13 წლისა გაუჩინარდა და მას უამრავი ადამიანი ეძებდა... დაკარგული გოგონა 30 წლის შემდეგ მოულოდნელად იპოვეს - საქმე, რომელიც ბევრს აოცებს - მშობლები

13 წლის დაკარგული გოგონა 30 წლის შემდეგ მოულოდნელად იპოვეს - საქმე, რომელიც ბევრს აოცებს

2026-05-13 10:31:55+04:00

2026 წლის გაზაფხულზე არიზონას შტატის პოლიციის მცირე სამმართველომ ისეთი განცხადება გაავრცელა, რომელსაც აღარავინ ელოდა. გოგონა, რომელიც 1994 წელს, ჯერ კიდევ მოზარდი, უკვალოდ გაქრა, ცოცხალი აღმოჩნდა... კრისტინა მარი პლანტე უკვე ორმოც წელს გადაცილებული იყო, როცა პოლიციამ მიაკვლია. თუ სად და რა ვითარებაში გაატარა მან ეს წლები, არ აკონკრეტებენ. მისი ისტორია კი კინოსცენარს წააგავს:

გაუჩინარება

სტარ-ველი არიზონას ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს - ეს გახლავთ ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარე პატარა დასახლება, რომელსაც გარშემო ტონტოს ეროვნული ტყის მასივი აკრავს. ოთხმოციანი წლების შუა პერიოდში აქ ათას ხუთასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ყველა ყველას იცნობდა, უცხო ადამიანის გამოჩენას კი მაშინვე ამჩნევდნენ.

1994 წლის მაისის ერთ დღეს, ცამეტი წლის კრისტინა ცხენის მოსანახულებლად საჯინიბოსკენ ფეხით გაემართა - გზა მოკლე და კარგად ნაცნობი იყო. საჯინიბომდე ვერ მიაღწია - დასახლების მცხოვრებთაგან ვერავინ დაინახა, საით წავიდა ან რა შეემთხვა.

ჰილას ოლქის პოლიციამ სამძებრო ჯგუფი იმავე დღეს შეკრიბა. მოხალისეებმა მიმდებარე ტყე დაათვალიერეს, თანამშრომლებმა კი ადგილობრივები გამოკითხეს. გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ბავშვთა ძებნით დაკავებულ ფედერალურ სტრუქტურას - დაკარგულ და ექსპლუატირებულ ბავშვთა ეროვნულ ცენტრს გადაეცა. ორიენტირები რამდენიმე შტატში დაიგზავნა. ოფიციალურ დოკუმენტებში ბავშვის სიცოცხლისათვის სახიფათო გარემოებები იყო აღწერილი. ძებნა დიდხანს გაგრძელდა, თუმცა შედეგი არ გამოიღო.

istoria-1778653994.jpg
კრისტინა მარი პლანტე

30 წელი პასუხის გარეშე

გაუხსნელ საქმეებთან მუშაობის ამერიკული სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ისინი თაროზე სამუდამოდ არ ინახება. გამომძიებლები მათ მაშინ უბრუნდებიან, როდესაც ახალი ტექნიკური შესაძლებლობები - მოლეკულური ანალიზი, ციფრული რეესტრები ან ღია წყაროებთან მუშაობის ინსტრუმენტები ჩნდება. კრისტინას საქმე არქივიდან რამდენჯერმე ამოიღეს, მაგრამ ყოველი მცდელობა ჩიხით სრულდებოდა.

საბოლოოდ, გამოძიება სპეციალურ ქვედანაყოფს გადაეცა, რომელიც ამერიკულ პოლიციაში მხოლოდ ძველი, გაუხსნელი საქმეებითაა დაკავებული. ასეთი განყოფილებები მასობრივად ორიათასიან წლებში შეიქმნა, როდესაც ცხადი გახდა, რომ მიმდინარე საქმეებით დატვირთულ თანამშრომლებს ძველი შემთხვევებისთვის დრო უბრალოდ აღარ რჩებოდათ. სწორედ ამ ქვედანაყოფის მუშაობამ გამოიღო შედეგი ოცდათორმეტი წლის შემდეგ.

