იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც სახლში კვირაში ერთხელ მაინც ამზადებენ საჭმელს, დემენციის განვითარების გაცილებით დაბალი რისკის წინაშე დგანან. კვლევის მიხედვით, ასეთ ადამიანებში დემენციის ალბათობა დაახლოებით 30%-ით ნაკლებია მათთან შედარებით, ვინც კერძების მომზადებას იშვიათად მიმართავს.
კვლევის შედეგებზე გამოცემა Good News Network წერს.
მეცნიერები ექვსი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 65 წელს გადაცილებულ 10 978 მონაწილეს. კვლევაში მონაწილეთა ნახევარი ქალი იყო, დაახლოებით 20% — 80 წელზე უფროსი, ხოლო მესამედს 9 წელზე ნაკლები განათლება ჰქონდა მიღებული. მონაწილეთა დაახლოებით 40%-ის წლიური შემოსავალი 12 500 დოლარზე ნაკლები იყო.
მონაწილეებს ჰკითხეს, რამდენად ხშირად ამზადებდნენ სახლში საჭმელს. ამასთან, მკვლევრებმა მათი კულინარიული უნარებიც შეაფასეს შვიდი სხვადასხვა კრიტერიუმით — ბოსტნეულის გაფცქვნიდან დაწყებული, რთული კერძების, მაგალითად რაგუს მომზადებით დასრულებული.
გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარი კვირაში მინიმუმ ხუთჯერ ამზადებდა საკვებს.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სახლში კვირაში ერთხელ მაინც საჭმლის მომზადება დემენციის რისკს მამაკაცებში 23%-ით, ხოლო ქალებში თითქმის 30%-ით ამცირებს.
მეცნიერები განმარტავენ, რომ საჭმლის მომზადება მხოლოდ ფიზიკური აქტივობა არ არის. ეს პროცესი ტვინსაც აქტიურად ამუშავებს — ადამიანი გეგმავს, იმახსოვრებს მოქმედებებს, აკონტროლებს პროცესს, იყენებს წვრილ მოტორიკას და იღებს გადაწყვეტილებებს, რაც კოგნიტურ სტიმულაციას ქმნის და ტვინის ფუნქციების შენარჩუნებას უწყობს ხელს.