რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტატისტიკას აქვეყნებს - მშობლები

რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტატისტიკას აქვეყნებს

2026-05-15 13:18:04+04:00

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაციის შედეგები შეაჯამა.

მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობამ 82 000-ს გადააჭარბა. კერძოდ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 10 000-ზე მეტი კანდიდატი, ხოლო მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე 29 000-ზე მეტი მონაწილე.

რეგისტრაციის პროცესი ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე 6 აპრილს დაიწყო და 11 მაისს დასრულდა.

"რეგისტრირებულთა რაოდენობრივი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს გამოცდებისადმი მაღალ ინტერესს როგორც აბიტურიენტების, ისე მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებლობის მსურველთა მხრიდან.

ამასთან, განსაკუთრებით აღსანიშნავია სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ გაზრდილი მოთხოვნა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სახელმწიფო უნივერსიტეტების მიმართ ინტერესს და მათ პრიორიტეტულ მნიშვნელობას აბიტურიენტების არჩევანში. პარალელურად, საგანმანათლებლო არჩევანის მრავალფეროვნების კონტექსტში, აქტიურად იკვეთება პროფესიული განათლების მიმართ მზარდი ინტერესი, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადების პროცესში.

რეგისტრაციის პროცესის დასრულება საგამოცდო ციკლში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს, რადგან სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ხდება შესაძლებელი შემდგომი საორგანიზაციო ღონისძიებების გატარება, რაც საგამოცდო ცენტრების მოწყობა-განაწილებასა და გამოცდების კალენდრის საბოლოო ფორმირებას გულისხმობს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების - დამატების, წაშლის ან გადანაცვლების განხორციელება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეეძლებათ." - წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. 2023 წელს კი 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნულ წლებში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირება არადამამთავრებელი კლასის მოსწავლეებსაც შეეძლოთ.

წელს, წინა წლის მსგავსად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების შესაძლებლობა არადამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს აღარ აქვთ.

რა იცვლება სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაში - მინისტრის მოადგილე
​რა შემთხვევაში გაუქმდება აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი და ვის ევალება ატესტატის წარდგენა - დეტალები