემ მეორე ცოლი მოიყვანა და 2018 წელს პირველ ცოლს გაშორდა. ამიტომაც აღარ ჩანს ასპარეზზე სალმა. თუმცა ამ ვერსიასაც არ ადასტურებენ ოფიციალურად.

პრინცესა შარლოტა 11 წლისაა - როგორია პრინც უილიამის ერთადერთი ქალიშვილი, სამეფო გვირგვინის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი
ქეით მიდლტონი ისტორიაში ყველაზე დიდი, 2600 ბრილიანტითა და ლალის თვლებით შემკული დიადემით გამოჩნდა - სამეფო ბანკეტის მთავარი ვარსკვლავი პრინცესა გახდა
ესპანელი პრინცესა, რომელიც დედოფლობისთვის ემზადება - 19 წლის ლეონორი 10 ენას ფლობს, გაიარა სამხედრო მომზადება და ერთ-ერთ ყველაზე ინტელექტუალურ მემკვიდრედ მიიჩნევა