სხვადასხვა ნიღაბი, ტეიპები და ბანდაჟი სახეზე მთელი ღამით - რატომაა სახიფათო ახალი ბიუთი-ტრენდი, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით ტიკ-ტოკზე სარგებლობს - მშობლები

ბანდაჟი სახეზე და ნიღაბი მთელი ღამით - ახალი ბიუთი-ტრენდი ტიკ-ტოკზე, რომელიც ძალიან სახიფათო აღმოჩნდა

2026-05-14 08:57:47+04:00

ბოლო თვეებში სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ბიუთი-ტრენდი morning shed, ანუ "დილის კანცვლა" . თავად იდეა დიდად ახალი არ გახლავთ. "ტიკ-ტოკერმა" ბლოგერებმა ადრეც შემოგვთავაზეს არაერთი უცნაური და ერთი შეხედვით, გაუგებარი ექსპერიმენტი - მრავალსაფეხურიანი მოვლიდან დაწყებული, ტეიპებითა და პლასტირებით შესრულებული საეჭვო ლაიფჰაკებით დასრულებული. თუმცა, ახლა მათ ყოველივე ამის ერთ რიტუალში გაერთიანება და ღამის რუტინის აბსურდამდე მიყვანა გადაწყვიტეს.

ძილის წინ ისინი სახეზე ერთდროულად რამდენიმე საშუალებას ისვამენ, იკრავენ პატჩებსა და ტეიპებს, იკეთებენ ბანდაჟებს, თმას კი ბიგუდებით იხვევენ. დილით ეს ყველაფერი კამერის წინ იხსნება - გამომწერებს კი დაპირებულ, დაუჯერებელ ბიუთი-გარდასახვას აჩვენებენ.

ბლოგერები გვარწმუნებენ: თუ ძილის წინ სათანადოდ მოვემზადებით, გაღვიძებისთანავე მხოლოდ პირის დაბანა და იდეალურად გამოჩენა იქნება შესაძლებელი. აღარავითარი ხანგრძლივი მზადება, ვარცხნილობასა და მაკიაჟზე წვალება აღარ დაგვჭირდება... გარდა ამისა, ადამიანმა უნდა დაიჯეროს, რომ სანამ მას სძინავს, ყველა ეს საშუალება და აქსესუარი მის ნაცვლად მუშაობს. გასაკვირი არ არის, რომ ჰეშთეგით #morningshed "ტიკ-ტოკზე" უკვე 100 მილიონზე მეტმა პოსტმა მოიყარა თავი.

biuti-trendi-1-1778734976.jpg

თუმცა ჩნდება კითხვა, ნამდვილად მუშაობს კი ეს ყველაფერი? თუ კვლავ კამერებისთვის დადგმულ ეფექტურ, მაგრამ პოტენციურად სახიფათო შოუსთან გვაქვს საქმე?

როგორც დერმატოლოგ-კოსმეტოლოგები აღნიშნავენ, ამ ბიუთი-ტრენდის ქმედით მეთოდად წარმოდგენა რთულია. ეს უფრო სანახაობრივი წარმოდგენაა, რომელიც მხოლოდ დროებით ვიზუალურ ეფექტს - დილის შეშუპების შემცირებასა და კანის დატენიანებას უზრუნველყოფს. სინამდვილეში კი, გაღიზიანებისა და დისკომფორტის რისკები შესაძლო სარგებელს მნიშვნელოვნად აღემატება.

თუ ამ ტრენდს ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილავთ, ნათელი გახდება, რომ მისი ყველა ელემენტი უსაფრთხო ნამდვილად არ არის.

ნიღბები და პატჩები

ნაჭრის ან ჰიდროგელის ნიღბების სახეზე მთელი ღამით დატოვებას სპეციალისტები კატეგორიულად არ გვირჩევენ, რადგან ისინი ზემოქმედების შეზღუდულ დროზე, როგორც წესი, არაუმეტეს 20 წუთზეა გათვლილი. ნიღბის გაშრობის შემდეგ უარყოფითი პროცესები იწყება - იგი უკუოსმოსის პრინციპით მოქმედებასა და კანიდან ტენის შეწოვას იწყებს, რითაც მას კიდევ უფრო მეტად აშრობს.

biuti-trendi-3-1778734991.jpg

სახეზე ნიღბის ასე ხანგრძლივად დაყოვნება ფორების დახშობას იწვევს, კანის ბუნებრივ სუნთქვას აფერხებს, სისხლისა და ლიმფის მიკროცირკულაციას არღვევს და ქსოვილებში შეგუბებით მოვლენებს განაპირობებს. ასევე შესაძლებელია კონტაქტური დერმატიტის განვითარება, რომელსაც ნიღბის კომპონენტები ან მასში არსებული კონსერვანტები პროვოცირებს. ამასთანავე, კანის დამცავი ბარიერის დაზიანებისა და ანთებითი პროცესების განვითარების ალბათობა მრავალჯერ იზრდება.

ღამის მოვლისთვის უმჯობესია სპეციალური კრემები შეარჩიოთ, რომელთა შემადგენლობაც კანთან ხანგრძლივი კონტაქტისთვის სპეციალურადაა შერჩეული.