საქმის მოულოდნელი შემობრუნება

გამომძიებელმა ჯეიმი გარეტმა ჟურნალისტებს უამბო, თუ როგორ მიმდინარეობდა ძიება. იგი მეთოდურად ამოწმებდა სხვადასხვა რეესტრის საჯარო მონაცემებს, ათვალიერებდა პროფილებს ინტერნეტში და ფაქტებს ერთმანეთს ადარებდა. კონკრეტულ კანდიდატზე გასვლის შემდეგ, მან მას პირდაპირ დაურეკა და აღმოჩნდა, რომ ის სწორედ კრისტინა იყო.

გაირკვა, რომ 1994 წელს კრისტინა სახლიდან საკუთარი ნებით წავიდა. გაქცევა წინასწარ დაიგეგმა და მასში ნათესავებიც მონაწილეობდნენ. გამომძიებელმა ვითარება ლაკონურად დაახასიათა: გოგონას ის გარემო და ის ადამიანები არ აკმაყოფილებდა, რომელთა შორისაც ცხოვრობდა. სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრება - იურიდიულად დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

როდესაც გარეტს ჰკითხეს, თუ რამ განაცვიფრა ამ ისტორიაში ყველაზე მეტად, მას დეტალებზე არ უსაუბრია…

istoria-3-1778654030.png

დასასრული განმარტებების გარეშე

შერიფ ადამ შეფერდის ოფიციალური განცხადება სულ სამ მოკლე აბზაცს მოიცავდა. საზოგადოების მხრიდან უამრავი შეკითხვა გაჩნდა, რომლებზე პასუხის გაცემასაც არავინ ჩქარობდა. ნათესავებიდან კონკრეტულად ვინ ფლობდა ინფორმაციას? იცოდა თუ არა ოჯახმა, რომ ის ცოცხალი იყო? როგორ მოახერხა ადამიანმა, რომ 30 წლის განმავლობაში არანაირი კვალი არ დაეტოვებინა? რა გახდა სახლიდან წასვლის მოტივი? ეს და კიდევ უამრავი სხვადასხვა შეკითხვა არსებობს.

დაკარგულ ბავშვთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ზოგადი ფრაზით შემოიფარგლა: ეს შემთხვევა ადასტურებს, რომ ძებნა ხანდაზმულობის ვადის მიუხედავად უნდა გაგრძელდეს. ყოფილმა გამომძიებელმა კი, რომელიც ამ ისტორიას ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში აფასებდა, უფრო კონკრეტული რამ დაამატა: ფორმალურად საქმე დახურულია, თუმცა შინაარსობრივად იგი დასრულებული არ არის - ძალიან ბევრი რამ დარჩა კულისებს მიღმა.

ქალი, რომელსაც ოცდაათ წელზე მეტხანს ეძებდნენ, ახლა სხვისი სახელით ცხოვრობს. როგორც ჩანს, იგი საკუთარი ისტორიის მოყოლას არ აპირებს. პოლიციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. კვანძი გაიხსნა, თუმცა განმარტება არ არსებობს. სწორედ ეს ხდის კრისტინა პლანტეს ისტორიას კიდევ უფრო უჩვეულოსა და განსხვავებულს.

dkrguli2-1778659035.png

dkrguli-1778659034.png

არსებობს ვარაუდი, რომ გოგონა, რომლის მშობლებსაც მის მეურვეობაზე დავა ჰქონდათ, დედასთან ერთად გაიქცა. როგორც ცნობილია, კრისტინას დეტალებზე საუბარი არ სურს და არც მედიასთან ჩნდება.

35 წლის წინ გაუჩინარებული გოგონას ამბავი და ფოტო, რომელმაც ყველაფერი ყირაზე დააყენა
დაკარგული მოდელი - გოგონა, რომელიც დღისით-მზისით შანხაიში ისე გაუჩინარდა, მის შესახებ დღემდე არავინ არაფერი იცის
ახალგაზრდა მილიარდერი კანიბალებმა შეჭამეს თუ მათთან დარჩა საცხოვრებლად? - როკფელერების უმდიდრესი დინასტიის მემკვიდრის გაუჩინარების საიდუმლო