თვალის გარშემო არესთვის განკუთვნილი პატჩების გამოყენება კვირაში 2-3-ჯერაა რეკომენდებული და არა მთელი ღამის განმავლობაში. უფრო რაციონალურია მათი მაცივარში შენახვა და პრობლემურ ზონაზე დილით დადება. სიცივე სისხლძარღვების შევიწროებასა და შეშუპების აღმოფხვრას უწყობს ხელს. მსგავსი პროცედურის შემდეგ კანი უფრო გლუვი და დატენიანებული ხდება, თუმცა ეს ეფექტი დროებითია და მალე გადის.

morning-shed-1778735148.webp

გრძელვადიანი შედეგის მიღება RF-ლიფტინგის პროცედურითაა შესაძლებელი: კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების პროცესების გააქტიურების ხარჯზე კანი იჭიმება, თვალქვეშა პარკები და მუქი წრეები ქრება, და წვრილი ნაოჭები სწორდება.

ტეიპები და ბანდაჟები

სინამდვილეში, ბანდაჟების გამოყენების ეფექტურობა ძალიან გადაჭარბებულია და მათი მოქმედება დროებით ხასიათს ატარებს. ბანდაჟის ტარება მხოლოდ ესთეტიკურ მედიცინაში ქირურგიული ჩარევის შემდგომ, აღდგენით პერიოდშია გამართლებული. ისინი სწორედ ამ მიზნისთვის შეიქმნა.

biuti-trendi-4-1778735005.jpg

ტეიპებთან დაკავშირებით კი სრულიად განსხვავებული ვითარებაა და მათმა გამოყენებამ შესაძლოა გარკვეული რისკები წარმოშვას. ისინი კანის გაღიზიანებას, მიკროდაზიანებებსა და კონტაქტურ დერმატიტს იწვევენ. ტეიპების წებოვანი საფუძველი კანის ზედა რქოვანა შრეს აზიანებს და სიწითლესა და აქერცვლას განაპირობებს. ყველაზე მეტად მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანები ზარალდებიან. ზეწოლის შედეგად ქსოვილებში ნორმალური სისხლის მიმოქცევა და ლიმფოდრენაჟი ირღვევა. ერთი შეხედვით გამქრალი "ორმაგი ნიკაპი" კი თავის კუთვნილ ადგილს რამდენიმე საათში უბრუნდება.

რბილი ბიგუდები და აბრეშუმის ტიურბანი

biuti-trendi-5-1778735024.jpg

სამწუხაროდ, მთელი ამ ტრენდიდან მხოლოდ აბრეშუმის ტიურბანი შეიძლება ჩაითვალოს მართლაც ეფექტურად. თეთრეულის ბამბის ქსოვილი თმას აშრობს, რაც მის მტვრევადობასა და აბურდვას იწვევს, აბრეშუმი კი, განსაკუთრებით ნატურალური, ხახუნს მინიმუმამდე ამცირებს. თმა ასეთ ზედაპირზე ადვილად სრიალებს, რაც მას დაზიანებისგან იცავს და ე.წ. ბოლოჭამიების რაოდენობას ამცირებს.

რბილი ბიგუდები, მათზე სველი თმის მჭიდროდ დახვევის შემთხვევაში, თმის ღერებს აზიანებს. ასევე, ასეთ დროს თმა რთულად შრება და მისი სტრუქტურა ირღვევა. ამიტომ, დახვევის ამ მეთოდზე უარის თქმა აჯობებს.

აბრეშუმის ქუდები კი, სპეციალისტების თქმით, ნამდვილად საუკეთესოა. ძილის წინ თმის დამატებითი მოვლისთვის, სუფთა თავის კანზე სპეციალური შრატების დატანას გვირჩევენ, რომლებიც პეპტიდებს, ნიკოტინის მჟავას ან კოფეინს შეიცავს. ეს კომპონენტები მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად იმოქმედებენ, მიკროცირკულაციას სტიმულირებას გაუწევენ და თმის ფოლიკულებს გაამაგრებენ. სიმშრალისა და მტვრევადობის თავიდან ასაცილებლად, ასევე თმის ბოლოებზე დამცავი ფენის შესაქმნელად, რამდენიმე წვეთი მსუბუქი ზეთი დაგეხმარებათ. გრძელი თმის მფლობელებისთვის სასურველია ძილის დროს მისი დაწვნა, ოღონდ მჭიდრო რეზინების გარეშე.

ამგვარად, პოპულარული ბიუთი-ტრენდი არა მხოლოდ არაეფექტური, არამედ კანისა და თმის ჯანმრთელობისთვის საშიშიც კია. უმჯობესია კვალიფიციურ სპეციალისტს მიმართოთ, რომელიც სახისა და თმის მოვლის ეფექტურ პროგრამას შეგირჩევთ.

ახალი სახიფათო ტრენდი TikTok-ზე, რომლის გამოც ათობით ბავშვმა სახისა და გულ-მკერდის არეში მძიმე დამწვრობა მიიღო
მკერდისა და დუნდულების გასადიდებლად გარდაცვლილი ადამიანის ცხიმს იყენებენ - ახალი ტრენდი სილამაზის ინდუსტრიაში